ვის გაახარებს ვუვუზელა?

AutoSharing Option


2006 წლის 9 ივლისს ბერლინის "ოლიმპიაშტადიონზე" დრამატული ფინალით დაგვემშვიდობა რიგით მსოფლიოს რიგით მე-18 ჩემპიონატი, გახარებული იტალიელები, გაცოფებული ზინედინ ზიდანი... ამ ამბებიდან თითქმის 4 წელიწადი გავიდა და დღეს პლანეტა მე-19 მუნდიალს გახსნის, ბერლინიდან ესტაფეტა იოჰანესბურგი გადაიბარებს, დასრულდა 4-წლიანი მომქანცველი ლოდინი, კაციობრიობას ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი გასართობი სამხრეთ აფრიკაში უბრუნდება. მაშ, სცენაზე ვიწვევთ მორიგ მუნდიალს, გაგაცნობთ მონაწილე ვარსკვლავებსა და შესაძლო მთავარ გმირებს...

სტატისტიკის ერაში ყველას "კასტროლ ინდექსმა" აჯობა, რომელიც მისხალის მისხალსაც "ითვლის" და ანალიზს ამის მიხედვით აკეთებს, ამ ორგანიზაციის აზრით კი მუნდიალის მთავარი

ფავორიტი ორია: ხუთგზის ჩემპიონი ბრაზილია და აქამდე უტიტულო ესპანეთის ნაკრები. "კასტროლ ინდექსი" მათ შესაბამისად, ჩემპიონობის 23,4 და 17 პროცენტიან შანსებს აძლევს. შემდეგ მოდიან: ჰოლანდია (9,8%), არგენტინა (7,5%), გერმანია (5,7%), იტალია (3,7%), საფრანგეთი (3,1%) და სხვები. ახლა შევეშვათ სტატისტიკას და ვნახოთ, თუ რომელი გრანდი როგორ ფორმაში ხვდება მუნდიალს და რას უნდა ველოდოთ მათგან, ან თუნდაც სხვებისგან, რომელთა წარმატებაში "კასტროლ ინდექსს" ეჭვი ეპარება...

უნდა ვაღიაროთ, რომ დიდი ხანია მუნდიალს არ ჰყოლია ასეთი "ჩუმი" ფავორიტი, როგორიც დუნგას ბრაზილიაა. ბრაზილიის ნაკრები G ჯგუფშია, რომელსაც "ხალხურად" უკვე უწოდეს "სიკვდილის ჯგუფი", პენტაკმეონეთა გარდა ჯგუფში ითამაშებენ ჩრდილოეთ კორეის, პორტუგალიისა და კოტ დივუარის ნაკრები გუნდები. მოკლედ, დუნგას 23-ეულს თავიდანვე სერიოზული გამოცდის ჩაბარება მოუწევს და ეს გუნდი ამითაც განსხვავდება სხვა ფავორიტებისგან, რომელთა უმეტესობას შედარებით იოლი კალენდარი აქვს.

ყველა ერთ რამეში თანხმდება, ხშირად ისმის ასეთი შეფასება: ეს არის ატიპიური ბრაზილია. გუნდი, რომელიც ისე არ თამაშობს, როგორც ბრაზილიის ქომაგებს ოდითგანავე ახსოვთ. დუნგას გუნდი პრაგმატულია და ვერ ნახავთ რომელიმე ფეხბურთელმა მოედნის დიაგონალზე კენწვლა დაიწყოს, ან საჭირო გადაცემა დააგვიანოს და სამ კაცში გაიჭრას ბურთით.

და რა არის დუნგას გუნდის ძლიერი მხარე? გაგიკვირდებათ და დაცვა! მაიკონი და ლუსიო, სათადარიგოთა სკამიდან მათ დანი ალვეში დაეხმარება, კარში ძალიან საიმედო მეკარე ჟულიო სეზარი იდგება. თუმცა ბრაზილიის სიძლიერე შეტევაცაა: კაკა და ლუიშ ფაბიანო, აგრეთვე რობინიო ბევრს გაამწარებს ამ ჩემპიონატზე.
"სელესაოს" სისუსტეზე როცა ლაპარაკობენ, ამტკიცებენ, რომ დუნგას გუნდი არ თამაშობს "ლამაზ ფეხბურთს", ფეხბურთელთა დიდი ნაწილი თითქოსდა მექანიკურად ასრულებს მწვრთნელის დავალებას და არ ქმნის არაფერს საკუთარი ინიციატივით. ცოტა არ იყოს, საკამათო საკითხია, თუმცა მასში სიმართლის მარცვალი ნამდვილად არის. ისე, როგორ ფიქრობთ ბრაზილიელები სადმე დაკარგავდნენ ბუნებით მონიჭებულ ტექნიკას? მაშ რად უნდა იყოს ცუდი, ასეთი გუნდი მწყობრ ფეხბურთს თუ შემოგვთავაზებს, ხომ უფრო უკეთ გამოუვა, ვიდრე სხვა, უფრო ნაკლებად ნიჭიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ გუნდს? მოკლედ, ის რაც შეიძლება მსოფლიო ფეხბურთის გურმანმა დაკარგა, ბრაზილიას შენაძენიც აღმოჩნდეს. სტილი სტილად და გამარჯვებას სხვა ფასი აქვს. "სელესაოს" კიდევ ერთი ნაკლი კაშკაშა ვარსკვლავების ნაკლებობაა - ყველაზე "მყვირალა" სახელები დუნგას გუნდში კაკა და რობინოა, ამავე დროს გუნდის ბირთვში ისეთი ფეხბურთელები ასრულებენ მნიშვნელოვან როლს როგორებიც რამირესი, ჟოსუე ან ფელიპე მელო არიან.

ბრაზილიის ნაკრებმა ზიმბაბვესა და ტანზანიაში "შევლით" ამ ორ ქვეყანაში ფეხბურთის ბუმი გამოიწვია. გუნდი ბრწყინვალე ფორმაშია და დუნგას ერთადერთი სადარდებელი ჟულიო სეზარის მცირე ტრავმაა. ვის დავაკვირდეთ ამ ჩემპიონატზე? ლუიშ ფაბიანოს, რომელიც შეეცდება წამოეწიოს რონალდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე გატანილი გოლების რაოდენობით. ლუიშ ფაბიანოზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, თუმცა აქვე ვიტყვით, რომ სპარინგებში "სევილიას" ფორვარდს მაინცდამაინც არ უყოჩაღია.

"სიკვდილის" ჯგუფის სხვა გუნდებზეც ვთქვათ: კოტ დივუარს ჰყავს დიდიე დროგბა, პორტუგალიას კრიშტიანო რონალდო, ორივე პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. თუმცა ბრაზილიის კონკურენტებს საფიქრალიც ბევრი აქვთ, პორტუგალიელები გუშინ ნანის დაემშვიდობნენ, რომელიც შინ გაემგზავრა, "მანჩესტერ იუნაიტედის" ვარსკვლავმა მხარი დაიზიანა და მისთვის ეს მოგზაურობა ტურისტული გამოდგა, კოტ დივუარის პრობლემა კი დროგბას მოტეხილი იდაყვია. ჩრდილოეთ კორეაზე რა შეიძლება ითქვას, გუნდის მთავარი სიძლიერე ის მისტიკა, რაც გუნდის ირგვლივ ბურუსივით არის მოცული და კიდევ კომუნისტ კორეელებს ჰყავთ ტაე-სუნ იონი, "კორეელი რუნი". მუნდიალი გვანახებს ეს აზიური ოხუნჯობაა თუ...

მუნდიალის მეორე ფავოირტი H ჯგუფში ბინადრობს, "ფურია როხას" შედარებით გაუმართლდა პირველ ეტაპზე ესპანეთის ნაკრებს სამუნდიალე გახურება ჩილეს, შვეიცარიისა და ჰონდურასის ნაკრებებზე მოუწევს. დღევანდელ ესპანეთს აქვს ყველაფერი, რაც ოპტიმიზმის საშუალებას იძლევა, ძლიერ ფეხბურთელთა ნაკრები, თავდაჯერება, რომელიც ევროპის ჩემპიონატის მოგებამ ამ გუნდს შემატა, კარგი მწვრთნელი და საოცრად ძლიერი შუახაზი. ახლავე შეიძლება ითქვას, რომ ბურთი "მუდმივად" ესპანეთის ნაკრებს ექნება, ვინც არ უნდა შეხვდეს მას. შეხედეთ 23-კაციან სიას და მიხვდებით, რა არის "ფურია როხას" სიძლიერე.
სისუსტეზე ლაპარაკი უხერხულია, თუმცა მუნდიალი მაინც სერიოზული გამოცდაა, რამდენად ჩამოიშორა ესპანეთის ნაკრებმა სტერეოტიპი, რომლის თანახმადაც, ის ფავორიტია მხოლოდ ტურნირის დაწყებამდე, ამას აფრიკული ბატალიები გვანახებს. ტრავმები, ტრავმები - ახლახან მოირჩინეს დაზიანებები სესკ ფაბრეგასმა, ჩავიმ, ფერნანდო ტორესმა, ანდრეს ინიესტამ (რომელიც ისევ დაიმტვრა), მოკლედ - ლიდერებმა.

რომ დავუფიქრდეთ ესპანეთის ნაკრების მტერი შეიძლება სწორედ ის გახდეს, რომ გუნდს სუსტი წერტილები არა აქვს. გავიხსენოთ, პოლონეთის ნაკრებთან 6:0 გადარბენის შემდეგ ვისენტე დელ ბოსკეს ნათქვამი სიტყვები: "ვზივარ და ვფიქრობ, როგორ მოვაცილო გუნდს ეს ეიფორია, რაც მის ირგვლივაა". დელ ბოსკე ჭკვიანი კაცია და სწორად შიშობს.
მოდი, ვნახოთ ინგლისი. ფაბიო კაპელომ ზედ ჩემპიონატის წინ კაპიტანი და ლიდერი რიო ფერდინანდი დაკარგა. ბუნებრივია, ეს უკვალოდ არ ჩაივლის მუნდიალზე. ინგლისი ჩ ჯგუფშია და აშშ-ს, ალჟირის და სლოვენიის ნაკრებების დაძლევა მოუწევს. მოკლედ, ესპანეთის არ იყოს, ინგლისის ნაკრებიც კარგად უნდა გახურდეს წესით, პლეი ოფებისთვის.

ინგლისელთა ლეგენდამ ჯეფ ჰერსტმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მსოფლიოს თასს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიგებს, თუ უეინ რუნი იქნება მოწოდების სიმაღლეზე. მართლაც ბევრი რამ არის დამოკიდებული რუნიზე. გუნდი კარგად მოემზადა მუნდიალისთვის და ალბათ უკეთესიცაა, რომ დევიდ ბექჰემი ტრავმის გამო ვერ შეძლებს მუნდიალზე თამაშს. აღარ არის დევიდის ადგილი მაღალი მიზნებისათვის მებრძოლ გუნდში. ინგლისის ნაკრების სისუსტე კი ყბადაღებული თემაა და ამაზე ვისაც არ ეზარება ის ლაპარაკობს, მეკარეთა სისუსტე. მაგრამ, მგონი, ისე არ წვიმს, როგორც ქუხს.

"კასტროლ ინდექსი" არგენტინის ნაკრებზე წინ ჰოლანდიისას აყენებს. კი ბატონო, შეიძლება ასეცაა, თუმცა მას შემდეგ, რაც არიენ რობენმა ეფექტური, მაგრამ არავისთვის საჭირო მოძრაობით სცადა პასის მიცემა, ჰოლანდიაზე ფსონის დადებას ვერ გავბედავდით. ჯერ კიდევ არ არის ცნობილი ითამაშებს თუ არა რობენი თავიდანვე, თუკი კი, მაშინ E ჯგუფში ჰოლანდიელთა მეტოქეებს დანიას, იაპონიასა და კამერუნს გულწრფელად ვუსამძიმრებთ.
ჰოლანდიის ნაკრებს ჰყავს შუა და წინა ხაზის გამოცდილ, მაღალი კლასის ფეხბურთელთა ნაკრები: რაფაელ ვან დერ ვაარტი, არიენ რობენი, უესლი სნეიდერი, მარკ ვან ბომელი, რობინ ვან პერსი... ვფიქრობთ, დაცვაში ნარინჯისფერებს უფრო უჭირთ.

არგენტინის ნაკრებმა რყევა რყევით მოაღწია მუნდიალამდე, დიეგო მარადონას ბიჭებმა ძვლივს მოიპოვეს საგზური, თავად დიეგომ კი სუპერორიგინალური მწვრთნელობა გადაწყვიტა და დროის მცირე მონაკვეთში 110 ფეხბურთელს ჩააცვა ნაკრების მაისურა, მაგრამ ამ 110-ში ვერ მოხვდა რატომღაც გუნდის ცოცხალი ლეგენდა ხავიერ ძანეტი...

არგენტინელთა უპირატესობა უნიჭიერესი ფეხბურთელების ნაკრებია, დიეგოს "სელექციის" მიუხედავად ლეო მესის, გონსალო იგუაინს, ხავიერ მასკერანოს და სხვებს სად წაუხვალ. გუნდის სისუსტედ კი სწორედ დიეგო მარადონას მწვრთნელობა მიგვაჩნია, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ დიეგო ერთმნიშვნელოვნად ცუდია, მუნდიალი გვანახებს, იქნებ მთელი მსოფლიო ცდება? ყოველ შემთხვევაში ბოლო მატჩებმა ამის ნიშნებიც გამოავლინა.
შემდეგი ფავორიტი იოახიმ ლიოვის გერმანიაა. გუნდი, რომელიც ყოველთვის ახერხებს დიდ ტურნირებზე სათანადოდ თამაშს. ბუნდესნაკრებმა მთავარი ძალა მუნდიალამდე თვით ადრე დაკარგა, როცა მიხაელ ბალაკი დაამტვრიეს, მისი შეცვლა ძალზე ძნელი იქნება, თუმცა არა შეუძლებელი. არ დაგვავიწყდეს, რომ გერმანიის ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპი დაუმარცხებლად განვლო, ხოლო ჯგუფში მათი მეტოქეები სერბეთი, ავსტრალია და განაა.

და აი, მივადექით მსოფლიოს ჩემპიონ იტალიას. რას ვიზამთ, ჩემპიონი სულაც არ არის ფავორიტი. 2006 წელს იტალიის ნაკრებს უკვე უწოდებნენ "ბებერს", საოცარია, რომ ბირთვი შენარჩუნებულია, ანუ ნაკრები უფრო "ბებერია". იტალიის ნაკრების შანსებზე საუბრისას ხშირად ამბობენ, რომ მათ უმაღლესი მიზნისთვის უბრალოდ რესურსი არ ეყოფათ. თან ტრავმირებულია ანდრეა პირლო, რომელიც დიდად განსაზღვრავს გუნდის თამაშს, პირლო ალბათ ჯგუფურ ეტაპს გამოტოვებს. ვნახოთ, რაც უნდა ითქვას გუნდს მაინც ჰყავს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გოლკიპერი ჯან ლუიჯი ბუფონი და არანაკლები მწვრთნელი...
მოკლედ, მუნდიალის დაწყებამდე საათები რჩება და მარჩიელობას სჯობს ტურნირს დაველოდოთ.

ნიკოლოზ ნეფარიძე

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული