ქობულეთის "შუქურა": მახარაძე უკვე წავიდა, ლეგიონერებიც მიდიან...

AutoSharing Option
ქობულეთის "შუქურაში" საკადრო ცვლილებები დაიწყო. გუნდი მისმა კაპიტანმა დატოვა - ერთწლიანი პაუზის შემდეგ ბექა მახარაძე ბათუმის "დინამოს" დაუბრუნდა. ინფორმაცია ამ კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაასაჯაროვა.

26 წლის ცენტრალური მცველი "დინამოს" ფორმით 2012-16 წლებში თამაშობდა, შემდეგ კი თბილისის "ლოკომოტივსა" და ქობულეთის "შუქურაში" მოსინჯა ძალები. ბათუმის "დინამოს" მან ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსის "ომონიას" წინააღმდეგ უკაპიტნა (სულ 67 მატჩი და 2 გოლი "დინამოს" მაისურით) და ძალიან კარგი მატჩებიც ჩაატარა.

ქობულეთის "შუქურას" დირექტორის, რევაზ ჩელებაძის თქმით, საკადრო ცვლილებები ამით არ დასრულებულა და გუნდი ლეგიონერების უმრავლესობასაც
შეელევა.

"სამწუხაროდ, ლეგიონერების დიდმა ნაწილმა არ გაგვიმართლა და მათთან განშორება მოგვიწევს. კონტრაქტი გავწყვიტეთ უზბეკ ალექსანდრ კლეცკოვთან. ის სამშობლოში დაბრუნდება. იმავეს ვაპირებთ უკრაინელ ნახევარმცველ ივან რუდნიცკისთანაც, დიდი ალბათობით, დაგვტოვებს მეკარე იური კამინსკიც.

მათ ნაცვლად, მეორე წრიდან ახალ ლეგიონერებს დავიმატებთ. ფეხბურთის ფედერაციამ კარგი გააკეთა, რომ ლეგიონერებზე უაზრო შეზღუდვა მოხსნა და 7 უცხოელის თამაშის უფლება მოგვცა", - ამბობს ჩელებაძე.

მისივე თქმით, "შუქურაში" მხოლოდ ორი ლეგიონერი დარჩება:

"გარანტირებულად მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ლეგიონერებიდან მეკარე აზამათ ჯიოევი და ჟეფინიო დარჩებიან. ბრაზილიელი დეკემბრამდე ითამაშებს. ჩვენთვის ჯიოევიც დიდი ძალაა და მისმა ტრავმამ ძალიან დაგვარტყა. საბედნიეროდ, აზამატმა მკურნალობა უკვე დაასრულა და შესაძლოა, 16 ივნისს გორის "დილასთან" ითამაშოს კიდეც".

ჩელებაძე არ მალავს, რომ უცხოური პასპორტის მქონე ქართველების საკითხი ჯერაც გასარკვევია:

"რაც შეეხებათ ირაკლი ჭეჟიასა და გიგა მამულაშვილს, მათი ამბავი ჯერაც გასარკვევია. მათზეა დამოკიდებული, გუნდს დატოვებენ თუ დარჩებიან. ორივე რუსეთის მოქალაქეა და შევთავაზე, აიღონ საქართველოს პასპორტი და გუნდში დარჩნენ, თუ არა და, მირჩევნია, დავემშვიდობო და ჩვენი ჩემპიონატიდან ვინმე დავიმატოთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
თვითონ რევაზს არ უნდა წავიდეს კლუბიდან , ხოლო კლუბი კი კერძო ხელში გადავიდეს?არ მოვიდა ამის დრო?არ მისცემს ქობულეთელებს ამის უფლებას რომ მათმა კლუბი კერძო საკუთრების ფორმის იხილონ?
QWERTY
16:38 07-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული