გურია-ვიტ ჯორჯია 1:0 - ლანჩხუთელთა კატენაჩო

AutoSharing Option
14.04. ლანჩხუთი. ე. შევარდნაძე. 2500 მაყურებელი
გურია-ვიტ ჯორჯია 1:0
1:0 ჯანგიძე (28)

გურია ვიტ ჯორჯია
4-4-1-1 4-4-1-1
ბუბუტეიშვილი დაუშვილი
ჩუენსუ გოგიაშვილი
ბაქრაძე ხურცილავა
რ. ონიანი კასრაძე
ჯანგიძე ღანიაშვილი
ჩარგეიშვილი დავლაშელიძე
მოსიაშვილი ვასაძე
მაისაშვილი გურეშიძე
ტ. კუკულაძე კორიფაძე
კვერენჩხილაძე გ. ჯანელიძე
გ. თოდუა ჩიმაკაძე
მწვრთნელი მწვრთნელი
გ. იმნაძე მ. კოჭლაშვილი

გურია
68. ჩარგეიშვილი - სამსეიშვილი
76. ტ. კუკულაძე - რ. კუკულაძე
89. თოდუა - ალავერდაშვილი
სათადარიგოები: გოგუაძე, ზ. ჩხეტიანი, ლაღაძე, გორგუჩაძე

ვიტ ჯორჯია
46. დავლაშელიძე - ე. ლობჟანიძე
62. გურეშიძე - ჯაყელი
75. კორიფაძე - ზაქრაძე
სათადარიგოები: რეჭია, ჯუღელი, ვაშაკიძე, კუხალეიშვილი

გაფრთხილება: ღანიაშვილი
(16), გურეშიძე (43), ბაქრაძე (60).

არბიტრი: ლ. კვარაცხელია

ბოლოს ეს გუნდები 10 წლის წინ შეხვდნენ ერთმანეთს, რასაც გასაგები მიზეზი აქვს - "გურიის" დაღმასვლა დაემთხვა ვეტერინართა ქართული ფეხბურთის ელიტაში დამკვიდრებას. დღეს ორივე მათგანი უმაღლეს ლიგაში დარჩენა-მოსახვედრად იბრძვის და თუ რაიმე სასწაული არ მოხდა, მიზნის მიღწევა დიდად არ უნდა გაუჭირდეთ.

მატჩს უფრო დიდი მნიშვნელობა მაინც გურულებისთვის ჰქონდა. წარმატებული გასვლითი შეხვედრების შემდეგ საკუთარ მოედანზე ჯერაც მოუგებელ "გურიას" ისიც უნდა დაემტკიცებინა, რომ სხვა უმაღლესლიგელებთან წარმატება შემთხვევითი არ იყო.

თავის მხრივ, ვეტერინარებსაც, ქულების გარდა, იმის ამბიციაც ჰქონდათ, გასვლაზე ზედიზედ მეორედ პირველლიგელთან (წინა შემთხვევაში "ჩიხურასთან") არ წაეგო.

თითქმის ერთთვიანი შესვენების შემდეგ "ევგრაფი შევარდნაძე" მრავალრიცხოვანი ქომაგით დაუხვდა პლეი-აუტის ლიდერების მატჩს. მართალია, მასპინძელმა ქომაგებმა წარმატებით ფრიად გაიხარეს, თუმცა გუნდებს მათთვის თვალსასეირო თამაში ნამდვილად არ უჩვენებიათ.

შეხვედრა მასპინძლების უპირატესობით დაიწყო და ტაიმის ბოლომდე ლანჩხუთელები დომინირებდნენ. უკვე მე-7 წუთზე შეეძლო გია თოდუას ანგარიშის გახსნა, როცა თამაზ ჩარგეიშვილის ჩაწოდებულზე შექმნილი არეულობით ჩინებულ სიტუაციაში მიიღო ბურთი. თითქოს ფორვარდმაც კარგად გაისროლა, მაგრამ ვიტელთა მეკარეს ვერაფერი დააკლო - ნიკა დაუშვილმა თავისიანები იხსნა.

მალევე თოდუა კვლავ ჩარგეიშვილის გადაცემას გამოეხმაურა, თუმცა დაუშვილმა მის თავურსაც არ მისცა კარში შესვლის საშუალება.

მე-15 წუთზე უკვე ლანჩხუთელთა მეკარე გაისარჯა საიმედოდ - დავით ხურცილავას ჩაწოდებულს ფეხი ბესიკ ჩიმაკაძემ გაჰკრა. ლევან ბუბუტეიშვილის მოგერიებული ძელის გავლით ისევ მეკარესთან მივიდა.

ამის შემდეგ ისევ მასპინძელთა ჯერი დადგა. ჯერ იყო და, თოდუამ გიგა კვერენჩხილაძე სტუმარ მეკარეს პირისპირ შეჰყარა. კლუბის მთავარმა მეგოლემ დაუშვილს დაასწრო (ცოტათი რომ დაეგვიანა, ალბათ, ბოლო იმედის ზღვარზე პენალტს "აჰკიდებდა") და თავზე ჩინებულად გადაუგდო ბურთი, რომელიც მეკარის ბაქანში დაეცა და კარს ცოტათი გადასცდა.

28-ე წუთზე კი მასპინძლებმა გატანა მაინც მოახერხეს - კვერენჩხილაძემ ბოლომდე იბრძოლა, პირითი ხაზიდან ბურთი მოედანზე შემოაბრუნა, რომელიც საჯარიმოს მისადგომებთან მყოფ ლაშა ჯანგიძეს მიუვიდა. მისი დარტყმული ორი მცველის გავლით "ვიტ ჯორჯიას" კარში აღმოჩნდა, 1:0.

სხვათა შორის, ეს უკვე მესამე შემთხვევაა (ზედიზედ მეორე!), როცა გურულთა მცველი ანგარიშის გახსნას ახერხებს და გატანილი გოლებით კლუბში მხოლოდ მთლიანად პლეი აუტის თანაგუნდელ ბომბარდირ გიგა კვერენჩხილაძეს ჩამორჩება.

როგორც ხდება ხოლმე, დაწინაურებული "გურია" მეორე ტაიმში დაცვაში "ჩაჯდა" და ცენტრი მთლიანად მეტოქეს დაუთმო. საწყის წუთებში ორიოდ ხიფათი გაცვალეს გუნდებმა - ჯერ ბუბუტეიშვილმა შეუმცირა კუთხე მეტოქეს და არ გაატანინა, ხოლო შემდეგ უკვე თოდუამ საჰაერო ბრძოლა მოუგო მცველებს, მაგრამ დავით მაისაშვილმა, რომელიც მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო, ყოფილ თანაგუნდელებს ვერ გაუტანა - ვიტელები ისევ მეკარემ გადაარჩინა.

ამის შემდეგ გუნდებს ხეირიანი არაფერი შეუქმნიათ. ვეტერინართაგან გიორგი ჯანელიძე ბევრს აქტიურობდა, მაგრამ სტუმრები რატომღაც საჯარიმოში ჩაწოდებებით ცდილობდნენ ფონს გასვლას (ფლანგებს ნაკლებად იყენებდნენ). მათ ბოლო წუთებში "გურიის" საჯარიმოს სიახლოვეს არაერთი სახიფათო ჯარიმაც მოიპოვეს, თუმცა "გურიის" დაცვა უშეცდომოდ თამაშობდა - ლანჩხუთელთა უკანა ხაზი როინ ონიანმა აშკარად გააძლიერა და ასევე ჩინებულად მოთამაშე დავით ბაქრაძესთან ერთად თითქმის გაუვალი გახადა.

ასევე აღსანიშნავია გოლის ავტორის გარჯაც - ჯანგიძე მისთვის უჩვეულო მარცხენა მცველის პოზიციაზე მეტად საიმედოდ თამაშობს.

მატჩის მიწურულს იყო ეპიზოდი, რამაც სტუმრები მსაჯებზე გაანაწყენა: 86-ე წუთზე, მართალია, ბექა ზაქრაძეს ბურთი გურულთა მცველი ბაქრაძის გავლით მიუვიდა, მაგრამ ისე ჩანდა, რომ შეცვლაზე შემოსული ვეტერინარი უკვე ჯანელიძის ჩაწოდებულზეც თამაშგარეში იმყოფებოდა - მსაჯებმა მისი თავურით გატანილი გოლი ამ მოტივით გააუქმეს.

სულ ბოლოს კი შეტევაში წასულ ვიტელთა მეკარესაც შეეძლო თავი გამოეჩინა, მაგრამ ბურთს თავი კარგად ვერ დაუხვედრა და მალევე ლევან კვარაცხელიას სასტვენიც გაისმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული