ტორპედო, როგორც შალკე

AutoSharing Option
...ცოტა არ იყოს, უხერხული შედარებაა, მაგრამ ჩვენთან, დაახლოებით ისეთი სიტუაცია შეიქმნა, როცა ახალ სეზონში... მთელი გერმანია "შალკეს" გამარჯვების მოლოდინში იყო; ხვდებით, ალბათ, რომ უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულ "ტორპედოს" პირველი მოგების მოლოდინზე ვსაუბრობთ: ტური-ტურს მისდევს, გამარჯვება კი კვლავაც რომ არ ჩანს. სიტუაცია არც გუშინდელი მატჩის მერე შეიცვალა: ფინანსურად წელში გამართული, სერიოზულ-ამბიციური მიზნებითა და "ხმაურით" დაბრუნებული "ტორპედო" ისევ აუტსაიდერია! გასაგებია, რომ გუნდის უამრავ ახალწვეულს ერთმანეთთან შესათამაშებლად დრო სჭირდება, მაგრამ ეს ხომ საქართველოა _ ჩვენთან იშვიათობაზე-იშვიათობას წარმოადგენს ისეთი შემთხვევა, კლუბის ხელმძღვანელებს გრძელვადიანი გეგმა რომ
აქვთ შემუშავებული. ანუ, ჯერჯერობით ნამდვილად ვერ ვიტყვით, თუ რამდენხანს ეყოფათ მოთმინება "ტორპედოს" მესვეურებს: ფაქტია, რომ გუნდში გარკვეული ცვლილებებია განსახორციელებელი. თუმცა, მოდი ამ თემაზე ორშაბათს, ტურის მიმოხილვაში ვისაუბროთ, ახლა კი კონკრეტულად გუშინდელ შეხვედრაზე ვთქვათ. თანაც, წინდაწინ შევთანხმდეთ, რომ გუშინ "ვეტერინართა" წარმატება აბსოლუტურად ლოგიკურად მიგვაჩნია! რა თქმა უნდა, ამ მატჩის თვითმხილველს, შესაძლოა, განსხვავებული აზრი ჰქონდეს და "ტორპედოს" ფეხბურთელთა მიერ რამდენიმე გამოუყენებელი მომენტიც შეგვახსენოს; მაგრამ, როცა ფეხბურთელი 2 თუ 3 მეტრიდან ბურთს კარში ზუსტად ვერ ურტყამს, ყველაფერს მხოლოდ უიღბლობას ან... ამ მატჩამდე ჩვენ მიერ არაერთხელ ნახსენებ "ფსიქოლოგიურ წნეხს" ნუ დავაბრალებთ...
...სტუმართა თავკაცმა რამაზ მუმლაძემ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ წინა ტურისგან განსხვავებული შემადგენლობა გამოიყვანა: ძირითადის 11-ვე ფეხბურთელი "ტორპედოს" ახალწვეული გახლდათ. ამასთან, სტუმრებს საკადრო პრობლემებიც ჰქონდათ: ტრავმის გამო ასევე ყოფილი გუნდის წინააღმდეგ გიორგი დათუნაიშვილმა და ვახტანგ კვარაცხელიამ ვერ იასპარეზეს. თუმცა, ოპტიმალური შემადგენლობა არც მერაბ კოჭლაშვილს ჰყოლია _ "ვიტ ჯორჯიას" ასევე ტრავმების გამო დავით ლომაია და გიორგი ვასაძე აკლდა.

ქუთაისიდან ჩამოსული მრავალრიცხოვანი ქომაგებისგან შეგულიანებული "ტორპედო" პირველი წუთებიდანვე შეტევაზე გადავიდა და საერთოდაც, I ტაიმი სტუმართა ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა, თუმცა აქაც გავუსწრებთ მოვლენებს და ვიტყვით, რომ "ტორპედოს" შეტევებს ქაოტური უფრო ეთქმოდა, ვიდრე _ ორგანიზებული. თუმცა, გარჯა არავის დავუკარგოთ და ისიც ვთქვათ, რომ მატჩის პირველ 10 წუთში "ტორპედო" რამდენჯერმე დაემუქრა მასპინძელთა კარს, მაგრამ სტუმართა ორივე ჭაბუკი ფორვარდის (ნიკა საბანაძე, ლაშა ქემუხტიშვილი) დარტყმები არაზუსტი იყო. მეტ-ნაკლებად აქტიურად თამაშობდნენ სტუმართა ფლანგის ნახევარმცველებიც: ნიკოლოზ კვასხვაძე (მარჯვნიდან) და თორნიკე თარხნიშვილი (მარცხნიდან), მაგრამ როგორც კი საქმე დამაგვირგვინებელ დარტყმამდე მიდიოდა, აი, იქ უკვე მხოლოდ უიღბლობას ვეღარ დავაბრალებდით. გასაგებია, რომ სტუმართა თამაშზე ფსიქოლოგიური ფაქტორიც მოქმედებდა, მაგრამ ელემენტარულ სიტუაციებში ტექნიკური წუნიც აშკარაზე-აშკარა იყო. ყველაზე რეალური მომენტი "ტორპედოს" 39-ე წუთზე შეექმნა, როცა ნიკა საბანაძემ ახლო მანძილიდან ბურთი პირდაპირ... გიორგი ძაძამიას "დაუმიზნა". სხვათა შორის, "ვიტ ჯორჯიას" მეკარემ მთელი მატჩი უშეცდომოდ და საკმაოდ დამაჯერებლად ჩაატარა; თუმცა ამაში ხელი... სტუმრებმაც შეუწყვეს, _ 90 წუთის განმავლობაში მიზანი რომ ვერაფრით გაისწორეს. აი, "ვიტ ჯორჯიამ" კი, თითქოსდა შეგნებულად დაუთმო ცენტრი მეტოქეს და სწრაფი კონტრშეტევების იმედზე რომ იქნებოდა, პირველად 27-ე წუთზე "გამოჩნდა": ჯაბა ლიპარტია ოსტატური დარტყმით აპირებდა სტუმართა მეკარისათვის ბურთის თავზე გადაგდებას. აი, მეორე ეპიზოდი კი უკვე შედეგიანი გამოდგა და, ყველაფერს თავი დავანებოთ, ისეთი გოლი ვიხილეთ, ამ სეზონში რუსთავის "ფოლადის" სტადიონზე კი არა, ვეჭვობთ, საერთოდ ჩვენ სხვა სტადიონზე გასულიყო! შეტევა კი ლიპარტიამ წამოიწყო, რომლის ეფექტური პასი "ვიტ ჯორჯიას" ახალგაზრდა ფორვარდმა ბესიკ ჩიმაკაძემ ტექნიკურად დაამუშავა, მკერდზე მიიღო და ვიდრე ბურთს ძირს დაუშვებდა, მეტოქის საჯარიმოში მარცხენა ფლანგიდან შეჭრილმა საკმაოდ მახვილი კუთხიდან უძლიერესად და ზუსტად დაარტყა _ 1:0!

...მეორე ტაიმის დასაწყისში "ტორპედომ" ერთი-ორჯერ შეუტია, მაგრამ გააზრებული კომბინაციის მსგავსსაც ვერ დაინახავდით სტუმართა ქმედებებში; დაღლაც დაეტყოთ და ტექნიკური წუნი მაშინ უნდა გენახათ. ყოველ შემთხვევაში, სტუმრები ელემენტარულ სიტაციებში არასწორ გადაწყვეტილებებს იღებდნენ, ან კიდევ კვლავაც ანიავებდნენ სახიფათო მომენტებს: ნიკოლოზ კვასხვაძის, ნიკა საბანაძის, გიორგი სანიკიძისა და დავით დიღმელაშვილის დარტყმებს სიძლიერეც აკლდა და სიზუსტე; ერთ ეპიზოდში კი მასპინძლები აშკარად გადარჩნენ: თენგიზ ჩიკვილაძის "საფირმო" შორეული დარტყმის შემდეგ ბურთი "ვიტ ჯორჯიას" კარის ძელს მოხვდა. ამას გარდა, ერთადერთი მხოლოდ თორნიკე თარხნიშვილი გახლდათ, საკუთარ თავზე თამაშს რომ იღებდა და დაუღლელადაც მოქმედებდა. თუმცა იღბალს მხოლოდ სტუმრები ნუ "დაემდურებიან": შეცვლაზე შემოსულმა ბექა ზაქრაძემ მოჭრილი დარტყმით ბურთი "ტორპედოს" კარის ხარიხას გაარტყა, შემდეგ კი ასევე შეცვლაზე შემოსულ გიორგი კორიფაძეს შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ სუსტად დაარტყა. სხვათა შორის, კოლეგისაგან განსხვავებით, მერაბ კოჭლაშვილის შეცვლები ბევრად ეფექტიანი გამოდგა და საერთოდაც, მასპინძლების ტაქტიკურად სწორი თამაში რომ თვალიშისაცემი იყო, ვერც ამ ფაქტს გავექცევით...


ვიტ ჯორჯია-ტორპედო 1:0

24.09.რუსთავი. ფოლადი. 700 მაყურებელი
1:0 ჩიმაკაძე (42, ლიპარტიას პასით).

4-2-3-1 ვიტ ჯორჯია ტორპედო 4-4-2
ძაძამია ქვილითაია
ბეჭვაია ფოფხაძე
ადამაძე მაჭავარიანი
კასრაძე ს. თოდუა
ღანიაშვილი ჩიკვილაძე
გურ. გურეშიძე ნ. კვასხვაძე
მაისაშვილი დიღმელაშვილი
კლიმიაშვილი მ. გიგაური
ლიპარტია თარხნიშვილი
ჯანელიძე ქემუხტიშვილი
ჩიმაკაძე საბანაძე

ვიტ ჯორჯია
55. ჯანელიძე-ზაქრაძე
76. კლიმიაშვილი-კორიფაძე
89. ჩიმაკაძე-გოგიაშვილი
სათადარიგოები: ა. მიქაბერიძე, დვალაშვილი, გიორგი გურეშიძე, ჩაკვეტაძე

ტორპედო
46. ქვილითაია-მიგინეიშვილი
62. კვასხვაძე-გ. სანიკიძე
70. ქემუხტ იშვილი-ზ. ხაჭიპერაძე
სათადარიგოები: ფარულავა, გურული, ცნობილაძე, ლ. კირკიტაძე

გაფრთხილება: მაჭავარიანი (33), გურეშიძე (35), ძაძამია (45), ღანიაშვილი (59), სანიკიძე (82)
არბიტრი: გ. ვადაჭკორია (თბილისი)


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული