[ოთხშაბათის საკითხავი] რისკის ამბავი

AutoSharing Option
აგერ, სულ ახალი ამბავი, რომელიც არაოფიციალურად ადრევე ვიცოდით: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მოგებისთვის სარგო პრემიები შეუმცირა გუნდებს. რა თქმა უნდა, პრემიის ადრესატებს ეს არ გაახარებდათ, მაგრამ არა მგონია, ეს ტრაგედია იყოს. ბოლოს და ბოლოს, ბევრ ქვეყანაში მოგებისთვის საერთოდ არ იღებენ ფულს და ფეხბურთს მაინც თამაშობენ.

- ეროვნულ ლიგაში პრემიალურები შემცირდა - რამდენს მიიღებენ კლუბები მოგებაზე

ჩემთვის მთავარი ამ ამბავში ეს არის - ვიღაც, სადღაც, იქნებ "ძალიან ზემოთაც" კი, მიხვდა, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს, რაღაც სხვანაირად უნდა გაკეთდეს, თორემ სახელმწიფოს მართლა ძალიან
დროული და ძალიან დიდი დახმარება შეიძლება ისე ვერ წაადგეს ჩვენს ფეხბურთს, როგორც აქამდე წარმოგვედგინა.

არადა, არ შეიძლება, ასე მოხდეს. არ შეიძლება, რადგან ეს ქართული ფეხბურთის გადასარჩენად მოგონილი ერთგვარი "შოკური თერაპია" იქნებ ერთ-ერთი ბოლო შანსიც კი იყოს ჩვენი საკლუბო ფეხბურთის ხსნისა.

თავიდანვე ვივარაუდეთ, რომ სახელმწიფოს დროულ ინიციატივას ქართული საფეხბურთო თემის მოზრდილი ნაწილი თავის თავზე მოირგებდა და ასე აგიხდეთ ყველაფერი კარგი - რის სპონსორი, რა კერძო მესაკუთრე, წამოსხდნენ ადგილებზე, უკვე თავიანთი სამუდამო კუთვნილება რომ ჰგონიათ და შესაშური სისწრაფითა და მადით ითვისებენ სახელმწიფო სუბსიდიებს.

და თუ ვინმეს სახელმწიფო მართლა მეწველი ძროხა ჰგონია, ძალიან ცდება. ცდება, რადგან იქ, იმ პირამიდის თავში, ნამდვილად არ სხედან ადვილად მოსატყუებელი ადამიანები. ამიტომ, თუ რაღაც არ შეიცვალა, თუ რეალურად არ დაიწყო ქართულ ფეხბურთში საქმის კეთება, ეს პროგრამა შეიძლება შეჩერდეს, ეს კი ჩვენი ფეხბურთის პარალიზებას გამოიწვევს, დღეს რომ ხელოვნურ სუნთქვაზეა მიერთებული.

მე იმდენად მიყვარს ფეხბურთი, ხმის გამღები როგორ ვარ და იქნებ ჩემი ეს სიყვარული ჩემს ოჯახსაც ეყოს. ბევრია ასეთი, მაგრამ ისეთებიც მოიძებნებიან ჩვენს ქვეყანაში, უკმაყოფილოდ რომ ჩაიქნევენ ხელს და დააყოლებენ - სულაც არ მინდა, ჩემი ფული, ის ფული, რომელსაც გადასახადების სახით სახელმწიფოს ვუხდი, ქართულ ფეხბურთში იხარჯებოდესო.

ყველას უნდა ახსოვდეს - ის ფული, რომელსაც დღეს ქართულ ფეხბურთში დასაქმებული ადამიანები, ფეხბურთელები, მწვრთნელები თუ სხვები იღებენ, არის სახელმწიფოს ფული. არადა, ისინი სახელმწიფო სამსახურში არ მუშაობენ. ეს არის მხოლოდ დროებითი ღონისძიება, რომლის არსსაც პირადად ჩვენ დროებით კი ვემხრობით, მაგრამ გვერწმუნეთ, სოლიდური გამოკითხვის მაგვარი რომ ჩატარდეს საქართველოში, მომხრეზე ნაკლები მოწინააღმდეგე ნაღდად არ ეყოლება.

რატომ უნდა ვარჩინო მე საშუალოზე დაბალი დონის ფეხბურთელი, რომელიც მხოლოდ საკუთარ წვენში იხარშება და საერთაშორისო ასპარეზზე ვერაფერს აღწევს? - აი, ასეთია იმათი ლოგიკა, ვინც სახელმწიფოს მხრიდან ქართული ფეხბურთის პირდაპირი დაფინანსების მოწინააღმდეგეა და, გინდა თუ არა, უნდა აღიარო, რომ ამ მიდგომაში არის სიმართლის მარცვალი.

კარგი, დღეს ასეთი ვითარებაა, მაგრამ დიდი სიბრძნე და გამჭრიახობა არ უნდა იმას, რომ ქართული ფეხბურთი მუდმივად ვერ დარჩება, გვაპატიეთ და, მათხოვრის როლში. ის ხალხი კი, ვინც ჩვენი ფეხბურთი ასეთ მდგომარეობაში არ უნდა დატოვოს, ჯერჯერობით არ ჩანს...

ერთი სიტყვით - თუ მოკლე ხანში ქართულ ფეხბურთს არ გამოუჩნდა კერძო მესაკუთრეთა ახალი კასტა, დაღუპულია ეს ყველაფერი, ჩაილურის წყალს დალევს სახელმწიფო პროგრამაც და მისი შემოქმედებიც, უნდათ თუ არა მათ ეს, სულ მცირე, უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდებიან.

ფაქტია, გამოსავალია მოსაძებნი. სიტუაცია იმდენად სპეციფიკური და მრავალწახნაგოვანია, რომ დაწერილი წესებით თამაში ჭირს. ახლა ხომ მძიმე მდგომარეობაა და უფრო მძიმე იქნება მომავალში, თუ ვითარება კარდინალურად არ შევცვალეთ.

რა უნდა ქნას ფედერაციამ?
მართლაც და, რა უნდა ქნას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ? ძალიან ხშირად ხდება ხოლმე, რომ კრიტიკის მთქმელი პასუხისმგებლობისგან თავისუფალია. ის პეპლის სიმსუბუქით აფრქვევს იდეებს. პასუხისმგებლობა კი იმისია, ვინც გადაწყვეტილებას იღებს.

ძალიან კარგად გვესმის: ქართული ფეხბურთის დღევანდელ ხელმძღვანელობას უმძიმეს დროს მოუწია ჩვენი ფეხბურთის სათავეში ყოფნა, მაგრამ მათ იცოდნენ, რაზეც მიდიოდნენ. ამდენად, სენტიმენტები და სინანული დაგვიანებულია. ფაქტი ერთია - შექმნილ სიტუაციაში უნდა მოიძებნოს გამოსავალი, თუნდაც - არასქემატური და იქნებ, არაპოპულარულიც.

მე რომ ვუყურებ, დიდი რისკის გარეშე არაფერი გამოვა. ოღონდ ყველაფერი ძალიან მაგრად და ბოლომდე უნდა იყოს გათვლილი. თავი და ბოლო ამ გამოსავლისა კი ქართულ საკლუბო ფეხბურთში კერძო სექტორის განვითარება და წინ წამოწევა უნდა იყოს.

გამორიცხულია, საკლუბო ფეხბურთს ეშველოს მანამ, სანამ უმაღლეს და პირველ ლიგაში მოთამაშე ყველა კლუბი კერძო მფლობელობაში არ იქნება. პროცესი თითქოს დაიძრა, მაგრამ ძალიან ნელა მიდის და თუ ამ ტემპებით იარა, დიდი შანსია, სახელმწიფო პროგრამამ მის დასრულებამდე ვერც მიატანოს.

შევთანხმდეთ - არ არსებობს სიტუაცია გამოსავლის გარეშე. ყველგან არის და აქაც უნდა იყოს საშველი. ეგაა, ძალიან დიდი რისკის გარეშე არაფერი გამოვა (აბა, სხვანაირად შამპანურს როგორ დალევ?!) და საქმე ისე რთული და დახლართულია, შეიძლება სპორტული პრინციპიც კი დაგვერღვეს.

ერთმა ჭკვიანმა კაცმა მითხრა ამას წინათ - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის ადგილას რომ ვიყო, დავუძახებდი იმ ბიზნესმენებს, ქართულ ფეხბურთში ჯერაც რომ შერჩათ ფულის ჩადების სურვილი და უმაღლეს ლიგაში მხოლოდ იმ კლუბებს ვათამაშებდი, კერძო მესაკუთრე რომ ჰყავთო.

ძალიან, ძალიან არაპოპულარული გამოსავალია და ზუსტად ვიცი, რომ ბევრი გაგვიბრაზდება. ან როგორ გინდა, არ გაგიბრაზდეს - ფეხბურთი ხომ ყველასია? კი ბატონო, მაგრამ საკითხავია ისიც, სჭირდება თუ არა ვინმეს ისეთი ქართული ფეხბურთი, როგორიც დღეს არის?

რისკს კი მაინც ვერ ავცდებით - სხვანაირად უბრალოდ იქვე დავრჩებით, სადაც ვართ. ეს კი კატასტროფის ტოლფასია. კი, დღეს მიმზიდველად მოჩანს ყველაფერი, მაგრამ რა იქნება მერე, სახელმწიფოს დონორობა რომ მოსწყინდება?

მთავარი კი მაინც ესაა - ვერა და ვერ მოვიდა მასობრივად ჩვენს ფეხბურთში საქმის მკეთებელი ხალხი. ძველების გაკეთებულს ვხედავთ - რომ არა იმ საქმეების შედეგები, ვფიქრობთ, დღეს გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გვექნებოდა.

ახალი ხალხი, ახალი სისხლი, რისკის კაცები, სუფთა კაცები - ქართული ფეხბურთი ამათ მოლოდინშია. ძნელია? რა თქმა უნდა! იოლი ისაა, დინებას მიჰყვე, როგორც დღეს მივყვებით. ასე კი აღარ შეიძლება, რადგან ეს უეჭველ კატასტროფას გვიქადის.

თავიდან ძალიან მიხაროდა, სახელმწიფოს ფული რომ გამოჩნდა ქართულ ფეხბურთში - ბევრი ახალი გუნდი დაეტყო ჩვენს საფეხბურთო რუკას. ახლა რომ ვუყურებ, ნაადრევი ყოფილა ეს სიხარული და იმ ახალ ხალხს, ჩვენს ფეხბურთში რომ გამოჩნდა ახალი გუნდებით, უფრო ფული ნდომებია, ვიდრე ნაღდი საფეხბურთო პროგრესი.

არადა, თუნდაც ჩვენი, გვარიანად გაახალგაზრდავებული უმაღლესი ლიგა საიდანმე ხომ უნდა საზრდოობდეს? მასაზრდოებელი კი არ ჩანს. პირველი ლიგა "დაბერდა", ასევე "დაბერდნენ" დაბალი დივიზიონები, ეზოს ფეხბურთი კი მკვდარია.

მხოლოდ რამდენიმე კლუბის თუნდაც კარგი აკადემია საკმარისი არ არის. კერძო მფლობელი კი თუნდაც მხოლოდ იმით არის კარგი და მისაღები, რომ ხვალინდელი ქათამი ურჩევნია დღევანდელ კვერცხს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 19 /
მე არ მითქვამს რომ პროგრამა იდეალურია და კორექტირება არ შეიძლება, პირიქით რაც უფრო მეტად დაიხვეწება და გაიმართება მივესალმები, უბრალოდ ამდენიწლის შემდეგ აშაკრად გადაიდგა ნაბიჯეი საქმის გამოსწორებისკენ და მინდა ჩემი ისევე როგორც თქვენი სურვილია მეტი გაკეთდეს, მაგრამ ერთ წელში სასწაული ის რაც ფუჭდებიდა 25 წელი ვერ გამოსწორდება. სწორედ ამას გავუსვი ხაზი და ბატონ ალეკოს ვთხოვე უბრალოდ ნუ აღვივებს ცევხლს :))) Abaaba-ს მინდა ვუთხრა რომ 2017 წლიდან მერიები აფინანსებენ კლუბებს, ერთადერთი რაც მათ შეუძლიათ და ვალდებულნი არიან მიხედონ არსებულ ინფრასტრუქტურას, სტადიონებს და ა.შ. რადგან შენობა ნაგებობები არის მათ და სახელმწიფო ბალნსზე. მადლობა ყურადღებისათვის :)
dave
11 მაისი 2017 19:42
0
და ასეთ დროს ქალაქის მერი გუნდის დირექტორი,ფეხბურთელების სახელფასო ფულს რომ შეჭამენ,და მერე ფეხბურთელებს ეხვეწებიან რამე ნაირად არ გვიჩივლოთ ჩვენ გვაპატიეთ ეს ფულიო.ს/შ ეს ამბავი ძალიან კარგად იცის კობიაშვილმაც,მაგრამ არანაირი ზომები არ მიუღია.იმ უსინდისო ხალხმა კი გუნდი პირველი ლიგიდან გააგდეს,და ახლა მეორე ლიგიდანაც აგდებენ.და ეს ყველაფერი ხდება ზუგდიდში რომლის აღზრდილი ფეხბურთელები მთელ საქართველოში არიან მიმოფანტულნი,უცხო ქვეყნებზე რომ არაფერი ვთქვათ.
სოსო
11 მაისი 2017 17:26
0
ერთი კონკრეტული მაგალითი მაინც გაქვს რომელიმე მერიის მიერ დამატებით დაფინანსებით?
aba baba-ს
11 მაისი 2017 16:04
0
dave, შენ სიტუაციას ნათელს კი არ ფენ - წყალს ამღვრევ: ეგ ყველამ იცის, რომ გუნდები ცენტრალიზირებულად ფინანსდებიან ფედერაციიდან, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მერიები დამატებით აფინანსებენ გუნდებს(!) და ცხადია დიდი ქალაქების მერიებს მეტი შეუძლიათ. პრინციპში, ეს დამატებითი დაფინანსება გასაკვირი არც არის, რადგან ეს კლუბები მუნიციპალიტეტისაა... ასე რომ, ბიზნესმენი ახალ კლუბს ვერ ქმნის, რადგან ესენი 'მოგუდავენ', ამ ძველი კლუბების შეძენა კი არ უნდა, იმის გამო, რომ ამ ძველ კლუბებთან გადაჯაჭვულია ათასი არამკითხეს ინტერესი და მათი გადაკიდება არავის უნდა...
aba baba
11 მაისი 2017 15:11
0
მერიები რომ აღარ აფინანსებენ და გამგებლები, ყველამ იცის,მაგრამ სახელმწიფო ბიუჯეტის ფულით ფინანსდება და რა მნიშვნელობა აქვს? ძველს ჯობია ეს მოდელი, მაგრამ რაც ნაკლოვანებებია, სწორად უწერია ავტორს. რა ვქნათ ახლა, კირკიტაძის და ჯაფარიძსდროის მოდელს თუ ჯობია, დავდუმდეთ?
daves
11 მაისი 2017 14:11
0
თქვენის ნებართვით მოვფენ ნათელს რამოდენიმე საკითხს:
1. მერიები, მუნუციპალიტეტები და ა.შ 2016 წლის მარტიდან აღარ აფინანსებენ კლუბებს და ეს ამბავი ხდება ცენტრალიზებულად, ფეხბურთის განვიტარების პროგრამის შესაბამისად (ასე რომ მერები, გამგებლები და ა.შ ისე ვეღარ არიან ჩართულები როგორც აქამამდე და თუ ვინმე რეალური მსურველია კლუბის შეძენის და მზადაა ინვესტიცია მოახდინოს, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება);
2. ნუ გგონიათ რომ სახელმწიფო არ აფინანსებდა აქამდე ფეხბურთს. დაწყებული 1991 წლიდან ვიდრე 2016 მუნიციპალიტეტები თვითონ აფინანსებდნენ მუნიციპალურ კლუბებს (არ გეგონოთ რომ საკუთარი ჯიბიდან, ბიუჯეტის ფულით მეგობრებო), ბევრად უაზრო და ბევრად მეტ ხარჯს წევდნენ ვიდრე ეს დღეს ხდება (რა შედეგიც გვაქვს 25 წლის თავზე კარგად ხედავს ყველა) და აცადეთ ამ ფედერაციას და პროგრამას მუშაობა, ჯერ ერთი წლისაც არაა :) :) :).

ამიტომ ძალიან გთხოვთ, ასევე ბატონ ალეკოს ვთხოვ კარგად გაერკვეს საქმის ვითარებაში და ნუ შეიყვანს შეცდომაში რიგით გულშემატკივარს.

პატივისცემით ქართული ფეხბურთის და ქართული სპორტის გულშემატკივარი :)
dave
11 მაისი 2017 02:16
0
რა გჭირთ, გამოსაქვეყნებელ პოსტებს რის მიხედვით არჩევთ? განსხვავებულ აზრს ბლოკავთ?
კოტე
11 მაისი 2017 01:21
0
რატო უნდა მიდიოდეს ჩემი ფული უვარგისი ბრბოს ჯიბეში?ტყვიაზე მივდივარ რო ორი კაპიკი ვიშოვო და ამათ გარტობაში უნდა გადავუხადო?საერთოდ 1თეთრიც არ უნდა მისცეს მთავრობამ
ზვიადი
10 მაისი 2017 20:39
0
აი სიამოვნებით წავიკითხე. სადაც გასარისკია უნდა გაირისკოს!
komagi
10 მაისი 2017 19:19
0
სახელმწიფო პროგრამა ქართულ საკლუბო ფეხბურთს რომ ვერ გადაარჩენდა ახლა მიხვდით?

ინვესტორებს გაიძახით და თვითონ ჩადებთ ფულს წამგებიან ბიზნესში?

სპორტულმა ჟურნალისტებმა გამოაცხადეთ კონკურსი ფეხბურთის გადარჩენის პროგრამაზე და მასმედიის დახმარებით ყველა პროგრამა გააშუქეთ!

გამოსავალიც მაშინვე გამოჩნდება, მაგრამ ეს გულშემატკივრების გარდა ვინმეს აწყობს?

გულშემატკივრებს კი არავის არაფერს ეკითხება.

გულშემატკივრებს მარტო სტადიონზე მოდი და ამ "სვარკას" უყურეო მოუწოდებენ.
1,2,3,5,8...
10 მაისი 2017 17:26
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული