ეროვნული ლიგა. XVII ტურის წინ: თბილისური დერბი და ახალი "ტორპედო"

AutoSharing Option
დღეს, 17 ივნისს, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნული ლიგის XVII ტურის დარჩენილი ორი შეხვედრა გაიმართება. თბილისურ დერბიში "საბურთალო" და "დინამო" ითამაშებენ, ხოლო ქუთაისში "ტორპედო" ბათუმის "დინამოს" უმასპინძლებს.

ტურის სამი მატჩი 16 ივნისს ჩატარდა. "სამტრედიამ" მინიმალური ანგარიშით თბილისში "ლოკომოტივს" მოუგო. გორის "დილამ" ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა ქობულეთის "შუქურას", ხოლო საჩხერის "ჩიხურამ" ფოთის "კოლხეთი" ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

საბურთალო-დინამო (თბ)
დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონმა ამ ტურში კიდევ ერთ მატჩს უნდა უმასპინძლოს. იმის გარდა, რომ მორიგი დედაქალაქური დერბი გველოდება, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ერთი ფაქტიც - სიმბოლურია,
რომ დავით პეტრიაშვილს ძალიან ბევრი რამ აკავშირებდა როგორც "საბურთალოსთან", ისე - თბილისის "დინამოსთან"...

წინა ტურში "საბურთალომ" უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა, თანაც - ზედიზედ 3 წაგების შემდეგ. ამით გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა სატურნირო მდგომარეობაც გამოასწორა, თუმცა ახლა უმძიმესი გამოცდა ელის - გამარჯვების შემთხვევაში, "დინამო", ფაქტობრივად, ინაღდებს "ზაფხულის ჩემპიონის" არაოფიციალურ ტიტულს.

ისე, ამ შესვენების დროს, საქართველოს სხვადასხვა ნაკრებში ყველაზე მეტი ფეხბურთელი სწორედ "საბურთალოდან" და "დინამოდან" იყო გამოძახებული და ამასაც შეეძლო, გარკვეული კორექტივები შეეტანა ორივე გუნდის საწვრთნელ პროცესში...

სწორედ ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ თავისი კოლეგის მსგავსად, "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამაც რამდენიმე გადაადგილება მოახდინოს ძირითად შემადგენლობაში.

დაბოლოს, ამ წყვილის კიდევ ერთი და, ალბათ, უმთავრესი ინტრიგაც: გუნდებს შორის ურთიერთდაპირისპირებათა ხანმოკლე ისტორიაში, "საბურთალოს" ჯერ არც ერთი მატჩი არ მოუგია "დინამოსთვის", და მეტიც - ერთი გოლიც არ გაუტანია ტიტულოვანი მეტოქის კარში.

ტორპედო-დინამო (ბთ)
რამდენი წელიწადი ელოდა ბათუმელი გულშემატკივარი თავისი საყვარელი გუნდის მშობლიურ ქალაქში დაბრუნებას და ბედის ირონიით, ისე მოხდა, რომ ოთხ საშინაო მატჩში აჭარის მთავარმა გუნდმა მხოლოდ 1 ქულა აიღო.

საერთოდაც, წინა სეზონის ბრინჯაოსპრიზიორს ერთობ წარუმატებელი პერიოდი ჰქონდა: მაისის დასაწყისიდან მოყოლებული, ბათუმის "დინამომ" 7 მატჩი გამართა და მხოლოდ 4 ქულა აიღო. არც ის დაგვავიწყდეს, რომ ამ პერიოდში გუნდს 3 (სამი!) სხვადასხვა მწვრთნელი მოძღვრავდა და წლევანდელი ევროპალიგის მონაწილე გუნდის დღევანდელი სატურნირო მდგომარეობაც სწორედაც ამ არასტაბილურობის გამოძახილიცაა...

ამ სეზონში რიგით მესამე მთავარი მწვრთნელის, უკრაინელი სპეციალისტის, კონსტანტინ ფროლოვის მიერ დამოძღვრილ ბათუმის "დინამოს" ისეთი მეტოქე ელოდება, ერთიმეორეზე შთამბეჭდავ მატჩებს რომ ჩუქნის თავის ერთგულ ქომაგებს - მართლაც შესანიშნავ ფორმაში მყოფი კახა ჩხეტიანის "ტორპედო", რის დასტურად ეს ციფრებიც გამოდგება - ზედიზედ 7 მოგება და ამ შვიდ შეხვედრაში საკუთარ კარში გაშვებული ერთადერთი გოლი!

აღარაფერს ვამბობთ გასული თვის ორ, მართლაც გამორჩეულ ფეხბურთელზე - 34 წლის გარემარბ გრიგოლ დოლიძესა და 25 წლის ცენტრფორვარდ თორნიკე კაპანაძეს, ბოლო დროს ნამდვილი შეჯიბრება რომ გამართეს ერთმანეთში ეფექტური გოლების გატანაში...

აღსანიშნავია, რომ "ტორპედო" ამ შეხვედრას უკვე კერძო კლუბის სტატუსით ხვდება - წინა დღეს, 16 ივნისს დასრულებული აუქციონის შედეგად, ქუთაისური კლუბი 300 ათას ლარად შპს "ინტერნეიშენალ სოქერ ჰაუსის" კუთვნილება გახდა.

- საფეხბურთო კლუბი ქუთაისის "ტორპედო" 300 000 ლარად გაიყიდა

ეროვნული ლიგა. XVII ტური
17 ივნისი
თბილისი. "დავით პეტრიაშვილი". 18:00
საბურთალო-დინამო (თბ)
ურთიერთშეხვედრები
5: +0 =1 -4, 0-11
პირველი წრე 0:2

ქუთაისი. "რამაზ შენგელია". 21:00. LIVE "II არხზე" 
ტორპედო-დინამო (ბთ)
ურთიერთშეხვედრები
52: +29 =9 -14, 86-57
დისკვალიფიკაცია: ხურცილავა (ტორპედო) - ფონიავა (დინამო ბთ)
პირველი წრე 3:1

16 ივნისი
თბილისი. "დავით პეტრიაშვილი"
ლოკომოტივი-სამტრედია 0:1
გოლები: 0:1 გურამ სამუშია (5).

სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე"
კოლხეთი-ჩიხურა 1:3
გოლები: 0:1 დიმიტრი ტატანაშვილი (67), 1:1 მიკოლა კოვტალიუკი (75), 1:2 დიმიტრი ტატანაშვილი (88), 1:3 დიმიტრი ტატანაშვილი (90).
გაძევება: ცოტნე ქებურია (60, კოლხეთი).

თბილისი. "დინამო არენა"
დილა-შუქურა 4:0
გოლები: 1:0 რომან პომაზანი (18, საკ კარში) 2:0 ლეანდრო რიბეირო (25, პენ), 3:0 თენგიზ წიქარიძე (66), 4:0 სალიეუ ტარავალიე (78).

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 13
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 11
ბ. არაბული (დინამო თბ) 10
მ. კოვტალიუკი (კოლხეთი) 10
მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 8.
მკითხველის კომენტარები / 2 /
სად არის ეს "პეტრიაშვილის" სტადიონი ???
გიო
17 ივნისი 2017 14:14
0
წარმატებები საბურთალოს და ბათუმს!
გარინჩა
17 ივნისი 2017 13:39
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული