ნაადრევი დასკვნა

AutoSharing Option
ორი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში მართლაც საინტერესო მდგომარეობაა: დაწინაურებულ სამ გუნდს 4-4 ქულა აქვს, მერე ოთხი გუნდი მოდის (ყველა 3-3 ქულით) და ბოლოშიც, სამი თითო-თითო ქულიანი გუნდია. ანუ, ორი ტურის შემდეგ არც უდანაკარგო გუნდი გვყავს და არც ისეთი, თუნდაც ერთი ქულა რომ არ ჰქოდეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჯერჯერობით ყველაფერი იქითკენ მიდის, როგორც XXII ჩემპიონატის დაწყებამდე ვივარაუდეთ: ახალ სეზონში გუნდების "ფავორიტებად" და "აუტსაიდერებად" დაყოფას, უმეტეს შემთხვევაში, პირობითი ხასიათი რომ უნდა ჰქონოდა.

რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, ჩემპიონატის
მონაწილე ათივე გუნდი მედლებისათივს იბრძოლებს, თუმცა საინტერესო პაექრობები რომ გველოდება, ფაქტია. ამის დასტურად მესამე ტურიც გამოდგება, მეტისმეტად უკომპრომისოდ რომ ჩაიარა: არც ერთი ფრე და ერთი-ორი მოულოდნელი შედეგით დასრულებული შეხვედრა! თანაც, კალენდარიც რომ ინტრიგას გვიტოვებს: ყველა ტურში, სულ მცირე, ერთი ისეთი მატჩია, პრინციპულ დაპირისპირებად რომ მივიჩნევთ-ხოლმე. გამონაკლისი, რაღა თქმა უნდა, არც მესამე ტური იყო, "ოლიმპისა" და "დინამოს" უშეღავათო პაექრობით რომ დასრულდა. ჩვენ მიმოხილვასაც ამ საინტერესო მატჩით დავიწყებთ...

როცა ყველაფერი... არ ანათებს

აღარც გვახსოვს, "ფოლადის" სტადიონზე პროჟექტორების შუქზე ეროვნული ჩემპიონატის მატჩი როდის ჩატარდა. რა თქმა უნდა, იდეა ცუდი არ არის, მაგრამ, ისიც ვთქვათ, პროჟექტორების სიმძლავრე საკმარისი აშკარად არ იყო, - ყოველ შემთხვევაში, ეს შეხვედრა ტელევიზიით რომ ყოფილიყო, ჩვენების ხარისხი მართლაც საშინელი იქნებოდა. ნუ გამოვრიცხავთ იმასაც, რომ შესაძლოა, სწორედ არასაკმარისმა "ხილვადობამ" იმოქმედა ამ მატჩის არბიტრებზეც, რომელთა ზოგიერთ გადაწყვეტილებებს არაერთგვაროვანი რეაქცია ჰქონდა-ხოლმე... ორივე გუნდის მწვრთნელ-ფეხბურთელ-ხელმძღვანელთა თუ ქომაგთა შორის.

მსაჯობაზე თუ იმ ერთი-ორ მართლაც საკამათო სიტუაციებზე ქვემოთ ვისაუბროთ, მანამდე კი მეტად უცნაურ, უფრო ზუსტად, მოულოდნელ ფაქტზეც გვინდა გიამბოთ. ჰო, ეს მართლაც უცნაური იყო: ჩემპიონი გუნდი საშინაო მატჩს ატარებდა და ტრიბუნებზე კი სტუმართა გუნდის ქომაგები სჭარბობდნენ. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ახალ სეზონში "ოლიმპი" მეორე საშინაო შეხვედრას თამაშობდა (პირველი - ჩემპიონთა ლიგაზე "აქტობესთან" იყო) და ვიპ-ლოჟაში კვლავაც არ გამოჩენილა ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე, წინა სეზონის ბოლოს შექმნილი "ოლიმპის" მრავალრიცხოვანი ფან-კლუბიც "დაიკარგა"; სამაგიეროდ, "დინამოს" ფეხბურთელებს მთელი მატჩის განმავლობაში არ მოჰკლებიათ ერთგული ფანების მხურვალე მხარდაჭერა. ისე, მართლაც ძნელი სათქმელია, თუ რას ერჩოდნენ წესრიგის დამცველები "დინამოს" ფანებს, - მეორე ტაიმი მიმდინარეობდა, აღმოსავლეთ ტრიბუნაზე განლაგებულ მცირერიცხოვან ჯგუფსა და ადგილობრივ ქომაგებს შორის მცირე ინციდენტი რომ მოხდა...

თუმცა, ისევე მატჩს დავუბრუნდეთ, უფრო სწორად, მეტოქე გუნდების მწვრთნელთა ტაქტიკურ "დუელს". სტუმართა ძირითადი შემადგენლობის გამოცნობა ძნელი საქმე არ უნდა ყოფილიყო - ტრავმირებულ მათე ვაწაძის ადგილს დონალდ ჯუისი რომ დაიკავებდა, ხოლო ამ უკანასკნელის პოზიციაზე გიორგი კახელიშვილი იასპარეზებდა, არავისთვის სიურპრიზი არ იქნებოდა. სამწუხაროდ, "დინამოს" მხოლოდ ვაწაძე არ დააკლდა: "ოლიმპთან" მატჩისწინა ერთ-ერთ ვარჯიშზე, ვინ მოსთვლის, უკვე მერამდენედ დაშავდა ნიკა ფირცხალავა, ხოლო უშუალოდ შეხვედრის მსვლელობისას (თანაც, პირველ ტაიმში) ტრავმა მიიღო ედნილსონმა.

"დინამოს" მთავარ მწვრთნელს კახა კაჭარავას დიდი არჩევანი ნამდვილად არ ჰქონდა და პორტუგალიელი ნახევარმცველის ნაცვლად მოედანზე ახალგაზრდა გიორგი გავაშელიშვილი შემოიყვანა, ვისთვისაც სადებიუტო მატჩი გახლდათ "დინამოს" შემადგენლობაში. აი, თემურ მახარაძემ კი წინა მატჩთან შედარებით, რამდენიმე კორექტივები შეიტანა: ძირითადში დაიწყეს თამაში ლაშა ჯაფარიძემ, გიორგი ჭელიძემ და გიორგი ბერიაშვილმა; განსხვავებული იყო მასპინძელთა ტაქტიკური განლაგებაც: თავდაცვისას 4-1-4-1 სახე რომ ჰქონდა, შეტევაში კი 4-4-1-1-ად რომ გარდაიქმნებოდა-ხოლმე;

"განსაკუთრებული" ფუნქციები რევაზ ქემოკლიძესა და დავით ბოლქვაძეს ჰქონდათ დაკისრებული: პირველი, ცენტრალური მცველების წინ მოქმედებდა, მეორე კი ცენტრფორვარდ გიორგი ბერიაშვილის უკან მოქმედებდა.
თემურ მახარაძემ მეორე ტაიმის დასაწყისშიც ბევრისთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო, როცა საყრდენი ქემოკლიძე... ცენტრფორვარდ ირაკლი მოდებაძით შეცვალა; ოღონდ, მცველების წინ ამჯერად უკვე ბოლქვაძე ასპარეზობდა, ხოლო მოდებაძე თავისთვის უჩვეულო ნახევარმცველის პოზიციაზე ვიხილეთ.

ლოგიკა და იღბალი

ამ მომენტისათვის "ოლიმპი" უკვე იგებდა შეხვედრას; რუსთავში მეორე ოფიციალური მატჩი ჩატარდა და მეტოქეთა კარში გატანილი ორივე გოლის ავტორი ("აქტობესთანაც" და "დინამოსთანაც") გიორგი რეხვიაშვილი გახლდათ. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა მცველმა ორივეჯერ სტანდარტულებიდან იხეირა: "დინამოსთან" მატჩში დავით ბოლქვაძის ოსტატურად შესრულებულ საჯარიმო დარტყმას დროულად გამოეხმაურა და როგორც მერე გაირკვა, იმ შეხვედრის პირველი და უკანასკნელი გოლი გაიტანა.

რომ ვთქვათ მატჩში უამრავი სახიფათო მომენტი შეიქმნაო, მართალი არ ვიქნებით; თუმცა, რამდენიმე მართლაც დასამახსოვრებელი ეპიზოდი კი ვნახეთ ორივე გუნდის ფეხბურთელთა შესრულებით: ალექსანდრე კვახაძემ სამჯერ ლამის ცენტრიდან "დააქუხა", მაგრამ სამივეჯერ "დინამოს" მეკარემ გიორგი ლორიამ იყოჩაღა; სხვათა შორის, ლორიამ მეორე ტაიმში კიდევ ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი, როცა ლუკა რაზმაძისა და ირაკლი მოდებაძის დარტყმები მოიგერია.

კოლეგას არც გრიგოლ ბედიაშვილი ჩამორჩა, მაგრამ კვირა საღამოს "ოლიმპის" მხარეს, გარკვეულწილად, იღბალიც იყო: ერთ ეპიზოდში, კახელიშვილის ფლანგური გარღვევის მერე რობერტინიომ შორეულ კუთხესთან ბურთს ვერ მიუსწრო, თორემ გოლი გარდაუვალი ჩანდა. აღარაფერს ვამბობთ იმ მომენტზე, გურამ კაშიამ 40-მეტრიდან ჯარიმა რომ დაარტყა: ბურთი "ოლიმპის" კარის ერთ ძელს მოხვდა, მერე - მეორეს! მეორე ტაიმის დასაწყისში ("დინამო" აშკარად რომ უკეთ ათამაშდა), დონალდ ჯუისის დარტყმაც სასწაულებრივად არ იქცა გოლად - ზედიზედ ორი რიკოშეტის შემდეგ ბურთი საკუთარი კარის ხაზიდან ლაშა ჯაფარიძემ გამოიტანა.

"დინამოს" კამერუნელი ლეგიონერი კიდევ ერთხელ აღმოჩნდა ხელსაყრელ პოზიციაზე, მაგრამ დაინსმენმა მეტად და მეტად საეჭვო თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. საერთოდაც, რომ ვთქვათ, მსაჯობით მეტ-ნაკლებად უკმაყოფილო ორივე მხარე იყოო, მართლაც რბილად ნათქვამი იქნება. ყოველ შემთხვევაში, ახალგაზრდა მსაჯს თორნიკე გვანცელაძეს, ალბათ, მეტი პრინციპულობა (გნებავთ - გამბედაობა) მართებდა იმ ეპიზოდში, რევაზ გეწაძემ და რობერტინიომ ერთმანეთში "რაღაც" რომ ვერ გაიყვეს. დინამოელთა აზრით, გეწაძე გაძევებას იმსახურებად, თუმცა, ასეც რომ მომხდარიყო, ვეჭვობთ ყოველივე ამას შედეგზე გარკვეული ზეგავლენა მოეხდინა.

მოკლედ, ცუდი მატჩი ნამდვილად არ გამოვიდა; თანაც, ვერავინ იტყვის - "ოლიმპმა" დაუმსახურებულად მოიგოო, მგრამ, მეორეს მხრივ, შეხვედრა ფრედ რომ დასრულებულიყო, ალბათ, ესეც ლოგიკური შედეგი იქნებოდა. დაბოლოს, კიდევ ერთ ფაქტზე: ალბათ, დროა, რომ საქართველოს ჩემპიონის სამატჩო განაცხადში 18 ფეხბურთელი იყოს, და არა - 16, უკვე მეორე ტურია ასე რომ გრძელდება...

დრო და ამბიცია

ორი ტურის მერე ცხრილის სათავეში ფოთის "კოლხეთია"! უმაღლეს ლიგაში საშინაო ასპარეზზე დაბრუნება ბესიკ შეროზიას გუნდმა გამარჯვებით აღნიშნა; ასევე მოსალოცად აქვს საქმე დებიუტანტ მწვრთნელს გიორგი ყიფიანსაც: ბევრი არ მოელოდა, ბოლნისის "სიონი" სტუმრად "სამტრედიასთან" პაექრობაში სამ ქულას თუ მოიპოვებდდა. თუმცა ამ მართლაც "ექვსქულიან მატჩში" ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი "სიონის" ფეხბურთელთა უმრავლესობის გამოცდილებაც იყო;

თან, ნუ დაგვავიწყდება, რომ "სიონი", ფაქტობრივად, ზედ ჩემპიონატის დაწყების წინ შეიკრიბა და საწყის ორ ტურში მოპოვებული ოთხი ქულა დადებითზე მეტ შედეგად უნდა მივიჩნიოთ. სამაგიეროდ, "ტორპედოს" ქომაგებს, ალბათ, გული ეთანაღრებათ - უმაღლეს ლიგაში ამბიციური მიზნებით დაბრუნებულ გუნდს ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ქულა აქვს, მაგრამ რამაზ მუმლაძესაც და "ტორპედოს" ახალწვეულ ფეხბურთელებსაც გარკვეული დრო ნამდვილად სჭირდებათ და ორი ტურის შედეგების მიხედვით დასკვნების გაკეთება ნაადრევიც არის. მითუმეტეს, ნუ დაგვავიწყდება, თუ როგორ გუნდებთან მოუწია პაექრობამ "ტორპედოს": ჯერ ქვეყნის ჩემპიონ "ოლიმპს" უმასპინძლა, მერე კი სტუმრად არანაკლებ ამბიციურ და გაძლიერებულ "ბაიასთან" ითამაშა. საერთოდაც, ძალიან საინტერესოა, ზუგდიდიდან ქულების წამოღებას ჩვენი ფავორიტი-გუნდები როგორ შესძლებენ...

დაბოლოს, ამ ტურში და საერთოდ, XXII ჩემპიონატში ყველაზე დიდი ანგარიშით დამთავრებულ მატჩზეც; ტურის წინათქმაშიც ვივარაუდეთ, რომ "ზესტაფონი"-"სპარტაკის" შეხვედრაში მასპინძლები უპირობო ფავორიტებად მიიჩნეოდნენ; და ეს იმის მიუხედავად, რომ გია გეგუჩაძეს ერთდროულად სამი უკანახაზელი (გიორგი ხიდეშელი, ალექსი ბენაშვილი, მამუკა კობახიძე) აღარ ეყოლებოდა დისკვალიფიკაციის გამო.

საბოლოოდ კი ყველაფერი ისე დამთავრდა, როგორც მოსალოდნელი იყო: "ზესტაფონმა" მეტოქის კარში ოთხი უპასუხო გოლი გაიტანა და მშვენიერი განწყობაც შეიქმნა... მომავალი ტურისათვის. 29 აგვისტოს ხომ მართლაც გამორჩეული მატჩი გველოდება: "ზესტაფონი"-"ოლიმპი", მაგრამ მანამდე "სპარტაკთან" ჩატარებულ შეხვედრაზე გვინდა ვთქვათ.
უფრო ზუსტად, კონკრეტული ფეხბურთელი შევაქოთ. შეცვლაზე შემოსულმა რატი წინამძღვრიშვილმა "დუბლი" გაახერხა და მნიშვნელოვნად განაპირობა საკუთარი გუნდის წარმატება. ეს ნიჭიერი ფორვარდი ბოლო წლებია ტრავმებმა დატანჯეს და იმედი დავიტოვოთ, რომ ცუდი დროება წარსულს ჩაბარდა და საკუთარ შესაძლებლობებს კვლავაც არაერთხელ გამოავლენს.

III ტურის სიმბოლური ნაკრები

სომხიშვილი (ბაია) - ს. თოდუა (ტორპედო), ა. კვახაძე (ოლიმპი), რეხვიაშვილი (ოლიპმი), ჯაფარიძე (ოლიმპი) - უგრეხელიძე (სიონი), დიდავა (სიონი), ბოლქვაძე (ოლიმპი), გუგუჩია (ბაია)  - სიჭინავა (კოლხეთი), წინამძღვრიშვილი (ზესტაფონი).

მწვრთნელი: თემურ მახარაძე (ოლიმპი)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული