საბურთალო-დილა 0:1 - რაც მოგივა, დავითაო... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
არის ხოლმე მატჩები, როცა ერთ გუნდს არაფერი გამოსდის. ასე იყო შაბათს ვაკეში, სადაც "საბურთალომ" არსებობის ისტორიაში, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მატჩი ჩაატარა. არადა, მასპინძელთა დამრიგებელ გიორგი ჭიაბრიშვილს ცდა არ დაუკლია, რამდენჯერმე გადააწყო თამაში, მაგრამ საკუთარ შეგირდებში ვერ გააღვივა ის მუხტი, რომელიც თბილისურ კლუბს ჭარბად ჰქონდა სხვა მთელ რიგ მატჩებში.

"დილამ" კი ზუსტად შეასრულა მთავარი მწვრთნელის, ზივ არიეს მითითებები. ისე ჩანს, გუნდი და მწვრთნელი უკვე საბოლოოდ შეეგუვნენ ერთმანეთს. "დილას" თამაში კი არ ჰგავს არცერთი ქართული გუნდის გარჯას.

შედეგი, თავისთავად, გულდასაწყვეტი აღმოჩნდა
მასპინძლებისთვის, მაგრამ ერთიცაა: როგორ გინდა, გაკიცხო გუნდი, რომელსაც შემადგენლობის ნახევარი აკლია, მათ შორის, ლიდერები - გიორგი ხარაიშვილის თამადობით. საკადრო პრობლემების ფონზე, ჭიაბრიშვილი იძულებული გახდა, დისკვალიფიცირებული ცენტრალური მცველის, გაგი მარგველაშვილის ნაცვლად ამპლუით ნახევარმცველი, ვლადიმერ მამუჩაშვილი დაეყენებინა საკვანძო პოზიციაზე.

ალბათ, ეს თუ იყო იმის მიზეზი, რომ მასპინძელმა მატჩის ყველაზე რეალური საგოლე მომენტი არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში შექმნა, როცა შეტევაში ჩართულ მცველ ლუკა ლაკვეხელიანს გორელთა სამარქაფო მეკარე ტარიელ ხაინდრავამ (დაშავებული მიხეილ მუჯრიშვილის ნაცვლად რომ ჩადგა კარში) არ გაატანინა.

და მაინც, თავისუფლად შეიძლებოდა, "დილას" ვერ მოეგო, "საბურთალოს" მეკარესა და მცველებს უპატიებელი შეცდომა რომ არ დაეშვათ. ეს უზუსტობა საბედისწერო აღმოჩნდა თბილისელებისთვის - მინდორზე საუკეთესო ლეანდრო რიბეიროს, რომელიც, ალბათ, მცირე ტრავმის გამო შეცვალეს, გატანა თავადაც შეეძლო, მაგრამ თანამემამულე ფლავიო ნუბიოს გაატანინა.

შემდეგ მან ერთხელაც შეარხია კარის ბადე, მაგრამ იმ ეპიზოდში აშკარად დააკლდა საფეხბურთო ეგოიზმი - დასარტყმელი არ დაარტყა და ისევ ფლავიოს უპასა, რომელიც... არ ელოდა, თუ ასეთი ხელსაყრელი სიტუაციიდან მიიღებდა პასს.

საბოლოოდ კი, მოიგო გუნდმა, რომელმაც უკეთესად ითამაშა და მოწინააღმდეგის კართან მეტი საგოლე მომენტი შექმნა და აქედან ერთი - გამოიყენა. ეს იყო ამ მატჩის მთელი ფილოსოფია.

მატჩის სტენოგრამა
10' - შინდაგორიძის დარტყმას ძალა დააკლდა.
11' - დერეტის მიერ დარტყმულ ბურთს მეკარე კუპატაძე ადგილზე დახვდა.
13' - გოლი! 0:1! კუპატაძისა და "საბურთალოს" მცველების უპატიებელი შეცდომა ბურთის ამოტანის დროს. ლეანდრო რიბეირომ ბურთი მოიხელთა და თავადაც შეეძლო გაეტანა, თუმცა პასი ცარიელი კარის წინ მყოფ ფლავიო ნუბიოს გადააწოდა და ანგარიში გაიხსნა.
22' - მამუჩაშვილის მიერ შემობრუნებით დარტყმული ბურთი ზემოდან გადასცდა გორელთა კარს.
28' - საბურთალოელ მცველთა კიდევ ერთი შეცდომა. დერეტიმ მეურვე მოატყუა და ბურთი შორეულ კუთხეში დაუმიზნა - ოდნავ არაზუსტად.
30' - ლეანდროსა და ფლავიოს შესანიშნავი კომბინაცია. ამ უკანასკნელმა ოდნავ ააცილა "საბურთალოს" კარს.
34' - კირკიტაძის შესანიშნავი პასი და ფლავიოს თავური არაზუსტია.
45' - შინდაგორიძის ჩაწოდების შემდეგ ვერ დაარტყა ვაგნერმა, რომელსაც გორელთა მეკარე მუჯრიშვილმა შეუშალა ხელი.
51' - ფლავიოს ახლო მანძლიდან სიზუსტე დააკლდა.
65' - ლეანდრო მახვილი კუთხიდან პირისპირ დარჩა კუპატაძესთან და დარტყმის ნაცვლად, გაუმართლებლად გადააწოდა ფლავიოს, რომელიც პასს არ ელოდა.
74' - ძარიამ კარგად გაითამაშა ბურთი ფლავიოსთან, თუმცა საბოლოო დარტყმას სიზუსტე დააკლო.
79' - გიორგი კოხრეიძის დარტყმის შემდეგ ბურთს გორელთა მეკარე ხაინდრავა დაეუფლა.
90' - პაპავა და არზიანი შეკამათდნენ. არბიტრმა გიორგი კიკაჩეიშვილმა პაპავა მინდვრიდან გააძევა, არზიანი კი გააფრთხილა.
90' - ლაკვეხელიანის დარტყმა ხაინდრავამ აკრობატულ ნახტომში მოიგერია.

ეროვნული ლიგა. XIII ტური
20.05. თბილისი. "მიხეილ მესხი"
საბურთალო-დილა 0:1
გოლი: 0:1 ფლავიო (13)
საბურთალო (4-5-1): კუპატაძე - ტერა, მამუჩაშვილი, ცნობილაძე, ლაკვეხელიანი - ვაგნერი, ბიძინაშვილი (60. იმნაძე), არზიანი, ალთუნაშვილი (41. ფიფია), შინდაგორიძე (67. იაშვილი) - კოხრეიძე.
სათადარიგოები: გოშაძე, მალი, სოფრომაძე, ჩოგაძე
მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
დილა (4-1-4-1): მუჯრიშვილი (53. ხაინდრავა) - ეტუ, ქარქუზაშვილი, კვახაძე, მაჩაიძე - პაპავა - კირკიტაძე, წიქარიძე, დერეტი (60. ძარია), რიბეირო (69. რაზმაძე) - ფლავიო.
სათადარიგოები: ფოფხაძე, ნონიკაშვილი, ტარავალიე, აბუბაქარი
მწვრთნელი: ზივ არიე
გაფრთხილება: ცნობილაძე (28), მაჩაიძე (76), არზიანი (90)
გაძევება: პაპავა (90)
არბიტრი: გ. კიკაჩეიშვილი

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 11
ბ. არაბული (დინამო თბ) 8
მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 8
მ. კოვტალიუკი (კოლხეთი) 7

მომდევნო ტური
23 მაისი
ლოკომოტივი-კოლხეთი 18:00
დილა-ტორპედო 20:00

24 მაისი
ჩიხურა-დინამო (თბ) 16:00
შუქურა-დინამო (ბთ) 18:00
სამტრედია-საბურთალო 18:00.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
'თავისუფლად შეიძლებოდა 'დილას" ეს თამაში ვერ მოეგო".-წერს ავტორი. ეს მაშინ როცა მთელი მატჩი "დილას"კარნახით წარიმართა.მაგრამ ეს სპორტია და მადლობელი იყვეს "საბურთალო",რომ უფრო დიდი ანგარიშით არ დამარცხდა.
gori-2
20:27 22-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული