"გაყიდული თამაშები" - ვინ ვინ არის

AutoSharing Option
გუშინ დაკავებულ და შემდეგ გათავისუფლებულ ფეხბურთელთაგან ყველაზე ცნობილი როინ ონიანი გახლავთ. ზუგდიდის "ბაიას" კაპიტანი უმაღლესი ლიგის ფეხბურთელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე ასაკოვანია (35 წლის) და ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში არაერთ გუნდში უთამაშია.

როინს უმაღლეს ლიგაში დებიუტი 1999 წელს ჰქონდა, როცა მშობლიური ხობის "კოლხეთის" ღირსებას იცავდა. სხვადასხვა დროს ბოლნისის "სიონსა" და რუსთავის "ოლიმპშიც" უთამაშია, თუმცა კარიერის საუკეთესო წლები თბილისის "ლოკომოტივში" აქვს გატარებული, სადაც 7 სეზონი ასპარეზობდა. 2007 წლის იანვრიდან "ზესტაფონში" თამაშობდა, იყო ამ გუნდის კაპიტანიც. "ლოკომოტივისა" და "ზესტაფონის" შემადგენლობაში საქართველოს თასს დაეუფლა; 2009
წლის დასაწყისიდან ზუგდიდური გუნდების ღირსებას იცავს: ჯერ "მგლებში" თამაშობდა, იმის შემდეგ კი "ბაიაში".

როინ ონიანს სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია თამაში: დაცვის ცენტრში, დაცვის მარცხენა ფლანგზე და საყრდენ ნახევარმცველად. "ბაიას" კაპიტანმა ამ სეზონში 27 შეხვედრა ჩაატარა და ეს რიცხვი უფრო მეტი იქნებოდა, რომ არა ხშირი დისციპლინარული სასჯელები: ერთხელ გააძევეს, რვაჯერ კი ყვითელი ბარათი უჩვენეს. აქვე, წინა სეზონის მონაცემებიც გავიხსენოთ: ონიანმა 30 მატჩი ჩაატარა, მეტოქეთა კარში 4 გოლი გაიტანა, ორჯერ გააძევეს და შვიდჯერ გააფრთხილეს.

გამოცდილი ფეხბურთელია "ბაიას" ცენტრალური ნახევარმცველი, 29 წლის ლევან ვართაგავაც, უმაღლეს ლიგაში დებიუტი ასევე ხობის "კოლხეთში" რომ ჰქონდა და ასევე 1999 წელს. თუმცა, ამის შემდეგ როინ ონიანისა და ლევან ვართაგავას გზები გაიყო: ეს უკანასკნელი 2 სეზონის განმავლობაში ფოთის "კოლხეთში" თამაშობდა, შემდეგ წნორის "მილანში" ასპარეზობდა, ამის მერე კი მონაცვლეობით ხობისა და ფოთის "კოლხეთში" აგორებდა ბურთს.

2006 წლიდან ზუგდიდური გუნდების ღირსებას იცავს: ჯერ "მგლებში" თამაშობდა, დღემდე კი "ბაიაშია". გასულ სეზონში 34 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა, XXII ჩემპიონატში კი 18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

გამოცდილება არც სპარტაკ გოგიას დაეწუნება - 32 წლის ცენტრალური მცველი სხვადასხვა დროს სამტრედიის სახელით მოასპარეზე გუნდების ("ოკეანე", "ლოკომოტივი", "სამტრედია") 1998 წლიდან იცავს. წინა სეზონში თითქმის ყველა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა (ერთხელ გააძევეს), ამ ჩემპიონატში კი 25 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

დღესდღეობით "სამტრედიაში" ასპარეზობს 24 წლის კახა კირთაძეც, - ამპლუით მარცხენა მცველმა წინა ჩემპიონატში 26 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა. XXII ჩემპიონატში კირთაძემ 21 შეხვედრა ჩაატარა. თანაც ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს ფეხბურთელი "სამტრედიის" ღირსებას 2009 წლის დასაწყისიდან იცავს. თბილისის "ნორჩი დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი მანამდე დაბალ ლიგებში ასპარეზობდა: "საგარეჯოში" ("ვიტ ჯორჯიას" ფარმ-კლუბი იყო), "ვიტ ჯორჯია-2"-ში, IBSU-ში. 2007-08 წლების სეზონში "ბორჯომში" ასპარეზობდა და იმ პერიოდში უმაღლეს ლიგაში 8 მატჩი ჩაატარა.

კირთაძის ყოფილი თანაგუნდელი და თანატოლია გიგა ბეჭვაიაც - ბოლო ოთხი წლის განმავლობაში "ვიტ ჯორჯიას" ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი თავის ამპლუაში (მარჯვენა მცველი, მარჯვენა ნახევარმცველი) ერთ-ერთი გამორჩეულია საქართველოს ჩემპიონატში. არც ის გაგვიკვირდა არავის, როცა "ვეტერინართა" გუნდიდან გამოცდილი ფეხბურთელების წასვლის შემდეგ კაპიტნის სამკლაური სწორედ ბეჭვაიას ერგო. ამ სეზონში ბეჭვაია თავის გუნდის საუკეთესო ბომბარდირიც გახლავთ: 29 მატჩში 7 გოლი გაიტანა (რვაჯერ გააფრთხილეს). საერთოდ კი, ვიდრე "ვეტერინართა" ძირითად გუნდში გადმოიყვანდნენ, კახა კირთაძესთან ერთად რამდენიმე სეზონი აქვს გატარებული "საგარეჯოსა" და "ვიტ ჯორჯია-2"-ში.

სხვათა შორის, ამ სეზონში ბეჭვაია შვიდჯერ შევიყვანეთ "ტურის სიმბოლურ ნაკრებში" (ამაზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ სამ-ოთხ ფეხბურთელს თუ აქვს) და არც იმას დავმალავთ, რომ საერთოდ, ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრის ერთ-ერთ რეალურ კანდიდატადაც განვიხილავდით. "ბაიას" კაპიტანი როინ ონიანი ოთხჯერ დავასახელეთ ტურის სიმბოლურში, სპარტაკ გოგია კი - ერთხელ.

დაბოლოს, კითხვა, რომელიც, ალბათ, ბევრს აინტერესებს: ვინ არის დავით გაბედავა? ანუ, პიროვნება, ვინც ზემოთდასახელებულ ფეხბურთელებს გარიგებას სთავაზობდა; როგორც საინფორმაციო საშუალებებმა გადმოსცეს, დავით გაბედავაც ყოფილი ფეხბურთელია; თუმცა, შესაძლოა, ვცდებით, მაგრამ მსგავსი გვარ-სახელის ფეხბურთელს რომ ეთამაშოს უმაღლეს ლიგაში, რაღაც ვერ გაგვიხსენებია. ყოველ შემთხვევაში, ზუგდიდის "ოდიშის" ყოფილ ფეხბურთელთან ვლადიმერ გაბედავასთან (ამ გუნდში 90-იან წლებში რომ თამაშობდა) და "გაგრას" ახალგაზრდა ფორვარდთან გიორგი გაბედავასთან არავინ გააიგივოს.

ისე, ცნობილი ქართველი სტატისტიკოსის, რევაზ შენგელიას "ქართული ფეხბურთის ყოველწლიური წიგნის" ყველა გამოცემის გულდასმით გადათვალიერების შემდეგ ფეხბურთელ დავით გაბედავას მაინც "მივაგენით"! თანაც, ერთი საინტერესო დეტალიც აღმოვაჩინეთ: 1983 წლის 10 თებერვალს დაბადებული ფეხბურთელი დავით გაბედავა 2004-08 წლებში "სამტრედიას" ღირსებას იცავდა; თანაც, არანაკლებ საინტერესოდ გვეჩვენა ის ფაქტიც, რომ იმ ოთხი სეზონის განმავლობაში გაბედავას თანაგუნდელი ზემოთნახსენები სპარტაკ გოგიაც გახლდათ...
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩვენ რაც გვანახეს იქედან გამომდინარე "სიტყვის"კაცები და პროპესიონალები გამოჩნდნენ(ყოჩაღ მაგენის ბიჭობას)
ესეთი შთაბეჭდილება შემექმნა თითქოს 22ივე ფეხბურთელი ღებულობდა მონაწილეობას "შოუში"
კითხვა მაქვს!
რატომ არ დააკავეს ქურდული გაგების პატივისცემის გამო და დაიჭერენ თუ არა ყველა ფეხბურთელს?!
15 აუტის გადაგდებისთვის არ არის საკმარისი 2 კაცი მეთანხმებით ალბათ
vova
13:44 03-05-2011
0
თავისუფლება დემეს
samtredieli
16:34 03-05-2011
0

სიახლეები პოპულარული