დილა-სპარტაკი 1:2 - როდესაც გორში ბურთი არ გორავს

AutoSharing Option
25. 10 ქართლი. 300 მაყურებელი
დილა-სპარტაკი 1:2
0:1 ჯიქია (25), 0:2 მეტრეველი (38), 1:2 გოგინაშვილი (დ. ჩაგელიშვილის პასით)

დილა სპარტაკი
4-3-3 4-4-2
მერლანი ძაგანია
ლ. ჩაგელიშვილი თიბილაშვილი
ბაქრაძე ტეტუნაშვილი
ქარქუზაშვილი ლომაია
შათირიშვილი ხუბუა
ნ. ნოზაძე შალამბერიძე
ჯოჯუა თ.შონია
ვ. ხორგუაშვილი მამუჩიშვილი
რაჟამაშვილი შარაშენიძე
დ. ჩაგელიშვილი ჯიქია
გოგინაშვილი მეტრეველი

დილა
46. ვ. ხორგუაშვილი - ნემსაძე
56. ჯოჯუა - ახალკაცი
77. ნოზაძე - ი. ბერაია
სათადარიგოები: შეყრილაძე, ჭითანავა, მაჭავარიანი, სადაღაშვილი,

სიონი
55. შარაშენიძე - ნ.Nმაისურაძე
90. ჯიქია - დ. გელაშვილი
სათადარიგოები: დაუშვილი, ბოიომო, გ.სეფიაშვილი, ლობჟანიძე, რუხაძე,

გაფრთხილება: შათირიშვილი (62), მაისურაძე (63), შონია (79), რაჟამაშვილი (80),
ხუბუა (80), მამუჩიშვილი (80)
გაძევება: მაისურაძე (85)
არბიტრი: თ. გვანცელაძე

ბევრი ატარეს თუ ცოტა, ფედერაციის მესვეურებმა გორის "დილა" ისევ "ქართლზე" დააბრუნეს. დიახ, სულ ორიოდე თვის წინ "ქართლი" "სპარტაკის" საშინაო არენა იყო, თუმცა ფედერაციამ აკრძალა აქ თამაში და ვიდრე "თენგიზ. ბურჯანაძეზე" ახალი საფარი დაგებულა, გორის უპირველესი გუნდის მესვეურთა თხოვნა გაითვალისწინეს და მათსავე მშობლიურ ქალაქში არსებულ ამ არენაზე თამაშის ნება დართეს.

ისე, "ქართლის" სტადიონი სულიერი არსება რომ იყოს, ძალიან შეგვეცოდებოდა. საქმე ისაა, რომ აქაურობას ყველა მუდამ ამრეზით უყურებს, უმაღლესი ლიგისთვის შეუფერებელ სტადიონებზე ლაპარაკისას მისთვის ქოქოლის მიყრა არავის ავიწყდება, მაგრამ, როცა გაუჭირდებათ, საშველად პირველ რიგში ისევ მას აკითხავენ.

თავად განსაჯეთ: ბოლო სამ წელიწადში, სხვადასხვა დროს, ის ასრულებდა "ცხინვალის" ("სპარტაკში" არ აგერიოთ), "ჩიხურას", "სპარტაკის" და ახლა "დილას" საშინაო არენის ფუნქციას. მეტიც, გუშინ აქ "დილაც" და "სპარტაკიც" შინაურად თვლიდნენ თავს. ნიშანდობლივია, რომ ცხინვალელთა ხელმძღვანელობა სტადიონის ლოჟაში კვლავინდებურად იმ მხრეს იჯდა, რომელიც ადრე მასპინძლის ამპლუაში ყოფნისას ეკავა ხოლმე.

სხვათა შორის, ტაქტიკური თვალსაზრისითაც არც ერთ გუნდს არ აურჩევია ე. წ. მეორე ნომრად თამაში და ამ მხრივაც ორივე მასპინძელივით გამოიყურებოდა. "დილასგან" ეს გასაკვირი ნაკლებად იყო, რადგან გორელთა გუნდი წლეულს შინაც და გარეთაც უპირატესობას მხოლოდ შემტევ სტილს ანიჭებს, მაგრამ "სპარტაკი" რომ პირველივე წუთებიდან მერლანის კარისკენ ჯიქურ დაიგეშა - ნაკლებად ველოდით. აქედანვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ გორში წინა საღამოს დაწყებულ წვიმას მატჩის ბოლომდე არ გადაუღია, მინდორზე გუბეები მრავლად იყო და ბურთი თითქმის არ გორავდა.

ამ ვითარებას ვლადიმერ ხაჩიძის შეგირდებმა უფრო იოლად აუღეს ალღო, ვიდრე "დილას" ფეხბურთელებმა, რომელთაც მხოლოდ მეორე ტაიმში უკლეს საშუალო დისტანციაზე გათვლილი დაბალი პასების კეთებას და ერთგვარი მახვილგონივრული გადაცემებით თანაგუნდელის უკეთეს პოზიციაზე გაყვანას. არადა, არც ერთი გამოსდიოდათ და არც მეორე. ცხინვალელები კი მარტივად და იმის გათვალისწინებით ირჯებოდნენ, რის საშუალებასაც მათ წინ გაშლილი გუბეეები აძლევდათ.

პირველ ტაიმში ბურთს "სპარტაკი" ფლობდა, "დილა" კი საკმაოდ დაბნეული გამოიყურებოდა. თამაში განსაკუთრებით მასპინძელთა დაცვის ხაზს ჩაუვარდა. ხაჩიძის შეგირდებს გატანა ჯერ კიდევ მე-2 წუთზე შეეძლოთ, ორ წუთში ლევან ჩაგელიშვილმა ვერ გაითვალისწინა სველი მინდვრის ფაქტორი, მეკარეს თავით დაუგდო ბურთი, რომელიც კარიდან ხუთიოდ მეტრში მყოფ მეტრეველს მიუვიდა, მაგრამ მან ეს საჩუქარი ვერ შეირგო.

ცოტა ხანში რეზო ჯიქიამ კარში დარტყამას ბურთის უკეთეს პოზიციაში მყოფი მეტრეველისთვის გადაცემა არჩია, რომელიც ზვიადმა სასწაულებრივად ააცილა მიზანს. 25-ზე კი ჯიქიამ იმავე მახვილი კუთხიდან უკვე თვითონ დაურტყა ზუსტად მასპინძელთა კარის დარაჯს - 0:1. თავისი გოლი მეტრეველმა მაინც გაიტანა, როდესაც გაგა თიბილაშვილის შორიდან დარტყმული ბურთი მერლანმა მოიგერია, ხარიხიდან ასხლეტილი ბურთის დაუფლებაში კი "სპარტაკის" თავდამსხმელმა აჯობა "დილას" ცენტრალურ მცველებს.

აქვე დავძენთ, რომ შესვენებამდე მეტრეველს კიდევ რამდენჯერმე შეეძლო გატანა. გორელებმა ორბურთიანი ჩამორჩენის მერე მკვეთრად მოუმატეს. 44-ე წუთზე დავით ჩაგელიშვილმა ნოზაძის მშევნიერი პასი გოლად ვერ აქცია, თუმცა მე-60 წუთზე მან ასისტენტობაში უფრო ივარგა- დროულად შენიშნა გოგინაშვილი, რომელმაც მისი პასი გოლად აქცია - 1:2.

"დილამ" დარჩენილ დროში ცდა არ დააკლო, რათა ქულა მაინც გადაერჩინა. გია ცეცაძემაც შეცვლებით შემტევთა რიცხვი გაზარდა, მაგრამ უშედეგოდ. მეტიც, "სპარტაკმა" კიდევ ერთი გოლის თითქმის ასპროცენტიანი შანსი ვერ გამოიყენა. შეხვედრის მიწურულს დაძაბულობამაც იმატა, რის გამოც არბიტრს ერთხელ წაკინკლავების გამო ერთდროულად სამი ყვითლის, ცოტა ხანში კი წითელი ბარათის გამოყენებაც მოუხდა.

გვერდს ვერ ავუვლით მატჩის შემდგომ "დილას" ქომაგთა რეაქციასაც, რომლებიც ზედიზედ წაგებული თამაშების გამო გუნდის თავკაცებს მწვრთნელის გაშვებას სთხოვდნენ. ქომაგებს მიაჩნიათ, რომ სეზონის სტარტზე წაგებულ მატჩებს მათი გუნდის თამაშის სანახაობრივი მხარე მეტ-ნაკლებად აბათილებდა, მაგრამ, რაც დრო გადის, "დილა" ამ მხრივაც ვეღარ გამოიყურება ძველებურად და უკმაყოფილების საბაბს ესეც ზრდის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული