გიორგი სუხიაშვილი: ბრძოლას და მონდომებას შედეგიც მოაქვს

AutoSharing Option
ოქტომბრიდან ქუთაისის "ტორპედოში" გია გეგუჩაძის მწვრთნელობის ხანა დაიწყება, იქამდე კი ქუთაისურ გუნდში თავიანთი სიტყვა თქვეს ახალგაზრდა მწვრთნელებმა გიორგი სუხიაშვილმა და კახა ჩხეტიანმა, რომლებსაც "ქართული სუპერკლასიკოს" წინ დაევალათ გუნდის დროებით დამოძღვრა და მათაც მოვალეობას შესანიშნავად გაართვეს თავი.

,,დინამოსთან" მოგებულ მატჩში გუნდს მწვრთნელთა ხელი აშკარად ეტყობოდა. ქუთაისელი გულშემატკივრები, რომლებიც მატჩის წინ თავიანთი გუნდის შანსებს პესიმისტურად აფასებდნენ, შეხვედრის შემდეგ ,,ტორპედოს" გარდასახვითა და კარგი თამაშით კმაყოფილები იყვნენ.

38 წლის გიორგი სუხიაშვილს სამწვრთნელო გამოცდილება არ აკლია. რამდენიმე სეზონია იგი ,,ტორპედოში" მუშაობს, წლეულს კი ქუთაისური გუნდის
დუბლებს წვრთნის. 2008-2009 წლის სეზონში სუხიაშვილი უმაღლესლიგელ ,,ბორჯომის" მთავარი მწვრთნელი იყო. ახალგაზრდა მწვრთნელი ,,ტორპედოს" კიდევ ორ შეხვედრაში უხელმძღვანელებს.

,,ლელო" გიორგი სუხიაშვილს განვლილ მატჩსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

- მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შესრულება მეტად პრინციპული მეტოქის წინააღმდეგ მოგიწიათ და ბევრისთვის მოულოდნელად, კრიზისში მყოფი გუნდით ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერს პირველი მარცხი აგემეთ. როგორ მოახერხეთ ამ მოკლე პერიოდში გუნდის ესოდენ სასიკეთოდ გარდასახვა?
- თამაშამდე სამი დღით ადრე გადაწყდა, რომ ,,დინამოსთან" გუნდს მე და კახა ჩხეტიანი გავიყვანდით. მოსამზადებლად ძალიან ცოტა დრო გვქონდა. ბევრ რამეს ვერ შევცვლიდით, თუმცა, შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება განვახორციელეთ და ამ ნაბიჯმა გაამართლა. გარდა ამისა, შევეცადეთ ფეხბურთელები საბრძოლველად განგვეწყო და მატჩისთვის ფსიქოლოგიურად კარგად მოგვემზადებინა, რათა მათ თავიანთი თავის რწმენა დაბრუნებოდათ.

ბიჭებს ბრძოლა, ბევრი მოძრაობა, მეტოქის ნახევარზე ბურთის კონტროლი და ,,დინამოს" მარწუხებში მოქცევა დავავალეთ. ალბათ, თბილისელები ჩვენგან ასეთ აქტიურ თამაშს არ ელოდნენ და საწყის წუთებში შეცდომები დაუშვეს, რაც ჩვენმა ფეხბურთელებმა კარგად გამოიყენეს. თამაშის შემდეგ ლუის გარსიამაც აღიარა, რომ საწყის წუთებში ,,ტორპედოსგან" ასეთ აქტიურ თამაშს არ ელოდა. მადლობა ბიჭებს, რომ ამ მატჩში ყველაფერი ჩადეს, ბოლომდე იბრძოლეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს.

- თქვენი აზრით, რატომ ვერ ახერხებდა ,,ტორპედო" აქამდე სტაბილურად ასპარეზობას?
- რამდენიმე წარუმატებელი თამაშის შემდეგ ფეხბურთელებს თავიანთი თავის რწმენა ჰქონდათ დაკარგული. ალბათ, სხვა მიზეზებიც იყო. ბიჭებთან გვქონდა საუბარი, სადაც აღვნიშნეთ, რომ აუცილებელი იყო თამაშის გამოსწორება და ბოლომდე ბრძოლა. უშუალოდ მატჩის დაწყებამდე კი მათ ვაცნობეთ, რომ შეხვედრას გია გეგუჩაძე დაესწრებოდა. ამან ფეხბურთელებზე დადებითად იმოქმედა, ორმაგად მოტივირებულები იყვნენ, ყველაფერი გააკეთეს, რომ გამარჯვება მოეპოვებინათ და მომავალი მწვრთნელისთვის თავიანთი შესაძლებლობები დაენახვებინათ.

- თამაშის დაწყებამდე ქუთაისელი გულშემატკივრები პესისმისტურად იყვნენ განწობილი, უმრავლესობა ,,დინამოს" გამარჯვებას ელოდა..
-ეს განწყოშბა მატჩზე დამსწრებ გულშემატკივრების რაოდენობაზეც აისახა. თუმცა, ვინც მატჩს დაესწრო არაფერი დაუკარგავს, პირიქით კარგი თამაში ნახა და, რაც მთავარია, მაყურებელმა საკუთარი გუნდის გამარჯვება იზეიმა. თუ "ტორპედო" წარმატებულ თამაშს გააგრძელებს, მაყურებლების ნდობასაც დაიბრუნებს და ხალხი სტადიონზე კვლავ დაბრუნდება.

- კახა ჩხეტიანთან ერთად "ტორპედოს" კიდევ ორ შეხვედრაში გაწვრთნით. რას უნდა ველოდოთ ამ შეხვედრებიდან?
- განსაკუთრებული ცვლილებები არც აღნიშნულ შეხვედრებში იქნება. ,,ტოპედოს" მალე ახალი მწვრთნელი ეყოლება და თუ რაიმეს შეცვლა იქნება საჭირო, ამას გია გეგუჩაძე გააკეთებს. ჩვენ კი ფეხბურთელებს კვლავ გულიან და მონდომებულ თამაშს მოვთხოვთ. ,,დინამოსთან" გამარჯვების შემდეგ გუნდში კარგი განწყობაა. ბიჭებმა საკუთარი შესაძლებლობების ირწმუნეს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ხელმძღვანელობით დარჩენილ ორივე შეხვედრაში გავიმარჯვოთ. შემდეგ კი ბატონი გია გაუძღვება საქმეს და დარწმუნებული ვარ, ,,ტორპედო" მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს.

- გია გეგუჩაძესთან თუ გქონდათ კონსულტაცია?
- ბატონი გია საღორიის საწვრთნელ ბაზაზე იმყოფებოდა, თუმცა ამ ეტაპზე გუნდის მზადებაში არ მონაწილეობს. თავად არ ჩაუთვლია საჭიროდ, რომ მასთან შეთანხმებით მოგვემზადებინა გუნდი. სრული ნდობა გამოგვიცხადა და ჩვენც ყველანაირად ვეცდებით, რომ მომავალ მატჩებში კვლავაც წარმატებულად ვითამაშოთ. ,,დინამოსთან "მოგებით სატურნირო მდგომარეობა გავიუმჯობესეთ და ახლა ჩვენთვის თითოეულ ქულას დიდი მნიშვნელობა აქვს. მით, უმეტეს, როცა ერთ-ერთ ლიდერს ,,ბაიას ვხდებით, ასეთ გუნდთან გამარჯვება კიდევ უფრო სასურველია.

- ,,ტორპედოში" თქვენს მომავალ მოღვაწეობას როგორ ხედავთ, ისევ დუბლებს გაუძღვებით თუ მთავარ გუნდში გიხილავთ?
- ამასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. გია გეგუჩაძე ,,ტორპედოში "თავისი გუნდით მოდის, ალბათ ბევრი რამ შეიცვლება და რა ფუნქცია მექნება გუნდში, ამას ბატონი გია გადაწყვეტს.

- ქუთაისელი გულშემატკივრებისგან ხშირად გვესმის რომ, ,,ტორპედოს" წარუმატებლობის მიზეზი გუნდში ადგილობრივი ფეხბურთელების ნაკლებობაა; თქვენ ახალგაზრდებთან გიწევთ მუშაობა და როგორ ფიქრობთ , გუნდს რამდენად საინტერესო რეზერვი ჰყავს?
- ,,ტორპედოში" ახლაც არიან ადგილობრივი ფეხბურთელები- გამეზარდაშვილი, გურული, ფარულავა, კუხიანიძე, ტაბატაძე, ხარაბაძე...დუბლებშიც საკმაოდ საინტერესო ფეხბურთელები გვყავს, რომლებსაც კარგი მომავალი აქვთ. განსაკუთრებით ნიჭიერი თაობაა 1994-95 წლიანებში. ამ ბიჭებს გია გეგუჩაძეც ნახავს და გამორიცხული არაა, რომელიმე მათგანი მთავარ გუნდშიც აღმოჩნდეს. კუხიანიძე და ტაბატაძე სწორედ დუბლებიდან მოხვდნენ დიდ გუნდში. მთავარია, რომ ახალგაზრდებმა ბევრი იმუშავონ და პროგრესი გააგრძელონ, ასეთ შემთხვევაში მათი გარჯა არ დაიკარგება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
თუ ყველა გუნდში ადგილობრივმა ფეხბურთელებმა უნდა ითამაშონ, კარგი დახლი დაგვიდგება. მთელი მსოფლიო 21 საუკუნეში ცხოვრობს და თამაშობს, ზოგიერთი უგუნური კი გასულ საუკუნეში გვექაჩება...
rubbit
22:13 24-09-2011
0

სიახლეები პოპულარული