დილა-მერანი 3:0
1:0. ქარქუზაშვილი (6. ჩაგელიშვილის პასით), 2:0. ჩაგელიშვილი (44), 3:0. თოდუა (89. ნემსაძის პასით)
დილა მერანი
4-5-1 4-5-1
შეყრილაძე შეროზია
ვ. ხორგუაშვილი კაკუშაძე
ბაქრაძე იობაშვილი
ქარქუზაშვილი შალიკაშვილი
გველესიანი მელიავა
რაჟამაშვილი მემარნიშვილი
ჯოჯუა წოწორია
პ. ხორგუაშვილი მანწკავა
გოგინაშვილი ჩალაძე
დ. ჩაგელიშვილი ამბროლაძე
ახალკაცი სამადაშვილი
მწვრთნელი: მწვრთნელი:
თ. მახარაძე მ. ჟვანია
დილა
85. გოგინაშვილი - ნემსაძე
85. ჩაგელიშვილი - თოდუა
80. ახალკაცი - ნოზაძე
სათადარიგოები: კეჩხუაშვილი, სადაღაშვილი, ი. ლომიძე, ჭითანავა
მერანი
46. მერმარნიშვილი - იატრო
64. ამბროლაძე - ტორაძე
86. ჩალაძე - ქამუშაძე
სათადარიგოები: შენგელია, კიკალიშვილი, ტაპე
გაფრთხილება: შალიკაშვილი (10), ახალკაცი
არბიტრი: მ. ბეუქლიშვილი
თასის ნახევარფინალში, ანუ საუკეთესო ოთხეულში გაღწეული "დილა" ეროვნულ ჩემპიონატში რვა საუკეთესოს შორის ადგილის დაბევებას ცდილობს. თემურ მახარაძის საქმიანობას თანდათან მოაქვს შედეგი. წინა ტურში ხუთი ბურთის გამტანმა გორელებმა ამჯერად სამი კი იკმარეს, მაგრამ ისევ დიდი ანგარიშით და შთამბეჭდავად მოიგეს.
ზოგადად, "მერანს" ურიგოდ არ უთამაშია, მაგრამ მასპინძლები უფრო უკეთ გაისარჯნენ და მარტვილელთა ბარიერი იოლადაც დაძლიეს.
სტუმრების რბევა შეხვედრის დებიუტშივე დაიწყო. სამსვლიანი კომბინაცია (გოგინაშვილი - ჩაგელიშვილი - ქარქუზაშვილი) თავურით დააგვირგვინა "დილას" კაპიტანმა და ცენტრალურმა მცველმა გივი ქარქუზაშვილმა. იგი ამპლუით განსაზღვრულ დავალებებს ყოველთვის კარგად ასრულებს, ამ დღეს კი შეტევაშიც ძალიან აქტიურად ირჯებოდა და პირველის გარდა, მეორე გოლშიც მიიღო მონაწილეობა, მატჩის ბოლოს კი ერთხელაც იყო მიზანთან ახლოს.
სწრაფი გოლით დაწინაურებულმა "დილამ" უპირატესობაც მალევე მოიპოვა. ცენტრში ბურთის სწრაფად გათამაშების შემდეგ მასპინძლები აქტიურად მოქმედებდნენ ფლანგებზე და უამრავ თავსატეხს უჩენდნენ სტუმრებს. უნდა გამოვარჩიოთ ორი შუახაზელი დავითი, ჩაგელიშვილი და რაჟამაშვილი. ამ უკანასკნელმა ანგარიშის გახსნიდან ორიოდ წუთში სახეირო პოზიციაში მყოფ რომან ახალკაცს გადააწოდა ბურთი, ის, თავის მხრივ, ორი მეურვის ჩამოცილებით მეკარესთან პირისპირ დარჩა, თუმცა კიპერს ვეღარ აჯობა. საერთოდაც, მარტვილელთა კარის დარაჯი ჯონი შეროზია თავისიანებში უდაოდ საუკეთესო იყო. მან პირველ ტაიმში ჯერ გოგინაშვილისა და ჩაგელიშვილის საშუალო დისტანციიდან, მერე კი რაჟამაშვილის ახლოდან დარტყმისას იხსნა სტუმრები.
ტაიმის ბოლოს საჯარიმოში შექმნილი არეულობისას კი ვეღარაფერი გააწყო და ჩაგელიშვილმა ახლოდან გაახვია ბურთი ბადეში. გორელები "მერანს" პრესინგს ეთამაშებოდნენ და სტუმრებსაც უჭირდათ მეტოქის ნახევარზე ბურთის გორება და საჯარიმოსთან მიახლოება. შესვენებამდე მარტვილელებმა შეყრილაძის კარისკენ რამდენჯერმე თუ დაარტყეს და ისიც შორიდან.
მეორე ტაიმი "მერანის" უპირატესობით დაიწყო. სტუმრები მწვავედ უტევდნენ და, რომ არა შეყრილაძის ეფექტური გარჯა, 47-ე წუთზე გიორგი მანწკავა ანგარიშში სხვაობას შეამცირებდა. მალე ახალკაცი იყო მიზანთან ახლოს, მაგრამ შეროზიამ ერთხელაც ივარგა. 67-ე წუთზე სტუმრებმა მატჩში გარდატეხის შეტანის ყველაზე აშკარა შანსი ვერ გამოიყენეს, როდესაც იმავე მანწკავამ საპირისპირო ფლანგზე უყურადღებოდ დატოვებული ტორაძე მოძებნა, მან კი დაახლოებით 18 მეტრიდან ძელს გაარტყა ბურთი; გადმოვარდნილს ისევ მარტვილელებმა დაამატეს, თუმცა მასპინძელთა მცველმა დავით ბაქრაძემ ზედ კარის ხაზიდან მოახერხა მისი გამოტანა.
აი, აქ კი დაფაცურდა "დილა" და ისევ შეუდგა ბურთის კონტროლისთვის ბრძოლას, რასაც მალე შედეგიც მოჰყვა. "მერანს" ღირებული აღარაფერი შეუქმნია, გორელები კი ისევ დომინირებდნენ და კვლავაც იხეირეს.
მორიგ გოლამდე, 83-ე წუთზე, ჩაგელიშვილის ბრწყინვალე სოლო რეიდი უნდა აღვნიშნოთ - იგი სამ კაცს გასცდა, მაგრამ მეკარემ იმარჯვა. მატჩის ბოლოს გატანილი გოლი კი ორიოდ წუთის წინ შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა შექმნეს - ვაჟა ნემსაძის გრძელი, გამოზომილი პასისას გია თოდუამ ლამის პირველივე შეხება ბურთთან გოლად აქცია - 3:0.
დავით ასპანიძის ფოტო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"