ეროვნული ლიგის XIX ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
ზუსტად ერთთვიანი პაუზის შემდეგ, ეროვნული ლიგის გათამაშება განახლდა; თანაც, განახლებასაც ხომ გააჩნია: მესამე წრის სასტარტო ტურში მიმდინარე სეზონის რეკორდი დამყარდა შედეგიანობის თვალსაზრისით...

ისე, მართლაც მოულოდნელი უნდა ყოფილიყო ბევრისთვის ის ფაქტი, როცა ჰაერის ასეთი მაღალი ტემპერატურის პირობებში, ტურის ხუთ მატჩში 22 გოლი გავიდა! თანაც, ამ 22 გოლიდან, რამდენიმე მართლაც ძალიან ეფექტური იყო...

მესამე წრის საწყისი ტური მხოლოდ მაღალი შედეგიანობით არ ყოფილა გამორჩეული: უკვე ნახსენები რამდენიმე ეფექტური გოლის გარდა, ცალკე აღნიშვნას იმსახურებს კონკრეტული ფეხბურთელების ინდივიდუალური მიღწევები...

აგრეთვე, ახალი ლეგიონერების გამოჩენა ეროვნულ ლიგაში
და უცხოეთმოვლილი ქართველი ფეხბურთელების დაბრუნება ჩვენს ჩემპიონატში. მოკლედ, სათქმელ-მოსაყოლი ნამდვილად არ აკლდა XIX ტურს...

და კიდევ ერთი - ევროტურნირებზე განცდილი ფიასკოს შემდეგ "სამტრედიამ", "ტორპედომ", ბათუმის "დინამომ" და "ჩიხურამ" ჩემპიონატი გამარჯვებებით განაახლეს...

განახლებული და ზემოტივირებული
მესამე წრის სასტარტო ტურში თბილისის "დინამოს" სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ 3 ფეხბურთელი (ლაშა თოთაძე, ბაქარ ქარდავა, ბექა მიქელთაძე) იყო, პირველ და მეორე წრეში, მუდამ ძირითადში რომ ხვდებოდნენ! მოკლედ, დინამოელთა თავკაც კახა კაჭარავას, ფაქტობრივად, განახლებული კონტინგენტით მოუწევს ტიტულისათვის ბრძოლა.

თუმცა, შემადგენლობის ასეთ რადიკალურ გადახალისებას უარყოფითად ნამდვილად არ უმოქმედია დინამოელთა თამაშზე - გუნდი მაქსიმალური მობილიზებით გამოვიდა მოედანზე და მიმდინარე სეზონის სარეკორდო ანგარიშითაც მოიგო (6:1)!

ამ მატჩის ირგვლივ დეტალურად "ლელოს" გუშინდელ ნომერში ვისაუბრეთ და ამჯერად, მხოლოდ სტატისტიკურ მონაცემებს დავჯერდებით. მაგალითად, გარკვეული პაუზის მერე საქართველოს ჩემპიონატს დაუბრუნდა დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული მეკარე, 30 წლის ნუკრი რევიშვილი...

გუნდის კაპიტანმა 28 წლის ლაშა თოთაძემ კი "დინამოს" მაისურით გოლი თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ გაიტანა...

ზემოტივირებულად გამოიყურებოდა ცენტრფორვარდის პოზიციაზე დაბრუნებული ბექა მიქელთაძე - 19 წლის შემტევმა დუბლი შეასრულა...

კვლავაც მშვენივრად ჩაერთო თამაშში 20 წლის მარცხენაფლანგელი გიორგი თევზაძე, რომელმაც უკვე მეორე გოლი გაიტანა შეცვლაზე შესულმა...

ასევე შეცვლაზე შევიდა "დინამოს" ახალწვეული, 21 წლის ნიჭიერი შემტევი ნახევარმცველი ლაშა ქოჩლაძე და უმაღლეს ლიგაში მცირეხნიანი პაუზის მერე დაბრუნება ეფექტური გოლითაც აღნიშნა.

17 წლის უნიჭიერეს გიორგი ჩაკვეტაძეზე კი ახალი რაღა უნდა ვთქვათ: ქართული ფეხბურთის იმედს, არა მხოლოდ სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელობაზე უნდა ჰქონდეს პრეტენზია, არამედ, საერთოდ, სეზონის ნომერ პირველ ფეხბურთელობაზეც!

ამ უმთავრეს ნომინაციაში კი, გიორგი ჩაკვეტაძის ერთ-ერთი უპირველესი კონკურენტი, დღესდღეობით, რაღა თქმა უნდა, "ტორპედოს" ვეტერანი მარჯვენა გარემარბი გრიგოლ დოლიძე გახლავთ, ისე როგორც ქუთაისელთა გუნდია "დინამოს" მთავარი კონკურენტი ჩემპიონობისათვის ბრძოლაში...

რეაბილიტაცია და შედევრები
სეზონის განახლებას "ტორპედო" ნამდვილად ვერ შეხვდებოდა ამაღლებული განწყობით: ქუთათურთა საყვარელმა გუნდმა ხომ ბოლო სამ შეხვედრაში (ჯერ, თბილისის "დინამოსთან", მერე კი, სლოვაკურ "ტრენჩინთან" ევროტურნირებზე) ერთმანეთზე მტკივნეული 3 მარცხი იგემა.

თუმცა, კახა ჩხეტიანის დამოძღვრილმა გუნდმა მართლაც დროულად შეძლო ამ კრიზისის დაძლევა და აშკარად არცთუ იოლ გასვლით მატჩში მოგების შემდეგ კვლავაც უცვლელად დატოვა თბილისის "დინამოსთან" ჩამორჩენა.

"საბურთალოსთან" უმნიშვნელოვანეს გამარჯვებაში კი ლომის წილი ზემოთ ნახსენებმა გრიგოლ დოლიძემ შეიტანა - 34 წლის მარჯვენაფლანგელმა ამ სეზონში უკვე მეორე "დუბლი" შეასრულა და, რაც მთავარია, ისე როგორც პირველ შემთხვევაში (XVI ტურში, სტუმრად - "ჩიხურასთან"), ამჯერადაც ერთიმეორეზე ულამაზესი გოლები გაიტანა.

მეორე გოლი დოლიძემ ეფექტურად შესრულებული "სტანდარტულიდან" გაიტანა, პირველი გოლი კი, არანაკლებეფექტური "მოჭრილი" დარტყმით. ისიც უნდა აღინიშნოს, პირველი გოლის ეპიზოდში თუ როგორი დიდოსტატური საგოლე პასი შეასრულა "ტორპედოში" (და, საერთოდ, საქართველოს ჩემპიონატში) დაბრუნებულმა გუგა ფალავანდიშვილმა.

23 წლის ამ საყრდენი ნახევარმცველის დამატება "ტორპედოს" უთუოდ უნდა წაადგეს, ისე როგორც სხვა ახალწვეულების - ლევან კუტალიასა და ვლადიმირ კორობკას გამოჩენა.

ჩემპიონიც არ ნებდება!
ევროტურნირებზე განცდილი ფიასკოს გამო, არანაკლები კრიტიკა შეხვდათ "სამტრედიის" მწვრთნელ-ფეხბურთელებსაც; თუმცა, განახლდა საქართველოს ჩემპიონატი და გია ცეცაძის გუნდმაც თავისი ერთგული გულშემატკივრები დამაჯერებელი გამარჯვებით გაახარა!

აღსანიშნავია, რომ მოქმედმა ჩემპიონმა პირველად მოიგო ამ სეზონში დიდი ანგარიშით და ისიც უნდა ითქვას, თუ რამხელა წვლილი შეიტანა ამ წარმატებაში "სამტრედიას" ახალწვეულმა, 23 წლის თავდამსხმელმა ინტერს გიმ (კოტ დ"ივუარი), რომელმაც საქართველოს ჩემპიონატში თავის სადებიუტო მატჩში დუბლი შეასრულა.

ასევე დებიუტი ჰქონდათ საქართველოს ჩემპიონატში ამ მატჩის მონაწილე სხვა ლეგიონერებსაც: მასპინძელთა 25 წლის მარცხენა მცველს ბაქარი ბალდეს (გვინეა-ბისაუ) და "შუქურას" ბრაზილიელებს, 27 წლის ფელიპესა და 21 წლის მარსელოს. ისე, ლეგიონერების თემა მესამე წრის სასტარტო ტურში ძალზე აქტუალური იყო და ქვემოთ კიდევ ვისაუბრებთ...

არის პირველი ჰეთ-თრიკი!
ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშებაში დღემდე სულ ექვსჯერ შესრულდა ჰეთ-თრიკი და აქედან, ყველაზე მეტჯერ (3) "ჩიხურას" ფეხბურთელებმა მოახერხეს ერთ მატჩში 3 გოლის გატანა.

შეგახსენებთ, რომ წინა ორი წრის განმავლობაში საჩხერელთა გუნდის გამოცდილმა ცენტრფორვარდმა დიმიტრი ტატანაშვილმა ორჯერ შეასრულა ჰეთ-თრიკი.

ახლა კი, "ჩიხურას" მართლაც უნივერსალმა შემტევმა, 24 წლის მიხეილ სარდალიშვილმა კარიერაში პირველად შეძლო ერთ მატჩში 3 გოლის გატანა. უნივერსალიზმი შემთხვევით არ გვიხსენებია: "ჩიხურას" მთავარი მწვრთნელი სოსო ფრუიძე მიმდინარე სეზონში სარდალიშვილს ხშირად უცვლიდა პოზიციას და, როგორც გაირკვა, ამ სწრაფ და ტექნიკურ ფეხბურთელს, გარემარბობის გარდა, ცენტრფორვარდის პოზიციაზეც წარმატებით ეხერხება თამაში!

სამაგიეროდ, წარუმატებელი აღმოჩნდა ეს მატჩი სტუმრებისთვის. არადა, "დილას" უმთავრესი ბომბარდირი, 32 წლის ირაკლი მოდებაძე ტრავმით გამოწვეული თითქმის ერთწლიანი პაუზის მერე გოლით კი დაბრუნდა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა თუნდაც ქულის მოსაპოვებლად.

ასევე წარუმატებელი აღმოჩნდა ეს მატჩი საქართველოს ჩემპიონატში ორწლიანი პაუზის მერე დაბრუნებული გიორგი დარასელიასთვის, რომელმაც "დილა" სულ ახლახან ჩაიბარა.

მეექვსე და სამართალი!
ამ ტურამდე ბათუმის "დინამოს" 5 "ნაღდად საშინაო" მატჩი ჰქონდა ჩატარებული მშობლიურ ქალაქში და ვერც ერთხელ ვერ ახერხებდა მოგებას... და აი, ეს მართლაც უცნაურად დანავსული სერია შეწყდა: ამ ტურის, უდავოდ, ყველაზე დაძაბულ და ყველაზე ემოციურ მატჩში, ბათუმის "დინამომ", როგორც იქნა, შეძლო და ნანატრი გამარჯვება მოიპოვა საკუთარი ქალაქის სტადიონზე!

ასევე გატეხა ნავსი კონსტანტინ ფროლოვმაც - უკრაინელმა სპეციალისტმა ხომ პირველი მატჩი მოიგო ბათუმის "დინამოს" თავკაცის რანგში...

ორივე გუნდის შემადგენლობაში არაერთი ახალწვეული ვიხილეთ: მასპინძელთა შორის 29 წლის ზურაბ არზიანი და 33 წლის ოთარ მარცვალაძე, სტუმართა გუნდში კი - 26 წლის ლევან ქურდაძე და 22 წლის გიორგი გოროზია (ოთხწლიანი პაუზის მერე რომ დაუბრუნდა საქართველოს ჩემპიონატს).

ცალკე გვინდა აღვნიშნოთ მასპინძელთა 19 წლის მეკარის, ლევან შოვნაძის გამორჩეული თამაში, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ამ პერსპექტიულმა მეკარემ თავისი სადებიუტო მატჩი ჩაატარა ეროვნულ ლიგაში.

27 წლის ელგუჯა გრიგალაშვილმა კი, საქართველოს ჩემპიონატში ოთწლიანი პაუზის მერე გაიტანა გოლი, თანაც, ამ გოლმა ხომ ბათუმის "დინამოს" ესოდენ საჭირო 3 ქულა მოუტანა!

დებიუტანტები
შოვნაძის გარდა, XIX ტურში კიდევ რამდენიმე პერსპექტიულ ქართველ ფეხბურთელს ჰქონდა დებიუტი ეროვნულ ლიგაში: 18 წლის გიორგი გოგილაშვილს, 18 წლის ნიკა ღლონტს (ორივე - "შუქურა") და ასევე 18 წლის გიორგი ქოჩორაშვილს ("საბურთალო").

ეს უკანასკნელი ფეხბურთის ქართველ გულშემატკივრებს მხოლოდ და მხოლოდ დადებითი კუთხით დაამახსოვდრებოდათ ახლახან დასრულებული 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატიდან: ენერგიული და უშიშარი საყრდენი ნახევარმცველი პორტუგალიელ თანატოლებთან მატჩში მშვენივრად შემოვიდა შეცვლაზე, აი, მომდევნო ორ შეხვედრაში (შვედებთან და ჩეხებთან) კი, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ყიფიანმა უკვე ძირითადში ანდო ადგილი გიორგი ქოჩორაშვილს.

ახალი ლეგიონერები
ზემოთ უკვე ვახსენეთ, რომ "სამტრედია"-"შუქურას" მატჩში ოთხმა ლეგიონერმა ჩაატარა სადებიუტო მატჩი საქართველოს ჩემპიონატში. რა თქმა უნდა, ერთი მატჩით ძალიან ძნელია ამა თუ იმ ლეგიონერის "ხარისხის" განსაზღვრა, თუმცა ვისურვებდით, რომ რაც შეიძლება "ნორმალური" ლეგიონერებით გაძლიერებულიყვნენ ქართული გუნდები.

აი, თუნდაც, ისეთი დონის ლეგიონერის ხილვა გვსურს, ეროვნული ლიგის პირველ ნახევარში, როგორიც გახლდათ "დილას" ბრაზილიელი შემტევი ლეანდრო რიბეირო...

ბალდე, გი (ორივე - "სამტრედია"), ფელიპე, მარსელო (ორივე - "შუქურა"), - ამ ოთხის გარდა, კიდევ რამდენიმე უცხოელ ფეხბურთელს ჰქონდა დებიუტი ამ ტურში საქართველოს ჩემპიონატში: 24 წლის ალბანელ ფორვარდს ნდუე მუიეცს ("საბურთალო"), 24 წლის ბრაზილიელ ნახევარმცველ პედრინიოს ("დილა"), 24 წლის უკრაინელ მარჯვენა გარემარბს იგორ ბროვკოს, 26 წლის უკრაინელ ცენტრფორვარდს ოლეკსანდრ ვერებჩინსკის და ორ კენიელ ცენტრალურ ნახევარმცველს - 18 წლის ამოს ნონდის და მის თანატოლ ჯონ მაჩარიას (ყველა - "კოლხეთი").

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
მჭედლიშვილს არ ეკუთნოდა სიმბოლურში მოხვედრა ხო ?დდდდ მაგრები ხართ კაცმა მარჯვენა ფლანგი აიკლო 1 პენალი აიკიდა ფიზიკური ორთაბრძოლა არ წაუგია მეტი რა ქნაას?იმედია ნაკრებში გამოიძახებს ვაისი
samtredieli
14:04 01-08-2017
0
დათო კვირკველიაც იმსახურებდა ამ ტურში სიმბოლურს
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული