ლეგიონერები. ხარისხი თუ რაოდენობა?

AutoSharing Option
ახალი სეზონი ჯერ ორი კვირის დაწყებულია, მაგრამ გარკვეულ ტენდენციაზე საუბარი უკვე ახლავე შეიძლება. საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე ლეგიონერთა რიცხვის მკვეთრ შემცირებას ვგულისხმობთ - დღესდღეობით ჩვენთან მხოლოდ და მხოლოდ 5 უცხოელი ფეხბურთელი ასპარეზობს!

პირველი ეროვნული ჩემპიონატიდან მოყოლებული, დღემდე, ჩვენთან 200-მდე ლეგიონერს უასპარეზია; მართლაც გამორჩეული უცხოელი ფეხბურთელებიც გვინახავს და ისეთებიც, მათი აქ ჩამოსვლის მიზეზი თუ მიზანი დღემდე რომ გაურკვეველია. უფრო ზუსტად, ამ უკანასკნელთა საქართველოში ჩამოყვანის მიზეზი მეტ-ნაკლებად მაინც... გარკვეულ პირთა სატრანსფერო ინტერესებს ემსახურებოდა (თუმცა მოგეხსენებათ, რომ ჩვენთან სატრანსფერო საკითხები ტაბუდადებული და, ცოტა არ
იყოს, საშიში თემაც არის). ისე, არც ის უნდა დავმალოთ, ზოგიერთი ლეგიონერის ასპარეხობა... შაყირის დონეზე რომ "ფასდებოდა": მთელი სეზონის განმავლობაში გუნდში მყოფ უცხოელ ფეხბურთელს, ერთი-ორჯერ შეცვლაზე (ისიც, ბოლო წამებზე) რომ შემოიყვანდნენ, ყოველივე ამისთვის მასხარაობის მეტი რა უნდა გვეწოდებინა?

პირველ ხუთ ჩემპიონატში ჩვენთან მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის წარმომადგენლები ჩამოდიოდნენ: ლიტველები, რუსები, უკრაინელები, აზერბაიჯანელები, სომხები, ბელარუსები; ამათგან ბევრი ნამდვილად მაღალი დონის ფეხბურთელი გახლდათ და ჩვენი ჩემპიონატების ისტორიაში გარკვეული კვალიც დატოვეს (ზაურ ხაპოვი, სერგეი გომონოვი, სერგეი შიროკიი, რიმას მაჟეიკისი, რობერტას ფრიდრიკასი, ვირგილიუს ბალტუშნიკასი). შესაძლოა, ბევრმა არც დაიჯეროს, მაგრამ საქართველოს ჩემპიონატის... პირველ ლიგაშიც კი თამაშობდნენ ლეგიონერები: თელავის "კახეთში" ლიტვის ნაკრების მეკარე არვიდას კონციავიჩუსი ასპარეზობდა!

ზედიზედ ოთხი წელიწადი (1994-1998) საქართველოს ჩემპიონატში ლეგიონერი არ გამოჩენილა: არც ყოფილი საბჭოთა კავშირიდან და არც - "ნამდვილი" უცხოეთიდან. და აი, 1999 წლის მაისში ბათუმის "დინამოს" შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა ნიგერიელ უკე უვაკვეს! თუმცა, უვაკვემ თავი ვერაფრით გამოიჩინა: ორი სეზონის განმავლობაში მხოლოდ ოთხი მატჩი ჩაატარა (ისიც, შეცვლებზე შემოდიოდა-ხოლმე) და, ფაქტობრივად... ეგზოტიკისათვის ჩამოყვანილი გეგონებოდათ. რასაც ნამდვილად ვერ ვიტყოდით პირველ ევროპელ და, გნებავთ, პირველ "ნაღდ" ლეგიონერზე - "დინამოში" ბელგიელი ვეტერანი მეკარის დენი დონდტის გამოჩენას ვგულისხმობთ.

XXI საუკუნის დასაწყისიდან კი უკვე ის გვიკვირდა, ამა თუ იმ გუნდში... ლეგიონერი რომ ასპარეზობდა! გეოგრაფიაც ხომ გაიზარდა და გაიზარდა, და საიდანღა აღარ ჩამოდიოდნენ: ბრაზილიიდან თუ არგენტინიდან, ეკვადორიდან თუ პერუდან, განიდან თუ კამერუნიდან, სლოვაკეთიდან თუ ავსტრალიიდან, გაბონიდან თუ კორეიდან, კონგოდან თუ სერბეთიდან, ჩეხეთიდან თუ ჩერნოგორიიდან; ოღონდ, რაოდენობა და ხარისხი ყოველთვის ერთი და იგივე რომ არ არის, ამ "აქსიომას" ჩვენ ჩემპიონატში მოასპარეზე ლეგიონერებიც ამტკიცებდნენ. აბა, რა ბევრი მტკიცება სჭირდება იმ ფაქტს, თუ როგორი დონის ფეხბურთელები იყვნენ: მილოშ კრშკო, ნედ ზელიჩი, დიდიე ოვონო, კარლოსი, ანდრეი პოროშინი, ჟილვან ვიეირა, პოლ კესანი, ტიაგო, დე პორასი; სხვებთან შედარებით მართლაც არა უშავდათ: ერნესტ აკუასაგას, ამბროზიოს, ჟონატასს, ჩასემს, ილია სპასოევიჩს.

თუმცა, ამათ გარდა, ბოლო ხუთი-ექვსი წლის განმავლობაში, დაახლოებით 50-მდე (!) ისეთი ლეგიონერიც გვყავდა (აქაურებს, საერთოდ, ვერაფრით რომ ჯობდნენ), უბრალოდ, იმათი გვარ-სახელის გახსენებაც კი... სირცხვილად მიგვაჩნია! თუმცა ჩვენ კი არა, იმათ ჩამომყვან-მიმღებს უნდა რცხვენოდეთ: დიდის ამბით რომ გააპიარებდნენ-ხოლმე საეჭვო ბიოგრაფიის მქონე ფეხბურთელს; სინამდვილეში კი, აღმოჩნდებოდა, რომ ესა თუ ის ლეგიონერი ჩვენი ჩემპიონატის დონეს... ვერ აკმაყოფილებდა!

გასული სეზონი ლეგიონერების თვალსაზრისით, მართლაც განსაკუთრებული იყო; ჯერ ერთი, ლეგიონერთა გეოგრაფია გაიზარდა: საქართველოს ჩემპიონატში პირველად გამოჩნდნენ ფრანგი (პატრიკ მედ ნალო), პორტუგალიელი (ედნილსონი), მაკედონიელი (ალექსანდრ კრსტესკი), ზამბიელი (ჩისამბა ლუნგუ) და კოტდივუარელი (ტიერი ანს კლოვისი, მელოდეკი, ზონი) ფეხბურთელები. ამათ გარდა, სხვადასხვა გუნდში მეტ-ნაკლები წარმატებით თამაშობდნენ სხვა ლეგიონერებიც: ფრაგა, ჯონათასი, ჟერონიმო, სალესი, ჩოკო, ანტონიო მოიზესი, რობერტინიო (ყველა - ბრაზილია), ნაკონეჩნი, გრიგოროვიჩი, ომელიანოვი (სამივე - უკრაინა), ჯუისი, ბოიომო, ჩენსუ, მბენე (ყველა - კამერუნი), ელოხი, ოვონიკოკო, ნონოსი (სამივე - ნიგერია), აკირემი (გაბონი). აღარაფერს ვამბობთ გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირსა და საერთოდ, საუკეთესო ფეხბურთელზე ანდერსონ აკინოზე - XXI ჩემპიონატის ნამდვილი მშვენება (განსაკუთრებით - პირველ ეტაპზე) რომ გახლდათ.

საერთო ჯამში, წინა სეზონში 25-მა ლეგიონერმა იასპარეზა; ეს რიცხვი არც ბევრი იყო და არც - ცოტა: ბოლო ოთხ-ხუთ ჩემპიონატში თითქმის ამდენივე ლეგიონერი გვყავდა-ხოლმე; და აი, ახალი სეზონის დაწყების წინ (უფრო ზუსტად, XXI ჩემპიონატის დასრულების შემდეგ) ქართული კლუბების ხელმძღვანელთა იმ ნაწილს, თავის გუნდში ლეგიონერების ხილვა რომ სურდა, გარკვეული საფიქრალიც გაუჩნდა. ყოველ შემთხვევაში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ზვიად სიჭინავას იდეა ჩვენს ჩემპიონატში ლეგიონერთა შემცირებაზე პირდაპირპროპორციულად რომ აისახა, ფაქტია.

ანუ, ამიერიდან ყოველი ახალი ლეგიონერის დამატებაზე კლუბმა ოფიციალური "საწევრო", 15000 ლარი უნდა გადაიხადოს; ჰოდა, უცხოელი ფეხბურთელების ჩამოყვანაზე ყველამ თავი შეიკავა: იმ უცხოელს შესაფერისი ხელფას-პრემია ხომ უნდა დაუნიშნო, აქაური ცხოვრების ხარჯები აუნაზღაურო, ჩამომყვანს (ცივილურად - საფეხბურთო აგენტს) ხომ "რაღაც" უნდა შეხვდეს, ამას კიდევ 15000 ლარიც რომ დაემატებოდა, უკვე სერიოზული ხარჯი გამოვიდოდა. აი, ამიტომაც არის, რომ XXI ჩემპიონატში (უმაღლეს ლიგას ვგულისხმობთ, თორემ, აი ნახავთ, პირველ ლიგაშიც გვეყოლება უცხოელი ფეხბურთელები) მხოლოდ და მხოლოდ 5 ლეგიონერიღა რომ შემოგვრჩა: ედნილსონი, ჯუისი, რობერტინიო (სამივე - "დინამო"), ბოიომო, კლოვისი (ორივე - "სპარტაკი").

საბედნიეროდ, "ძველ" ლეგიონერებზე გადასახადი არ არსებობს, თორემ, "დინამოსა" და "სპარტაკის" ხელმძღვანელებს, ყველასთან თუ არა, ზოგიერთ ლეგიონერთან განშორებაც მოუწევდა. სხვათა შორის, როცა ლეგიონერებზე გადასახადს აწესებდა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს მეზობელი აზერბაიჯანის მაგალითი მოჰყავდა. ჰო, ჩვენც ვიცით, რომ იქ თითოეული ახალი ლეგიონერის დამატება კლუბს 25000 მანათი (დაახლოებით, 50000 ლარი) უჯდება. მაგრამ, სამწუხარო რეალობასაც ვერსად გავექცევით: ჩვენი და აზერბაიჯანული კლუბების ფინანსური მდგომარეობის შედარება, უბრალოდ, უხერხულიც არის.

ნეტავ, ჩვენთანაც მალე მოვიდეს ის დრო, ხუთ-ექვს კლუბს ბიუჯეტი 20-25 მილიონი დოლარი რომ ექნება (აზერბაიჯანში ასეა); იმაზე აღარაფერს ვამბობთ, ზოგიერთ მოწვეულ ლეგიონერს წლიურ ხელფასად ნახევარ მილიონ ევროს რომ უნიშნავენ. ამის ნათელი მაგალითია ბელგიის ნაკრების ფორვარდის, სხვადასხვა დროს ევროპის ცნობილ კლუბებში ნათამაშები ემილ მპენზას ბაქოს "ნეფთჩიში" გადასვლა. აღარაფერს ვამბობთ იმ ზღაპრულ ხელფას-პრემიებზე, შესაბამისად "ბაკისა" და "გაბალაში" მთავარ მწვრთნელებად დანიშნულ ვინფრიდ შეფერსა (გერმანია) და ტონი ადამსს (ინგლისი) რომ დაუნიშნეს. ეს უკანასკნელი, საერთოდ, ჭკუაზე არ არის: ვიდრე ძალით არ გამაგდებენ, ჩემი ნებით აქედან ფეხს არ მოვიცვლიო!

მოკლედ, იმის თქმა გვსურს, რომ აზერბაიჯანული კლუბებისთვის ყოველ ახალ ლეგიონერზე 25 000 მანათის (50 000 ლარის) გადახდა პრობლემას არ წარმოადგენს; თუმცა, ნურც ის დაგვავიწყდება, რომ იქაურ ჩემპონატში ლეგიონერთა ისეთი მოზღვავებაა, ამ სეზონიდან უკვე ლიმიტიც აამოქმედეს: ძირითად შემადგენლობაში 3 ადგილობრივი ფეხბურთელი უნდა თამაშობდეს! ჩვენთან საქმე მასე ნამდვილად არ ყოფილა - 21 ჩემპიონატის განმავლობაში, ალბათ, ერთეული შემთხვევა თუ გვახსენდება, ერთი გუნდის შემადგენლობაში 5 ან 6 ლეგიონერს რომ ეთამაშა. ამ მხრივ აბსოლუტური და, ალბათ, კარგა ხნის "მოუხსნელი" რეკორდი "ბორჯომს" ეკუთვნის: 2006-07 წლების სეზონში ერთი თუ ორი მატჩი იყო, ძირთად შემადგენლობაში 7 "გზააბნეული" არგენტინელი ფეხბურთელი რომ ჰყავდა გუნდის მაშინდელ თავკაცს ვლადიმერ ხაჩიძეს...

დაბოლოს, საქართველოს ჩემპიონატებში მონაწილე ლეგიონერთა მონაგარზეც, ანუ, რეკორდსმენებზე. ყოველ შემთხვევაში, ბოიომოს მართლაც შესაშური შედეგი აქვს: სამ ქართულ გუნდში ("სიონი", "ზესტაფონი", "სპარტაკი") ხომ იასპარეზა, ერთადერთი ლეგიონერია, ვინც უკვე მეხუთე აქაურ სეზონს ატარებს და საერთოდაც, ლეგიონერთაგან ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული ჩვენ ჩემპიონატში - 80! ანუ, ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ ბოიომომ ამ სეზონში თავისი მეასე შეხვედრა ჩაატაროს საქართველოს ჩემპიონატში და ამ მხრივ მის რეკორდს კარგა ხანი ვერავინ "შეეხება".

თამაშების რაოდენობით ბოიომოს შემდეგ "მოდიან": პოროშინი - 66 მატჩი, კარლოსი, სპასოევიჩი - 57-57, ვიერა - 55, ჩასემი, კრშკო, აკირემი - 53-53 (ანუ, 50-მატჩიანი ნიშნული მხოლოდ ამ 8 ლეგიონერს აქვს გადალახული). აქვე, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ვიეირამ 4 არასრული სეზონი ითამაშა, პოროშინმა, აკირემიმ, ჩასემმა, კარლოსმა, სპასოევიჩმა და კრშკომ - სამ-სამი. რაც შეეხება ბომბარდირებს, საუკეთესო შედეგი ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილ შემტევს, უკრაინელ ანდრეი პოროშინს აქვს - 27 გოლი.
თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, პოროშინი სამი სეზონის განმავლობაში ასპარეზობდა (ისე როგორც სპასოევიჩი - 23 გოლი, აკირემი - 22 გოლი); აი, ანდერსონ აკინოს კი მხოლოდ ერთი სეზონი "ეყო" მართლაც ჩინებული შედეგის საჩვენებლად: 31 მატჩში 26 გოლი გაიტანა...

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული