უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ ჩემპიონატში ტური არ გავა, რომელიმე კლუბიდან მსაჯების მიმართ პრეტენზიები არ მოვისმინოთ. ოღონდ, რამდენად სამართლიან-საფუძვლიანია ეს პრეტენზიები, ეს, რაღა თქმა უნდა, ცალკე თემაა. ფაქტი კი ის არის, რომ
და მაინც: განვლილი 6 ტურის განმავლობაში მართლაც საკმარისზე მეტი პრეტენზიები "წამოვიდა" ქართველი არბიტრების მისამართით. სწორედ ეს იყო კიდეც ჩვენი სტუმრობის მიზანი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში, სადაც სამსაჯო და სადამკვირვებლო განყოფილების უფროსს ლევან ფანიაშვილს, მის მოადგილეს მერაბ მალაღურაძესა და ამავე განყოფილების ინსტრუქტორს ავთანდილ შალამბერიძეს ვესაუბრეთ. აქვე, გაცნობებთ, რომ ლევან ფანიაშვილი ახლო მომავალში უეფაში გაემგზავრება, სადაც ახალგაზრდა მსაჯთა ცენტრის ორკვირიან კურსებზე მწვრთნელად არის მიწვეული.
ამას გარდა, 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის (ფინეთი-სან-მარინო) მსაჯთა დამკვირვებელიც იქნება - ეს შეხვედრა ნოემბერში ჩატარდება. თუმცა, სამსაჯო და სადამკვირვებლო განყოფილების უფროსთან ლევან ფანიაშვილთან ჩვენი საუბრის ძირითადი თემა საქართველოს ჩემპიონატში მსაჯებისადმი ასე მომრავლებული საჯარო პრეტენზიები იყო.
- ჯერ ჩემპიონატის სტარტია, სამსაჯო შეცდომებიც ბევრია და ამის გამო გუნდების წარმომადგენელთა მიერ გამოთქმული პრეტენზიებიც.
- პრეტენზია, შესაძლოა, მართლაც ბევრი იყო, მაგრამ უმრავლესობა - უსაფუძვლო. თუ გნებავთ, კონკრეტულ შემთხვევებზე დაწვრილებით ვისაუბროთ.
- სიამოვნებით...
- II ტურში, "ვიტ ჯორჯიასა" და "ბაიას" მატჩის შემდეგ სტუმართა აზრით არბიტრს მათ კარში პენალტი არ უნდა დაენიშნა და არც მათი ფეხბურთელი გაეძევებინა. არადა, შეგიძლიათ ამ მატჩის ვიდეო-ფირი ნახოთ და დარწმუნდებით, რომ არბიტრმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
- ამ შეხვედრას ვესწრებოდით და თქვენ პოზიციას ჩვენც ვიზიარებთ. თუმცა, სხვა მატჩებიც გავიხსენოთ: "ზესტაფონი"-"ოლიმპი", "ოლიმპი"-"დინამო", "დინამო"-სპარტაკი", "ბაია"-სიონი", "დინამო"-"სამტრედია". თითოეული ამ დაპირისპირების შემდეგ არბიტრების მიმართ არაერთგვაროვანი შეფასებები მოვისმინეთ.
- შეფასებები მართლაც არაერთგვაროვანი იყო, ოღონდ, იმავე "ოლიმპის" მთავარი მწვრთნელის თემურ მახარაძის პრეტენზიას საფუძველი ნამდვილად არ ჰქონდა; იმავეს ვიტყოდი "სამტრედიას" მთავარი მწვრთნელის გელა სანაიას ჩვენს მიმართ გამოთქმულ კრიტიკაზე: აი, თქვენც ნახეთ ის ეპიზოდი, როცა ამ გუნდის ფეხბურთელი მიხეილ კაკალაძე "დინამოს" საჯარიმოში მოედანზე ეცემა. საინტერესოა, რომელ პენალტზეა ლაპარაკი? "დინამოს" მცველი მეტოქეს ლამის 1 მეტრით ჩამორჩება და კონტაქტსაც საერთოდ ადგილი არ აქვს...
- "დინამოს" პრეტენზიებზე არაფერი გითქვამთ.
- ვაღიარებთ, რომ "დინამო"-"სპარტაკის" მატჩის შემდეგ ამ გუნდის ხელმძღვანელებს საფუძვლიანი პრეტენზია ჰქონდათ; ანუ, მასპინძლებმა მეტოქის კარში მეორე გოლი თამაშის წესების სრული დაცვით გაიტანეს, მაგრამ გვერდითი მსაჯი ამ შეხვედრისათვის, ეტყობა, მოუმზადებელი იყო და ამისათვის ჩვენგან სადისციპლინო სასჯელიც მიიღო.
- ყველაზე ხმაურიანი, ალბათ, "ბაია"-"სიონის" მატჩი იყო: ამ შეხვედრის თვითმხილველთა აბსოლუტური უმრავლესობის აზრით, სტუმრები მსაჯთა შეცდომების გამო დაზარალდნენ.
- ჩვენ რაც ვნახეთ, იმის თქმა შეიძლება, რომ სტუმართა კარში პენალტი არ უნდა დანიშნულიყო; ამას გარდა, არბიტრმა მეორე ტაიმში რამდენიმე არასწორი გადაწყვეტილებებიც მიიღო და ამ შემთხვევაშიც დისციპლინარული სასჯელი გამოვუტანეთ.
- "სხვა არასწორ გადაწყვეტილებებში" რას გულისხმობთ? ბოლნისელების აზრით, არბიტრს პენალტი მათ სასარგებლოდაც უნდა დაენიშნა...
- "სიონის" ხელმძღვანელობამ ამ ეპიზოდთან დაკავშირებითაც გამოთქვა პრეტენზია, მაგრამ ფირზე ეს ეპიზოდი... საერთოდ არ არის დაფიქსირებული.
- თვითონ ბოლნისელებმა საკუთარი ვიდეოოპერატორის მიერ გადაღებული ფირი რატომ არ წარმოადგინეს?
- როგორც ჩემთვის ცნობილია, იმ შეხვედრაში "სიონს" ვიდეოოპერატორი... არ ჰყოლია, მაგრამ ეს უკვე კლუბის პრობლემაა, და არა - ჩვენი...
- იმას როგორღა ახსნით, რომ "ბაია"-სიონის" მატჩის არბიტრმა გიორგი დოგრაშვილმა მსაჯთა დამკვირვებლისგან... მაღალი შეფასება დაიმსახურა?
- ფიფასა და უეფაშიც ასეა მიღებული, რომ თუ დამკვირვებელი არბიტრის ზოგიერთ გადაწყვეტილებას საკამათოდ აფასებს (ბოლოს და ბოლოს, ტრიბუნიდან ყველაფერს ზუსტად ვერ დაინახავს), შეუძლია, მეორე დღეს, ვიდეოფირის ნახვის მერე შეაფასოს მსაჯი. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში დამკვირვებლის შეცდომაც სახეზეა და ისიც ერთი თვე "დაისვენებს"...
- მსაჯების მიმართ დაახლოებით ასეთი შინაარსის ბრალდებაც გაისმა: ჩვენი ჩემპიონატის მატჩები ტელევიზიით რომ აღარ შუქდება, არბიტრებმაც გაილაღესო...
- იცით, მართლაც ანეგდოტური სიტუაცია შეიქმნა: ეს სიტყვები ვინც თქვა, "დინამო"-"სამტრედიას" მატჩის დრო კაკალაძის ვითომ-საპენალტე ეპიზოდს გულისხმობდა. არადა, ნეტავ, მართლაც იყოს საშუალება და როგორც თქვენ დარწმუნდით არბიტრის გადაწყვეტილების სისწორეში, ასევე ყველა მიხვდებოდა, რომ მწვრთნელის პრეტენზიები სრულიად უსაფუძვლო იყო. არადა, იმ შეხვედრის არბიტრი, ჯენერი ხორავა, ახალგაზრდა ბიჭია და ამ სიტუაციაში ჩინებულად გაერკვა.
- კიდევ ერთ ახალგაზრდა არბიტრზე, თორნიკე გვანცელაძეზე გვინდა გკითხოთ, ახალ სეზონში ერთ-ერთი ურთულესი მატჩის ("ოლიმპი"-"დინამო") გაძღოლა რომ ენდო...
- პირადად მე ვიყავი იმ შეხვედრაზე მსაჯთა დამკვირვებელი და მინდა დაგეთანხმოთ იმ ეპიზოდის შეფასებისას, როცა მიიჩნიეთ, რომ გვანცელაძეს მატჩის მიწურულს მასპინძელთა ფეხბურთელი უნდა გაეძევებინა, ამ დროს კი მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლა. თუმცა, ეს მხოლოდ გამოუცდელობით მოუვიდა, თორემ მისი დანარჩენი ქმედებები პოზიციურად შევაფასე. ხორავასი არ იყოს, გვანცელაძეც საკმაოდ პერსპექტიული მსაჯია და ასეთ ბიჭებს ყველანირად ხელი უნდა შევუწყოთ.
- დაგვეთანხმეთ, რომ მსაჯებისადმი პრეტენზიებს კვლავაც უნდა ველოდოთ...
- ჩვენ გამჭვირვალედ ვმუშაობთ: მზად ვართ, ნებისმიერ მხარეს მოვუსმინოთ, ოღონდ, ბევრი ხელისშემშლელი პირობააა: ზოგიერთ გუნდს მატჩის მეორე დღეს ვიდეო-ფირები ან გვიან, ან, საერთოდ... არ მოაქვს! ამას გარდა, თუ კვლავაც გაგრძელდება ჩვენ მიმართ უსაფუძვლო ბრალდებები, მაშინ საკითხს განსახილველად საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგის სადისციპლინო სამსახურს გადავცემთ. ხოლო იმათ, ვინც "ქართული ფეხბურთის მტრებად" გვაცხადებენ და თავისი გუნდის მიმართ "შეთქმულებაში" გვადანაშაულებენ, ჩემპიონატის დებულების შესაბამის პუნქტს "შევახსენებ", კლუბების მიმართ სოლიდურ ფინანსურ სანქციებს რომ ითვალისწინებს. კიდევ ვიმეორებ, ტელევიზიით მიმოხილვები რომ ყოფილიყო, მსგავსი შეფასებებისაგან ბევრი, ალბათ, თავს შეიკავებდა.
- თემა შევცვალოთ და ის გვაინტერესებს, სეზონის დაწყების წინ ქართველი მსაჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებული პრობლემები საბოლოოდ თუ მოგვარდა.
- ეს პრობლემა აღარ არსებობს.
- მაშინ, ბარემ, ისიც გვითხარით, ქართველი არბიტრები ერთი მატჩის სამსაჯოდ რა თანხას იღებენ.
- უმაღლეს ლიგაში არბიტრი 290 ლარს იღებს, ლაინსმენი 180-ს, ოღონდ, ამ თანხაში შედის მგზავრობისა და კვების ხარჯებიც...
- ცოტა არ იყოს, უცნაურია: თბილისიდან, ვთქვათ, რუსთავში და ფოთში მიმავალი მსაჯები ერთსა და იმავე თანხას როგორ უნდა იღებდნენ?
- რა ვქნათ, ჯერჯერობით ასეა... სხვათა შორის, თუ გაინტერესებთ, მეზობელ აზერბაიჯანში უმაღლესი ლიგის არბიტრს 1 მატჩის გაძღოლისათვის 800 ევროს უხდიან! თანაც, ამ თანხაში არ შედის მგზავრობის, სასტუმროსა თუ კვების ხარჯები...
განმარტებისთვის
საქართველოს 2010-2011 წწ. XXII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის რეგლამენტი
7.2. კლუბის წარმომადგენლების (მათ შორის ხელმძღვანელების, მწვრთნელების, ფეხბურთელების) მიერ იმ შეჯიბრებების დისკრედიტაციისას, რომელზედაც ვრცელდება ამ კოდექსის მოქმედება, ასევე ზემოაღნიშნულ პირთა მიერ სფფ-ს, სპფლ-ს, მსაჯებისა და მოწინააღმდეგე კლუბების მიმართ პრესის, ტელევიზიის, სხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და/ან ნებისმიერი საჯარო ფორმით არაკორექტული, შეურაცხმყოფელი განცხადების გაკეთებისა და/ან პროვოკაციული აგიტაციის შემთხვევაში (მაგ: ფიზიკური ანგარიშსწორების ქადაგება, მატჩის მონაწილეთა და ქომაგთა გაღიზიანება, მსაჯზე ზეწოლის მცდელობა, მოწოდებები არასპორტული საქციელისაკენ და სხვა) კლუბი დაჯარიმდება 2500 ლარით, ხოლო განცხადების უშუალო ავტორს პირობითად აეკრძალება საფეხბურთო საქმიანობა ერთი კალენდარული წლით. მსგავსი ქმედების განმეორების შემთხვევაში, კლუბი დაჯარიმდება 5000 ლარით, ხოლო განცხადების უშუალო ავტორს ავტომატურად აეკრძალება საფეხბურთო საქმიანობა 1 კალენდარული წლის ვადით.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"