გელა სანაია: "კოლხეთში" გრძელი სკამი გვჭირდება

AutoSharing Option
ფოთის "კოლხეთმა" თბილისის "ლოკომოტივთან" შეხვედრა მოიგო (2:1) და სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზე დაწინაურდა. ეს დიდი შვება იყო გუნდისთვის, რომელიც საკადრო პრობლემებმა ძალიან შეაწუხა. რაც მთავარია, სასტარტო ტურების შემდეგ გელა სანაიას გუნდმა პირველად აჩვენა გამართული და დამაჯერებელი ფეხბურთი.

კოლხების დამრიგებელი ამბობს, რომ მთავარი გუნდის მოტივაცია გახლდათ:

"ორი აზრი არაა, "ლოკომოტივი" ძლიერი გუნდია, მაგრამ ჩვენ უკვე იმდენი ქულა დავკარგეთ, რომ თითოეულ თამაშს ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ამიტომ მეტოქის სიძლიერის და პატივისცემის მიუხედავად, გასავარდნების ზონას თავი რომ დავაღწიოთ, ყველასთან მოსაგებად უნდა ვიბრძოლოთ.

მთავარი
კი ისაა, რომ "ლოკომოტივთან" ბიჭები მოტივირებულები იყვნენ და იღბალიც ჩვენს მხარეს იყო - საბდნიეროდ, ყველაფერი გამოგვდიოდა.

არადა, რამდენიმე შეხვედრის გახსენება შეიძლება, სადაც წაგებას არ ვიმსახურებდით. საერთოდ კი, წლევანდელი ჩემპიონატის ყველაზე დიდი პლუსი ისაა, რომ წინასწარ მოგებას ვერც ერთი ლიდერი ვერ დაგეგმავს და ეს გვაიმედებს, რომ მოგება ყველასთან შეიძლება", - ამბობს გელა სანაია.

სანაია იმ მიზეზებზე ლაპარაკობს, რაც, მისი აზრით, გუნდს პოტენციალის გამოვლენაში დაეხმარება:

"მთავარი საკადრო საკითხი გახლდათ. ტრავმებისა და დისკვალიფიკაციის გამო ნორმალური შემადგენლობით ერთხელაც ვერ ვითამაშეთ. ახლა კი, როგორც იქნა, მეტ-ნაკლებად ოპტიმალური სასტარტო გვყავდა და გუნდის რეალური შესაძლებლობა გამოჩნდა.

მაგრამ ოტიენო ჯერ სასურველ კონდიციებში არაა და რადგან გრძელი სათადარიგოთა სკამი არ გაგვაჩნია, ამის გამო მოთამაშეებს წარმოუდგენელ პოზიციებზე ვაყენებდი. მაგალითად, ენდელაძე მარცხენა მცველი იყო, კაკულია - საყრდენი, გიორგი კილასონია - უკანა ხაზის ცძენტრში შევწიე, კარობკა - მარჯვენა მცველად.

ცხადია, ნორმალურ ვითარებაში ამას არ გავაკეთებდი. მაგრამ თამაშის დროს საჭირო გადაადგილებებზე ფიქრის ფუფუნება ჩვენ არ გვქონდა და ამის ნაცვლად სხვა საზრუნავი მაწუხებდა - ოღონდ ვინმე მოედანზე გასასვლელად მზად ყოფილიყო, რომ შემადგენლობა შემევსო. 2-3 ფეხბურთელის ამოვარდნაც კატასტროფულ მდგომარეობაში გვაგდებდა.

მეორე წრეში კი გუნდის სათადარიგოთა სკამის გაფართოებაზე ვიზრუნებთ. ამიტომ მეორე წრისთვის რამდენიმე მოთამაშის დამატება გვსურს. ჩანს კიდეც, გაძლიერება რა პოზიციაზე გვჭირდება. ასეთ ხანგრძლივ ჩემპიონატში გრძელი სკამი აუცილებელია.

ფაქტია, რომ ჩვენმა ლეგიონერებმა მოლოდინი გაამართლეს - სიკაჩმაც, დაფემაც, ოტიენომაც, კოვტალიუკმაც... კორობკაც საჭირო კაცია. პოტენციალურ ახალწვეულებში უცხოელები კიდევ იქნებიან, ისევე როგორც - ქართველები".

კოლხების დამრიგებლის თქმით, გუნდს ფოთში თამაში ძალიან წაადგებოდა:

"ეს იქნებოდა არსებულ ვითარებაში ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალი, რადგან მაყურებელი გუნდზე ძალიან კარგად მოქმედებს. დარწმუნებული ვარ, ასეთ შემთხვევაში 5 ქულით მეტს მაინც დავაგროვებდით და ბევრად წინ ვიქნებოდით.

შარშან სწორედ ასე მოხდა. ახლა მორაგბეთა კეთილი ნების იმედი გვაქვს - თუკი "პარკ არენაზე" გვათამაშებენ, "კოლხეთი" უკეთესად ათამაშდება. ვნახოთ, მეორე ნახევარში ეს შესაძლებელი იქნება თუ არა".

სასტარტო შეხვედრების შემდეგ გუნდის მთავარი მეკარე გაბრიელ თებიძე აღარ ჩანს, ხოლო ბოლო 2 ტურში - კაპიტანი ლაშა გოგონაია.

"ლელო" მათი ამბებითაც დაინტერესდა: "თებიძემ გუნდი დატოვა. ხოლო რაც შეეხება გოგონაიას, შესაძლოა, ის 2 ტურის შემდეგ დაგვიბრუნდეს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
სკამს კი იშოვით გრძელს, მაგრამ ზედ თუ წამოაწვენ 2-3 კაცს თორემ ნორმალური ფეხბურთელი საქართველოში აღარ ჩერდება, თავმოყვარე ლეგიონერი აქ არ ჩამოვა და სხვანაირად როგორ უნდა შეავსოთ ის სკამი ან რისთვის გჭირდებათ.
................
15:57 26-05-2017
0
Uაზრო კომენტარებს ნუ წერთ.დისციპლინის პრობლემაა გუნდში ხშირია ბარათები.ამდენი გაშვებული არგასაშვები,ამდენი გაუტანელი პენალტი.დისკვალიფიკაციები.რომ არა ეს 3-4 ადგილზე იქნებოდა კოლხეთი
Barbare
17:02 26-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული