ქუთაისელთა მიზანი: კარგი მოედანი, კარგი გუნდი!

AutoSharing Option
ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე რამდენიმე დღეა, სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს. გუშინ ქუთაისის მთავარი არენა "ვისოლის" ხელმძღვანელებმა, იმერეთის გუბერნატორმა ლაშა მაქაციარიამ და ქალაქის მერმა გიორგი თევდორაძემ მოინახულეს.

მიმდინარე სამუშაოების თაობაზე "ტორპედოს" პრეზიდენტ ლევან ფხაკაძეს გავესაუბრეთ:
"ვისოლი ჯგუფი" "ტორპედოს" განვითარებისთვის ინვესტიციების განხორციელებას განაგრძობს. კომპანიამ უეფას სტანდარტების შესაბამისი მოედნის მოსაწყობად 1 000000 ევროზე მეტი გაიღო. ქუთაისური კლუბი ახალ საფეხბურთო სეზონს განახლებულ მოედანზე შეხვდება, საღორიის საწვრთნელ ბაზაზე კი სამი ახალი მოედანი გაკეთდება.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ქუთაისის სტადიონზე საფარი 40 წლის წინ გამოიცვალა და მას შემდეგ
ხელი აღარ დაჰკარებია. დღეს მიმდინარეობს თანამედროვე, ევროპული სტანდარტების საფრის დაგება. გამოვცვალეთ დრენაჟის სისტემა, დავაყენეთ ახალი სარწყავი მოწყობილობები და უახლოესი ორი კვირის განმავლობაში დაიგება საბერძნეთიდან ჩამოტანილი ბუნებრივი საფარი. ამ სამუშაოების შემდეგ მივიღებთ ისეთ სტადიონს, რომელზეც ნებისმიერი უმაღლესი რანგის თამაშის ჩატარება შევძლებთ. "ტორპედოს" ექნება მართლაც გამორჩეული, ევროპული დონის არენა". - გვითხრა კლუბის პრეზიდენტმა.

ცენტრალური სტადიონის სარეკონსტრუქციოდ "ვისოლმა" მოიწვია ბერძენი ექსპერტები და ბუნებრივი საფარიც საბერძნეთიდან შემოიტანა. სამუშაოებს უძღვება ბერძნული კომპანია "ჰელასოდი", რომელმაც "ოლიმპიაკოსისა" და "პანათინაიკოსოს" მოედნები მოაწყო. ამავე ფირმამ დააგო საქართველოს ნაკრების საწვრთნელ ბაზაზე საფარი. უცხოელებთან ერთად სამუშაოებს "ვისოლ ჯგუფის" წევრი კომპანია "დელტაც" ახორციელებს.

"ჰელასოდის" წარმომადგენელი სოლომონ ობიგბესანი სამუშაოებით კმაყოფილია და ამბობს, რომ ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე ბალახის საფრის დაგება მომდევნო კვირის ბოლოს დასრულდება, 40 დღის შემდეგ კი სტადიონს უეფასა და ფიფას ეგიდით გამართული ნებისმიერი მატჩის მასპინძლობა შეეძლება.

ობიგბესანის თქმით, სტადიონზე სამუშაოების დასრულების შემდეგ "ჰელასოდი" კლუბის ბაზის მოედნებს მიხედავს. სტადიონის მოსავლელად კლუბის ხელმძღვანელობამ თანამედროვე ტექნიკაც შეიძინა. მიმდინარეობს ადმინისტრაციული კორპუსის რეაბილიტაციაც. სტადიონის პრესლოჟაში მედიის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ, ისარგებლონ უკაბელო ინტერნეტით.

ლევან ფხაკაძე "ტორპედოს" გეგმებსაც შეეხო:
"მოვიყვანეთ ახალი მწვრთნელი გიორგი კიკნაძე, რომელზეც დიდი იმედებს ვამყარებთ. მისი წინამორბედების უკმაყოფილო ნამდვილად არ ვართ, მაგრამ გასულ სეზონში უფრო მეტის გაკეთებაც შეიძლებოდა. ჩვენი მიზანია, რომ მუდმივად პროგრესის გზას ვადგეთ, ამისთვის ვგეგმავთ ახალი ფეხბურთელების მოწვევას და დარწმუნებული, ვარ, მომდევნო ჩემპიონატს უფრო ღირსეულად ჩავატარებთ.

კლუბის სამომავლო გეგმებზე უფრო კონკრეტულად "ტორპედოს" აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი პაპიაშვილმა ილაპარაკა:
"რამდენიმე დღეა, გუნდმა ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. 22 ივნისიდან ურეკში შევიკრიბებით, სადაც 10 დღეს გავჩერდებით და ამხანაგურ შეხვედრებსაც გავმართავათ. ამ შეკრებაზე ჩამოყალიბდება ძირითადი ბირთვი.

მოგეხსენებათ, გუნდში ახალი მწვრთნელები მოვიდნენ და, შესაბამისად, პირველ რიგში ფეხბურთელების საქმეში ნახვა სურთ. ურეკში გამოჩნდება, თუ რომელი პოზიციებზე გვჭირდება გაძლიერება. ჩვენ მზად ვართ, გვერდში დავუდგეთ მწვრთნელებს და გუნდი მათი შეხედულებისამებრ გავაძლიეროთ. მოვიწვევთ მათ, ვისაც მწვრთნელები ჩათვლიან საჭიროდ. ივლისის შუა რიცხვებიდან გუნდი გაემგზავრება უცხოურ შეკრებაზე. არის იტალიის, გერმანიის, სლოვენიის ვარიანტები და ამათში გაკეთდება არჩევანი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ახალი ფეხბურთელები თუ არმოიყვანეს იგივე შედეგი იქნება შეიძლება კიდევ უფრო უარესიც.
zura
15:07 21-06-2011
0
ყოჩაღ რა ვისოლს, აი ასე გააგრძელეთ და შედეგი აუცილებლად მოვა. ძალიან მიხარია ვისოლის საქმიანობა ტორპედოში. შედეგ კიდევ მერე მოვთხოვოთო როცა ახალი მწვრთნელი დაასრულებს გუნდის შექმნას. ეხლა დაიწყო გუნდის კეთება და რას ვთხოვთ ერთი? წინ ტორპედო!
uzlevi
10:21 22-06-2011
0

სიახლეები პოპულარული