ტორპედო-ვიტ ჯორჯია 2:2 - ფეხბურთი თოვლზე

AutoSharing Option
26. 02. ქუთაისი. ცენტრალური. 500 მაყურებელი
ტორპედო-ვიტ ჯორჯია 2:2
0:1 ჩიმაკაძე (6), 1:1 კუხიანიძე (26), 1:2 კასრაძე (85.ჯანელიძის პასით), 2:2 ფირცხალავა (86)

ტორპედო ვიტ ჯორჯია
4-1-4-1 4-2-3-1
მიგინეიშვილი ძაძამია
რიგვავა ხურცილავა
კვახაძე ადამაძე
გამეზარდაშვილი კასრაძე
გურული ღანიაშვილი
დიღმელაშვილი ვასაძე
დოლიძე გურეშიძე
დათუნაიშვილი კორიფაძე
კუხიანიძე გ.ჯანელიძე
თარხნიშვილი ზაქრაძე
გოცირიძე ჩიმაკაძე
მწვრთნელი: მწვრთნელი:
გ.გეგუჩაძე ზ. ბერიძე

ტორპედო
54. კუხიანიძე-იოსელიანი
70. დოლიძე-საბანაძე
77. თარხნიშვილი-ფირცხალავა
სათადარიგოები: ქვილითაია, ფარულავა, ლემონჯავა, დ.ჯანელიძე

ვიტ ჯორჯია
64. ზაქრაძე-კუხალეიშვილი
81. კორიფაძე-გოგიაშვილი
სათადარიგოები: დაუშვილი, ჯუღელი, ვაშაკიძე, ჯავაშვილი, ჯაყელი

გაფრთხილება: კასრაძე (44), კვახაძე (64), თარხნიშვილი (70), ღანიაშვილი (76), ჯანელიძე (86), ჩიმაკაძე (90), ხურცილავა (90)

არბიტრი: თ.გვანცელაძე

მატჩის დაწყებამდე ქუთაისში თოვდა და "ტორპედოს" სტადიონის მოედნის საფარი მთლიანად გადათეთრდა. ამის გამო დიდი ალბათობა იყო, რომ შეხვედრა გადადებულიყო, თუმცა, მსაჯთა ბრიგადამ ბოლო მომენტში თამაშის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

ცუდმა ამინდმა და დათოვლილმა მოედანმა თამაშში მნიშნელოვანი კორექტივები შეიტანა. და მაინც, განსაკუთრებით გიორგი ჯანელიძის კარგი თამაშია აღსანიშნავი, რომელიც "ვიტ ჯორჯიას" შეტევებს უნარიანად უძღვებოდა და, რაც ყველაზე გასაოცარია, თავისი ტექნიკური არსენალის წარმოჩენას ასეთ პირობებშიც ახერხებდა.

სტუმრებმა თოვლიან მოედანს თავიდანვე უკეთ აუღეს ალღო და სწრაფი გოლიც გაიტანეს. ტორპედოელთა საპენალტესთან "გახლართულ" ბურთთან პირველი ვეტერინართა ფორვარდი ბესიკ ჩიმაკაძე გაჩნდა და მიგინეიშვილის კარში მიუჩინა ადგილი. ბერიძის შეგირდებს მალევე მეორე ბურთის გატანაც მართებდათ, მაგრამ ამ შემთხვევაში ქუთათურები თოვლმა გადაარჩინა. მახვილი კუთხიდან მეკარესთან პირისპირ გასულმა ზაქრაძემ კარის მიმართულებით გაგზავნა ბურთი, თუმცა მიგინეიშვილმა თოვლზე შეყოვნებულ "მრგვალ საგანს" მიუსწრო და კარში შეგორების საშუალება არ მისცა.

გია გეგუჩაძის შეგირდებმა საჯარიმოში ჩაწოდებებსა და შორეულ დარტყმებზე გადაიტანეს აქცენტი, რამაც შედეგი მალევე გამოიღო. 26-ე წუთზე "ვიტ ჯორჯიას" საჯარიმოში შექმნილი არეულობით გიორგი კუხიანიძემ ისარგებლა და უმაღლეს ლიგაში თავისი პირველი გოლი იზეიმა.

პირველ ტაიმში გუნდებმა თითო საგოლე მომენტი გაცვალეს. მეკარესთან პირისპირ გასულ ჩიმაკაძეს გიორგი გურული ბოლო წამს წამოეწია და ვარდნაში აართვა ბურთი, გიორგი დათუნაიშვილს კი მეკარე ძაძამიამ არ მისცა გატანის საშუალება.

მატჩის მეორე ნახევარი ვიტელების უპირატესობით წარიმართა. ბერიძის შეგირდებმა სისწრაფეებსაც მოუმატეს და მათი შეტევები გაცილებით მწვავე გახდა. ვასაძის დარტყმის შემდეგ მცველებმა კარის ხაზიდან გამოიტანეს ბურთი. კარგი მომენტები ჰქონდათ კორიფაძეს, ჯანელიძეს და შეცვლაზე შესულ კუხალეიშვილს, მაგრამ ვიტელებს დამაგვირგვინებელ ფაზაში სამივეჯერ სიზუსტე დააკლდათ. ტორპედოელთაგან კი დასამახსოვრებელი გამეზარდაშვილის "მაკრატელა" დარტყმა იყო.

სტუმრებს ამ მატჩში გამარჯვება ძალიან სჭირდებოდათ და ამასთან ახლოსაც იყვნენ, 85-ე წუთზე ჯანელიძის ჯარიმიდან ჩაწოდებულ ბურთს შეტევაში ჩართულმა კასრაძემ თავი შეაგება და ახლოდან დალაშქრა მიგინეიშვილის კარი.

სტუმრები ჯერ კიდევ გოლის გატანას ზეიმობდნენ, როცა ქუთაისელებმა თითქმის ანალოგიურ ვითარებაში მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება. იოსელიანის მიერ ჩაწოდებულ ჯარიმას გამეზარდაშვილმა თავური მიაყოლა, ბურთი ხარიხას მოხვდა, დამატებაზე ნიკა ფირცხალავამ თავითვე გადაგზავნა კარში ბურთი და "ტორპედოს" რიგებში პირველი გოლი გაიფორმა.

დარჩენილ დროში დასამახსოვრებელი მხოლოდ მოჭარბებული ყვითელი ბარათები იყო.

მატჩის შემდეგ
გია გეგუჩაძე: "მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე ძალიან რთული მატჩი გამოვიდა. ფეხბურთელების გარჯით უკმაყოფილო არა ვარ. მითითებები ზუსტად შეასრულეს, ასეთ მოედანზე სხვაგვარად თამაში შეუძლებელი იყო".

ზურაბ ბერიძე: "ქულები ძალიან გვჭირდებოდა და ქუთაისში მოსაგებად ჩამოვედით. ბიჭების თამაშით კმაყოფილი ვარ, ბევრი იბრძოლეს, მეორე ტაიმში თოვლიან და მოყინულ მოედანზე უპირატესობას ფლობდნენ. თავდადებისთვის და კარგი თამაშისთვის მათ მადლობას ვუხდი. მსაჯობა კი აშკარად უკეთესის სურვილს ტოვებდა."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული