ღია წერილი
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ბატონ დომენტი სიჭინავას!
ბატონო დომენტი,
მოგმართავთ საფეხბურთო კლუბ "გურიის" მრავალრიცხოვანი ქომაგის სახელით.
უპირველესად, მადლობას მოგახსენებთ პირადად თქვენ, თქვენს დაქვემდებარებაში მყოფ ორგანიზაციასა და საქართველოს სპორტის სამინისტროს იმ საქმიანობისთვის, რასაც ეწევით ბოლო წლებში ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის. ასევე, ვემადლიერებით მთავრობას იმ მხარდაჭერისთვის, რასაც რეგიონებში სპორტისა და ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობისთვის აკეთებს.
მხედველობაში გვაქვს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელიც ლანჩხუთის ცენტრალური სტადიონის რეკონსტრუქციასაც ითვალისწინებს.
ჩვენ, "გურიის" ქომაგები, დიდი იმედებით შევხვდით ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებას, როცა ბატონმა მიხეილ
ამის პარალელურად საფეხბურთო კლუბი "გურია" იბრძოდა უმაღლესი ლიგის საგზურის მოსაპოვებლად. მთელი პირველობის მანძილზე კლუბს არ აკლდა ადგილობრივი ხელისუფლების, განსაკუთრებით, რაიონის გამგებლის, ბატონ გიორგი გოგუაძისა და გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის თავკაცის, ბატონ კახაბერ ებრალიძის მხარდაჭერა.
"გურიას" მთელი სეზონის მანძილზე არ მოკლებია გულშემატკივრის აქტიური ქომაგობა - 20-წლიანი პაუზის შემდეგ ამდენი გულშემატკივარი "ევგრაფი შევარდნაძეზე" პირველად მოვიდა. ლანჩხუთში მატჩებს, მინიმუმ, 3 ათასი ქომაგი ესწრებოდა და იყო შეხვედრები, როცა სტადიონზე 7 ათასამდე გულშემატკივარი მოვიდა. გუნდი არც გასვლით შეხვედრებზე დაგვიტოვებია ქომაგობის გარეშე და უმეტეს შეხვედრაში, უმრავლესობასაც ვქმნიდით მასპინძელ ქომაგებთან შედარებით.
ბოლო შეხვედრაში უნიათო გამოსვლის შემდეგ ჩვენთვის ძალიან ძნელია ვისაუბროთ დებულებაზე, მაგრამ ისევ "გურიის" მომავლისა და ლანჩხუთში ფეხბურთის გადარჩენისთვის, ვბედავთ ვისაუბროთ იმ თემაზე, რომლითაც, დარწმუნებულები ვართ, უმაღლესი ლიგის საგზური "გურიას" ეკუთვნის.
ჩვენ არ გვსურს სიტუაციის გამწვავება, არც 23-ე ჩემპიონატის დებულებაში დაშვებულ შეცდომაზე გავამახვილებდით ყურადღებას, რომ არა ანალოგიურ შემთხვევაში სხვა გუნდისთვის ("ზესტაფონი") ჩემპიონობის (სამართლიანად) მინიჭება.
მართალია, "ზესტაფონი" თავიდანვე უმაღლეს ლიგაში ასპარეზობდა და "ვიტ ჯორჯიასთან" შედარებით "გურიას" პირველ ეტაპზე პირველ ლიგაში გამოსვლით გარკვეული უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ როგორც "ზესტაფონის" შემთხვევაში ითქვა, რომ არსად იყო ნახსენები "პლეი ოფი", ასევე არ ყოფილა ნახსენები "პლეი აუტი" და "განულებული ქულები".
ეს უკანასკნელი საერთოდ უსაფუძვლო არგუმენტია - "ზესტაფონს" არ ჩაეთვალა თუნდაც იმავე "ვიტ ჯორჯიასთან" ქულები (ანუ მასაც გაუნულდა), თუმცა ამას არ მოუხდენია გავლენა, მასთან განულებული ქულების პირობებში მოპოვებული გამარჯვებები საბოლოო საჩემპიონო დათვლაში ჩათვლოდა.
დებულება, მოგეხსენებათ, ჩვენი პირველობის მთავარი კანონია და საერთოდაც, საქმის სამართლიანი გადაწყვეტა არ ითვალისწინებს "გულისხმობის" პრინციპებს - კანონი ერთნაირად მოქმედებს ყველა კლუბზე და რადგან რაიმე მინიშნება არ არის, არანაირი მიზეზი საკითხის განსხვავებულად გადაწყვეტისა არ არსებობს.
საერთოდაც, ათამდე იურისტთან გავიარეთ კონსულტაცია და ყველა მათგანი აცხადებს, რომ რადგან უპირატესობა დებულების მიხედვით ენიჭება "ჩემპიონატში მოგებათა მეტ რაოდენობას" და არსად არის ნახსენები პირველი და მეორე ეტაპი, უმაღლესი და პირველი ლიგა და ა. ., ამასთან, 23-ე ჩემპიონატი დაიწყო აგვისტოში და დამთავრდა 21 მაისს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ამ ჩემპიონატის მანძილზე მოგებათა მეტ რაოდენობას, რაც "გურიას" მეტი აქვს, ვიდრე - "ვიტ ჯორჯიას".
ჩვენ კარგად გვესმის, რომ დებულებაში დაზუსტების არსებობის შემთხვევაში, "ვიტ ჯორჯიას" მიენიჭებოდა უპირატესობა. ამიტომაც არ ვითხოვთ, რომ "გურიამ" უმაღლეს ლიგაში იასპარეზოს და "ვიტ ჯორჯია" დაქვეითდეს. ამ სიტუაციიდან გამოსავალი, ვფიქრობთ, ლიგაში გუნდების დამატება იქნება.
დასასრულ, მოგმართავთ თხოვნით: გაითვალისწინოთ ლანჩხუთში ფეხბურთისადმი სიყვარული, "გურიის" ტრადიციები, ქალაქში საფეხბურთო კუთხით მოსალოდნელი ინფრასტრუქტურული სამუშაოები და ახალ სეზონში უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის საშუალება მოგვცეთ.
როგორც უკვე მოგახსენეთ, უმაღლესი ლიგის საგზური ჩვენ დებულების მიხედვითაც გვეკუთვნის, თუმცა თქვენი უწყების მიერ მოძებნილ რაიმე სახის სხვა გამოსავალზეც არ ვიტყვით უარს.
ჩვენ აღნიშნულთან დაკავშირებით კლუბის ადმინისტრაცია საქმის კურსში ჩავაყენეთ და მივიღეთ პირობა, რომ თქვენთან კონსულტაციის შემდეგ კლუბი საკითხს ფეხბურთის ფედერაციის ყრილობაზე დააყენებს.
პატივისცემით, "გურიის" ფან-კლუბი
რედაქციისაგან: დედნის სტილი დაცულია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
"ჩემპიონატში" ნიშნავს მის ერთ უმაღლეს ლიგაში და არა ყველა ლიგაში ჩატარებულ თამაშებს და პირველ ლიგაში თამაშების გათვალისწინებას უაზროდ ითხოვენ,,, საკითხის გადაწყვეტა ხო საერთოდ სისულელეა რას ნიშნავს "დაამატონ" მასეთი დამატებები და გამოკლებები ღუპავს ქართულ ფეხბურთს, სპორტული პრინციპი უნდა მუშაობდეს!!!!