ვალერი იობაშვილი: "მერანისგან" სიურპრიზები იყო და კიდევ იქნება

AutoSharing Option
ვალერი იობაშვილი მარტვილის "მერანში" უკვე მესამე სეზონს ატარებს. 22 წლის ცენტრალური მცველი გუნდს პირველ ლიგაშიც ეხმარებოდა და, რამდენიმე უმაღლესლიგელის ინტერესის მიუხედავად, მაინც მარტვილში დარჩა. თანაგუნდელებთან ერთად, მისი დამსახურებაცაა, რომ დღეს "მერანი" უმაღლეს ლიგაშია და ბევრი ლიდერის გამწარებაც მოახერხა.

შემთხვევითობაა თუ ლოგიკურია ახლანდელი მეოთხე ადგილი სატურნირო ცხრილში? - "ლელო" "მერანის"ვიცე-კაპიტანს ესაუბრა.

- "მერანი" უმაღლესი ლიგის აღმოჩენად შეიძლება ჩაითვალოს. თანაც, ჯერ მარტვილში არ წაგიგიათ. სეზონის სტარტზე თუ გჯეროდათ, რომ ასეთი გაგრძელება ექნებოდა თქვენს უმაღლესლიგურ დებიუტს?
- სეზონის პირველი მატჩში ცუდად ვითამაშეთ, თანაც,
ბევრი დებიუტანტი გვყავდა. მაშინ ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, ასე კარგად თუ გავაგრძელებდით ჩემპიონატს. წაუგებელ შინაურ სერიას რაც შეეხება, ჩვენს მოედანზე, ისევე, როგორც სტუმრად, შემტევ, ლამაზ ფეხბურთს ვთამაშობთ და ეს შედეგზეც აისახება. მარტვილში წაგება წარმოუდგენლადაც მიგვაჩნია, ხალხიც მოდის, გვიყურებს და ჩვენს გარჯას აფასებს.

- "მერანის" სტაბილურობის მიზეზი ისიც ხომ არ არის, რომ გუნდის ძირითადი ბირთვი პირველ ლიგაშიც ერთად თამაშობდა?
- რა თქმა უნდა, ასეა. როცა ფეხბურთელები ერთად დიდი ხანი თამაშობენ, შეკრული კოლექტივიც ყალიბდება. მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან კარგი ფეხბურთელები დავიმატეთ. მათ შორის გამოცდილებიც არიან - გივი დიდავასა და გიორგი მანწაკავასგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება. ისინი კარგად შეეწყვნენ გუნდს და საერთო წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანეს.

- საკუთარ მოედანზე წაგება წარმოუდგენლად მიგვაჩნიაო, თქვი. მომდევნო ტურში "ზესტაფონს" მასპინძლობთ, გჯერათ, რომ წაუგებელ სერიას განაგრძობთ?
- 4 დეკემბერს მართლაც უსერიოზულესი თამაში გველის - ჩემპიონსა და გათამაშების ლიდერს ვმასპინძლობთ. იმედია, კარგი ამინდი იქნება და შეხვედრა არ გადაიდება. ურთულესი მატჩი იქნება, მაგრამ "მერანს" შეუძლია სიურპრიზების გაკეთება, რაც ხშირად დაგვიმტკიცებია და კიდევ დავამტკიცებთ.

- ანუ "ზესტაფონს" სიურპრიზს ჰპირდებით?
- დამეთანხმებით, ჩვენი საჩემპიონატო შედეგი უკვე სიურპრიზია, მაგრამ მეტის ამბიციაც გვაქვს და იმედია, სასურველს შევძლებთ. ჩვენს გუნდს, მწვრთნელებსაც და ფეხბურთელებსაც, ეს შეუძლია. სეზონის დაწყების წინ ვინ იფიქრებდა, რომ "მერანი" ოთხეულში იქნებოდა და ლიდერებთან ქულებით ასე ახლოს იქნებოდა. მაგრამ, ეს შემთხვევითობა ნამდვილად არ არის - ძალიან რთული თამაშები მოვიგეთ, ამას კი, თუ ამბიცია და უნარი არ გაქვს, ვერ გააკეთებ.

- აშკარაა, ამ გამარჯვებებმა თავდაჯერება შეგმატათ?
- მოგებას რწმენა მოაქვს. თუმცა, წაგებულ თამაშებსაც, "ზესტაფონთან", "დინამოსთან", "მეტალუგთან", კარგ და საჭირო მატჩებად მივიჩნევ - რწმენა მათაც გაგვიძლიერეს.

- სეზონის ბოლოს "მერანისთვის" იდეალური შედეგი რა იქნება?
- მეოთხე ადგილის შენარჩუნება მართლაც იდეალური იქნებოდა.

- თასის გათამაშებაზეც გკითხავ, პირველი ლიგიდან მოყოლებული, "გაგრა" თქვენთვის უხერხული და პრინციპული მეტოქეა, მაგრამ 0:4-ს, უეჭველია, არ ელოდით. როგორ გგონია, შანსი კიდევ გაქვთ?
- სამწუხაროდ, თასის გათამაშება ცუდად წაგვივიდა. ასეთ შედეგს არც სხვები ელოდნენ, არც ჩვენ და, ალბათ, არც "გაგრას" ფეხბურთელები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ "მერანი" ვინმეს რამეს უბრძოლველად დაუთმობს. ჩვენ ყველასთან და ყოველთვის ბოლომდე ვიბრძვით.

- თქვენი სტადიონის საფარის გამო ხშირად ისმის პრეტენზიები. იყო დაპირება, რომ, თუკი უმაღლეს ლიგაში გადახვიდოდით, მინდორი გაგიახლდებოდათ. ახლა როგორ არის საქმე?
- სათამაშო პირობები ამჟამადაც ისეთივეა, თუმცა ვიცი, რომ იგეგმება სტადიონის განახლება. ამაზე მე ბევრს ვერაფერს გეტყვით, ეს ხომ გუნდის ხელმძღვანელობის საქმეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული