გავესაუბრეთ გუნდის ახალგაზრდა, 39 წლის თავკაც იოსებ ნასუაშვილს, რომელიც "დინამოს" ზაფხულიდან ჩაუდგა სათავეში. მას აქტიური კარიერისას ბათუმის "დინამოში" რამდენიმე სეზონი უთამაშია.
- შარშან "ადელის" მთავარ მწვრთნელად ვმუშაობდი, რომელიც მეორე ლიგიდან პირველში გადმოვიყვანე. ზაფხულში ბათუმის "დინამოს" თავკაცობა შემომთავაზეს, რაზეც სიამოვნებით
- თუმცა "დინამოს" საკმაოდ გაუხანგრძლივდა უმაღლესი ლიგის მიღმა ყოფნა.
- აჭარაში ამაზე ყველა წუხს და ამიტომაცაა, რომ კლუბის მესვეურებმა გუნდს უმაღლეს ლიგაში გადასვლა დაუგეგმეს.
- საიდან ფინანსდება "დინამო"?
- თითქმის მთლიანად გვაფინანსებს ბათუმის მერია.
- თქვენი ფეხბურთლების ამჟამინდელი პოტენციალით შეგიძლიათ უმაღლეს ლიგაში გადასვლა?
- მჯერა, რომ ამჟამინდელი კონტინგენტით ჩვენს ზონაში პირველ ადგილზე გასვლა შეგვიძლია, მაგრამ პლეი ოფში უმაღლესი ლიგის გუნდებთან საპაექროდ გაძლიერების გარეშე ნამდვილად გაგვიჭირდება.
- პირველ ლიგაში მთავარ კონკურენტებად ვის მიიჩნევთ?
- კარგი გუნდები არიან ოზურგეთის "მერცხალი", ხარაგაულის "ჩხერიმელა" და სტუ, რომელიც საშინაო მატჩებს ხელოვნურ საფარზე ატარებს, ეს კი მისი უპირატესობაა, რადგან რეგიონელები ასეთ საფარზე თამაშს მიჩვეულები არ ვართ. ისე კი, გასაკვირი არ არის, რომ ყველა გუნდი ცდილობს, ბათუმის "დინამოსთან" თავი გამოიჩინოს - ტრადიციული ქართული კლუბის დამარცხება ხომ მათთვის ორმაგად გასახარია.
- "დინამოს" მთავარი ფიგურა, ალბათ, ამირან მუჯირია.
- რა თქმა უნდა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ თამაში მთლიანად მასზე გვაქვს აწყობილი. ამირანის შესაძლებლობები ყველას კარგად მოეხსენება, ამიტომაც მის მიმართ ჩემი თხოვნაც და დავალებაც ასეთია: არა მხოლოდ თვითონ გამოჩნდეს მოედანზე, არამედ მთელი გუნდი გამოაჩინოს. სწორედ მან უნდა აიყოლიოს ახალგაზრდა თანაგუნდელები.
- ბათუმში სტადიონის აშენებასთან დაკავშირებით ახალი არაფერია?
- ამჟამად ყველა საშინაო შეხვედრას "ადელზე" ვატარებთ. მოგეხსენებათ, ჩვენს ქალაქში ახალი სტადიონის აშენებაზე თავად საქართველოს პრეზიდენტმაც ილაპარაკა და დარწმუნებული ვართ, ასეც იქნება. ადრე 6-ათასიანი არენის აგებას ვარაუდობდნენ, ბოლო ხანს კი 30-ათასიანის აშენებაზე ფიქრობენ ახალი ბულვარის სიახლოვეს.
- მაყურებლის სიმცირეს თქვენც უჩივით?
- "ადელი" სულ 600 მაყურებელს იტევს და ყოველთვის ივსება. გულშემატკივრებმა შექმნეს ფანკლუბიც, მათ გუნდის მაისურებიც გადავეცით. აჭარის სპორტის თავკაცთა დახმარებით ფანებს ტრანსპორტიც გამოუყვეს "დინამოს" გასვლით თამაშებზე დასასწრებად. მოკლედ, რეგიონის სპორტის თუ ფეხბურთის მესვეურთაგან ყოველ ფეხის ნაბიჯზე საკმაო ყურადღებას ვგრძნობთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"