გაუფერულებული კლასიკო - ქარს ქარიშხალი ხომ არ სჯობდა?!

AutoSharing Option
„დინამო” საჩემპიონო მარათონშია ჩართული და მისთვის თითოეულ ქულას დიდი მნიშვნელობა აქვს. „ტორპედოც” ცდილობს, სატურნირო ცხრილში რაც შეიძლება მაღალი ადგილი დაიკავოს. სატურნირო ინტერესიც რომ არ ყოფილიყო, „ქართულ კლასიკოს“ არასდროს აკლდა ინტრიგა და ახლაც დიდი მატჩის მოლოდინში ვიყავით, მაგრამ ცუდმა ამინდმა ეს დაპირისპირება წაახდინა...

სინოპტიკოსებმა იმ დღეს დასავლეთ საქართველოში ისეთი საშინელი ამინდი იწინასწარმეტყველეს, მათი პროგნოზი ბოლომდე რომ გამართლებულიყო, მატჩი აუცილებლად გადაიდებოდა. საინფორმაციო საშუალებები მოსახლეობას შუადღის შემდეგ სახლებიდან გასვლას არ ურჩევდნენ, რადგან გრიგალი იყო მოსალოდნელი. საბედნიეროდ, ქუთაისი დამანგრეველ ქარიშხალს გადაურჩა, მატჩის გადადებაც აღარ
დამდგარა დღის წესრიგში, მაგრამ ქარი საკმაოდ ძლიერად ქროდა, რამაც ქართულ კლასიკოს დაღი დაასვა.

სტადიონზე მოსალოდნელზე გაცილებით ცოტა გულშემატკივარი შეიკრიბა და მეტოქეების დიდი მცდელობის მიუხედავად, თამაშიც არ გამოდგა ისეთი, როგორსაც ამ ორი გუნდის პაექრობისას ვართ ნაჩვევი. პირიქით, „ტორპედოსა” და „დინამოს” შორის ასეთი უფერული დაპირისპირება ძნელი გასახსენებელია. ფაქტობრივად, მეკარეებს საქმე არ ჰქონიათ. ლორიას და მიგინეიშვილს მხოლოდ თითოჯერ მოუხდათ მეტ-ნაკლებად სახიფათო შეტევის მოგერიება. შეიძლება ითქვას, შაბათს სტადიონზე მთავარი გმირი ქარი იყო და არა ფეხბურთელები, რომლებსაც გადაადგილებაც უჭირდათ და ელემენტარული ზუსტი გადაცემებიც. არადა, ორივე გუნდს შემტევი ტაქტიკა ჰქონდა არჩეული.

ტორპედოელები საშინაო არენაზე ბოლო დროს 4-4-2 სქემას ირჩევენ და გია გიგატაძემ პრინციპულ მეტოქესთან სწორედ ამ ტაქტიკით განალაგა გუნდი. რიონისპირელებს წამყვანი ფეხბურთელები დაუბრუნდნენ და, წინა მატჩისგან განსხვავებით, ძირითად შემადგენლობაში არაერთი ცვლილება განხორციელდა. ნახევარდაცვაში დოლიძის, გიგაურისა და ქებაძის ნაცვლად სეთურიძემ, დიღმელაშვილმა და დათუნაიშვილმა ითამაშეს. დაცვის ცენტრში მაჭავარიანის მაგივრად თემურ ფარულავა გამოჩნდა, თავდასხმაში კი გამოცდილ მეგრელაძეს „სპარტაკის” წინააღმდეგ თავგამოჩენილი ნიკა საბანაძე შეუწყვილდა. დინამოელთა რიგებში ერთადერთი ცვლილება იყო - რობერტინიოს ნაცვლად ძირითადში ჯუისმა ითამაშა.

რაც შეეხება კახა კაჭარავას არჩეულ სათამაშო სქემას, მან 4-2-3-1 განლაგებას მიმართა. „სიონთან” მატჩის შემდეგ თბილისელთა დაცვას ცვლილება არ შეხებია, შუა ხაზში კი გარკვეული გადაადგილებები მოხდა-„დინამომ” ორი საყრდენით ითამაშა. ამ ფუნქციებს ჰაჯიბულაჩი და არზიანი ასრულებდნენ, მათ წინ ფლანგებზე ჯუისი და კახელიშვილი მოქმედებდნენ, შუაში კი კოშკაძე იყო. მართალია, პეტარ იელიჩის სახით დინამოელებს ერთადერთი გამოკვეთილი ფორვარდი ჰყავდათ, მაგრამ ჯუისი და კახელიშვილი ფლანგებიდან სწორედ შეტევაზე იყვნენ ორიენტირებულნი... საწყის წუთებში ორივე მხარეს ბევრი წუნი ჰქონდა, შემდეგ კი თანდათან მასპინძლების უპირატესობა გამოიკვეთა.

ტორპედოელებმა პირველი სახიფათო მომენტი მე-8 წუთზე შექმნეს, საბანაძე მცველებს დაუსხლტა და თარხნიშვილის მისამართით კარგი გადაცემა გააკეთა, თუმცა, დინამოელებმა შეძლეს მდგომარეობის განმუხტვა. მალევე საბანაძე საჯარიმოში შეჭრილი მეგრელაძის მისამართით აკეთებდა სახიფათო გადაცემას, მაგრამ ხმალაძემ ითამაშა კარგად და თანაგუნდელები ხიფათისგან იხსნა. დინამოელებმა მასპინძლებს მწვავე შეტევით უპასუხეს-კახელიშვილმა კოშკაძე გაიყვანა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ მიგინეიშვილი უკეთეს პოზიციაში იყო და დინამოელთა კაპიტანს გამოსვლაზე დაასწრო. მე-17 წუთზე თბილისელთა კართან სახიფათო საჯარიმო დაინიშნა. თენგიზ ჩიკვილაძეს ასეთი პოზიციიდან არაერთხელ გაუტანია, თუმცა ამჯერად ბურთი ხარიხას გადასცდა. ხუთიოდე წუთის შემდეგ ჩიკვილაძემ საბანაძე მოძებნა, მაგრამ კართან ახლოს მდომმა ქუთაისელთა ახალგაზრდა ფორვარდმა მცველებთან ბრძოლაში მიიღო ბურთი და შემობრუნებით ხეირიანად ვეღარ დაარტყა. პირველი ტაიმი ისე მიილია, საინტერესო და ყურადღების ღირსი აღარაფერი მომხდარა.

სამწუხაროდ, მატჩის სცენარი დიდად არც შესვენების შემდეგ შეცვლილა 48-წუთზე თარხნიშვილის ჩაწოდებას სეთურიძემ თავური მიაყოლა, ლორიას არ გასჭირვებია ბურთის დაუფლება, მაგრამ ეს ეპიზოდი მაინც აღსანიშნავია, რადგან ამ მომენტამდე გუნდებს კარის ჩარჩოში საერთოდ არ მოუხვედრებიათ ბურთი. რიონისპირელთა მორიგი შეტევისას სტუმართა საჯარიმოში საბანაძე წაიქცა და გულშემატკივრები პენალტს ითხოვდნენ, მაგრამ ვადაჭკორიას თამაში არ შეუჩერებია. 70-წუთზე დინამოელებს ანგარიშის გახსნის რეალური შანსი მიეცათ. შეცვლაზე შესულმა ტატანაშვილმა ქუსლით კახელიშვილს გადააწოდა, რომელიც ეს უკანასკნელი ქუთაისელთა კარს მახვილი კუთხიდან მიუახლოვდა, მაგრამ მეკარესთან ახლოს მისულმა ზუსტად ვერ დაარტყა. 78-ე წუთზე მეგრელაძის თავური პასის შემდეგ საბანაძე დარჩა კარგ პოზიციაში, მაგრამ ლორია დროულად ჩაერთო თამაშში და ქუთაისელთა ფორვარდს დარტყმა არ დაანება. ორიოდე წუთში კოშკაძე ურტყამდა ხელსაყრელი პოზიციიდან, მაგრამ მისი დარტყმაც უზუსტო გამოდგა. დარჩენილ დროში საინტერესო აღარაფერი მომხდარა, ქართან და ერთმანეთთან მებრძოლმა გუნდებმა შეხვედრა ლოგიკური ფრით დაასრულეს.

კახა კაჭარავა: „ძალაინ ცუდი ამინდი იყო, მოედნის საფარიც არ იყო სათანადო მდგომარეობაში, რამაც გუნდებს სანახაობრივი თამაშის ჩვენების საშუალება არ მისცა. ფეხბურთელებმა შესაძლებლობების ნახევარიც ვერ გამოავლინეს. თანაბარი თამაში იყო და ვფიქრობ, შეხვედრა ლოგიკური შედეგით დასრულდა.”

გია გიგატაძე: „ასეთ ამინდში კარგი ფეხბურთის თამაში შეუძლებელია. გუნდებმა ბევრი იბრძოლეს და ურიგოდ მაინც არ გამოიყურებოდნენ. ვფიქრობ, სამართლიანი შედეგი დაფიქსირდა.”


ქუთაისი. ცენტრალური. 5000 მაყურებელი
ტორპედო-დინამო 0:0

ტორპედო დინამო
4-4-2 4-2-3-1
მიგინეიშვილი ლორია
ფოფხაძე თ. ღონღაძე
ს. თოდუა ჰომოლა
ფარულავა კაკუბავა
ჩიკვილაძე ხმალაძე
სეთურიძე ჯუისი
დიღმელაშვილი ჰაჯიბულიჩი
გ. დათუნაიშვილი არზიანი
თარხნიშვილი კოშკაძე
მეგრელაძე კახელიშვილი
საბანაძე იელიჩი
მწვრთნელი: მწვრთნელი:
გ. გიგატაძე კ.კაჭარავა


ტორპედო
88.თარხნიშვილი-კირკიტაძე
90.საბანაძე- გოცირიძე
სათადარიგოები: ქვილითაია, ჩხეტიანი, გურული, ქებაძე, ბაკურაძე

დინამო
54.იელიჩი-ტატანაშვილი
58.ჰაჯიბულიჩი-კვეკვესკირი
71.ჯუისი-რობერტინიო
სათადარიგოები: ზარქუა, თომაშვილი, ფირცხალავა, თექთურმანიძე

გაფრთხილება: ჰომოლა (66)

არბიტრი: გ. ვადაჭკორია (თბილისი)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული