ბათუმის "დინამო": ვინ შეცვლის ხომერიკს? ოთხი სავარაუდო კანდიდატურა

AutoSharing Option
"ბათუმის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი ლევან ხომერიკი დაკავებული თანამდებობიდან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გადადგა", - ეს ინფორმაცია ზღვისპირული კლუბის პრესსამსახურმა გაავრცელა.

კლუბის ხელმძღვანელობამ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ზოგადი ფრაზით ახსნა:

"2014/15 წლების "ვერცხლის" სეზონზე ლევან ხომერიკი სამწვრთნელო შტაბის წევრი გახლდათ, ხოლო 2016 წლის გარდამავალ ჩემპიონატში ბრინჯაოს მედლები მთავარი მწვრთნელის რანგში მოიპოვა. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე გუნდი სხვა რეალობის წინაშე დადგა"...

ლევან ხომერიკმა გუნდი გარდამავალ ჩემპიონატამდე ჩაიბარა. ბათუმის "დინამომ" გასული სეზონი მშვენივრად ჩაატარა, ბრინჯაოს პლეი ოფისთვის ბრძოლა თბილისის "დინამოს" მოუგო და ევროპის ლიგის საგზური მოიპოვა. მაშინ
გუნდის მოტივირება და მოსაგებად განწყობა მოახერხა და ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს სიმპათიური კრებული ახალ სეზონში აუტსაიდერებში მოხვდებოდა. მით უფრო, რომ ბათუმელები კიდევ უფრო გაძლიერდნენ და, ერთი შეხედვით, ურიგო ფეხბურთსაც არ თამაშობდნენ, მაგრამ...

"დინამოს" უიღბლობა პირველივე ტურიდან დასჩემდა. ამით თავი განსაკუთრებით ბოლო სამ ტურში დაგვამახსოვრეს. ბათუმში დაბრუნებულმა გუნდმა თბილისის "ლოკომოტივთან" შეხვედრა აღმავლობით ჩაატარა, მაგრამ ბოლო წუთებზე მაინც დამარცხდა.

ასევე მოხდა გორის "დილასთანაც", სადაც ბოლო ექვს წუთში 2-ბურთიანი სხვაობა გაანიავა, ხოლო "სამტრედიასთან" გასვლაზე ასევე კარგი თამაშის მიუხედავად, ზედიზედ მესამედ წააგო.

კლუბმა, რომელიც წლეულსაც ევროპის ლიგაზე მოხვედრას გეგმავდა, 12 ტურის შემდეგ მხოლოდ 4 თამაში მოიგო, 12 ქულა დააგროვა და 10-გუნდიან ლიგაში მე-8 ადგილზე, ანუ გასავარდნი ზონის წინ იმყოფება.

"ლევანის ხელში გუნდმა ევროპის ლიგის საგზური მოიპოვა და მისი მადლიერები ვართ. ამიტომ გვსურს, რომ საკუთარი ნიჭი და უნარი ბათუმის "დინამოს" სხვა რანგში მოახმაროს. ჩვენ მას კლუბში დარჩენა და "დინამოს" სისტემაში მუშაობის გაგრძელება შევთავაზეთ. მასზეა დამოკიდებული, წინადადებას დათანხმდება თუ არა. იმედი გვაქვს, ლევან ხომერიკი კვლავ ჩვენთან ერთად იქნება", - გვითხრა "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა მალხაზ მახარაძემ.

შემცვლელი
ვინ ჩაიბარებს ბათუმურ გუნდს? ამის შესახებ ჯერ "დინამოს" თავკაცები არაფერს ამბობენ. კულუარულად კი რამდენიმე კანდიდატს ასახელებენ - გორის "დილას" ყოფილ დამრიგებელ უჩა სოსიაშვილს, ლიგა 3-ის ბინადარ "თელავის" მთავარ მწვრთნელ მალხაზ ჟვანიას (რომელიც თბილისის "დინამოსაც" წვრთნიდა) და გიორგი დარასელიას, რომელმაც ახლახან ქობულეთის "შუქურაში" მისვლა გადაიფიქრა.

არის მეოთხე კანდიდატურაც - კონსტანტინ ფროლოვი, ოდესის "ჩერნომორეცის" დუბლშემადგენლობისა და ყაზახეთის 17-წლამდელთა ნაკრების ექსმწვრთნელი, რომელმაც ქობულეთის "შუქურა" 2014 წლის ნოემბრის დასაწყისში ჩაიბარა, მაგრამ გუნდი ოთხ თვეში, 2015 წლის თებერვალში, თურქული შეკრებისას მოულოდნელად დატოვა.

წასვლის შემდეგ ფროლოვმა თავი "შუქურაზე" მწვავე, ხოლო საქართველოზე თბილი განცხადებებით დაგვამახსოვრა...

მახარაძესთან ამ ხმების გადამოწმება-დაზუსტება ვცადეთ:

"ახალი მთავარი მწვრთნელის საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. იყო რამდენიმე ვარიანტი და ახლა ყველაზე სასურველი კანდიდატისგან პასუხს ველით. მალე შეიტყობთ, ვინ შეცვლის ხომერიკს. ჯერჯერობით კი გუნდს ამირან მუჯირი ავარჯიშებს და შემდეგ ტურში, 21 მაისს, "ჩიხურასთან" მატჩშიც ის გაიყვანს გუნდს მოედანზე".

პრეტენზიები არბიტრის მიმართ
14 მაისს ბათუმელებმა "ეროსი მანჯგალაძეზე" 0:2 წააგეს "სამტრედიასთან". მიიჩნევენ, რომ ამ თამაშში არბიტრი შეცდა:

- სამტრედია-დინამო (ბთ) 2:0 - "სამტრედიამ" ნავსი გატეხა [VIDEO]

"საერთოდ, მსაჯობაზე სიტყვა არ დამიძრავს. ორი აზრი არ არის, მათ სეზონი კარგად დაიწყეს. მაგალითად, "დილასა" და "ლოკომოტივთან" წაგების მიუხედავად, მსაჯებზე ცუდს ნამდვილად ვერ ვიტყვი...

მაგრამ ბოლო შეხვედრაში რამდენიმე საკამათო ეპიზოდი იყო. პირველი - თემურ შონიას არჩათვლილი გოლი გახლდათ, რომელიც მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ თამაშგარე უსაფუძვლოდ დაუფიქსირეს...

ამ დროს, ერთი საინტერესო ფაქტიც მოხდა, რომელიც ყველას გამოეპარა: საერთოდ, თამაშგარე მდგომარეობაზე ალამს ლაინსმენი სწევს, მაგრამ ამ მომენტში არბიტრმა გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო. წარმოგიდგენიათ?!

ასევე საკამათოდ მიმაჩნია გადაწყვეტილებები, როცა შონიასა და ფონიავას წინააღმდეგ უხეშობების გამო პენალტი არ დაინიშნა. ჩვენ მიგვაჩნია, ამ ეპიზოდებში ჩვენი მოთამაშეები წესის დარღვევით შეაჩერეს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მიმაჩნია, რომ ჯენერი ხორავას გადაწყვეტილებებმა თამაშის შედეგზე გავლენა მოახდინა".

დაბოლოს - ბათუმელთა სპორტული დირექტორის თქმით, ევროპის ლიგამდე "დინამოს" გაძლიერება იგეგმება:

"წლეულს ევროთასზე გამოსვლა გვიწევს და გვსურს, ჩვენი ქალაქი და ქვეყანა ღირსეულად წარმოვაჩინოთ. რა თქმა უნდა, საამისოდ გაძლიერება დაგვჭირდება. საკადრო საკითხებს ახალი მთავარი მწვრთნელი გადაწყვეტს. სატრანსფერო "ფანჯრის" პერიოდში რამდენიმე მოთამაშის დამატებაზე ნამდვილად ვფიქრობთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 23 /
Kველაზე კარგი არცჩEვანი მალხაზ ზჰვანიაა დიდი გამოცდილება აქვს და რომელ Gუნდსჰიც ყოფილა ყველგან ჰქონდა
Batumski
17:56 18-05-2017
0
სოსიაშვილთან ერთად ჯუგელი უნდა მოიყვანოთ!ე მაშინ გახდება ბათუმი ჩემპიონი!
kors
11:04 18-05-2017
0

სიახლეები პოპულარული