რევაზ ჩელებაძე: დიდი ალბათობით, "შუქურა" ლიგა 2-ში დაქვეითდება და...

AutoSharing Option
ქობულეთის "შუქურას" დირექტორი რევაზ ჩელებაძე ამბობს, რომ დიდი ხნის ფიქრის შემდეგ კლუბში რადიკალური საკადრო ცვლილებების დაწყება გადაწყვიტა.

"დიდხანს ვამხნევებდი გუნდსაც და საკუთარ თავსაც, რომ ეროვნულ ლიგაში ადგილს შევინარჩუნებდით. 18 ტურის შემდეგ მხოლოდ 1 მოგება და 7 ქულა გვაქვს. რა თქმა უნდა, ლიგაში ადგილის შენარჩუნების თეორიული შანსი გვაქვს მხოლოდ, მაგრამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ - ფინანსურად სხვა გუნდებს ტრანსფერებით ვერ ვაჯობებთ.

ამის გათვალისწინებით, კარგად გავაცნობიერე, რომ წლეულს, დიდი ალბათობით, "შუქურა" ეროვნულ ლიგა 2-ში დაქვეითდება. აქედან გამომდინარე, შემადგენლობის რადიკალური შეცვლა და გაახალგაზრდავება
გადავწყვიტე. ეს კი ის შემადგენლობა იქნება, რომელიც მომავალი სეზონისთვის აქედანვე მოემზადება", - ამბობს ჩელებაძე.

ქობულეთელთა ხელმძღვანელი კონკრეტულ სიახლეებზეც გველაპარაკა:

"ცნობილია, რომ გუნდი დატოვეს ლეგიონერებმა - კლეცკოვმა, რუდნიცკიმ და კამინსკიმ. ამას გარდა, სხვა კლუბებში თამაში ამჯობინეს მახარაძემ და სტურუამ. ახლახან კონტრაქტის გაწყვეტაზე შევუთანხმდით ლევან კუტალიას, გიგა მამულაშვილს, ლაშა ჯაფარიძესა და ირაკლი ჭეჟიას. მძიმე ტრავმა აქვს ლევან საბაძეს, რომელიც ჩემპიონატის ბოლომდე ვეღარ დაგვეხმარება".

ახალწვეულები კი, როგორც ჩელებაძემ გვითხრა, ძირითადად, ახალგაზრდები არიან:

"მზადებას მალე დავიწყებთ და იმედი მაქვს, ადგილობრივ და სხვა ახალგაზრდებს მოვიწვევთ. კახელიშვილის შემდეგ დავიბრუნეთ მცველი ზურაბ მალანია, კიდევ ერთი მცველი გია ჩადუნელი თბილისის "დინამოდანაა", ისევე, როგორც იმავე "დინამოს" დუბლების ცენტრალური თავდამსხმელი გოგილაშვილი. დარჩა ირაკლი კლიმიაშვილი, რომელიც გუნდის ახალი კაპიტანი იქნება".

"შუქურას" დირექტორი თავის ვაჟზე, გიორგი ჩელებაძეზეც გველაპარაკა:

"შოთა არველაძე გიორგის ძალიან დაეხმარა და სტამბულის ყველაზე პრესტიჟულ კლინიკაში გააგზავნა. ეს კლინიკა თურქეთის ნაკრების ყოფილმა ექიმმა დააფუძნა და ამ საქმის პროფესიონალები შეკრიბა. გიორგი რეაბილიტაციას სწორედ მათი დახმარებით გადის და, დიდი ალბათობით, მოედანს მალე უნდა დაუბრუნდეს".

ჩელებაძის თქმით, "შუქურა" ჩემპიონატის მეორე ნახევრიდან ბათუმში ითამაშებს:

"ბათუმის რაგბის სტადიონის ხელმძღვანელებს, ზვიად უნგიაძესა და მუხრან ვახტანგაძეს ველაპარაკე და მათი თანადგომით, მესამე წრიდან სწორედ ამ სტადიონზე ვითამაშებთ.

ქობულეთში მოედნის საფარის შეცვლა წელს ვერ ხერხდება, რადგან ბიუჯეტში არ იყო გათვალისწინებული საამისო ხარჯი. მომავალი წლიდან კი 3,5-მილიონლარიანი პროექტის განხორციელება დაიწყება. "ჩელე არენის" ტრიბუნების ნაწილი გადაიხურება, განათება დამონტაჟდება, სარბენი ბილიკები მოეწყობა, ბობოყვათში კი გუნდისთვის სპორტული კომპლექსი აშენდება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ჩელებაძე და ბევრნი უნდა მოშორდეს გუნდებს გადახედეთ მის ისტორიას გუნდის მართვაში, ფულთან მიმართებაში და ნახავთ რაები შერჩა. გაიტანეთ გრელანდია......
დ.შ
10:35 05-07-2017
0
თავიდანვე განწირული იყო შუქურა! აი ეს იცის ფულის ჭამამ. ისე გაისად ისევ "თემებში" ხარ ჭო
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული