ზესტაფონი-მეტალურგი 2:1 - ჩემპიონის საჩემპიონო ნაბიჯი [+VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
მატჩის დღეს ზესტაფონში დილიდან წვიმდა, მაგრამ თამაშის დაწყებამდე მზემ გამოანათა და, რომ იტყვიან, ნამდვილი საფეხბურთო ამინდი შეიქმნა.

სამიოდე დღის წინ "დინამოსთან" ბრძოლაგადატანილმა ზესტაფონელებმა მატჩი ძალიან აქტიურად დაიწყეს. მათ პირველსავე წუთზე შეეძლოთ გოლის გატანა. ჯარიმიდან შოთა გრიგალაშვილის ჩაწოდებულ ბურთს საჯაიამ მეტოქის საჯარიმოში ფეხი შეაგება და რუსთაველები მეკარე გრიგოლ ბედიაშვილის კარგმა თამაშმა იხსნა.

კობა ჟორჟიკაშვილის შეგირდებმა მასპინძელთა საწყის შტურმს კიდევ ოთხი წუთი გაუძლეს, შემდეგ კი მცველების უხეში შეცდომის გამო დაისაჯნენ. გრიგალაშვილმა ჯაბა დვალი გაიყვანა მეკ
არესთან პირისპირ და ზესტაფონელთა ენერგიულ ფორვარდს რუსთაველთა დამწუხრება არ გასჭირვებია.

დვალი გრიგალაშვილთან ერთად ძალიან აქტიური იყო და მცველებს მუდმივ დაძაბულობაში ამყოფებდა. ყურადღების ცენტრში ხშირად ხვდებოდა თორნიკე გორგიაშვილიც, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში არ უმართლებდა. მას გოლის გატანის შესანიშნავი შანსი მიეცა, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან, ფაქტობრივად, ცარიელ კარში ვერ მოათავსა ბურთი.

ზესტაფონელთა საწყისი უპირატესობის შემდეგ თამაში თანდათან გათანაბრდა და მეტოქის კარისკენ რუსთაველებმაც "გაიხედეს". როინ კვასხვაძის მზადყოფნა ირაკლი მაისურაძემ შეამოწმა, მის მიერ დაახლოებით 30 მეტრიდან დარტყმული ბურთი ზესტაფონელთა მეკარემ კუთხურზე მოიგერია. მომდევნო ეპიზოდში კვლავ მაისურაძემ იაქტიურა, მცველებს გასცდა და საჯარიმოს მისადგომებიდან სახიფათოდაც დაარტყა, მაგრამ ოდნავ უზუსტოდ გამოუვიდა.

ზესტაფონელთა დაცვა სუსტად გამოიყურებოდა, ფეროელები ერთმანეთის დაზღვევას ვერ ახერხებდნენ. ამით სტუმრებმა კარგად ისარგებლეს და მაისურაძის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ირაკლი სიხარულიძემ ახლო მანძილიდან ანგარიში გაათანაბრა.

შეხვედრა "ზესტაფონის" მცირე უპირატესობით მიმდინარეობდა. აღსანიშნავია გრიგალაშვილი- მუჯირი-დვალის კარგი კომბინაცია, თუმცა ამ უკანასკნელს მცველებმა დაასწრეს და მდგომარეობა განმუხტეს. კომბინაციები რომ არ გამოუვიდათ, ზესტაფონელებმა კურიოზულ სიტუაციაში შეძლეს გოლის გატანა: თორნიკე აფციაურის მიერ ჯარიმიდან ჩაწოდებული ბურთი შეტევაში ჩართულ გიორგი ონიანს ზურგზე მოხვდა, შემდეგ მეკარემაც ვერ შეიმაგრა და კარში აღმოჩნდა.

ჟორჟიკაშვილის გუნდს მალევე შეეძლო გათანაბრება - ზესტაფონელთა დაცვის მორიგი ჩავარდნის შემდეგ მახვილი კუთხიდან ლაშა ჯაფარიძე გავიდა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ დარტყმა არ გამოუვიდა და ხარიხას გადააცილა.

მეორე ტაიმი პირველივით კარგი საცქერი ვერ გამოდგა. გუნდები ბევრს ცდილობდნენ, მაგრამ აშკარა იყო, რომ ეს მათი საუკეთესო თამაში არ იყო. რუსთაველებს აქტიურობას ვერ დავუწუნებდით, ბევრსაც მოძრაობდნენ, მაგრამ მათ შეტევებს სიმწვავე აკლდა და ფეროელებს მათი წაკითხვა არ უჭირდათ. სამაგიეროდ, თავად მასპინძლებს შეეძლოთ წინ წასული "მეტალურგის" დამწუხრება. სწრაფი კონტრშეტევისას გრიგალაშვილს კარგად გახსნილი რაჟამაშვილისთვის ოდნავ ზუსტი გადაცემა რომ გაეკეთებინა, სტუმრებს გოლისგან აღარაფერი იხსნიდა.

ბოლო წუთზე კი დვალს ჰქონდა დუბლის გაკეთების შანსი. ბედიაშვილს კარი "დაკარგული" ჰქონდა, მაგრამ საჯარიმოს შიგნიდან მცველს გაარტყა ბურთი. ~ზესტაფონმა" რთული, თუმცა მეტად საჭირო გამარჯვება მოიპოვა და ჩემპიონობის შესანარჩუნებლად წინ დიდი ნაბიჯი გადადგა.

მატჩის შემდეგ
კობა ჟორჟიკაშვილი: "ზესტაფონი" ძლიერი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და კარგ ფეხბურთსაც თამაშობს. ჩვენი მეტოქის კოზირი მოკლე გადაცემები და ბურთის კონტროლია. თავიდანვე დავისახეთ მიზნად, რომ ზესტაფონელებისთვის ამის საშუალება არ მიგვეცა და ნაწილობრივ ეს მოვახერხეთ კიდეც.

იმერლები ისე ვერ კომბინირებდნენ, როგორც სხვა მეტოქეებთან სჩვევიათ, თუმცა პირველ ტაიმში დაშვებულმა ორმა უხეშმა შეცდომამ ყველაფერი წყალში ჩაგვიყარა. დიდი მცდელობის მიუხედავად, მეორე გოლის გაქვითვა ვეღარ მოვახერხეთ".

გია ჭიაბრიშვილი: "ძალიან რთული თამაში იყო. დასამალი არაა, რომ ჩვენი გუნდი გადაღლილი იყო. "დინამოსთან" პაექრობამ დიდი ძალები წაიღო. ძალიან ძნელია ყოველ სამ დღეში თამაში. მადლობას ვუხდი ფეხბურთელებს, რომ თავდადებით ითამაშეს. 3 ქულა ავიღეთ და სატურნირო ცხრილში პოზიციები გავიმყარეთ".

საქართველოს ჩემპინატი. II ეტაპის IV ტური. პლეი ოფი (1-8 ადგილები)
25.03. ზესტაფონი. დ.აბაშიძე. 2500 მაყურებელი
ზესტაფონი-მეტალურგი 2:1 (იხილეთ ვიდეო)
1:0 დვალი (5.გრიგალაშვილის პასით), 1:1 სიხარულიძე (29. მაისურაძის პასით), 2:1 ონიანი (37. აფციაურის პასით)

ზესტაფონი მეტალურგი
4-4-2 4-2-3-1
რ. კვასხვაძე ბედიაშვილი
ღონღაძე გავაშელიშვილი
გ. ონიანი კვარაცხელია
საჯაია მახვილაძე
ელიავა ს. თოდუა
გორგიაშვილი ქავთარაძე
აფციაური რაზმაძე
მენთეშაშვილი თექთურმანიძე
შ. გრიგალაშვილი ი. მაისურაძე
დ. მუჯირი ჯაფარიძე
დვალი სიხარულიძე
მწვრთნელი: მწვრთნელი:
გ.ჭიაბრიშვილი კ.ჟორჟიკაშვილი

ზესტაფონი
52. აფციაური - შარიქაძე
60. მუჯირი - რაჟამაშვილი
79. გორგიაშვილი - ბერაია
სათადარიგოები: მამალაძე, კობახიძე, წინამძღვრიშვილი, ხიდეშელი

მეტალურგი
61. ქავთარაძე - ტატანაშვილი
61.ჯაფარიძე - გეწაძე
74. მახვილაძე - გ. სეთურიძე
სათადარიგოები: ბათიაშვილი, დობროვოლსკი, ხოხონიშვილი, ექვთიმიშვილი

გაფრთხილება: კვარაცხელია (2), მენთეშაშვილი (24), თექთურმანიძე (68)
არბიტრი: ლ.კვარაცხელია

სხვა მატჩები
ტორპედო დინამო 1:1 (იხილეთ ვრცლად)
1:0 გოცირიძე (42), 1:1 თომაშვილი (65)

ბაია-მერანი 2:1
0:1 ე.გრიგალაშვილი (63), 1:1 კუტალია (75), 2:1 სიხრულია (78)

კოლხეთი-დილა 0:0

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1.ზესტაფონი 17 11 4 2 31-14 37
2.მეტალურგი 18 10 2 6 26-21 32
3.დინამო 17 7 5 5 31-24 26
4.ტორპედო 16 7 4 5 18-14 25
5.ბაია 17 5 5 7 14-21 20
6.დილა 17 4 5 8 17-19 17
7.კოლხეთი 17 3 7 7 9-20 16
8.მერანი 17 4 2 11 15-28 14

ბომბარდირები
დვალი (ზესტაფონი) 14
ჩისკო (დინამო) 12
ტატანაშვილი (მეტალურგი) 10

გამოტოვებული მატჩები
29 მარტი
დინამო-დილა
ზესტაფონი-ტორპედო
კოლხეთი-ბაია

V ტური
2 აპრილი
დინამო-კოლხეთი
მეტალურგი-ტორპედო
ბაია-ზესტაფონი
დილა-მერანი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული