საჩხერელთა მთავარი მწვრთნელი სოსო ფრუიძე გუნდის საევროპო მზადებასა და სხვა საინტერესო საკითხებზე გველაპარაკა.
"ვარჯიშს ჩვეული რეჟიმით ვაგრძელებდით, მაგრამ ბევრი ტრავმირებული გვყავდა - გაბედავა, მუმლაძე, ჩიკვაიძე, განუგრავა, გელაშვილი... დინო ჰამზიჩი დაოჯახდა, ბოსნიაში იმყოფებოდა და მხოლოდ 10 ივნისს შემოგვიერთდა...
ტრავმა ტატანაშვილსაც აწუხებდა, მაგრამ ახლა შედარებით უკეთ არის. ამის
როგორც ცნობილია, "ჩიხურა" "ივანწმინდა არენაზე" დაბრუნდა, სადაც მოედნის საფარი მოაწესრიგეს:
"მოედნის მოსაწესრიგებლად დიდი მუშაობა ჩატარდა და საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია. საქართველოში საუკეთესო საფარი "დინამო არენაზე", "მიხეილ მესხსა" და ქუთაისის სტადიონებზეა. ჩვენი მოედანი მათ ვერ სჯობს, მაგრამ დანარჩენ სტადიონებზე უკეთესი მოედნები ნამდვილად არ არის. ბოლოს და ბოლოს, ნატურალური მოედანია და ბევრად უფრო სასიამოვნოა თამაში, ვიდრე ხელოვნურზე".
საჩხერელთა დამრიგებლის თქმით, ევროთასებისთვის მზადებას მალე შეუდგებიან:
"მეორე წრის დასრულებამდე 2 თამაში დაგვრჩა. გვინდა, წარმატებით დავასრულოთ ეს ეტაპი. მერე ევროპის ლიგაზე ჩვენი მეტოქე გაირკვევა და მასთან მატჩებისთვის მოვემზადებით.
უცხოურ შეკრებას არ ვგეგმავთ. რა თქმა უნდა, ეს კარგი იქნებოდა, მაგრამ არც მეტოქის ვინაობა ვიცით, არც ის, პირველ შეხვედრას შინ ჩავატარებთ თუ გასვლაზე... თან ფინანსურადაც ისეთი დალხენილები არ ვართ, შეკრებაზე უპრობლემოდ რომ წავიდეთ... ამიტომ საჩხერეში დავრჩებით და აქ ვივარჯიშებთ. საამისოდ, 10 დღე გვექნება და ვეცდებით, ევროპულ მატჩებს სასურველი კონდიციებით შევხვდეთ".
ცხადია, დავინტერესდით, აპირებს თუ არა "ჩიხურა" ევროპალიგამდე მოთამაშეების დამატებას:
"ლეგიონერების ჩამოყვანა, ფაქტობრივად, გამორიცხულია. საჭირო დონის მოთამაშე რომ დავიმატოთ, ამაში სოლიდურ თანხებს მოითხოვენ, რისი საშუალებაც კლუბს არ გააჩნია. მათზე ფიქრს გვირჩევნია, ქართველები დავიმატოთ, რომელთაც ვიცნობთ და ვის შესაძლებლობებშიც დარწმუნებულები ვართ.
იმას არ უარვყოფ, რომ წლეულს რამდენიმე კარგი ლეგიონერი ჩამოიყვანეს საქართველოში, მაგრამ მათ ჩვენ არავინ გვათხოვებს. ძიებისა და ექსპერიმენტების დრო კი ახლა არ გვაქვს. სამწუხარო ისაა, რომ დღეს ლამის ყველა სასურველი მოთამაშე დაბინავებულია და გაძლიერება პრობლემური იქნება. თუმცა, ამას აუცილებლად შევეცდებით".
საგაზაფხულო ეტაპზე იყო რამდენიმე ტური, როცა გუნდი მეტისმეტად აირია და ერთმანეთის მიყოლებით წააგო თამაშები. საჩხერელთა დამრიგებელი ამაზეც გველაპარაკა:
"ჩავარდნა ნამდვილად გვქონდა, მაგრამ სიტუაციის დროული გაანალიზება შევძელით. ყველაფერს ვერ ვიტყვი, რადგან, გარკვეულწილად, ეს მოვლენები გუნდის შიდა სამზარეულოს ეხება, მასზე საჯაროდ ლაპარაკი კი არ მიყვარს...
ჩავარდნის მეორე მიზეზი მშობლიური რაიონიდან და სტადიონიდან მოწყვეტა იყო. ივანწმინდაში თამაშის უფლება არ გვქონდა, ქალაქიდან ქალაქში ვმოგზაურობდით და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ძალიან გადატვირთული კალენდარი გვქონდა. ტრავმების გამო კი მთელი სათამაშო ტვირთი მოთამაშეთა მცირე ჯგუფს დააწვა და ეს შედეგებზეც აისახა".
ახალი ჩემპიონატის მოდელის პლუსად იმას მიიჩნევდნენ, რომ გუნდები ევროთასებს ტონუსში შეხვდებოდნენ. გამართლდა თუ არა ეს იმედი და არის თუ არა გუნდი კონდიციებში? ფრუიძეს ამის შესახებაც ვკითხეთ:
"ვართ თუ არა კონდიციებში, ამას დრო გვიჩვენებს. ამას გარდა, წლევანდელმა სეზონმა ადრინდელისგან განსხვავებული მიდგომები მოითხოვა. ახალ მოდელს შეგუება და გადაწყობა სჭირდება. ამისთვის ვემზადებოდით, მაგრამ ბევრი დაგვიშავდა და პრობლემა ამანაც შექმნა. ჩვენ გამონაკლისები ხომ არ ვართ?!
აიღეთ თბილისის "ლოკომოტივი" - გუნდმა სეზონი ერთი ამოსუნთქვით დაიწყო, მაგრამ მერე ჩავარდნა ჰქონდა. მე ამას კალენდარს კი არ ვაბრალებ, უბრალოდ, ფეხბურთელები ასეთ დატვირთვებზე თამაშს შეგუებულები არ იყვნენ. მაგრამ ესეც არ არის პრობლემა, ნელ-ნელა შეეჩვევიან.
აშკარაა, რომ 10-გუნდიან ჩემპიონატს დიდი სათადარიგოთა სკამი სჭირდება, მოთამაშეთა დროული როტაცია რომ შევძლოთ, ნაწილს კი ამოსუნთქვის საშუალება მივცეთ. დამღლელ სეზონში ეს აუცილებელია".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"