ტორპედო-ლოკომოტივი 2:0 - დიდხანს ემახსოვრებათ... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეს მატჩი ქუთაისელ გულშემატკივრებს დიდხანს ემახსოვრებათ. ემახსოვრებათ ლაშა სილაგავას მიერ ჯერ ჩათვლილი და ერთი წუთის შემდეგ გაუქმებული გოლი (საერთოდ, ეს მატჩი ამ გამოცდილი რეფერის აქტივში ნამდვილად ვერ ჩაიწერება), რომელიც ქუთაისელებმა წესების სრული დაცვით გაიტანეს "ლოკომოტივის" კარში...

არც ის დაავიწყდებათ, მეორე ტაიმში სტადიონზე განათება რომ გაითიშა და თამაში მთელი 22 წუთით შეჩერდა. და, რაც მთავარია, ყოველთვის ემახსოვრებათ მაისის ზამთარივით ცივი და სუსხიანი საღამო, როცა ამდენი დაბრკოლებისა და მსაჯის უხეში შეცდომების მიუხედავად, "ტორპედო" არ გატყდა, საოცარი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა და ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო
გუნდთან დამსახურებული და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

განსხვავებული სერიები
შეხვედრა მართლაც რომ დრამატული და საინტერესო გამოდგა, ეს კი მხოლოდ ზემოთ ნახსენები ამბების გამო არ ითქმის. ჩვენი ჩემპიონატის კვალობაზე, თამაში საკმაოდ მაღალ ტემპში, დინამიკურად წარიმართა და სანახაობრივი თვალსაზრისითაც არ დაიწუნებოდა.

"ლოკომოტივი" "ტორპედოსთან" მატჩს სერიოზული დანაკლისით შეხვდა. თბილისელებს ტრავმის გამო ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი და მეგოლე მამია გავაშელიშვილი აკლდათ, რომლის ანგარიშზეც მიმდინარე ჩემპიონატში 8 გოლია. გარდა ამისა, "ლოკომოტივს" დისკვალიფიკაციის გამო გიორგი ხიდეშელიც ვერ ეხმარებოდა.

ალბათ, სხვა ფაქტორებთან ერთად, ამ დანაკლისის გამოც იყო, თბილისელებმა ჩვეული თამაში რომ ვერ აჩვენეს და ზედიზედ მესამედ დამარცხდნენ. თანაც, თუ ადრე მეტოქეთა კარში უამრავი გოლი გაჰქონდათ, ბოლო სამ შეხვედრაში ბურთების შეფარდება 1:7-თან აქვთ.

"ლოკომოტივისგან" განსხვავებით, ქუთაისელები მცირეოდენი ჩავარდნის შემდეგ სასურველ კონდიციებს იბრუნებენ და აგერ, უკვე ზედიზედ მესამე შეხვედრაა, მოედანს გამარჯვებულები ტოვებენ და ეს სატურნირო ცხრილზეც აისახა...

შეხვედრა მასპინძლების უპირატესობით დაიწყო. ქუთაისელები სწრაფ ტემპში უტევდნენ, კარგად იყენებდნენ ფლანგებს და მათი ცენტრალური ნახევარმცველებიც აქტიურად თამაშობდნენ. ქუთაისელთა დამრიგებელმა კახა ჩხეტიანმა თავიდანვე შემტევი ტაქტიკა აირჩია და "ლოკომოტივს" ორი ნომინალური თავდამსხმელით შეუტია. თორნიკე კაპანაძესა და ნიკა საბანაძეს ფლანგებიდან გრიგოლ დოლიძე, გიორგი ქიმაძე და ბექა ტუღუში ეხმარებოდნენ, თავდამსხმელების უკან კი ტექნიკური გიორგი კუხიანიძე ირჯებოდა და საკმაოდ კარგი მატჩიც ჩაატარა. სხვა რომ არაფერი, მარტო ის რად ღირს, რომ მოგვიანებით, მეორე გოლის ეპიზოდში, ხუთი მცველის გარემოცვაში მყოფმა ბურთის შენარჩუნება მოახერხა და ტუღუშს საგოლე გადაცემა გაუკეთა.

ტორპედოელთა აქტიურობის ფონზე, "ლოკომოტივი" შედარებით პასიურად გამოიყურებოდა, თუმცა, გიორგი დევდარიანს რესურსის შესაბამისი ტაქტიკა ჰქონდა არჩეული - თბილისელები "მეორე ნომრად" ამჯობინებდნენ თამაშს და როგორც კი შანსი მიეცემოდათ, მეტოქეს მწვავე კონტრშეტევებით პასუხობდნენ. სწორედ ასეთ კონტრიერიშებს მოჰყვა ირაკლი სიხარულიძისა და გიორგი რეხვიაშვილის სახიფათო დარტყმები და "სტანდარტები".

"ტორპედოს" ბურთის ფლობაშიც დიდი უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ რეალური საგოლე მომენტები ხშირად არ იქმნებოდა, სტუმრები კი ტემპის დაგდებას და კარის "მშრალად" შენახვას ცდილობდნენ.

მეორე ნახევარში ქუთაისელებმა მეტოქეზე ზეწოლა კიდევ უფრო გააძლიერეს, თბილისელები კი მათ შეჩერებას წესების დარღვევით ახერხებდნენ, რის გამოც ყვითელი ბარათებიც მოუმრავლდათ. გაფრთხილებული ფეხბურთელები ბრძოლაში ისე თამამად ვეღარ შედიოდნენ და "ტორპედოსაც" საიერიშო არეალი უფრო უფართოვდებოდა.

მას შემდეგ, რაც 22-წუთიანი პაუზის შემდეგ მოედანზე სინათლე აინთო და თამაში განახლდა, ქუთაისელებმა მიზანს მიაღწიეს - ჯერ შეცვლაზე შესულმა ლაშა კუჭუხიძემ დააწინაურა მასპინძლები, შემდეგ კი ტუღუშმა სტუმრებს მეორე გოლიც გაუტანა და "ტორპედოს" დამაჯერებელი გამარჯვება დააფიქსირა.

სიბნელე
პირველი ტაიმის დასასრულს მომხდარი ამბების (ჯერ ჩათვლილ, ხოლო შემდეგ გაუქმებულ გოლს ვგულისხმობთ) გამო სტადიონზე ემოციები ისე დუღდა, მის დასაოკებლად რაიმე განსაკუთრებული უნდა მომხდარიყო და მოხდა კიდეც: 58-ე წუთზე სტადიონზე განათება გაითიშა და თამაში 22 წუთით შეწყდა.

ქუთაისელებმა კი, ამასობაში, აგრესია იუმორში გადაიტანეს - "ალბათ, არბიტრის დავალებით გათიშეს განათება, სტადიონიდან მშვიდობით რომ გავიდეს", - ხუმრობდნენ ადგილობრივები.

საბედნიეროდ, განათების პრობლემა მოგვარდა და მატჩი ისე დასრულდა, რომ გუნდებს შორის მცირეოდენ წაკინკლავებას თუ არ ჩავთვლით, სხვა ხათაბალა აღარ ყოფილა...

პირველი და გადამწყვეტი
67-ე წუთზე თორნიკე კაპანაძის ნაცვლად, მოედანზე ლაშა კუჭუხიძე გამოჩნდა. კაპანაძე სანამ მოედანზე იყო, გარჯა არ დაეწუნებოდა, მაგრამ მას ჯერ გოლი არ ჩაუთვალეს, შემდეგ კი სტუმართა კარის ხარიხამ არ "დაანება" გატანა...

არის ისეთი მატჩები, როცა კარგად თამაშობ და ფორტუნა არ გწყალობს. ასე იყო კაპანაძის შემთხვევაშიც. ბოლოს ქუთაისელთა ფორვარდს ნერვებმაც უმტყუნა და ჩხეტიანმა მის ნაცვლად ტანმაღალი კუჭუხიძე ჩართო თამაშში.

ცვლილებამ გაამართლა. კუჭუხიძემ მოედანზე გასვლიდან ორ წუთში მეკარისგან მოგერიებულ ბურთს დაამატა (ამ ეპიზოდში ბურთს რეხვიაშვილიც შეეხო) და "ტორპედოს" მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა. ამ ეპიზოდმა კი საბოლოო შედეგზე დიდად იმოქმედა.

ქუთაისელებმა მოგვიანებით უპირატესობა განამტკიცეს და შეხვედრა ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეს.

მატჩის შემდეგ
გიორგი დევდარიანი ("ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელი):
"ვულოცავ "ტორპედოს" დამსახურებულ გამარჯვებას. დღეს ჩვენი მეტოქე უკეთ გამოიყურებოდა. ფაქტია, რომ ჩვენი თამაში უკეთესის სურვილს ტოვებს, მაგრამ იმედი მაქვს, მომდევნო ორ ტურში შევძლებთ მდგომარეობის გამოსწორებას".

კახა ჩხეტიანი ("ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი):
"თამაშიდან გამომდინარე, გამარჯვებას ვიმსახურებდით. "ლოკომოტივი" ძალიან კარგი გუნდია, მაგრამ დღეს ჩვენი დღე იყო. რაც შეეხება არჩათვლილ გოლს, ვიდეოგამეორება არ მინახავს და ვერაფერს ვიტყვი. თუ შეცდომა იყო, რა უნდა ვქნათ, ადამიანია და შეიძლება დაუშვა შეცდომა...

ჩვენი საქმე ფეხბურთის თამაშია და ასეთი ეპიზოდების მიუხედავად, უნდა შეგვეძლოს სასურველი შედეგის მიღწევა. მადლობა ბიჭებს თავდადებული თამაშისთვის და ლამაზი გამარჯვებისთვის. მადლობა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის".

მატჩის სტენოგრამა
4' - ტუღუშის დარტყმა მეკარე ქურდაძის ნადავლი გახდა.
5' - გიგაურის გასროლა მიზანს ასცდა.
32' - სიხარულიძის დარტყმა არაზუსტი გამოდგა.
38' - რეხვიაშვილის სახიფათო თავური ქუთაისელთა კარის ჩარჩოში ვერ მოხვდა.
41' - ქურდაძის შეცდომის შემდეგ კარში დოლიძე ურტყამდა, მაგრამ სტუმართა მეკარემ შეცდომა თავადვე გამოასწორა.
45' - საბანაძის გადაცემის შემდეგ კაპანაძემ ახლო მანძილიდან დალაშქრა სტუმართა კარი, მაგრამ არბიტრმა გოლი არ ჩათვალა...
51' - დოლიძის ჯარიმის შემდეგ კაპანაძემ თავური დარტყმით სტუმართა კარის ხარიხა შეაზანზარა.
58' - სიხარულიძემ ლოკომოტიველთა სწრაფი კონტრშეტევა ვერ დააგვირგვინა.
64' - ტუღუშმა სახიფათოდ შეასრულა "სტანდარტული" და მეკარემ ბურთი კუთხურზე მოიგერია.
69' - გოლი! დოლიძის საჯარიმო დარტყმა მეკარემ მოიგერია, გამოვარდნილ ბურთს კუჭუხიძემ დაამატა და 1:0!
77' - ტუღუშის ძლიერი დარტყმა მიზანს ასცდა.
81' - დიასამიძის ჩაწოდების შემდეგ სიხარულიძის თავური ასცდა მასპინძელთა კარს.
83' - ჯარიმიდან რეხვიაშვილის დარტყმა კვასხვაძემ მოიგერია.
85' - გოლი! კუხიანიძის გადაცემის შემდეგ ტუღუშმა ქურდაძეს შანსი არ დაუტოვა - 2:0!

ეროვნული ლიგა. XIII ტური
20.05 ქუთაისი. "რამაზ შენგელია"
ტორპედო-ლოკომოტივი 2:0
გოლები: 1:0 კუჭუხიძე (69), 2:0 ტუღუში (85. კუხიანიძის პასით)
ტორპედო (4-4-2): კვასხვაძე - ხურცილავა, ჭიჭინაძე, გურული, ქიმაძე - დოლიძე (78. ტაბატაძე), გიგაური, კუხიანიძე, ტუღუში - კაპანაძე (67. კუჭუხიძე), საბანაძე (71. ბაბუნაშვილი).
სათადარიგოები: ქვილითაია, ადამაძე, მამასახლისი, საღრიშვილი
მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
ლოკომოტივი (4-2-3-1): ქურდაძე - გაბაძე, ჭანტურია, რეხვიაშვილი, კომახიძე (70. ბუღრიძე) - ქავთარაძე, დიასამიძე - კიკნაძე, არდაზიშვილი (80. არველაძე), უბილავა - სიხარულიძე.
სათადარიგოები: თევდორაძე, ჩიტეიშვილი, მენთეშაშვილი, თომაშვილი, სამურკასოვი
მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი
გაფრთხილება: კომახიძე (50), კიკნაძე (52), დიასამიძე (58), ხურცილავა (60), სიხარულიძე (67), ტუღუში (67)
არბიტრი: ლ. სილაგავა.

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 11
ბ. არაბული (დინამო თბ) 8
მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 8
მ. კოვტალიუკი (კოლხეთი) 7

მომდევნო ტური
23 მაისი
ლოკომოტივი-კოლხეთი 18:00
დილა-ტორპედო 20:00

24 მაისი
ჩიხურა-დინამო (თბ) 16:00
შუქურა-დინამო (ბთ) 18:00
სამტრედია-საბურთალო 18:00.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული