ილია კოკაია: "მერანი"-"მეტალურგი" გარიგებული იყო, ბუბა ტყავაძე მოსაკვეთია!

AutoSharing Option
17 მაისს თბილისში, "ზესტაფონის" ოფისში, კლუბის პრეზიდენტის, ილია კოკაიას პრესკონფერენცია გაიმართა, რომლის უმთავრესი თემაც, რა თქმა უნდა, საქართველოს ჩემპიონატის დებულების ირგვლივ გაჩაღებული პოლემიკაა.

თავიდანვე გეტყვით, რომ პრესკონფერენციაზე "ზესტაფონის" პრეზიდენტმა საკმაოდ მკვეთრი და კონკრეტული განცხადებები გააკეთა.

- ყველას მადლობას გიხდით ამ თემით დაინტერესებისთვის. ამ პრესკონფერენციაზე მხოლოდ ჩემი კი არა, მთლიანად კლუბისა და მისი გულშემატკივრების სახელით ვილაპარაკებ.

რეგლამენტში გარკვევით წერია, რომ ქულათა თანაფარდობის შემთხვევაში, უპირატესობა იმ გუნდს ენიჭება, რომელმაც ჩემპიონატში მეტი გამარჯვება მოიპოვა.

ამგვარმა ფორმულირებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აზრს
პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენ დებულებით ვხელმძღვანელობთ. ჩემპიონატი აგვისტოში დაიწყო და არა - მარტში. დიახ, ჩვენ ჩამოგვაკლდა ქულები, მაგრამ არ ჩამოგვკლებია გამარჯვებები, ფეხბურთელთა გოლები თუ სხვა სტატისტიკური მაჩვენებლები. დებულებაში გარკვევით წერია - "ჩემპიონატი", და არ არის დაზუსტებული პლეი ოფი, ზედა რვა გუნდში მოპოვებული ქულები თუ სხვა.

რაც შეეხება კლუბებისთვის 15 მარტს გაგზავნილ განმარტებას, ეს რეალურად, დებულებაში შეტანილი ცვლილებაა, რაც შეჯიბრების მსვლელობისას არ უნდა ხდებოდეს. ესეც რომ არ იყოს, ამ განმარტების წერილს იურიდიული ძალა არ გააჩნია - აღმასკომის მიერ მიღებული დოკუმენტის შეცვლა თუ განმარტება მხოლოდ აღმასკომს შეუძლია.

- ზვიად სიჭინავამ განაცხადა, რომ ჩემპიონატის ლიდერი "მეტალურგია"...
- საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის უმაღლესი ორგანო არის აღმასკომი და ჩვენ მის გადაწყვეტილებას დავემორჩილებით.

- თუ "მეტალურგმა" და "ზესტაფონმა" ჩემპიონატი თანაბარი ქულებით დაასრულეს, რას მოიმოქმედებთ?
- დებულებით ჩემპიონი გახდება "ზესტაფონი" და ტიტულზე უარის თქმას არ ვაპირებთ. არ ვიცი, ეს საკითხი აღმასკომზე გაირჩევა თუ 5 ივნისს დანიშნულ ყრილობაზე, მაგრამ კუთვნილ ჩემპიონობას ვერავის დავუთმობთ.

- საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ნებისმიერ გადაწყვეტილებას დაემორჩილებით?
- აუცილებლად დავემორჩილებით, მაგრამ აღმასკომის გადაწყვეტილებას და არა - ფედერაციის პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტის ან გენერალური მდივნის გადაწყვეტილებას.

ეროვნულ ჩემპიონატს ფედერაცია ატარებს და მის ვერდიქტს დაველოდებით. მასზე ზემდგომი საერთაშორისო ფედერაციებისთვის მიმართვას ჯერჯერობით არ ვაპირებთ. იურისტებთან კი აქტიურ კონსულტაციებს გავდივართ.

აქვე რუსთავის "მეტალურგის" მმართველი დირექტორის, ბუბა ტყავაძის განცხადებას გამოვეხმაურები. იგი "გაღმა შეედავეს" პრინციპით მოქმედებს - სასაცილოა, ჩვენ მიერ ჩატარებული მატჩების პატიოსნებაში ტყავაძეს რომ შეაქვს ეჭვი. მას ამ სიტყვებისთვის პასუხს მოვთხოვთ.

ფეხბურთის ფედერაციას მოვუწოდებ, "ზესტაფონისა" და "მეტალურგის" თამაშები კარგად გამოიკვლიონ და ნახავენ, ვინ თამაშობს სუფთად და ვინ - ბინძურად.

რაც შეეხება ტყავაძეს, ბოლომდე ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ იგი ქართული ფეხბურთიდან მოიკვეთოს. მისი დემაგოგიური განცხადებები ყელში ამოგვივიდა.

შარშანდელი ჩემპიონატი სუფთად ჩატარდა და შედეგიც შესაბამისი მოვიმკეთ - ქართულმა კლუბებმა ევროთასებზე ღირსეულად იასპარეზეს. თითქოს ყველაფერი უკეთესად მიდიოდა, მაგრამ ამ სეზონმა ძველ დროში დაგვაბრუნა. საქმისადმი ასეთი მიდგომით ინვესტორი ფეხბურთში ფულს არ ჩადებს. არც ის უნდა გვიკვირდეს, რატომ არ დადის ხალხი საქართველოს ჩემპიონატზე.

ბინძურ გარიგებაში მონაწილე ყველა პიროვნება ქართული ფეხბურთიდან ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოიკვეთოს. მე არ ვგულისხმობ შარშან დასჯილ ფეხბურთელებს და მათ მსგავს ადამიანებს. ეს მხოლოდ აისბერგის წვერია. სიბინძურე საფუძველშივეა მოსასპობი.

თუ ქართული ფეხბურთი ამ მანკიერებებისგან არ გაიწმინდება, "ზესტაფონი" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით ჩატარებულ ტურნირებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. ხოლო პირველი, რასაც მოვიმოქმედებთ, ის იქნება, რომ 26 მაისს საქართველოს თასის ფინალში არ ვითამაშებთ.

დღეს წამყვანი ქართული კლუბებიდან სუფთად მხოლოდ სამი კლუბი თამაშობს - "ზესტაფონი", "ტორპედო" და "დინამო". სწორედ ამიტომ არის ეს სამი კლუბი სეზონის ფინიშზე ასე ძალაგამოცლილი.

- გარიგებული მატჩებიდან რომელიმეს კონკრეტულად ხომ არ დაასახელებთ?
- მარტვილის "მერანისა" და რუსთავის "მეტალურგის" შეხვედრა გარიგებული იყო.

- მსაჯების თუ ხელმძღვანელობის დონეზე?
- მსაჯები არაფერ შუაში არიან, გარიგებაში ორივე კლუბის ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ და ამის შესახებ ფაქტებიც მაქვს. თუ სამართალდამცავი ორგანოები დაინტერესდებიან, მათ ამ ფაქტებს სიამოვნებით მივაწვდი. მსაჯებზე ზეწოლა ნუ იქნება და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ისინი საკუთარ მოვალეობას თავს ნორმალურად და კეთილსინდისიერად გაართმევენ.

"დავემორჩილებით აღმასკომის გადაწყვეტილებას და არა ფედერაციის პრეზიდენტისას"
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
მიაწექით ბოლომდე,ჩემპიონები ჩვენ გავხდებით,მეტალურგი ფოთში ქულებს კარგავს,მთავარია მერანი დიდი უპირატესობით დავამარცხოთ,თუნდაც გახადონ მეტალურგი ჩემპიონი რას იზამს ლუგაზე?შეარცხვენს ქართულ ფეხბურთს და მეტს ვერაფერს,ფედერაცია არის უნამუსოების ხროვა,გუშინდელ გადაცემაში ფედერაციის პრეზიდენტი რომ საუბრობდა თვითონაც არ იცოდა რას ამბობდა,რაუნდა ასეთ ხალხს ფეხბურთის სათავეში არცერთ ქვეყანაში ასეთი დებულება არ არსებობს როგორიც ჩვენთან,
vasiko basiladze
10:48 18-05-2012
0
ქართული ფეხბურტი დაგუპულია და ესენი მის გადარჩენას კი არ ცდილობენ პირიქით გუპავენ ზესტაფონი რა მამა აბრამის ბატკანია მაგათ თურმე ახალი წესი აქვთ რაც მე შემემთხვა ზესტაფონი ქუთაისის თამაშზე პირველი ტაიმის მერე მითხრენ გარეთ ვერ გახვალ და თუ გახვალ შემოსასვლელად ახალი ბილეთი იყიდეო ვესაუბრე იქ დაცვის სამსახურის უფროსაც მაგრამ ამაოდ ესეთი წესიაო.ესე დაიძირება ფეხბურთი ხალხო გამოიგვიძედ სირცხვილია და მეტალურგი რო გარიგებულ ტამაშებს ტამაშობს ეს მარტყო კოკაიამ კი არა ბევრმა იცის ხმა ამოიგედ
giga
12:27 18-05-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული