ხარიტონ, გამოასწორე! - დილა-ზესტაფონი 0:2

AutoSharing Option
20. 11. ქართლი 700 მაყურებელი
დილა-ზესტაფონი 0:2
0:1 - გელაშვილი (30 პენ.), 0:2 ლომია (90)

დილა ზესტაფონი
4-5-1 4-4-2
შეყრილაძე მამალაძე
ლომიძე ღონღაძე
ბაქრაძე ონიანი
ქარქუზაშვილი საჯაია
გველესიანი ელიავა
რაჟამაშვილი აფციაური
ვ. ხორგუაშვილი გორგიაშვილი
პ. ხორგუაშვილი შ. გრიგალაშვილი
გოგინაშვილი ბაბუნაშვილი
ახალკაცი დვალი
დ. ჩაგელიშვილი გელაშვილი
მწვრთნელი: მწვრთნელი:
თ. მახარაძე გ. ჭიაბრიშვილი

დილა
76. დ. ჩაგელიშვილი - სადაღაშვილი
57. გველესიანი - გ. თოდუა
სათადარიგოები: მერლანი, მაჭავარიანი, ჭითანავა, ნემსაძე, ნოზაძე

ზესტაფონი
57. აფციაური - ძარია
65. გორგიაშვილი - ბენაშვილი
71. გელაშვილი - ს. ლომია
სათადარიგოები: მეშველიანი, სარდალიშვილი, ჭანკოტაძე, ფიფია

გაფრთხილება: პ. ხორგუაშვილი (28), ბაქრაძე (36), ძარია (68),
ღონღაძე (74), ბენაშვილი (80)
არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი

ზესტაფონურ დაპირისპირებაში "დილას" სენსაციურად - 4:0 - გამარჯვების შემდეგ ამ მატჩს ორივე გუნდი მოუთმენლად ელოდა. "ზესტაფონს" უნდა დაემტკიცებინა, რომ გორელებთან მარცხი სხვა არაფერი იყო, თუ არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ მატჩში წაფორხილება, "დილა" კი, მოქმედ ჩემპიონთან არწაგებით წლევანდელ სეზონში მათი პირველი შეხვედრის შედეგს მინიმუმ სენსაციის იარლიყს მოაშორებდა.

თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე ამ ყოველივეს კიდევ ერთი ინტრიგა დაემატა - ზესტაფონელთა ყოფილი მწვრთნელი თემურ მახარაძე ახლა "დილას" თავკაცია, თუმცა მისი ხელი "დილას" ჯერჯერობით ნაკლებად ეტყობა. გორელების არც შემადგენლობაში და არც თამაშში ამ ეტაპზე თითქმის არაფერი შეცვლილა.

მატჩის შემდეგ გამოცდილმა სპეციალისტმა, როგორც მოსალოდნელი იყო, ჩემპიონთან მარცხში დიდი ტრაგედია ვერ დაინახა, თუმცა შენიშნა, რომ გუნდში ხედავს საიმისო პოტენციალს, რომელიც რვა საუკეთესოს შორის მოხვედრის დიდ იმედს აძლევს.

უშუალოდ შეხვედრა კი ვერ გამოდგა სახარბიელო სანახავი. მეორე ტაიმში, გატანილ გოლს თუ არ ჩავთვლით, სხვა საგოლე მომენტები არ შექმნილა. შესვენებამდე კი ამ მხრივ თამაშს კიდევ არაუშავდა. პირველი რეალური ხიფათი მე-16 წუთზე თორნიკე აფციაურის მიერ მასპინძელთა კარის მიმართულებით დარტყმული და ხარიხას გარტყმული ბურთი იყო.

ზუსტად სამ წუთში დავით რაჟამაშვილს აუღო ახლოდან სტუმართა გოლკიპერმა, დამატებაზე კი ცარიელ კართან მყოფმა ჩაგელიშვილმა რანაირად ააცილა, მხოლოდ თვითონ თუ იცის..

დასაწყისიდან იმერლები უფრო დამაჯერებლად მოქმედებდნენ, მაგრამ ტაიმის შუაწელისკენ გორელთა გარჯაში სითამამემ იმატა და უკვე ნახსენები საგოლე ეპიზოდიდან მალევე პავლე ხორგუაშვილსაც მიეცა გატანის შანსი. ამ დროს ჩემპიონები მამალაძემ იხსნა.

28-ე წუთზე ნიკოლოზ გელაშვილის აქტიურობამ შედეგი მოიტანა, ფლანგიდან შეყრილაძის საჯარიმოში შეჭრილმა სტუმართა ფორვარდმა კარის გასწვრივ ჩააწოდა, მცველებმა ხეირიანად ვერ გამოიტანეს ბურთი, რომელიც საბოლოოდ ბაბუნაშვილს მიუვიდა, ის კი მინდორზე აღმოჩნდა და მსაჯმაც პენალტის ნიშნულისკენ მიუთითა. ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, ხარიტონაშვილს რომ არ დაესტვინა, სტუმრები არც გააპროტესტებდნენ, მაგრამ, ასე იყო თუ ისე, 11-მეტრიანი დაინიშნა და გელაშვილმა გაიტანა კიდეც.

დარჩენილი დროის განმავლობაში "დილას" გულშემატკივარს და, შესაძლოა, ფეხბურთელებსაც სჯეროდათ, რომ ხარიტონაშვილი მხოლოდ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მიხვდა პენალტის დანიშვნისას დაშვებულ შეცდომას და საპირისპირო კართან შანსის მიცემის შემთხვევაში იმავეს იზამდა. ამიტომაც მატჩის ბოლომდე, ვიდრე თანაგუნდელის შორეულ ჩაწოდებულზე საბა ლომიამ არ იყოჩაღა და ანგარიშში სხვაობა ორამდე არ გაზარდა, მასპინძელთა გულშემატკივრები ხშირად "ახსენებდნენ" არბიტრს, ხარიტონ, გამოასწორეო! თუმცა ხარიტონაშვილს არ ჩაუთვლია, რომ პენალტის დანიშვნისას შეცდა, თორემ "გამოსწორების" შანსი არაერთხელ მიეცა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში ახალკაცის საჯარიმოში წაქცევის ეპიზოდი ჰგავდა "დილას" კართან დანიშნულ 11-მეტრიანს.

საბოლოოდ, სანახაობრივი და საგოლე მომენტების თვალსაზრისით ამ ღარიბ შეხვედრაში ტერიტორიულ ან ბურთის ფლობაში უპირატესობას, მართალია, ვერც ერთი გუნდი დაიჩემებს, მაგრამ "ზესტაფონი" მოწინააღმდეგეს საშემსრულებლო ოსტატობასა და სათამაშო კლასში აღემატებოდა და დამსახურებული სამი ქულაც პირველ ყოვლისა ამის წყალობით მოიპოვა.

გვერდს ვერ ავუვლით მატჩზე შიდა ქართლის გუბერნატორის გიგა ტატიშვილის სტუმრობის ფაქტს. თანაც, რეგიონის პირველმა პირმა თამაშზე ადგილობრივი ხელისუფლების ლამის ყველა საფეხურის ისეთი წარმომადგენლები იახლა, რომლებიც აქამდე, "ქუდი რომ შეგეგდოთ", სტადიონზე არ შემოდიოდნენ. შედეგად, "ქართლის" 500-კაციან ტრიბუნას ორასამდე მოედანს გარშემორტყმული მაყურებელი მიემატა.

მოგეხსენებათ, "დილას" მდგომარეობა მუდამ ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერაზე იყო დამოკიდებული და რეგიონის ხელმძღვანელთა მიერ გატარებული ბოლოდროინდელი ღონისძიებები, პლუს ცოტა ხნის წინ თემურ მახარაძის მწვრთნელად დანიშვნა და ჩინოსანთა ეს მასობრივი სტუმრობა სტადიონზე "დილას" საქომაგოდ, გვაფიქრებინებს, რომ ამ გუნდის კეთილდღეობას საფრთხე აღარ ემუქრება.

დავით ასპანიძის ფოტო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
გადმოიწერეთ ეს სტატია? ტველგან ერთიდაიგივე სტატია რომ დევს. ზესტას გოლი რომ არ ჩაითვალა ის არ იყო ყურადღების ღირსი?
kapo
13:16 21-11-2011
0
ჩაგელიშვილი თამაშგარეში რომ იყო ვერ დაინახე???? თუ მიხატული გქონდა თვალები!!! ოღონდ შანსი მოგეცეს და რამე ცუდი დაწერო ტყუპებზე ვირო მადლიო რაააააა!!! მაგ სიმართლით გატაროს ღმერთმა.ეს პირველი სტატია არაა სადაც მათზე უარყოფითად წერს ჩასაფრებული ხარ ოღონდ საკბილო ჩაიგდო!!! ეგრე გააგრძელე ტემპი არ დააგდო...
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული