რევოლუცია თუ ევოლუცია?

AutoSharing Option
... ეროვნული ჩემპიონატი როცა იწყებოდა (1990 წლის გაზაფხულზე), მაშინვე ვვარაუდობდით, რომ, დროთა განმავლობაში, თბილისის `დინამოს~ ჩემპიონობაში რამდენიმე გუნდი შეეცილებოდა. იმ გუნდებს ვგულისხმობდით, საკავშირო უმაღლეს, პირველ თუ მეორე ლიგაში ასპარეზობის საკმაო გამოცდილება რომ ჰქონდათ; თუმცა, აი, უკვე XXII ჩემპიონატი `მოგვადგა~ და იმ ტრადიციული გუნდებიდან, მხოლოდ და მხოლოდ, ქუთაისის `ტორპედომ~ შეძლო `დინამოსთვის~ ღირსეული კონკურენციის გაწევა. სხვა გუნდები კი (`გურია~, `ბათუმი~, `ცხუმი~, `სამტრედია~, `გორდა~, `კოლხეთი~) მხოლოდ იმით კმაყოფილდებოდნენ, ხანდახან მეორე თუ მესამე ადგილს რომ დაიკავებდნენ-ხოლმე. ამხელა შესავალი კი იმიტომ დაგვჭირდა, რომ რუსთავის `ოლიმპის~
მართლაც უნიკალური მიღწევის მნიშვნელობა შესაბამისად შევაფასოთ: ოთხი წლის ისტორიის მქონე საქართველოს ჩემპიონი ორჯერ გახდა! ჰო, მართლაც უცნაურია: საუბარია გუნდზე, სადაც მწვრთნელ-ფეხბურთელები ყოველ ექვს თვეში ერთხელ (ან, უფრო ხშირად) იცვლებიან და ასეთი არასტაბილური გარემოს მიუხედავად, ყოველი სეზონის დაწყების წინ მაინც ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნევა...

`ოლიმპი~ უმაღლეს ლიგაში 2005 წელს გამოჩნდა, თუმცა მანამდე `თავისებური~ ისტორია ჰქონდა; 2002 წელს ორი თბილისური გუნდი _ `მერანი-91~ და `ოლიმპი~ გაერთიანდა და ასე `მივიღეთ~ ახალი სახელწოდების მქონე `მერანი-ოლიმპი~, მომავალი სეზონიდან `თბილისი~ რომ დაერქვა. აი, `თბილისი~ კი მართლაც გამორჩეულ ფეხბურთს უჩვენებდა _ ჯერ ლუის ცაკარიასის, შემდეგ ყველასათვის უცნობი და სრულიად ახალგაზრდა მწვრთნელის გიორგი დევდარიანის ხელმძღვანელობით. გუნდში ქართველი გულშემატკივრებისათვის ცნობილი ფეხბურთელებიც (აკაკი დევაძე, სერგი ორბელაძე, დავით ოდიკაძე, გივი კვარაცხელია, რევაზ ქემოკლიძე) თამაშობდნენ და ყველასათვის უცნობი ჭაბუკებიც (გოგიტა გოგუა, გოჩა ხოჯავა, რეზო გეწაძე, გოგა ფიფია, რეზო ბარაბაძე, გიორგი ფოფხაძე, ზაალ ელიავა, გიორგი ჭელიძე).

აქვე, ის ორი პიროვნებაც უნდა ვახსენოთ, `თბილისის~ ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი რომ მიუძღოდათ: თემურ უგულავა და მამუკა გუგეშაშვილი.

...გიორგი დევდარიანის ხელმძღვანელობით მოასპარეზე `თბილისს~ ყველასგან გამორჩეული, აშკარად სანახაობაზე ორიენტირებული სათამაშო სტილი ჰქონდა; იმ დროისათვის გუნდი საშინაო შეხვედრებს ავლაბარში, სკა-ს სტადიონზე ატარებდა, სადაც ჩინებული მოედნის საფარი იყო დაგებული.

ზედიზედ ორი სეზონი `თბილისი~ მესამე ადგილზე გადიოდა, მაგრამ 2005-06Oწლების სეზონში გუნდში სამწვრთნელო ცვლილებები დაიწყო, შემადგენლობაც გვარიანად გადახალისდა და იმისათვის, რომ უმაღლეს ლიგაში ადგილი შეენარჩუნებინა, `თბილისს~ პლე-ოფის შეხვედრის ჩატარებამ მოუწია პირველი ლიგის წარმომადგენელ `მეშაქრესთან~.

მომავალი სეზონიდან კი `თბილისმა~ დისლოკაცია შეიცვალა _ იმ დროისათვის პირველ ლიგაში მოასპარეზე `რუსთავთან~ გაერთიანდა, სახელიც შეიცვალა (`ოლიმპი~ დაერქვა) და მეტალურგთა და ქიმიკოსთა ყოფილ ქალაქში, რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე გუნდი კვლავაც გამოჩნდა.


მწვრთნელები და ფეხბურთელები

ეს, ფაქტობრივად, სრულიად ახლი გუნდი იყო: კლუბის ხელმძღვანელთა (მამუკა გუგეშაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე, ბადრი ქარქაშაძე) ინიციატივით _ წინა სეზონში `ბათუმში~ მოასპარეზე ფეხბურთელთა მთელი ჯგუფი `ოლიმპში~ ჩაირიცხა და მათ რამდენიმე გამოცდილი მოთამაშეც დაემატათ, ერთი-ორი ახალგაზრდა `თბილისიდან~ იყო და, საბოლოო ჯამში, მართლაც არცთუ ურიგო კოლექტივი ჩამოყალიბდა: მიხეილ ალავიძე, როინ და გიორგი ონიანები, მიხეილ მახვილაძე, გელა ხუბუა, თორნიკე აფციაური, გიორგი სეთურიძე, ლადო დვალიშვილი, ლაშა ქებაძე, ირაკლი სირბილაძე, გიორგი კახელიშვილი, რევაზ გეწაძე. გუნდის მთავარი მწვრთნელი ნოდარ აკობია უნდა ყოფილიყო, მაგრამ ზედ ჩემპიონატის დაწყების წინ გამოცდილმა სპეციალისტმა `ოლიმპის~ გაძღოლაზე უარი თქვა. რუსთავული კლუბის ხელმძღვანელობამ, ცაიტნოტურ სიტუაციაში რომ აღმოჩნდა, ერთობ თამამი, მაგრამ, სარისკო გადაწყვეტილებაც მიიღო: ამბიციური გუნდის გაძღოლა 30 წლის დებიუტანტ მწვრთნელებს, გიორგი კიკნაძესა და ზაზა ზამთარაძეს მიანდეს. შედეგი მართლაც მოულოდნელი იყო: პირველი წრე გუნდმა ერთპიროვნული ლიდერის რანგში დაასრულა; თუმცა, ამის მიუხედავად, გუნდში სამწვრთნელო გადაადგილება მაინც მოხდა: მეორე ეტაპიდან `ოლიმპის~ გაძღოლა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ მწვრთნელს რევაზ ძოძუაშვილს დაევალა. აქედან გამომდინარე, არავისთვის იყო მოულოდნელი, რომ `ოლიმპში~ ახალი ფეხბურთელები უნდა გამოჩენილივნენ და ასეც მოხდა. რუსთაველ ქომაგთა აზრით, ზოგიერთი ახალწვეული ამბიციური გუნდის მოთხოვნებს ნამდვილად ვერ აკმაყოფილებდა, მაგრამ ამას ვერავინ იტყოდა: დავით ჭიჭვეიშვილზე, გიორგი ნავალოვსკიზე, მირზა მერლანსა თუ რევაზ გოცირიძეზე. მართალია, პირველ ეტაპთან შედარებით, `ოლიმპის~ თამაშის სტილი აშკარად შეიცვალა (სანახაობრივი მხარე პრაგმატიზმმა შეცვალა), მთავარი მაინც სასურველი შედეგი იყო; ანუ, გუნდმა `არწასაგები~ არ წააგო (უშუალო კონკურენტებთან), `მოსაგები~ მოიგო და სადებიუტო სეზონშივე საქართველოს ჩემპიონი გახდა. სხვათა შორის, ამ მიღწევით რევაზ ძოძუაშვილი პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი მწვრთნელია, სამ სხვადასხვა გუნდთან ოქროს მედლები რომ მოიპოვა.

ახალ სეზონს `ოლიმპი~ კვლავაც ახალი მთავარი მწვრთნელით შეხვდა, თუმცა ვარლამ კილასონიას ჩემპიონთა ლიგაზე `ასტანას~ ბარიერის ვერგადალახვა და საქართველოს ჩემპიონატის პირველ ტურში `დინამოსთან~ საშინაო მატჩი არ აპატიეს და მის ნაცვლად უკრაინელი სპეციალისტი ანატოლი პისკოვეცი დაინიშნა. გუნდის შემადგენლობაც, სეზონის განმავლობაში ორჯერ შეიცვალა: ლევან სილაგაძეს, რევაზ ჯიქიას, გიორგი ლომაიას, გრიგოლ იმედაძესა და ალექსანდრე კოშკაძესთან ერთად `ოლიმპში~ ახალგაზრდა ფეხბურთელებიც (დავით დევდარიანი, გიორგი გაბედავა, გიორგი რეხვიაშვილი) გამოჩნდნენ და ლეგიონერებიც; თუმცა, ამ უკანასკნელთაგან მეტ-ნაკლებად ნორმალურ შთაბეჭდილებას მხოლოდ ერნესტ აკუასაგა ტოვებდა. უმაღლეს ლიგაში თავისი მეორე სეზონი `ოლიმპმა~ მეოთხე ადგილზე დაასრულა, ოღონდ, იმ ჩემპიონატში უკვე მესამე (!) მწვრთნელით _ ზედიზედ რამდენიმე პრინციპული თამაშის წაგების შემდეგ პისკოვეცს ტკბილად დაემშვიდობნენ და გუნდის გაძღოლა ხვიჩა ქასრაშვილს მიენდო. 2008-09 წლები სეზონის დაწყების წინ `ოლიმპში~ კვლავაც უამრავი ცვლილება მოხდა და გუნდში ჩვენი ჩემპიონატის კვალობაზე მართლაც არცთუ ურიგო ფეხბურთელები მივიდნენ: გიორგი მეგრელაძე, შოთა ბაბუნაშვილი, დენის დობროვოლსკი, გიორი გაბიდაური, ნოდარ მაჭავარიანი, თეიმურაზ ღონღაძე, გიორგი დეკანოსიძე, თენგიზ ჩიკვილაძე, კოკა მიკუჩაძე, გაგა ჩხეტიანი, გიორგი ფეიქრიშვილი; თუმცა, ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტად შერაცხულ `ოლიმპს~ აშკარად ცუდი სტარტი გამოუვიდა: საწყის 5 ტურში გუნდმა ვერც ერთი მატჩი ვერ მოიგო! ჰოდა, მაშინვე სამწვრთნელო ცვლილება მოხდა და `ოლიმპი~ კვლავაც... ვარლამ კილასონიას ჩააბარეს! საბოლოოდ, ის სეზონი გუნდმა მესამე ადგილზე დაასრულა, თასის ფინალში კი პენალტების სერიაში დამარცხდა `დინამოსთან~; თუმცა, მოგვიანებით, კერძოდ, შარშან ზაფხულში, როცა `ოლიმპმა~ ევროპის ლიგაზე პოლონური `ლეგიას~ ძლევა ვერ მოახერხა, კლუბში კვლავ დადგა მთავარი მწვრთნელის... შეცვლის საკითხი! მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, XXI ჩემპიონატი `ოლიმპმა~ ახალი მთავარი მწვრთნელით დაიწყო _ გუნდს სათავეში ოთარ კორღალიძე ჩაუდგა. შემადგენლობა კი, ტრადიციულად, თითქმის 80-90 პროცენტით გადახალისდა: ზოგი ისეთი ფეხბურთელი დაბრუნდა, `ოლიმპიდან~ ნახევარი თუ ერთი წლის წინ რომ დაითხოვეს, თუმცა ძირითადი აქცენტი მაინც გამოცდილებზე (გრიგოლ ჭანტურია, სევასტი თოდუა, ვალერი აბრამიძე, ოლეგ გველესიანი) გაკეთდა; ამათ გარდა გუნდში ჯერ დავით იმედაშვილი გამოჩნდა, მერე _ გია კვარაცხელია _ ორივე ეს ფეხბურთელი ეროვნულ ჩემპონატს გარკვეული პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და გასული სეზონი მართლაც ჩინებულად ჩაატარეს. თუმცა, ამ შემთხვევაში მოვლენებს გავუსწარით და `ყველაზე მთავარი~ არ გვითქვამს: `ოლიმპში~ ხომ ერთროულად 5 ბრაზილიელი ფეხბურთელი (აკინო, ფრაგა, ჟონატასი, ჟერონიმო, ჩოკო) ჩაირიცხა, მერე კიდევ ერთი თანამემამულე სალესიც რომ დაემატათ. თანაც, ვიცოდით, რომ ეს ბრაზილიელები თავისი ქვეყნის რომელიღაც საკურორტო ქალაქის... პლაჟიდან კი არ ჩამოიყვანეს, არამედ `ატლეტიკო პარანენსეს~ ფეხბურთელები იყვნენ. ჩოკოსა და სალესზე, ალბათ, არც ღირს საუბარი _ მართლაც არაფრით გამორჩეული ფეხბურთელები იყვნენ; ჟონატასი ცუდი ცენტრფორვარდი ნამდვილად არ იყო, ჟერონიმოც არ გამოიყურებოდა ურიგოდ ნახევარდაცვის მარჯვენა ფლანგზე; აი, აკინომ და ფრაგამ კი `ოლიმპის~ ტრიუმფში უდიდესი წვლილი შეიტანეს; თუმცა, ამ შემთხვევაშიც `წინ გავიქეცით~ და გუნდში მომხდარ მორიგ... სამწვრთნელო ცვლილებაზე არაფერი გვითქვამს. ჰო, ჯერ კიდევ პირველ ეტაპზე _ `ოლიმპის~ მთავარი მწვრთნელად გამოცდილი თემურ მახარაძე დაინიშნა, რასაც გუნდის ხანგრძლივი წაუგებელი სერია მოჰყვა და საბოლოოდ, ყველაფერი ლოგიკურადაც დასრულდა. არც ის დაგვავიწყდეს, რომ მეორე ეტაპის წინ გუნდში კვლავაც გრანდიოზული ცვლილებები მოხდა: 11 ფეხბურთელი წავიდა და 10 ახალწვეული მოვიდა.

... წინა სეზონში `ოლიმპი~ რამდენჯერმე მოხვდა ერთობ არასასიამოვნო სიტუაციაში. თუმცა, ჩვენი აზრით, საქართველოს ჩემპიონობას ყველაზე მეტად სწორედ ეს გუნდი იმსახურებდა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მარათონული ტურნირის განმავლობაში `ოლიმპს~ მხოლოდ ერთი ჩავარდნა ჰქონდა (პირველი წრეში `დინამოსთან~), დანარჩენ შემთხვევებში კი მეტოქეებს უპრობლემოდ უმკლავდებოდა.
დაბოლოს, კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორზეც: `ოლიმპის~ ტრიუმფში უდიდესი წვლილი შეიტანეს რუსთაველმა ქომაგებმაც; აღარაფერს ვამბობთ გუნდის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ გულშემატკივარზე, საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულზე ქვემო ქართლში დავით კირკიტაძეზე...


სატრანსფერო კამპანია

...როცა `ოლიმპთან~ დაკავშირებით ვინმეს... განსხვავებული მოსაზრება გააჩნია, ამ კლუბის ზოგიერთ ხელმძღვანელს ყოველივე ეს მეტისმეტად არ სიამოვნებს; თუმცა, ამ შემთხვევაში `გავკადნიერდებით~ და საკუთარ აზრს ვიტყვით გუნდში მომხდარ მორიგ `რევოლუციურ გარდაქმნებზე~.

ჩვეულებრივი ამბავია და არც გაგვიკვირდებოდა, ევროტურნირების წინ `ოლიმპის~ ხელმძღვანელობას ზოგიერთი პოზიციის გასაძლიერებლად სამი-ოთხი ახალწვეული რომ დაემატებინა; თუმცა, რეალურად ისეთი სურათი მივიღეთ, ანალოგი თანამედროვე ფეხბურთში, ალბათ, რომ არც იქნება. ევროტურნირების დაწყებამდე `ოლიმპიდან~ ჯერ 13 (!) მოთამაშე წავიდა, მერე კიდევ 4 დაემატა! არ დაგვავიწყდეს, საქართველოს ჩემპიონზეა საუბარი, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წინ, უცხოურ შეკრებაზე წასვლა რომ ვერ მოახერხა. ჰოდა, შედეგად ის მივიღეთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მეორედ მოასპარეზე `ოლიმპი~ ამ ტურნირს პირველივე ეტაპიდან გამოეთიშება (თანაც, ორივეჯერ ყაზახურ გუნდებთან პაექრობისას); ან, რისი იმედი უნდა გვქონოდა? სხვადასხვა გუნდებიდან `ოლიმპში~ ჩარიცხული 10 (!) ახალწვეული ერთ თვეში შეთამაშებას მოასწრებდა თუ ჩინებულ ფიზიკურ კონდიციებში მყოფ მეტოქის ფეხბურთელებს რაიმე `სხვა~ კომპონენტში ვაჯობებდით? ჰო, ნამდვილი კოშმარივით გვახსენდება `ოლიმპი~-`აქტობეს~ მატჩის მეორე ტაიმი: გოლის გატანა ჩვენ გვჭირდებოდა, მეტოქემ კი, 45 წუთის განმავლობაში, ბურთი... აქეთ `დაგვიმალა~ და, ფაქტობრივად, ერთადერთი ეპიზოდის გარდა, თავის ნახევარზე არ გადაგვიშვა და მართლაც `ცალკარა~ გვეთამაშა...


ლელოს პროგნოზი

`ოლიმპის~ სატრანსფერო კამპანიას მკაცრი შეფასება კი მივეცით, მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახალი სეზონის დაწყების წინ გუნდის შანსები პესიმისტურად შევაფასოთ. პირიქით _ კი არ გვგონია, რატომღაც დარწმუნებული ვართ, რომ `ოლიმპი~ კვლავაც ჩემპიონობისათვის იბრძოლებს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ახალწვეულთა აბსოლუტურ უმრავლესობას (გრიგოლ ბედიაშვილი, ზურაბ ბათიაშვილი, ალექსანდრე კვახაძე, ლაშა ჯაფარიძე, რევაზ ქემოკლიძე, ლუკა რაზმაძე, გიორგი ჭელიძე, დავით ბოლქვაძე, რევაზ გეწაძე, ირაკლი მოდებაძე) ჩვენი ჩემპიონატისათვის `საჭირო~ ოსტატობა და გამოცდილება ნამდვილად აქვს; ამას გარდა, მწვრთნელის ფაქტორიც არ დავივიწყოთ: თემურ მახარაძე ხომ კვლავაც გუნდში მუშაობს!..

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული