ტორპედო-სპარტაკი 2:0 - მეორე ტაიმში გატეხილი სტუმრები

AutoSharing Option
16.10. ქუთაისი. ცენტრალური, 2000 მაყურებელი
ტორპედო - სპარტაკი 2:0
1:0 დოლიძე (55. ბოლქვაძის პასით), 2:0 თარხნიშვილი (71. დოლიძის პასით)

ტორპედო სპარტაკი
4-5-1 4-1-4-1
მიგინეიშვილი ძაგანია
დ. ფოფხაძე შალამბერიძე
ს.თოდუა ბოიომო
გამეზარდაშვილი ლომაია
გურული ხუბუა
დოლიძე კილასონია
გ. დათუნაიშვილი შონია
დიღმელაშვილი მამუჩაშვილი
თარხნიშვილი შარაშენიძე
დ. ბოლქვაძე მაისურაძე
გოცირიძე მეტრეველი
მწვრთნელი: მწვრთნელი:
გ. გეგუჩაძე ვ. ხაჩიძე

ტორპედო
65. გოცირიძე - მეგრელაძე
73. ბოლქვაძე - კუხიანიძე
78. დოლიძე - იოსელიანი
სათადარიგოები: ქვილითაია, ფარულავა, ჩიკვილაძე, საბანაძე

სპარტაკი
64. მაისურაძე - დეკანოიძე
72. მამუჩიშვილი - ჯიქია
80. შარაშენიძე - რუხაძე
სათადარიგოები: დაუშვილი, თიბილაშვილი, ბუზალაძე, ტეტუნაშვილი

გაფრთხილება: კილასონია (39), დოლიძე (43),
შალამბერიძე (59), თარხნიშვილი (83)

არბიტრი: თ. გვანცელაძე

გია გეგუჩაძის თავკაცობით ,,ტორპედო" შინ პირველ შეხვედრას ატარებდა და ქუთათური ქომაგის ინტერესს ესეც აძლიერებდა. მეტოქეები აქამდე ეროვნულ ჩემპიონატში შვიდჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და სტატისტიკა ,,ტორპედოს" აშკარა უპირატესობაზე მეტყველებდა - 5 მოგება, 2 ფრე.

გუშინ ფავორიტად ,,ტორპედო" მიიჩნეოდა, მაგრამ ვლადიმერ ხაჩიძის ხელში კარგად ათამაშებულ ,,სპარტაკს" თავისი გეგმები ჰქონდა. ცხინვალელებმა პირველი ტაიმი მართლაც კარგად ჩაატარეს და მეტოქეს ტოლი არაფერში დაუდეს, მაგრამ მეორე ნახევარში დაღლა დაეტყოთ.

ხაჩიძის შეგირდებმა საწყის წუთებში სახიფათოდ შეუტიეს, თემურ შარაშენიძის დარტყმა მიგინეიშვილმა ძლივს მოიგერია. ტორპედოელებმა მეტოქეს ოდნავ მოგვიანებით უპასუხეს, ბოლქვაძის ,,მოჭრილი" დარტყმის შემდეგ ,,სპარტაკი" ხარიხამ იხსნა. შეხვედრა საშუალო ტემპში, თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა. ქუთაისელთაგან ბოლქვაძე, სტუმართაგან კი შარაშენიძე და შონია გამოირჩეოდა.

30-ე წუთზე შონიას გატანის შესანიშნავი შანსი მიეცა, შალამბერიძის გარღვევისა და ფლანგური ჩაწოდების შემდეგ მან მეურვეს დაასწრო და კარშიც დაარტყა, მაგრამ სუსტი გამოუვიდა და მიგინეიშვილს არ გასჭირვებია ბურთის მოგერიება.

ტაიმის შუაში მცირე უპირატესობას ცხინვალელები ფლობდნენ. ,,ტორპედოს" კარს ისევ შონია დაემუქრა, მაგრამ კვლავ უშედეგოდ. ამას ტორპედოელთა გააქტიურება მოჰყვა; დათუნაიშვილს ანგარიშის გახსნაც შეეძლო, მაგრამ სტუმრები მეკარე ძაგანიამ იხსნა. თარხნიშვილის გასროლილი ბურთი კი ხარიხას ოდნავ გადასცდა.

მეორე ნახევარი ,,ტორპედოს" სრული უპირეტსობით წარიმართა. ქუთათურებმა თავიდანვე აქტიურად შეუტიეს. ბოლქვაძის მიერ მარცხენა ფლანგიდან ზედიზედ ორჯერ ჩაწოდებულ ბურთს გამეზარდაშვილისა და გოცირიძის სახიფათო თავურები მოჰყვა, თუმცა მიზანს ორივე ასცდა. მასპინძელთა აქტიურობამ ნაყოფი მალე გამოიღო, ბოლქვაძემ მოედნის შუიდან ბრწყინვალე გადაცემით დოლიძე მეკარეს დაუპირისპირა, მან კი ძაგანიას ბურთი თავზე გადაუგდო და ულამაზესი გოლი გაიტანა - 1:0.

დოლიძეს ცოტა ხანში დუბლის გახერხებაც შეეძლო, მაგრამ საჯარიმოს გარედან მისი მოჭრილი დარტყმის შემდეგ ბურთი ხარიხისა და ძელის კვეთას მოხვდა. ამასობაში, მოედანზე გია მეგრელაძეც გამოჩნდა, რომლისთვისაც ეს მატჩი საიუბილეო იყო ეროვნულ ჩემპიონატში - 250-ე. ქუთაისელებმა შეტევები კიდევ უფრო გაამწვავეს და 71-ე წუთზე თარხნიშვილმა ანგარიშიც გაზარდა: მან მარცხენა ფლანგზე დოლიძისგან მიიღო ბურთი და მოჭრილი დარტყმით მცველები და მეკარე სტატისტის როლში დატოვა - 2:0. შეხვედრის ბედიც აქ გადაწყდა. დარჩენილ დროში მასპინძელთაგან მეგრელაძესა და გამეზარდაშვილს, ცხინვალელთაგან კი ორჯერ მეტრეველს ჰქონდათ გატანის რეალური შანსი, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.

ვლადიმერ ხაჩიძე: ,,პრინციპული თამაში იყო. საუკეთესო რვა გუნდში მოსახვედრად ვიბრძვით და თითოეული ქულა ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია. რა გვეთქმის, ღირსეულ მეტოქესთან წავაგეთ, სამუშაო ბევრი გვაქვს და ვეცდებით, მომდევნო მატჩები უკეთესად ჩამატაროთ.

გია გეგუჩაძე: ,,სასიხარულოა, რომ პირველ საშინაო შეხვედრაში სამი ქულის მოპოვება შევძელით. ურიგო თამაში არ ყოფილა, გუნდებმა ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს, ფეხბურთელები მაქსიმალურად დაიხარჯნენ და საკმაოდ ლამაზი გოლებიც გავიტანეთ. ეს გამარჯვება ჩვენი შრომის დაგვირგვინებად და დასასრულად არ უნდა მივიჩნიოთ. მუშაობა ახლა იწყება და ძლიერი გუნდის ჩამოსაყალიბებლად კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული