"დილამ" საშინაო ნავსი "სიონთან" გატეხა - 1:0

AutoSharing Option
25. 09 გორი. თ. ბურჯანაძე, 2500 მაყურებელი
დილა-სიონი 1:0
1:0. პ. ხორგუაშვილი (90. პენ.)

დილა
4-4-2
მერლანი
ლ. ჩაგელიშვილი
ქარქუზაშვილი
მაჭავარიანი
გველესიანი
რაჟამაშვილი
ჯოჯუა
პ. ხორგუაშვილი
ვ. ხორგუაშვილი
დ. ჩაგელიშვილი
ახალკაცი

დილა
60. ვ. ხორგუაშვილი - ნემსაძე
68. დ. ჩაგელიშვილი - სადაღაშვილი
76. ახალკაცი - ი. ბერაია

სათადარიგოები: შეყრილაძე, ჭითანავა, ბაქრაძე, ნ. ნოზაძე

სიონი
4-1-4-1
ვ. ლობჟანიძე
ლ. ჩხეტიანი
კობაური
გ. თარგამაძე
ადამაშვილი
გაბრიჭიძე
მ. ოქროპირიძე
ვ. ბოლქვაძე
რეხვიაშვილი
ქუცურუა
უგულავა

სიონი
70. უგულავა - ისიანი
76. ოქროპირიძე - კობერიძე
90. ადამაშვილი - ხურციძე

სათადარიგოები: კიკაბიძე, გიორბელიძე, ა. ნოზაძე, კემუხტაშვილი

გაფრთხილება: უგულავა (39), ქუცურუა (50), პ. ხორგუაშვილი (60), მაჭავარიანი (69), ბერაია (90), ჩხეტიანი (90)
არბიტრი: გ. დოგრაშვილი

ზესტაფონის ტრიუმფალურად მომვლელი გორელები "სიონთან" ფავორიტის რანგში და თავდაჯერებულები გავიდნენ მოედანზე. ამასთან, "დილას" დანავსული საშინაო მატჩების სერიაც უნდა შეეწყვიტა. ამიტომ არავის გაჰკვირვებია, გია ცეცაძის დამოძღვრილებმა დასაწყისიდანვე რომ იგდეს ხელთ უპირატესობა.

გორელები ბურთს კი აკონტროლებდნენ, მაგრამ "სიონი" კარგად ზრუნავდა კარის უსაფრთხოებაზე და აკი თითქმის 20 წუთმა ბოლნისელთათვის სრულიად უხიფათოდ ჩაიარა, ეგაა, მათაც ვერ მოახერხეს მეკარის შეწუხება. ტრიბუნები პირველად სწორედ მე-20 წუთზე ახმაურდა, როდესაც "დილას" შემტევებმა ზედიზედ რამდენიმე სახიფათო დარტყმით მოსინჯეს ვახტანგ ლობჟანიძის მზადყოფნა.

"დილა" ძირითადად მარცხენა ფრთიდან უტევდა, აქ გველესიანი და ვალტერ ხორგუაშვილი აქტიურობდნენ. აღსანიშნავია ცენტრში გორელთა ჩამშლელი ნახევარმცველის ვლადიმერ ჯოჯუასა და პავლე ხორგუაშვილის დაუღალავი გარჯა, პავლე დაშავდა კიდეც, მაგრამ თავშეხვეულმა მაინც განაგრძო თამაში. მხოლოდ პირველი ტაიმის მიწურულიდან ვიხილეთ ჩვეულად გარჯილი რაჟამაშვილი. სწორედ მან 30-ე წუთზე მეტად მახვილგონივრული და, რაც მთავარია, გამოზომილი, დაახლოებით 30-მეტრიანი პასით დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა დავით ჩაგელიშვილი, თუმცა მან ხეირიანად ვერ დაარტყა.

მალე თავად საჯარიმოში მყოფ რაჟამაშვილს შეუქმნეს მომენტი თანაგუნდელებმა, მაგრამ მან კარის წინ მყოფი ახალკაცი მოძებნა, რომელიც მცველთან პოზიციური ბრძოლისას მინდორზე აღმოჩნდა. მაყურებელი ამაოდ მოითხოვდა პენალტს, დოგრაშვილს დარღვევა არ დაუფიქსირებია. კიდევ რამდენიმე წუთში ჯოჯუას პასით ვალტერ ხორგუაშვილი დარჩა მეკარესთან ერთი-ერთზე და სტუმართა გოლკიპერს წამით რომ არ დაესწრო, გოლი გარდაუვალი იქნებოდა. შესვენებამდე ჯოჯუამ სტანდარტულიც შეასრულა, ბურთი ხარიხას მოხვდა...

მეორე ტაიმის პირველი აღსანიშნავი ეპიზოდი სტუმართა შუახაზელის შოთა გაბრიჭიძის შორეული ძლიერი დარტყმა იყო, რომელიც მერლანმა ხელებში "გააქვავა". ცეცაძემ დაგეგმილის ვერმიღწევის საშიშროება იგრძნო და ცვლილებებს მიმართა, რითაც "დილას" შეტევებს სისწრაფე შეემატა. გორელები ლამის მთელი გუნდით მიდიოდნენ იერიშზე, მაგრამ უკანა ხაზს აშიშვლებდნენ. ამით "სიონს" რამდენჯერმე მწვავე კონტრშეტევის განხორციელების საშუალება მიეცა, თუმცა ლევან ბაჯელიძის შეგირდებმა ეს შანსი ვერ გამოიყენეს.

რაც უფრო ახლოვდებოდა საფინალო სასტვენის დრო, "დილა" ჩქარობდა და მეტად ნერვიულობდა, შესაბამისად, ყველაფერზე ნერვიულადვე რეაგირებდა მაყურებელი, თავის მხრივ დროის გაყვანას ცდილობდა "სიონი". დოგრაშვილმა მღელვარე მობურთალთათვის ყვითელი ბარათების ჩამორიგებას მიჰყო ხელი. მასპინძლეთა უპირატესობის მიუხედავად, საკმაოდ მწყობრად მოქმედ ბოლნისელთა კარში გატანას ალბათ ბევრი ვეღარ იფიქრებდა, მაგრამ "დილას" დაუფასდა, რომ გამარჯვებისთვის საბრძოლველად ფარ-ხმალი ერთი წამითაც არ დაჰყარა - პავლე ხორგუაშვილმა მისი წაქცევისთვის დანიშნული პენალტი უზადოდ შეასრულა - 1:0.

მატჩის შემდეგ
გია ცეცაძე (დილა): "სიონთან" მოგება სეზონის სტარტზე კალენდრის გამოქვეყნებისთანავე დავგეგმეთ და არა მაგალითად "ზესტაფონთან" მოგების მერე. ისე კი მოქმედ ჩემპიონთან სულ ორიოდ დღის წინ მოგებულმა თამაშმა ბუნებრივია დიდი ენერგია წაიღო. აგერ კიდევ სამ დღეში თასის თამაში გვაქვს "დინამოსთან", "სიონიც" არ იყო სუსტი მეტოქე და ასეთ კალენდარში ძნელია თავი გაიტანო, ძალები აღიდგინო მით უმეტეს იმ საშუალებებით რაც ჩვენ გაგვაჩნია. მიუხედავად ამისა ჩვენ მუდამ შემართებით ვიბრძოლებთ ყველა მატჩში.

ლევან ბაჯელიძე (სიონი): "ძალიან დაძაბული მატჩი იყო და ძალიან უკმაყოფილო ვარ შედეგით. ფაქტობრივად მთელი 90 წუთის ნაშრომი, ბოლო წუთზე პენალტით წყალში ჩაგვეყარა. ვთვლი, რომ ჩემმა გუნდმა კარგად ითამაშა, მაგრამ მე შედეგი მერჩია ხარისხს"

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული