დილა-ლოკომოტივი 0:2 - მოგებაზე ძვირფასი 3 ქულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გორის "თენგიზ ბურჯანაძე" ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება და ამიტომ "დილა" დროებით თბილისში ითამაშებს. ამით არის გამოწვეული, "ლოკომოტივი" მისსავე ისტორიულ არენაზე სტუმარი რომ იყო.

თბილისელებმა მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხეს და 5-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტეს. გუნდს თამაშის დასაწყისშივე ეტყობოდა ნერვიულობა და ფსიქოლოგიური სტრესი, მაგრამ ნელ-ნელა გაუმკლავდა ამას და გონივრული გუნდური თამაშითა და აქტიურობით, ასე ვიტყოდით, 3 ქულაზე ძვირფასი მოგება მოიპოვა.

ძალიან კარგად ითამაშეს ნახევარდაცვამ და დაცვამ. სასიამოვნოა, რომ ძველებურად თავდაჯერებული ხდება ნიკა ჭანტურია.

ვატო არველაძე, რომელიც ორივე გოლში მონაწილეობდა - ტექნიკური ახალგაზრდა თავდამსხმელი ტურიდან
ტურამდე უფრო თამამია, უყვარს საკუთარ თავზე თამაშის აღება და ეს კარგადაც გამოსდის. რაც მთავარია, დაცვაში თამაშს ეჩვევა და თუ დაიხვეწება, ათლეტურობასა და "ფიზიკაში" მოუმატებს, დიდ ფეხბურთსაც ითამაშებს.

თავი შეგვახსენა ირაკლი სიხარულიძემაც - მიმდინარე ეროვნული ლიგის მთავარმა ბომბარდირმა მორიგი დუბლი მიითვალა, რომელიც უკვე მეექვსეა ამ სეზონში. მაგრამ ძნელი გასახსენებელია, 15 ტურში ვინმეს 6 დუბლი გაეხერხებინოს...

თამაშის მსვლელობისას, გიორგი დევდარიანმა "ლოკომოტივი" 3 მცველზე გადააწყო და დავით უბილავა ნახევარდაცვაში გადასწია. იგივე გააკეთა მეორე ტაიმში დევდარიანის კოლეგა ზივ არიემაც, როცა ცენტრალური მცველი ლექსო კვახაძე ნახევარმცველ ჟეან დერეტით (წინა ტურში მიღებული ტრავმის შემდეგ მალევე მომჯობინდა) შეცვალა.

გორელები გააქტიურდნენ. ეს განსაკუთრებით თენგიზ წიქარიძესა და დავით კირკიტაძეზე ითქმის. მაგრამ საბოლოოდ, თბილისელთა მწვრთნელის ჩანაფიქრმა გაამართლა, არიეს გადაადგილებებმა კი შედეგი ვერ გამოიღო.

იცით, რომ ამ უკანასკნელისთვის ეს მატჩი იყო ბოლო - "დილას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე. ეს ამბავი გორული კლუბის მესვეურებმა მალევე დაადასტურეს. ვნახოთ, რა შედეგს გამოიღებს "დილაში" მწვრთნელის შეცვლა.

მატჩის სტენოგრამა
2' - შეხვედრა უსიამოვნო ფაქტით. საზარელი სანახავი იყო გიორგი გაბაძისა და გიორგი ფოფხაძის შეჯახება. ეს უკანასკნელი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს, საიდანაც პირდაპირ საავადმყოფოში მოხვდა. ეროვნული ნაკრების ყოფილ წევრს ტვინის შერყევა აღმოაჩნდა...
11' - ლეანდრო რიბეირო საჯარიმოში შეიჭრა და მახვილი კუთხიდან დაარტყა, მაგრამ კარს ააცილა.
13' - გოდერძი მაჩაიძემ საჯარიმოში შეტევა გააგრძელა და ძლიერად დაარტყა - "ლოკომოტივი" რევაზ თევდორაძის ნახტომმა იხსნა!
23' - გოლი! ვატო არველაძის შოუ! თბილისელთა ახალგაზრდა შემტევმა საჯარიმოში რომარიკ ეტუს დაახვია თავბრუ, რის შემდეგაც გორელთა მცველმა წააქცია და დაინიშნა პენალტი - ირაკლი სიხრულიძის დარტყმული უნაკლო იყო - 0:1.
31' - ისევ მაჩაიძის ძლიერი დარტყმა და ბურთმა ამჯერად სანტიმეტრებში ჩაუქროლა კარს.
38' - გორელთა მძლავრი შეტევა! თევდორაძემ ჯერ ლეანდრო რიბეიროს დარტყმული მოიგერია, მერე - თენგიზ წიქარიძისაც.
44' - გოლი! დავით უბილავას პასის შემდეგ არველაძე კარში დარტყმას აპირებდა, მაგრამ ეტუ გადაეფარა და მეკარის საჯარიმოსთან გათავისუფლებულ ირაკლი სიხარულიძეზე გადაცემა გამოუვიდა, ამ უკანასკნელმა კი თითქმის დაუცველ კარში ზუსტად დაარტყა და დუბლი შეასრულა - 0:2.
50' - დავით კირკიტაძის სახიფათო დარტყმული კარს მცირე მანძილით ასცდა.
60' - ამჯერად წიქარიძის სახიფათო დარტყმა და ბურთი ისევ სცდება კარს.
66' - გიორგი პაპავას უძლიერეს დარტყმულს თევდორაძე გადაეღობა.
70' - წიქარიძის მიერ შესრულებული ჯარიმა და სალიუ ტარავალიეს თავურის შემდეგ მცველმა ბურთი კარიდან გამოიტანა.
71' - ჟეან დერეტი კართან მცველებს გასცდა და სახიფათო პოზიციიდან ცუდად დაარტყა.
77' - დიასამიძის კუთხურის შემდეგ სიხარულიძემ კარში დაარტყა, მაგრამ ააცილა.
79' - "ლოკომოტივის" უსწრაფესი კომბინაცია! დიასამიძემ ერთი პასით "დილას" მთელი დაცვა "გაჭრა". გიორგი კიკნაძეს დარტყმაც შეეძლო, მაგრამ კარის წინ გადააწოდა სიხარულიძეს, რომელსაც ხელს არავინ უშლიდა, მაგრამ არაზუსტად დაარტყა და ჰეთ-თრიკის შანსი ხელიდან გაუშვა.
81' - წიქარიძის უძლიერესი დარტყმა და თბილისელები თევდორაძემ გადაარჩინა.

ეროვნული ლიგა. XVI ტური
02.06. თბილისი. "მიხეილ მესხი"
დილა-ლოკომოტივი 0:2
გოლები: 0:1 სიხარულიძე (24-პენ), 0:2 სიხარულიძე (44. არველაძის პასით)
დილა (4-2-3-1): მუჯრიშვილი - ეტუ (61. ტარავალიე), კვახაძე (46. დერეტი), ქარქუზაშვილი, ფოფხაძე (6. მაჩაიძე) - პაპავა, რაზმაძე - კირკიტაძე, წიქარიძე, ლეანდრო - ფლავიო.
სათადარიგოები: ხაინდრავა, აბუბაკარი, ძარია, მათიაშვილი
მწვრთნელი: ზივ არიე
ლოკომოტივი (4-2-3-1): რ. თევდორაძე - გაბაძე, ხიდეშელი, რეხვიაშვილი, უბილავა - ჭანტურია, მენთეშაშვილი (54. ჩიტეიშვილი) - არველაძე (75. სამურკასოვი), არდაზიშვილი (68. კიკნაძე), დიასამიძე - სიხარულიძე.
სათადარიგოები: ქურდაძე, კომახიძე, ბუღრიძე
მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი
გაფრთხილება: ჩიტეიშვილი (90+3)
არბიტრი: გ. ყრუაშვილი.

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 13
ბ. არაბული (დინამო თბ) 10
მ. კოვტალიუკი (კოლხეთი) 9
მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 8
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 8.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
Maladec tevdoradze !!! Saswauli rikosheti aigo
Jiji
12:57 06-06-2017
0
იმედია გორი ეხლა თანდათან გააუმჯობესებს თამაშს.
Dragonfly
14:43 05-06-2017
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული