"სამტრედიის" გავარდნით ქართული ფეხბურთი წააგებსო...

AutoSharing Option
"ვიტ ჯორჯიას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე წარმატებული დებიუტი გამოუვიდა ზურაბ ბერიძეს. დედაქალაქელებს ყოველთვის უჭირდათ სამტრედიიდან ქულის წაღება, მაგრამ ბერიძის შეგირდებმა ნავსის გატეხვა მოახერხეს.

პირველად სტუმრებს მიეცათ გოლის გატანის შანსი, მაგრამ გიგა ბეჭვაიას მიზანმა უმტყუნა. შემდეგ სამტრედიელი გიორგი ალავერდაშვილი გადიოდა მეკარსთან პირისპირ, მაგრამ ძაძამიამ მდგომარეობა განმუხტა.

ოღროჩოღრო, ატალახებული მოედანი ფეხბურთელებს შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლენის საშუალებას არ აძლევდა. სახიფათო შეტევებიც თითებზე ჩამოსათვლელი იყო-22-ე წუთზე მიქაბერიძის დარტყმის მოგერიება ძაძამიას არ გასჭირვებია. სამიოდე წუთში კი ხურცილავამ აუტიდან პირდაპირ საჯარიმოში ჩააგდო ბურთი, სადაც ჩიმაკაძემ გამჭოლი გადაცემა გააკეთა,
მაგრამ სტუმართაგან ვერავინ მოახერხა ბურთის კარში გადაგზავნა.

პირველ ტაიმთან შედარებით მეორეში გუნდები გაცილებით სახიფათოდ უტევდნენ. 50-ე წუთზე მაისაშვილმა საჯარიმოს გარედან ხარიხას გადააცილა ბურთი. ვიტელთა მორიგი შეტევისას ჩიმაკაძემ კარგი პოზიციიდან ძალზე უზუსტოდ დაარტყა. 57-ე წუთზე კვლავ ჩიმაკაძე მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ მახვილი კუთხიდან უზუსტოდ დაარტყა. 62-ე წუთზე ალავერდაშვილმა მარჯვენა ფლანგზე მცველები ჩამოიცილა და მეკარის ბაქანთან სახიფათო გადაცემა გააკეთა, მაგრამ სამტრედიელთაგან ბურთს კარში ვერავინ მიუჩინა ადგილი. ორიოდე წუთში გოგიშვილი გადიოდა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ ძაძამიამ დააასწრო და კარი გოლისგან იხსნა.

შეხვედრის ბოლო 20-მა წუთმა ორმხრივ შეტევებში ჩაიარა. 71-ე წუთზე ცხადაიამ შემობრუნებით დაარტყა და ხარიხას მცირედით ააცილა. საპასუხოდ ხურცილავამ ფლანგზე გაილაღა და საჯარიმოში ჩიმაკაძეს ჩააწოდა, მაგრამ მან მცველებს ვერ აჯობა. მე-80 წუთზე ვიტელთა მეკარე შეცდა ბურთი მიქაბერიძის მისამართით მოიგერია, მაგრამ ძაძამიამ შეცდომა თავადვე გამოასწორა. ფეხბურთელებიც და გულშემატკივრებიც თითქოს ნულოვან ფრეს იყვნენ შეგუებულნი, როცა ჯანელიძემ მეკარესთან პირისპირ გაიყვანა ჩიმაკაძე, ჯინჭარაძეს ისღა დარჩენოდა, საჯარიმოს გარეთ ხელით ეთამაშა და ამის გამო წითელი ბარათიც დაიმსახურა. ანჯაფარიძე იძულებული გახდა, მოედნიდან გიორგი ალავერდაშივილი გაეყვანა და მის ნაცვლად მეკარე დავით კეკელიძე შეეყვანა.

არის შემთხვევები, როცა ფეხბურთელებს ძალიან არ უმართლებთ და ასე დაემართა კეკელიძესაც. მის კარში პირველივე დარტყმული გოლად იქცა - ღანიაშვილის დარტყმული ბურთი ჯერ ახალშემოსულ მეკარეს მოხვდა, შემდეგ ძელს და კარში ისე შევარდა-0:1 "სამტრედიას" მატჩის გადარჩენისთვის დროც აღარ დარჩა.

ვიტელებმა ამდენი წარუმატებლობის შემდეგ მოგებით ძალიან გაიხარეს, რითაც ადგილობრივი "ქომაგების" განრისხება გამოიწვიეს - " რა გიხარიათ, "სამტრედიას" გავარდნით ქართული ფეხბურთი წააგებსო..."

არადა, ვეტერინართა სიხარული ბუნებრივი იყო, მათ ხომ ამ მოგებით დაკარგული პოზიცია აღიდგინეს (მე-4 ადგილი) და მნიშვნელოვანი მატჩების წინ (27 აპრილს "დინამოსთან" გადადებული შეხვედრა) კარგი განწყობაც შეიქმნეს. რაც შეეხება "სამტრედიას", სამწუხაროდ, ამ სიმპათიურ და მებრძოლ გუნდს გავარდნისგან სასწაულიღა თუ იხსნის.


სამტრედია. ე.მანჯგალაძე 1000 მაყურებელი
სამტრედია - ვიტ ჯორჯია 0:1
0:1 ღანიაშვილი (90)

სამტრედია
4-1-4-1
ჯინჭარაძე
დვალიშვილი
თ.შალიკაშვილი
ხუმარაშვილი
გოგია
ცხადაია
ალავერდაშვილი
ხვადაგიანი
მიქაბერიძე
ჩხიკვაძე
გოგიშვილი
მწვრთნელი: ლ.ანჯაფარიძე

67. გოგიშვილი-კირთაძე
89. ალავერდაშვილი-კეკელიძე

სათადარიგოები: ა.შენგელია, ახობაძე, ხაჭაპურიძე, ენდელაძე

ვიტ-ჯორჯია
4-2-3-1
ძაძამია
ხურცილავა
კასრაძე
ადამაძე
ღანიაშვილი
მაისაშვილი
გ.გურეშიძე
ბეჭვაია
ჯანელიძე
კორიფაძე
ჩიმაკაძე
მწვრთნელი: ზ.ბერიძე

78. ბეჭვაია-ზაქრაძე

სათადარიგოები: მიქაბერიძე, გურეშიძე, ვასაძე, ჯ. გოგიაშვილი, ჭანკვეტაძე, გაბრიჭიძე

გაფრთხილება: მაისაშვილი (70), ვასაძე (თამაშის დასრულების შემდეგ)

გაძევება: ჯინჭარაძე (90)

არბიტრი: მ.ბეუქლიშვილი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული