11:29 21-06-2017
სამტრედია-დილა 3:2 - ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს [VIDEO]
AutoSharing Option
მატჩის დროს წამოსული წვიმა ნელ-ნელა გაძლიერდა და თქეშად გადაიქცა, თუმცა მალევე გადაიღო. ასევე მოხდა მეორე ტაიმშიც. მიუხედავად ამისა, "სამტრედიას" ერთგული გულშემატკივარი არ აკლდა. მეტოქეებიც ისეთი აზარტით თამაშობდნენ, თითქოს, უამინდობას არც იმჩნევდნენ.
ამინდის მსგავსად, ორივე ტაიმი ერთი სცენარით წარიმართა - გორელები ორივეში დაწინაურდნენ, თუმცა ფინალი პირველისგან განსხვავდებოდა.
სამტრედიელებს პირველ ტაიმში შეტევების ორგანიზება უჭირდათ, გორელები კი თავს კარგად იცავდნენ და როცა შანსი მიეცათ, კონტრშეტევა წამოიწყეს და ანგარიშიც გახსნეს.
მეორე ნახევარში სტუმართა ბრაზილიელმა ლეგიონერმა ჟეან დერეტიმ დუბლი შეასრულა და აქედან დაიწყო სამტრედიელთა გაუთავებელი შეტევები. მასპინძლებს დამძიმებულ მოედანზე სწრაფი თამაში და გორელთა საიმედო დაცვის გადალახვა უჭირდათ, მაგრამ ბოლოს მთელი ძალებით გადავიდნენ შეტევაში და შტურმმა შედეგი გამოიღო.
ასე რომ, კიდევ ერთხელ დადასტურდა - ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!
თუმცა, ისიც სათქმელია, რომ გიორგი პაპავას გაძევება მეტისმეტად მკაცრი სასჯელი იყო - მან დაცვაში ხელით ითამაშა და სახიფათო შეტევა ჩაშალა, მაგრამ ეს ბოლო იმედის ჯარიმა არ ყოფილა და ყვითელი ბარათიც საკმარისი იქნებოდა...
მიმდინარე სეზონში გორელებმა გასვლაზე მე-9 თამაში ჩაატარეს და, რაც უნდა უცნაური იყოს, პირველად დამარცხდნენ. ამის მიუხედავად, გიორგი დეკანოსიძის გუნდს ცუდი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია.
მატჩის სტენოგრამა
10' - გოლი! ძარიამ საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ფლავიოს დარტყმა მეკარე მიგინეიშვილმა მოიგერია, დამატებაზე კი დერეტიმ გორელები დააწინაურა - 0:1.
12' - ბერიაშვილმა დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა მარკოზაშვილი. მუჯრიშვილმა ახლოდან ძლიერად დარტყმული ბურთი კუთხურზე მოიგერია.
23' - გოლი! მანჯგალაძის ჩაწოდების შემდეგ საჯარიმოში გოგიაშვილი გაიხსნა, რომელმაც კარის წინ დათუნაიშვილს უპასა და "სამტრედიის" კაპიტანმა ახლო მანძილიდან წონასწორობა აღადგინა - 1:1.
25' - სამტრედიელებს დაწინაურებაც შეეძლოთ: ბერიაშვილისა და მარკოზაშვილის უსწრაფესი შეტევის დაგვირგვინება სამუშიამ ძლიერი დარტყმით სცადა - მუჯრიშვილმა სტუმრები აშკარა გოლისგან იხსნა.
26' - მუჯრიშვილმა გორელები ბერიაშვილის დარტყმისგან იხსნა.
51' - გოლი! გაგოშიძემ მშვენიერი ფლანგური გადაცემით მეკარესთან პირისპირ დატოვა დერეტი, რომელმაც დუბლი გაიფორმა - 1:2.
68' - მანჯგალაძის სახიფათო დარტყმის შემდეგ ბურთს მცველი გადაეფარა.
73' - რაჟამაშვილი მეკარესთან პირისპირ ტოვებდა სამუშიას, მაგრამ მუჯრიშვილი დროულად გამოვიდა კარიდან და ვითარება განმუხტა.
76' - დათუნაიშვილმა საჯარიმოსთან მცველს აართვა ბურთი და გადააწოდა რაჟამაშვილს, რომელმაც კარში "ჩაახვია" - მუჯრიშვილმა ისევ დიდებულად ითამაშა.
82' - გოლი! დათუნაიშვილის გადაცემის ჩაჭრისას, ძარიას სველ მოედანზე ბურთი აუსხლტა, რაჟამაშვილი მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და წონასწორობა აღადგინა - 2:2.
84' - ხელით თამაშისთვის გააძევეს გიორგი პაპავა.
85' - რაჟამაშვილის ჯარიმა. საჯარიმოში ჩაკიდებულ ბურთს დათუნაიშვილმა ფეხი ვერ წაარტყა და მეკარემ იყოჩაღა, დამატებაზე კი სანდოხაძემაც ვერ დაარტყა და გორელები გადარჩნენ.
87' - სანდოხაძის მონდომებამ შედეგი მაინც გამოიღო: კუთხურიდან რაჟამაშვილის ჩაწოდებული ბურთი პენალტის ნიშნულთან მიიღო, შემოტრიალდა და ზუსტად დაარტყა - 3:2!
ეროვნული ლიგა. XVIII ტური
20.06. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე"
სამტრედია-დილა 3:2
გოლები: 0:1 დერეტი (10), 1:1 დათუნაიშვილი (23. გოგიაშვილის პასით), 1:2 დერეტი (51. გაგოშიძის პასით), 2:2 რაჟამაშვილი (82), 3:2 სანდოხაძე (87. რაჟამაშვილის პასით)
სამტრედია (4-2-3-1): მიგინეიშვილი - მთივლიშვილი, სანდოხაძე, გოგიაშვილი, მჭედლიშვილი - გ. მანჯგალაძე (90+5. კასრაძე), დათუნაიშვილი - რაჟამაშვილი, მარკოზაშვილი (61. ჯიქია), სამუშია (90. ბელოვი) - ბერიაშვილი.
სათადარიგოები: დაუშვილი, ხაბეიშვილი, ბურკაძე, ოლხოვი
მწვრთნელი: გია ცეცაძე
დილა (4-3-3): მუჯრიშვილი - პაპავა, მაჩაიძე, ქარქუზაშვილი, გაგოშიძე - რაზმაძე, დერეტი (89. ნონიკაშვილი), ძარია (90+2. ტარავალიე) - წიქარიძე, ფლავიო, ლეანდრო (82. კირკიტაძე).
სათადარიგოები: გულუაშვილი, პაპუაშვილი, კერელეიშვილი, მათიაშვილი
მწვრთნელი: გიორგი დეკანოსიძე
გაფრთხილებები: მაჩაიძე (61), მთივლიშვილი (68), რაჟამაშვილი (68), ქარქუზაშვილი (70), რაზმაძე (83), სანდოხაძე (83)
გაძევება: პაპავა (84. დილა)
არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული
სამტრედიელებმა მონდომება არ დააკლეს მაგრამ მაინც ღია ნაიარევივით სჩანს მათი სუსტი ადგლები დაცვაში და თავდასხმაში. ბერიაშვილი უკვე ამოსაღებია ძირითადიდან.გაუგებარია რას ერჩის ამ ჯიქიას ცეცაძე, დაჩაგრა და დააკნინა ეს ბავშვი მან,არადა რამოდენა პერსპექტივები იყო ამ ბიჭის ირგვლივ და ცეცაძე კი მხოლოდ 15-20 წუთით ათამაშებს.