საქართველოს ეროვნული ნაკრების 26 წლის შემტევმა ნახევარმცველმა თბილისურ კლუბთან წელიწადნახევრიანი (2018 წლის ბოლომდე) კონტრაქტი გააფორმა. თბილისის "დინამოსა" და "საბურთალოს" შემდეგ ლევან ყენია სწორედ იმ გუნდში გადავიდა, სადაც 15 წლის ასაკში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა და მალე მის ლიდერადაც იქცა, ხოლო 2006 წელს საქართველოს სუპერთასის მატჩშიც ითამაშა.
2008 წელს ყენია გელზენკირხენის "შალკეში" სწორედ "ლოკომოტივიდან" გადავიდა, სადაც ტრავმებისგან გამწარებულს დიდი დრო გაუცდა და
უცხოეთში ყოფნისას ის გახდა ბუნდესლიგის ვიცე-ჩემპიონი (2010) "შალკესთან" ერთად, ასევე, გერმანიის თასისა (2011) და სუპერთასის (2012) გამარჯვებული, ხოლო ერთხელაც - სუპერთასის მონაწილე (2011).
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 27 მატჩში ყენიამ 4 გოლი გაიტანა. "ჯვაროსნებში" სადებიუტო მატჩი მას 2007 წლის 8 სექტემბერს, უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ ჰქონდა. მაშინ ლევანი მხოლოდ 16 წლის იყო და ეროვნული გუნდის მაშინდელი მთავარი მწვრთნელი კლაუს ტოპმიოლერი ამბობდა - ამ ასაკის ფეხბურთელში ასეთი სრულყოფილი ტექნიკა არასოდეს მინახავსო...
ყენიამ თავისი პირველი საერთაშორისო გოლი 2008 წლის 28 მაისს, ესტონეთთან მატჩში გაიტანა. თემურ ქეცბაიასთან უთანხმოების შემდეგ, ერთი ხანობა, მას ნაკრებში აღარ იწვევდნენ. ეროვნულ გუნდში ყენია კახა ცხადაძემ დააბრუნა, ბოლოს ვლადიმირ ვაისმა შარშანდელ შეკრებაზე იხმო და საკონტროლო შეხვედრებში ათამაშა, მაგრამ...
მერე დაშავდა, ტრავმებმა გააწამა, ბოლო პერიოდში "სლავიაში" (ამ კლუბს აპრილში საბოლოოდ გაეყარა) თამაში აღარ უწევდა და საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა. "ლოკომოტივმა" ის ოფიციალურად 16 მაისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე წარადგინა.
"ძალიან მიხარია, ჩემს მშობლიურ კლუბში რომ დავბრუნდი. ვეცდები, იმედები გავამართლო. საერთოდ, საქართველოს ჩემპიონატს ვუყურებ და ჩანს, რომ დონემ აიწია...
ახლა რეაბილიტაციის კურსს გავდივარ და მოედანს, ალბათ, ერთ თვეში დავუბრუნდები.
რა თქმა უნდა, "სლავიასთან" განშორებით გულდაწყვეტილი ვარ, რადგან ახლა პირველ ადგილზეა... მსურდა, მეც იქ ვყოფილიყავი, მაგრამ რას ვიზამთ, ასეც ხდება...
ახლა უკვე "ლოკომოტივის" მოთამაშე ვარ. ამ მომენტისთვის, სწორედ აქედან მქონდა შემოთავაზება და გადავწყვიტე, ჩამოვსულიყავი", - ამბობს ყენია.
ტრანსფერზე "ლოკომოტივის" ტექნიკურმა დირექტორმა გიორგი ყიფიანმა ისაუბრა. ის დარწმუნებულია, რომ ეროვნული ლიგის დონეს სწორედ ყენიასნაირი ფეხბურთელები აამაღლებენ:
"არაერთი წლის განმავლობაში, ყენიამ საკმაოდ მაღალ დონეზე ითამაშა, ეროვნული ნაკრების მოქმედი წევრია და "ლოკომოტივში" მისი მოსვლა ძალიან გაგვაძლიერებს. მსგავსი ტრანსფერები არა მხოლოდ კონკრეტული კლუბის, არამედ ეროვნული ლიგის გაძლიერებასაც შეუწყობს ხელს".
ამ აზრს იზიარებს "ლოკომოტივის" სპორტული დირექტორი თამაზ ბოკერიაც:
"ხალხის სტადიონზე დაბრუნება, ვფიქრობ, სწორედ ყენიასნაირ ფეხბურთელებს შეუძლიათ. ჩვენი გუნდისთვის ლევანი დიდი შენაძენია და დარწმუნებული ვარ, მასთან ერთად "ლოკომოტივი" უფრო სტაბილური გუნდი გახდება. მინდა, მას მოედანზე მალე დაბრუნება და წარმატებები ვუსურვო".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"