კოლხეთი-ტორპედო 0:0 - ფოთელებმა პლეი ოფი დაიმსახურეს

AutoSharing Option
...მატჩის ბოლო წუთებში "კოლხეთი" უკვე დროის გაყვანაზე ფიქრობდა, რადგან საქართველოს ქალაქებში მიმდინარე კონკურენტთა შეხვედრებიდან ფოთელთათვის მისაღები ცნობები მოვიდა.

ყველაზე მთავარი იყო მცხეთიდან მოსული ინფორმაცია, რომ "ვიტ ჯორჯია" აგებდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ კოლხებს ფრეც აწყობდათ, ხოლო რისკზე წასვლა არ ღირდა - თუ გოლს მიიღებდნენ და "დილა" "ცხინვალს" ვერ გაუთანაბრებდა, ქვედა რვაეულში ვეტერინარებთან ერთად "კოლხეთიც" მოხვდებოდა.

როგორც უკვე იცით, ყველაფერი ფოთელთათვის კარგად დასრულდა - "კოლხეთი" მოწინავე 8 გუნდში მოხვდა და თუ ევროსარბიელზე მოსახვედრად ბრძოლას ვერ შეძლებს, არც ლიგიდან გავარდნის საფრთხე დაემუქრება.

თუმცა ყველაფერი ასე იოლად არ მოსულა. მატჩის საწყისი წუთები მასპინძლებს კარგს არაფერს უქადდა. ისედაც ნათელი იყო, რომ "კოლხეთს" ძალიან გაუჭირდებოდა.

გარკვეულ პერიოდებში ქუთათურებმა თავისი თამაში მოახვიეს მეტოქეს და ბურთიც "დაუმალეს". რამდენიმე ხიფათიც შექმნეს, თუმცა აქედანვე გეტყვით, რომ შეხვედრა მომენტებით დახუნძლული არ ყოფილა.

პირველი ხიფათი სტუმრებმა შექმნეს. მანამდეც აქტიურად მოთამაშე გრიგოლ დოლიძე მე-15 წუთზე დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანეს. ქუთათურთა 22-ე ნომერიც კარგად გაერკვა სიტუაციაში, მაგრამ კოლხთა მცველმა ბოლო მომენტში ჯარიმის ზღვარზე "დაუფარა" და თავისიანები გადაარჩინა.

მეტი ღირებული პირველ ტაიმში არაფერი მომხდარა, თუ შორეულ დარტყმებს არ ჩავთვლით და აქვე, კოლხთა სასახელოდ ისიც აღსანიშნავია, რომ ტაიმის მიწურულს ვითარების გამოსწორება და თამაშის გათანაბრება მოახერხეს.

უკვე მეორე ნახევარი ფოთელთა მცირეოდენი უპირატესობით დაიწყო. ბურთსაც უმეტესად "კოლხეთი" აკონტროლებდა და აშკარა იყო, უფრო მოტივირებულები მასპინძლები რომ იყვნენ.

ვერ ვიტყვით, რომ ქუთათურები ბოლომდე არ გახარჯულან, მაგრამ ისინი გასაგები მიზეზების გამო უფრო თავისუფლად, ფსიქოლოგიური ზეწოლის გარეშე და ლაღადაც თამაშობდნენ, თუმცა "კოლხეთმა" დაამტკიცა, რომ ანგარიშგასაწევი ძალაა და მასთან იოლ გასეირნებას, მით უფრო, ფოთში, არავინ უნდა ელოდეს.

ამის შემდეგ ხიფათს ძირითადად "კოლხეთი" ქმნიდა: ილია პავლიაშვილმა ერთ ეპიზოდში ვერ ისარგებლა "ტორპედოს" მცველთა შეცდომით, ხოლო მეორედ - მან ჩინებული გადაცემა კი გაუკეთა ბექა ტუღუშს, მაგრამ ფორვარდის დარტყმულს ადგილზე დახვდა ომარ მიგინეიშვილი.

ეს უკანასკნელი რომ არა, "კოლხეთი" მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე დაიმშვიდებდა თავს - ერთ-ერთი ჩაწოდებისას დიღმელაშვილმა ბურთს თავი ისე გაჰკრა, ქუთათურთა მეკარის რეაქცია რომ არა, მატჩი უგოლოდ არ დასრულდებოდა.

ამის შემდეგ კი ის მძიმე წუთები იყო, როცა "კოლხეთს" უკვე გოლი არ უნდა გაეშვა, რადგან "ვიტელთა" მხრიდან ჩემპიონებისთვის ბოლო წუთებში ერთდოულად 2 გოლის გატანას ("ზესტაფონი ამ დროისთვის კაცნაკლულ "ვიტ ჯორჯიას" 1:0-ს უგებდა) არავინ მოელოდა.

ასეც მოხდა და "კოლხეთი" მოწინავე 8 გუნდში მოხვდა. უნდა ითქვას, ღირსეულადაც - დავით მახარაძის შეგირდებს წელს გამართული 4 შეხვედრიდან ერთხელაც არ წაუგიათ - 2-ჯერ მოიგეს და ამდენჯერვე ფრედ ითამაშეს.

08.03.2012. ფოთი. ფაზისი. 1200 მაყურებელი
კოლხეთი-ტორპედო 0:0

კოლხეთი გაგრა
4-4-1-1 4-1-4-1
ნადირაშვილი მიგინეიშვილი
ფოფხაძე რიგვავა
ცხვიტარია კვახაძე
ლომაშვილი გამეზარდაშვილი
გაბუნია გურული
ქებაძე დიღმელაშვილი
პ. დათუნაიშვილი დოლიძე
წურწუმია გ. დათუნაიშვილი
პავლიაშვილი კუხიანიძე
გვალია საბანაძე
ტუღუში რ. გოცირიძე
მწვრთნელი მწვრთნელი
დ. მახარაძე გ. გეგუჩაძე

კოლხეთი
64. დათუნაიშვილი-ცხადაია
75. წურწუმია-სიჭინავა
სათადარიგოები: ა.მიქაბერიძე, გ.კილასონია, ბოიომო, ხატიაშვილი, ციცხვაია

ტორპედო
64. დოლიძე-იოსელიანი
76. კუხიანიძე-ფირცხალავა
86. გოცირიძე-ფანცულაია
სათადარიგოები: ქვილითაია, ფარულავა, ლემონჯავა, ვ. ბოლქვაძე

გაფრთხილება: კვახაძე (78)
არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი (თბილისი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული