11:17 21-06-2017
ჩიხურა-ლოკომოტივი 0:3 - მოტივაციის ამბავი [VIDEO]
AutoSharing Option
არადა, როცა პირველ წრეში მეტოქე 5:0-ს გიგებს, თავმოყვარე გუნდი, იმის დასადასტურებლად, რომ მისი იოლი ლუკმა არ ხარ, ცოტა სხვაგვარად უნდა გაისარჯო სარევანშოდ, ყოველ შემთხვევაში, ისევ "მშრალად" და ისევ დიდი ანგარიშით არ უნდა აგებდე, თანაც, ცხრილში ოდნავ უკან მდგომ უშუალო მეზობელთან.
ამასთან, ავსტრიულ "ალტახთან" 29 ივნისს საევროპალიგო შეხვედრისთვის ხომ ესოდენ საჭირო იყო სათანადო განწყობის შექმნა...
ჯერჯერობით, არასტაბილურობა მართლაც მოუშორებელი სენია საჩხერელებისთვის, მაგრამ ასეთი უსუსური "ჩიხურა" ძალიან იშვიათად თუ უნახავს ვინმეს. ახლა ჩვენ ცეცხლზე ნავთს ვასხამთ, მაგრამ რას ვიზამთ - სხვაგვარი შეფასების საშუალებას ეს მატჩი არ იძლევა.
აბა, რა დავარქვათ იმ გარემოებას, რომ 94 წუთის განმავლობაში გუნდი მხოლოდ ერთხელ ახერხებს კარში ზუსტ დარტყმას, როცა ელემენტარულ მომენტებში ბურთის შენარჩუნება და ზუსტი პასი უჭირს.
ამ სიტუაციაში "ლოკომოტივს" ჰქონდა შესაძლებლობა, "ეფრინა" მთელ მოედანზე, მუდმივ დაძაბულობაში ჰყოლოდა მეტოქე, სიხარულიძეს დუბლი გაეფორმებინა, ყოფილ ჩიხურელ გიორგი რეხვიაშვილს კი ლამაზი გოლი გაეტანა...
საჩხერელები მხოლოდ ბოლოსკენ მოეგნენ გონს, მაგრამ... გარდა ამ "მაგრამისა", სხვაც ბევრი კითხვის ნიშანია მათ თამაშში.
მატჩის სტენოგრამა
7' - კიკნაძე აქტიურობს. ძლიერი დარტყმა და ბურთი კარის ხაზის სიახლოვიდან გამოაქვთ "ჩიხურას" მცველებს.
11' - სამურკასოვის შორეული "გასროლა" ჰამზიჩმა მოიხელთა.
14' - საჩხერელთა კარის დარაჯმა თავიდან ააცალა ბურთი გოლის გასატანად გამზადებულ სიხარულიძეს.
17' - კორიფაძის მიერ ხისტად ჩაწოდებულს კუთხური მოსდევს, კუთხურს კი - ახლო მანძილიდან ჭელიძის არაზუსტი დარტყმა.
19' - გოლი! დიასამიძის პასი კარის გასწვრივ იმდენად ზუსტი იყო, სიხარულიძეს არ გასჭირვებია ბომბარდირთა დავაში კიდევ უფრო დაწინაურება.
37' - ჭელიძის ძლიერი დარტყმა საჯარიმო მოედნის მისადგომიდან და ისევ არაზუსტი.
43' - გოლი! სიხარულიძემ ამჯერად ჩიტეიშვილის იუველირული სიზუსტის პასით დატოვა ჰამზიჩი უშანსოდ.
47' - სიხარულიძეს კიდევ ერთი რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ მეკარემ არ დაანება ჰეთ-თრიკის შესრულება.
54' - გოლი! კუთხურიდან ჩახვეულ ბურთს ზუსტად მოუნახა ადგილი რეხვიაშვილმა თავით კარის ჩარჩოში.
58' - მეკარესთან პირისპირ გასულმა ფონიავამ "მოახერხა" აცილება.
74' - ჩიკვაიძის ზუსტ პასზე ტატანაშვილს თავგანწირულად ჩაუწვა მცველი.
75' - სარდალიშვილის უძლიერესი და ოდნავ არაზუსტი დარტყმა.
79' - მეკარესთან პირისპირ გადის დიასამიძე. მეოთხე გოლი თითქოს გარდაუვალია, მაგრამ ჰამზიჩმა იყოჩაღა.
84' - კორიფაძეს შეეძლო პრესტიჟის გოლის გატანა, დარტყმისას მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინა.
86' - ფონიავამ ისევ გაანიავა ხელსაყრელი მომენტი.
90+2' - ჭელიძეს უნდა გაეტანა, მაგრამ აქცენტი სიძლიერეზე გადაიტანა და დარტყმა ძალზე უზუსტო გამოუვიდა.
ეროვნული ლიგა. XVIII ტური
20.06. ივანწმინდა
ჩიხურა-ლოკომოტივი 0:3
გოლები: 0:1 სიხარულიძე (19. დიასამიძის პასით), 0:2 სიხარულიძე (43. ჩიტეიშვილის პასით), 0:3 რეხვიაშვილი (51)
ჩიხურა: ჰამზიჩი, თორ. გრიგალაშვილი, კაშია, ჩიკვაიძე, დობროვოლსკი, (73. განუგრავა), კორიფაძე, ჭელიძე, მირცხულავა, გორგიაშვილი (46. ფონიავა), დეკანოიძე (46. სარდალიშვილი), ტატანაშვილი.
სათადარიგოები: მწყერაშვილი, გაბაძე, კაკუბავა, ივანიშვილი
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
ლოკომოტივი: თევდორაძე, გაბაძე (28. ჩიტეიშვილი), რეხვიაშვილი, ხიდეშელი, უბილავა, ჭანტურია, კიკნაძე (78. ანდრონიკაშვილი), სამურკასოვი, არველაძე (66. ბუღაძე), დიასამიძე, სიხარულიძე.
სათადარიგოები: ქურდაძე, მენთეშაშვილი, შეწირული, ვარძელაშვილი
მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი
გაფრთხილება: დეკანოიძე (26), სამურკასოვი (53)
არბიტრი: ჯ. ხორავა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
იმედი ვიქონიოთ, რომ რაც ხდება დროებითია, გუნდი მწვრთნელიან ფეხბურთელებიანად იმსჯელებენ და გამოიტანენ დასკვნებს, მათ ამის დრო აქვთ და რაც მთავარია ყავთ კარგი ძირითადი და სათადარიგო კონტინგენტი, არ აკლიათ გამოცდილება. წარმატებები უსურვოთ ჩიხურას ევრო სარბიელზე სხვა ქართულ გუნდებთან ერთად.
0
0
ფრუიძე რო იყო კლუბს ვერ დასჯიდი,პირიქით კლუბი დაგსჯიდა.ისე რომ თვითონ მოგიწევდა წასვლა.გუნდი რომ ვერ მოამზადა მაგის ბრალია,ბიჭები თვეში ერთ ან ორ თამაშს თამაშობენ და ფორმიდან ვარდებიან,ღმერთმა ქნას ალტახთან არ მოუვიდეს ჩავარდნა.ისე ლექციებს რომ წააკითხებ ფრუიძეს,დარსაძეს და მათნაირებს იმიტომ ვართ იქ სადაც ვართ.ფრუიძე კაი ბაგაზეა დაბმული და არაფერი არ ანაღვლებს.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული