20 მაისს ჩემპიონობა "ზესტაფონმაც" იზეიმა და "მეტალურგმაც", ხოლო რომელი მათგანის ზეიმი აღმოჩნდებოდა უსაფუძვლო, ეს მეორე დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის საგანგებო სხდომაზე უნდა გარკვეულიყო.
უმაღლესი ლიგის დასრულებამდე მცირე ხნით ადრე იმედი გამოვთქვით, რომ "ზესტაფონი" და "მეტალურგი" სეზონს ქულათა თანაბარი რაოდენობით არ დაასრულებდნენ. თუმცა სწორედ ასე მოხდა და მეტისმეტად უსიამოვნო სიტუაციას მაინც ვერ ავცდით - საქართველოს ჩემპიონი საფეხბურთო მოედანზე კი არა, არამედ
ბოლო დროს ფედერაციის ხელმძღვანელები თუ სხვა პასუხისმგებელი პირები აცხადებდნენ, რომ ქულათა თანაფარდობის შემთხვევაში ჩემპიონი "მეტალურგი" გახდებოდა, სფფ-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ცხრილშიც პირველ ადგილზე "მეტალურგი" ეწერა, მაგრამ აღმასკომმა ხანგრძლივი თათბირის შემდეგ საქართველოს ჩემპიონად "ზესტაფონი" გამოაცხადა.
ჩემპიონის საკითხი კი სადავო იმიტომ გახდა, რომ საქართველოს ჩემპიონატის დებულების მიხედვით, თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა იმ გუნდს ენიჭება, რომელსაც გამარჯვებათა მეტი რაოდენობა აქვს. ზესტაფონელებს მთლიან ჩემპიონატში აღმოაჩნდათ მეტი მოგება, რუსთაველებმა კი კონკურენტს ამ მაჩვენებლით რვა საუკეთესო გუნდში მოპოვებული გამარჯვებათა რაოდენობით აჯობეს.
დებულებაში გარკვევით ვკითხულობთ, რომ უპირატესობა ენიჭება ჩემპიონატში მეტი მოგების მქონე გუნდს და იმავე პუნქტში არსად არის ნახსენები პლეი ოფი ან რვა საუკეთესო გუნდი. სწორედ ამიტომ "ზესტაფონი" ითხოვდა, რომ სფფ-ს ამ ტერმინით ეხელმძღვანელა.
თავის მხრივ, "მეტალურგი" 15 მარტს პლეი ოფის სტარტზე ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტიდან კლუბებში დაგზავნილი განმარტების წერილის გათვალისწინებას ითხოვდა. როგორც გახსოვთ, ამ წერილში ეწერა, რომ მეტი მოგება ზედა რვა გუნდს შორის იგულისხმებოდა. "ზესტაფონის" კონტრარგუმენტი კი ის იყო, რომ აღმასკომის მიერ დამტკიცებული დებულება ამ წერილით ვერ შეიცვლებოდა და აღმასკომზე დამტკიცების გარეშე მას არავითარი იურიდიული ძალა არ ჰქონდა.
აღმასკომის სხდომა დაახლოებით 12 საათსა და 30 წუთზე დაიწყო და ორ საათზე მეტხანს გასტანა. აღსანიშნავია, რომ მანამდე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა, სადაც მინისტრ ლადო ვარძელაშვილთან ჰქონდა საქმიანი შეხვედრა.
აღმასკომის სხდომა მხოლოდ საწყისი ათი წუთის განმავლობაში იყო ღია, რის შემდეგაც საკითხის განხილვა დახურულ კარს მიღმა გაგრძელდა.
აღსანიშნავია, რომ სხდომას კლუბების წარმომადგენლები არ დასწრებიან და, შესაბამისად, ატმოსფერო ნერვული და ემოციური არ ყოფილა.
აღმასკომის სხდომის დასრულებისთანავე მედიას დარბაზში უხმეს და მიღებული გადაწყვეტილებები ზვიად სიჭინავამ გამოაცხადა.
- საქართველოს ჩემპიონად გამოცხადდა "ზესტაფონი", რადგანაც აღმასკომმა დაასკვნა, რომ დებულებაში ნახსენები სიტყვა "ჩემპიონატი" გულისხმობს მთელ ჩემპიონატს და არა მის რომელიმე სტადიას;
- აღმასკომმა მკაცრად გააფრთხილა "ზესტაფონის" პრეზიდენტი ილია კოკაია. სიჭინავას განცხადებით, თუ იგი ფეხბურთის ფედერაციასთან ულტიმატუმის ენით საუბარს განაგრძობს, "ზესტაფონი" ჩემპიონატიდან მოიხსნება;
- აღმასკომის გადაწყვეტილებით, ილია კოკაიამ აღმასკომს ერთი კვირის განმავლობაში უნდა წარუდგინოს ის ფაქტები, რომლებზეც თავად ისაუბრა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ "ზესტაფონის" პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე ღიად განაცხადა, რომ მარტვილის "მერანისა" და რუსთავის "მეტალურგის" მატჩი გარიგებული იყო (იხილეთ ვრცლად). კოკაიამ იქვე თქვა, რომ ამის შესახებ უტყუარი ფაქტები აქვს.
სიჭინავას განცხადებით, აღმასკომმა იურისტებთან კონსულტაციები გაიარა და ზემოთ ნახსენები სამივე საკითხის თაობაზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
აღმასკომის სხდომის მთავარი საკითხი, რა თქმა უნდა, ჩემპიონის დასახელება იყო, თუმცა აღმასკომის წევრები სხვა საჭირბოროტო საკითხებსაც შეეხნენ. მათ შორის განსაკუთრებულია გარიგებული მატჩები.
კოკაიას მიერ დასახელებული "მერანი"-"მეტალურგის" შეხვედრა უფრო დეტალურად, შესაძლოა, უახლოეს აღმასკომზე ან 5 ივნისს დანიშნულ ყრილობაზეც გაარჩიონ - ეს იმ შემთხვევაში, თუ "ზესტაფონის" პრეზიდენტი დაპირებულ მტკიცებულებებს წარმოადგენს.
თუ ასე მოხდა, საქმეში სამართალდამცავი ორგანოებიც ჩაერთვებიან, ხოლო თუ კოკაიამ ფაქტები ვერ წარმოადგინა, მას, ალბათ, ნახსენები კლუბების მიმართ ბოდიშის მოხდას მოსთხოვენ.
მოკლედ, საინტერესო ამბები გველის და ნუ გამოვრიცხავთ, რომ სულ მალე საჩემპიონო დავაზე უფრო ხმაურიანი თემები ამოტივტივდეს.
ჩემპიონატი კი დასრულდა. დებულების თანახმად, ტიტული "ზესტაფონს" მიეკუთვნა, მაგრამ ამით პრობლემა უმტკივნეულოდ ვერ გადაიჭრა. ვის სასარგებლოდაც უნდა დასრულებულიყო ეს დავა, უსიამოვნო ვითარებას მაინც ვერ გავექცეოდით. "მეტალურგის" ფეხბურთელებისა თუ გულშემატკივრების გულისტკივილის გაზიარებაც აუცილებელია - მათ ხომ ფეხბურთის ფედერაცია ეუბნებოდა, რომ ლიდერები იყვნენ და სწორედ ამიტომ ჩემპიონობაც იზეიმეს...
პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ შექმნილ ვითარებაში ბრალი ფეხბურთის ფედერაციას მიუძღვის, რომელმაც დებულების შედგენისა და განსაკუთრებით, მისი განმარტებისას შეცდომა დაუშვა. ეს ისეთი შეცდომაა, რომელსაც უმტკივნეულოდ ვეღარ გამოასწორებ.
ამ საქმეს ბოდიში არ უშველის, მაგრამ მაინც არ იქნებოდა ურიგო, სფფ-მ მომხდარის გამო პასუხისმგებლობა იგრძნოს, საკუთარი შეცდომა აღიაროს და კლუბებსაც და საფეხბურთო სამყაროსაც ამ სრულიად არასაჭირო და არაფრისმომცემი დავიდარაბის წარმოქმნისთვის მოუბოდიშოს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომის ოქმი N11
ქ. თბილისი
სფფ-ის საკონფერენციო დარბაზი
21 მაისი, 2012 წ.
ესწრებოდნენ
დ. სიჭინავა, ა. ჩივაძე, გ. ფირცხალავა, ვ. ვარძელაშვილი, გ. ასანიძე, მ. ანჯაფარიძე, გ. როსტომაშვილი, გ. ცაავა, ს. კვარაცხელია, გ. რევაზიშვილი, კ. ებრალიძე, გ. მაისურაძე, ს. გაბელაია, ლ. მინდელი.
დღის წესრიგი
1. საქართველოს XXIII ეროვნულ ჩემპიონატში შექმნილი მდგომარეობის შესახებ;
2. სხვადასხვა.
1. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა განიხილა საქართველოს XXIII ეროვნულ ჩემპიონატში შექმნილი სიტუაცია, რომელშიც ს.კ. "ზესტაფონმა" და რუსთავის "მეტალურგმა" დააგროვეს თანაბარი ქულები.
საქართველოს 2011-12 წწ. XXIII ეროვნული ჩემპიონატის დებულების 3.3 მუხლის თანახმად, პირველ ეტაპზე უმაღლეს ლიგაში 1-8 ადგილზე გასული გუნდები ერთმანეთთან ნათამაშებ მატჩებში დაგროვილი ქულებით (ბურთებით) ორ წრედ გააგრძელებენ ბრძოლას საჩემპიონო პლე-ოფში. ამავე დროს, დებულების 4.4 მუხლის შესაბამისად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:
4.4.1. ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
და ა. შ.
ამასთან ერთად, მეორე ეტაპის დაწყების წინ სფფ-ის საშეჯიბრო განყოფილების მიერ უმაღლესი ლიგის კლუბებისადმი განმარტების სახით გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები გაირკვევა 1-8 ადგილების საბოლოო ცხრილის შედეგების შესაბამისად ჩემპიონატის დებულების 4.4.1. და ა. შ. მუხლების მიხედვით. აქედან გამომდინარე, სფფ-ის აღმასკომმა ხმათა უმრავლესობით (13 თანახმა, 1- წინააღმდეგი)
დაადგინა: 1.1. საქართველოს 2011-12 წლების XXIII ეროვნული ჩემპიონატის დებულების 4.4.1. მუხლის შესაბამისად, საქართველოს 2011-12 წლების ჩემპიონად გამოცხადდეს ზესტაფონის "ზესტაფონი", რადგან ჩემპიონატის განმავლობაში "ზესტაფონმა" მოიგო 24 მატჩი, ხოლო "მეტალურგმა" - 19 მატჩი.
2. ბოლო ხანებში ს.კ. "ზესტაფონის" პრეზიდენტის, ილია კოკაიას მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიმართ ულტიმატუმის ენით საჯარო გამოსვლებს.
ამასთან დაკავშირებით სფფ-ის აღმასკომმა დაადგინა:
2.1. სფფ-ის მიმართ ულტიმატუმების ენით საჯარო გამოსვლებისათვის გაფრთხილებულ იქნეს ს.კ. "ზესტაფონის" პრეზიდენტი ილია კოკაია. მომავალში მსგავსი ულტიმატუმების ენით საჯარო გამოსვლებისათვის ს.კ. "ზესტაფონის" მიმართ სფფ-ის მხრიდან გატარდეს უმკაცრესი ზომები, მათ შორის, ჩემპიონატიდან მოხსნაც.
2.2. ნებისმიერი კლუბის ოფიციალური პირების მხრიდან სფფ-ს მიმართ ულტიმატუმების წაყენების შემთხვევაში სფფ-ის მხრიდან კლუბების მიმართ გატარდეს უმკაცრესი ზომები, მათ შორის, ჩემპიონატიდან მოხსნაც.
3. ს.კ. "ზესტაფონის" პრეზიდენტმა ილია კოკაიამ საჯაროდ განაცხადა, რომ იგი ფლობს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ს.კ. მარტვილის "მერანისა" და რუსთავის "მეტალურგის" 2012 წლის 2 მაისის მატჩი ჩაწყობილი იყო. ამასთან დაკავშირებით სფფ-ის აღმასკომმა
დაადგინა: 3.1. დაევალოს ს.კ. "ზესტაფონის" პრეზიდენტს ილია კოკაიას, ერთი კვირის განმავლობაში სფფ-ს აღმასკომს წარუდგინოს ზემოთ მოყვანილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტები.
სფფ-ის გენერალური სამდივნო
ჩემპიონი ზესტაფონია! (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ
ბუბა ტყავაძე: აღმასკომის გადაწყვეტილება უსამართლოა!