გორის "დილა" ვარსკლავებს ეთამაშება, ქომაგი ჰიმნსა და ლოგოზე ბჭობს

AutoSharing Option
"დილა" გორელების ყურადღების ცენტრში მუდამ იყო, მაგრამ ბოლო ხანს არამხოლოდ ერთგულ ქომაგებს აინტერესებთ.

ამას წინათ გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, რომელიც ადრე ქალაქის გამგებელი იყო და თამაშებზე მაშინაც და ახლაც ხშირად ვხედავდით, გამიმხილა, "დილამ" ლექსის მუზაზე მომიყვანა და მისთვის ჰიმნის დაწერასაც შევეცდებიო.

ორიოდე დღის წინ კი სტალინის მუზეუმის წინ მდებარე ბაღში რამდენიმე ასაკოვანი მამაკაცის (ერთი მათგანი მხატვარია) საქმიან დავას შევესწარი იმის თაობაზე, უნდა იყოს გამოხატული თუ არა "დილას" ახალ ლოგოზე ცენტრალური სტადიონის სიახლოვეს მდგარი ლომკაცის ძეგლი.

ვიცი ისიც, რომ რამდენიმე ადამიანი
კლუბის მესვეურთათვის ვებგვერდის საკუთარი ვარიანტის შეთავაზებასაც აპირებდა. აღარაფერს ვამბობ სტადიონზე დაწყებული სარემონტო სამუშაოების მერე არენის შესასვლელთან შეკრებილ ცნობისმოყვარე მოქალაქეებზე, რომლებიც ინტერესით ათვალიერებენ მიმდინარე სამუშაოებს და შემდეგ კმაყოფილი სახით აგრძელებენ გზას.

ლოგოს თაობაზე მსჯელობისა და ლექსების წერის ხასიათზე გორელები კლუბის ჰიმნზე, ლოგოსა და ვებგვერდზე გამოცხადებულმა კონკურსმა მოიყვანა, სტადიონთან გამვლელებს კი კმაყოფილებას იქ მიმდინარე სამუშაოები ანიჭებთ.

არადა, ცოტა ხნის წინ უიმედო ყოფას შეგუებული გუნდი დღეს, რომ იტყვიან, ვარსკვლავებს ეთამაშება, ისეთი ფეხბურთელების გადაბირებაზე აცხადებს პრეტენზიას. გორელებს ახარებთ, რომ ახლა არაერთი კარგი ფეხბურთელი "დილაში" გადასვლას ეშურება.

საერთოდ კი, ეს გუნდი ყოველთვის ადგილობრივი საფეხბურთო სკოლის აღზრდილებით საზრდოობდა. გამონაკლისი ექვსი წლის წინ იყო, როდესაც კლუბის ხელმძღვანელობა მატჩიდან მატჩამდე ნახევარ შემადგენლობას ისეთი ჩამოყვანილი ფეხბურთელებით ავსებდა, ვინც უხელფასოდ, მხოლოდ პრაქტიკის მისაღებად იყო თამაშზე ყაბულს.

მახსოვს, როგორ გასძახა ერთი მაშინდელი მატჩისას გუნდის კაპიტანმა ქრისტეფორე შატაკიშვილმა ახალმოყვანილ, მისთვის უცნობ თანაგუნდელს, ექვსი ნომერი, ფლანგზე გამეხსენი ხოლმეო.

მიმდინარე სეზონშიც "დილა" ძირითადად ადგილობრივებით დაკომპლექტებული და რამდენიმე ნაწვევი კარგი ფეხბურთელით გაძლიერებული გუნდი იყო. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე კლუბის გვარიან აქტიურობას, ჩემპიონატის განახლებას, ალბათ, ცოტა განსხვავებული მდგომარეობით შეხვდება.

იმედია, გუნდი ტრადიციულ სახეს არ დაკარგავს. იქამდე კი, კლუბის ახალი ლოგოს, ჰიმნის, ვებგვერდის, ფანკლუბის სლოგანის შექმნაზე გამოცხადებული კონკურსის ვადაც იწურება და მალე "დილა" ამ თვალსაზრისითაც განახლდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გორის დილა მომავალ წელს ჩემპიონობისთვის იბრძოლებს მხოლოდ
javaxa
17:41 17-01-2012
0

სიახლეები პოპულარული