დილა-კოლხეთი 0:0
დილა კოლხეთი
4-5-1 4-5-1
შეყრილაძე ბობღიაშვილი
ვ. ხორგუაშვილი გ. კილასონია
ბაქრაძე ლომაშვილი
ქარქუზაშვილი ინწკირველი
გველესიანი მეგრელიშვილი
რაჟამაშვილი პ. დათუნაიშვილი
ჯოჯუა ქებაძე
პ. ხორგუაშვილი ცხადაია
გოგინაშვილი გვალია
დ. ჩაგელიშვილი მდივნიშვილი
ახალკაცი ციცხვაია
მწვრთნელი: მწვრთნელი:
თ. მახარაძე დ. მახარაძე
დილა
74. რაჟამაშვილი - ნ. ნოზაძე
85. პ. ხორგუაშვილი - გ. თოდუა
სათადარიგოები: მერლანი, ჭითანავა, ნემსაძე, სადაღაშვილი, ი. ლომიძე
კოლხეთი
62. კილასონია - გოგონაია
67. მდივნიშვილი - ლემონჯავა
88. ციცხვაია - შავგულიძე
სათადარიგოები: ნადირაშვილი, თედიაშვილი, წიქარიშვილი, გულუა
გაფრთხილება: პ. დათუნაიშვილი (32)
არბიტრი: ლ. სილაგავა
გასავარდნი ზონისგან თავის დასაღწევად გააფთრებით მებრძოლი ეს გუნდები,
შეხვედრის პირველ ნახევარში უკეთესი შთაბეჭდილება "კოლხეთმა" დატოვა, შესვენების შემდეგ და, განსაკუთრებით, მატჩის მიწურულს "დილა" სჯობდა მოწინააღმდეგეს. მდგომარეობა თითქმის თანაბარი იყო საგოლე მომენტებითაც და ამ ლოგიკით, ალბათ, ყაიმი უსამართლო შედეგად არ უნდა მივიჩნიოთ, მაგრამ ბოლოსკენ შტურმის მომწყობმა მასპინძლებმა კინაღამ იხეირეს. "კოლხეთის" კართან ჩაწოდებულ უკანასკნელი კუთხურისას "დილას" კაპიტანმა გივი ქარქუზაშვილმა შესანიშნავი თავურით გაგზავნა ბურთი მინდია ბობღიაშვილის კარისკენ და რომ არა კიპერის ბრწყინვალე რეაქცია, ზღვისპირელებს მთელი გარჯა წყალში ჩაეყრებოდათ. ქარქუზაშვილის ბოლო "აკორდზე" მთელმა სტადიონმა ერთხმად ამოიგმინა.
მოჭარბებულმა ბრძოლის ჟინმა, ეტყობა, მობურთალთა შემოქმედებითი უნარი ჩაახშო და გააზრებული, დალაგებული თამაში ნაკლებად ჩანდა. შესვენებამდე ზღვისპირელები კარგად უმკლავდებოდნენ "დილას" იერიშებს, საპასუხოდ კი სწრაფ კონტრშეტევებზე გადადიოდნენ და მასპინძლების დაცვის ხაზი რამდენჯერმე კინაღამ საბედისწეროდ შეცდა.
სწორედ მცველების შეცდომას მოჰყვა ფოთელების ერთადერთი საგოლე მომენტი 42 წუთზე, როდესაც თანაგუნდელების არასწორი მოქმედების გამოსასწორებლად ბექა შეყრილაძეს კარიდან შორს გამოსვლა დასჭირდა, თუმცა მანაც ახლოს მოიგერია ბურთი, რომელიც ლაშა ქებაძეს მიუგორდა, მან კი დაუცველ კარს დიდი მანძილით ააცილა.
პირველ ტაიმში გორელების ყველაზე სახიფათო მომენტი დავით რაჟამაშვილის ინდივიდუალური გარღვევა მოჰყვა, როცა იგი ზედ საჯარიმოს მისადგომებთან წესის დარღვევით შეაჩერეს ფოთელმა მცველებმა.
მეორე ტაიმში გორელები საკმაო ხანს რატომღაც სულ ნახევარდაცვის და შეტევის მარჯვენა ფლანგს ტვირთავდნენ, ცენტრი და საპირისპირო ფრთა კი მეტწილად უქმად იყო. შედეგად მათი შეტევები ერთფეროვანი და სწორხაზოვანი გამოდიოდა. ამასობაში კოლხებმა, ვაჟა ლომაშვილმა და დავით მდივნიშვილმა ორი შორეული ძლიერი დარტყმით ხიფათი შეუქმნეს მათ კარს, თუმცა ორივე დარტყმა მცირეოდენ არაზუსტი აღმოჩნდა.
57-ე წუთზე "დილას" უნდა ეხეირა, ფოთელების საჯარიმოში ჩაწოდებამ სტუმართა დაცვაში ისეთი ქაოსი გამოიწვია, რომ მასპინძლებს ერთბაშად რამდენჯერმე მართებდათ გატანა, თუმცა საბოლოოდ ეპიზოდმა უშდეგოდ ჩაიარა. 69-ე წუთზე ბობღიაშვილმა რომან ახალკაცის ახლოდან დარტყმული მოიგერია, ხუთ წუთში კი ჩაგელიშვილის "გასროლა" გაანეიტრალა ეფექტური ნახტომით.
ბოლო 15 წუთი გორელებმა ქომაგების ომახიანი მხარდაჭერის თანხლებით ძირითადად "კოლხეთის" ნახევარზე გაატარეს, მაგრამ ანგარიშის შეცვლა ვერაფრით მოხერხდა.
საბოლოოდ, გუნდებმა ქულების გაყოფით ერთმანეთის მიმართ პოზიციური სტატუს კვო შეინარჩუნეს და სატურნირო მდგომარეობაც ისევ არასახარბიელო აქვთ.
დავით ასპანიძის ფოტო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"