რამაზ მუმლაძე - უხმაუროდ წამოსვლა

AutoSharing Option
ახალ სეზონში პირველი სამწვრთნელო ცვლილება VII ტურის შემდეგ მოხდა: რამაზ მუმლაძემ ქუთაისის "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა. გამოცდილი სპეციალისტის ეს ნაბიჯი, ერთი შეხედვით, მოულოდნელი არავისთვის უნდა ყოფილიყო: სამწლიანი პაუზის შემდეგ უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული "ტორპედო" უამრავი ახალწვეულით გაძლიერდა, რომელთა მიწვევის ინიციატორი ასევე ახალი მთავარი მწვრთნელი რამაზ მუმლაძე გახლდათ. აღარაფერს ვამბობთ იმ ფაქტზე, რომ "ტორპედოს" პატრონობა სოლიდურმა კომპანია "ვისოლმა" გადაწყვიტა: ჯერ კიდევ ჩემპიონატის დაწყებამდე ცნობილი გახდა, რომ ქუთათურთა გუნდს ფინანსურად
დალხენილი ცხოვრება ელოდა. ამას გარდა, კეთილმოეწყო და გარემონტდა ქუთაისის სტადიონი და "ტორპედოს" საწვრთნელი ბაზაც... მოკლედ, ყველა წინაპირობა შეიქმნა იმისათვის, რომ "ტორპედოს" სერიოზული ამბიციები გასჩენოდა და დიდ ფეხბურთს მონატრებული ქუთაისელი ქომაგების ოპტიმიზმი... ქართულ სპორტულ მედიასაც "გადაედო"...

ჰო, არ დავმალავთ: სეზონის დაწყების წინ, თითოეული გუნდის შანსებს რომ ვაფასებდით, "ტორპედოს"... საჩემპიონო რბოლაში ჩართვა ვუწინასწარმეტყველეთ! ოღონდ, ესეც დავძინეთ: რახან ახალი გუნდია და ახალწვეულებს ერთმანეთში შესათამაშებლად გარკვეული დრო სჭირდებათ, პროგრამა-მაქსიმუმად.... ჩემპიონობა "დავუსახეთ", ხოლო პროგრამა-მინიმუმად - ევროტურნირების ერთ-ერთი საგზურის მოპოვება!

და აი, 7 ტურის მერე აბსოლუტურად განხვავებული სურათი მივიღეთ: უმაღლეს ლიგაში ასეთი "ხმაურით" დაბრუნებული "ტორპედო" ერთადერთ გუნდად რჩებოდა, ჩემპიონატში გამარჯვება რომ არ ჰქონდა მოპოვებული. ჰოდა, ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის მებრძოლ გუნდებში ნამუშევარი რამაზ მუმლაძისთვისაც, ალბათ, მიუღებელი უნდა ყოფილიყო სატურნირო ცხრილის გამოკვეთილ აუტსაიდერი გუნდის თავკაცობა და ამიტომაც დატოვა "ტორპედო". არადა, მართლაც ბედის ირონიაა, გნებავთ, უბრალო დამთხვევა დაარქვით: "ტორპედოდან" მუმლაძე... თავის ყოფილ გუნდთან წაგების მერე წავიდა; სამწუხაროდ, სწორედ "ვიტ ჯორჯიასთან" მატჩი გამოდგა ის "ბოლო წვეთი", ამ სპეციალისტს ასეთი გადაწყვეტილება რომ მიეღო.

არადა, სწორედ "ვიტ ჯორჯიაში" ნაყოფიერი მუშაობით მოიპოვა მუმლაძემ წარმატებული სპეციალისტის სახელი; ჯერ ერთი, ამ კლუბის რეკორდს, ალბათ, კარგა ხნის განმავლობაში ვერც ერთი კოლეგა ვერ გააუმჯობესებს: "ვიტ ჯორჯიას" 12-წლიან ისტორიაში ერთადერთი სწორედ რამაზ მუმლაძე გახლდათ, გუნდში "გადაბმულად" 4 წელიწადი რომ იმუშავა! აღარაფერს ვამბობთ შედეგებზე: ამ 4 წლის განმავლობაში "ვეტერინარები" ერთხელ ჩემპიონები გახდნენ, ორჯერ ვერცხლის პრიზიორები და მხოლოდ ერთი სეზონი იყო, გუნდი V ადგილზე რომ გავიდა.

...კიდევ ერთი უცნაური დამთხვევა: წინა ჩემპიონატში პირველი სამწვრთნელო ცვლილება წლევანდელთან შედარებით უფრო ადრე, III ტურის შემდეგ მოხდა; უცნაური კი ის იყო, რომ პირველი "მსხვერპლი" მაშინაც ... მუმლაძე გახლდათ: "ვიტ ჯორჯიამ", ბევრისთვის მოულოდნელად, "გაგრასთან" დიდი ანგარიშით (0:4) წააგო და მთავარი მწვრთნელიც გუნდიდან წავიდა. ასეთი კვალიფიციური სპეციალისტი უმუშევარი დიდხანს არ დარჩენილა და მალე ერთობ საინტერესო სამსახურშიც "ჩადგა": მეორე ლიგაში მოასპარეზე "ავაზა-ვისოლის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

რა თქმა უნდა, პერსპექტივაზე გათვლილ ახალ კლუბში მისვლა მთლად უკან გადადგმული ნაბიჯი არ იყო, მაგრამ ასეთი დონის სპეციალისტი... II ლიგისთვის მაინც არ გვემეტებოდა. ამიტომაც მოველოდით განსაკუთრებული იმედით წარმატებული სპეციალისტის უმაღლეს ლიგაში დაბრუნებას, თანაც, ახალ და ამბიციურ "ტორპედოსთან" ერთად. აქვე, ერთი მნიშვნელოვანი დეტალიც: ჩვენი აზრით, ქუთაისული გუნდის ესოდენ წარუმატებელი სტარტის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი არასწორი სელექციაც იყო. ის ფაქტი, რომ პირველ ლიგაში გამარჯვებული გუნდის შემადგენლობა გარკვეულწილად შეიცვლებოდა, ამას ბევრი მტკიცება არ სჭირდებოდა; ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, უმაღლეს ლიგაში (მერე რა, რომ... საქართველოა) განსხვავებული მოთხოვნებია და, ელემენტარულად, პირველთან შედარებით უფრო მაღალი დონეა.

ანუ, წინა სეზონის შემადგენლობიდან "ტორპედოში" ერთეულებიღა დარჩნენ: ომარ მიგინეიშვილი, გიორგი გურული, გივი ჩხეტიანი, თეიმურაზ ფარულავა, ირაკლი ცნობილაძე, ლევან კირკიტაძე, რევაზ კვერნაძე, ვაჟა ლომაშვილი; თანაც, ამ 8 ფეხბურთელიდან მუმლაძე მეტ-ნაკლებად მხოლოდ გურულს, ჩხეტიანსა და ფარულავას ენდობოდა, თუმცა შვიდივე მატჩი არც ერთს ჩაუტარებია...
ახლა კი ახალწვეულებზეც ვთქვათ: საქართველოს სხვადასხვა გუნდებიდან მუმლაძემ "ტორპედოში" მეტ-ნაკლებად ცნობილი ფეხბურთელები მიიწვია: მაქსიმე ქვილითაია, სევასტი თოდუა, ნოდარ მაჭავარიანი, დაჩი ფოფხაძე, გიორგი დათუნაიშვილი, თორნიკე თარხნიშვილი, ნიკოლოზ კვასხვაძე, ზაურ ხაჭიპერაძე; უკვე ჩემპიონატის მსვლელობისას, 3 ყოფილი შეგირდიც დაიმატა: დავით დიღმელაშვილი, მიხეილ როსტიაშვილი, ვახტანგ კვარაცხელია; ამათ გარდა, ჯერ კიდევ საკონტროლო მატჩებში თამამად ენდობოდა ასევე თავისავე მიყვანილ ჭაბუკ ფეხბურთელებსაც: 19 წლის ნიკოლოზ საბანაძეს, 18 წლის ლაშა ქემუხტაშვილსა და 17 წლის მერაბ გიგაურს.

...I ტურში ჩემპიონ "ოლიმპთან" ნათამაშებ ფრეზე "ტორპედოს" მწვრთნელ-ფეხბურთელებს ვინ უსაყვედურებდა. მერე, "ბაიასთან" დამარცხება იყო, მაგრამ პანიკის საფუძველი არც მაშინ ყოფილა - ზუგდიდური გუნდიც ხომ სოლიდურად გაძლიერებული შეხვდა ახალ სეზონს. თუმცა, მომდევნო ორ ტურში მოპოვებულმა ერთადერთმა ქულამ უკვე ბევრი ჩააფიქრა: "ტორპედომ" შინ ვერ მოუგო "კოლხეთს", ხოლო სტუმრად თავისზე ბევრად სუსტ (ყველანაირ ასპექტში) "სამტრედიასთან" დამარცხდა!

აი, ამის მერე კი უკვე ღიად ალაპარაკდნენ "ტორპედოს" კრიზისზეც და ფეხბურთელთა ერთმანეთში შეუთამაშებლობაზეც; აღარაფერს ვამბობთ იმ ფაქტზე, რომ გუნდი საკმაოდ სუსტად გამოიყურებოდა დამაგვირგვინებელ ფაზაში და გოლის გამტანი ფორვარდის პრობლემა "ვიტ ჯორჯიადან" "სასწრაფოდ" შეძენილ ვახტანგ კვარაცხელიას უნდა გადაეჭრა. სამწუხაროდ, კვარაცხელიამ ახალი გუნდის მაისურით მხოლოდ 2 არასრული მატჩი ჩაატარა (ტრავმა მიიღო), შემდეგ გიორგი დათუნაიშვილიც დაშავდა, ცალკე უიღბლობაც დაემატა ("ზესტაფონთან" გადამწყვეტი გოლი ბოლო წუთზე გაუშვეს) და "ტორპედოც" ნელ-ნელა კი არა, უკვე მყარად დამკვიდრდა... ცხრილის ბოლო საფეხურზე.

სწორედ ეს აღმოჩნდა მიუღებელი "ტორპედოს" ერთგული, მაგრამ ამასთან, ზედმეტად მომთხოვნი ქომაგთათვის: VI ტურის მატჩის (ბოლნისის "სიონთან") დროსაც და შეხვედრის დასრულების შემდეგაც ყოვლად მიუღებელი ობსტრუქცია რომ მოუწყვეს საკუთარი გუნდის მთავარ მწვრთნელს. უკმაყოფილების საჯაროდ გამოხატვა წინა ტურებშიც ხდებოდა - ერთი-ორჯერ "ტორპედოს" საწვრთნელ ბაზაზეც მიუვარდნენ ქომაგები და მწვრთნელ-ფეხბურთელებისგან... ახსნა-განმარტებებს ითხოვდნენ.

რა თქმა უნდა, "გარედანაც" კარგად ჩანდა, რომ "ტორპედოს" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა სელექციაში გარკვეული შეცდომები დაუშვა; ჯერ ერთი, საქართველოში კი არა, ყველგან გვხვდება მსგავსი შემთხვევები, როცა ესა თუ ის ფეხბურთელი ნაკლებად ამბიციურ, გნებავთ, პროვინციულ გუნდში ბრწყინავს, მაგრამ, როგორც კი ბევრად სოლიდურ გუნდში გადავა, საკუთარ შესაძლებლობებს ვეღარ ავლენს-ხოლმე. "ტორპედოს" ზოგიერთ ახალწვეულს სწორედ ასე დაემართა, ზოგმა - იმედები ვერ გაამართლა, ზოგმა - ტრავმა მიიღო, ზოგს - ძირითადში დამკვიდრება გაუჭირდა და ამის გამოც იყო, მუმლაძემ ბოლო ტურებში ხშირ როტაციას რომ მიმართა.

თუმცა არც ამ საქმიდან გამოვიდა რამე, ისე, როგორც არაფერი გამოვიდა "ვიტ ჯორჯიასთან" მატჩში ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ "თავის მიყვანილი" ფეხბურთელების დაყენებისგან. არადა, როგორი საქმეა: ერთ-ერთ ფავორიტად მიჩნეული გუნდი ცხრილის ბოლო ადგილზეა, გულშემატკივრები ობსტრუქციას (კიდევ ვიმეორებთ, ყოვლად მიუღებელსა და დაუშვებელს) გიწყობენ, ნანატრი გამარჯვებისათვის "რაღაც" უნდა მოიფიქრო და ასეთი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მყოფმა მუმლაძემ ძირითადში სამი ჭაბუკი დებიუტანტი (გიგაური, საბანაძე, ქემუხტაშვილი) დააყენა, კიდევ ერთი კი შეცვლაზე (თემურ სანიკიძე) შემოიყვანა.

სამწუხაროდ, ვერც ამ სარისკო გადაწყვეტილებებმა მოიტანა შედეგი - მეტოქისგან განსხვავებით, "ვიტ ჯორჯიამ" ბევრად უფრო "დალაგებული" და ორგანიზებული ფეხბურთი ითამაშა; ეგ კი არა, მეტოქე თავის შანსებს უმოწყალოდ (ერთი-ორ ეპიზოდში, ცოტა არ იყოს, საეჭვოდაც) რომ ანიავებდა, "ვეტერინარებმა" პირველივე და, ფაქტობრივად, ერთადერთი სახიფათო შეტევა ბესიკ ჩიმაკაძის ულამაზესი გოლით დააგვირგვინეს!

ისე, მეტოქის კართან მომენტების "საეჭვოდ" განიავება თუ საკუთარ საჯარიმოში მოწინაღმდეგე ფეხბერთელთა "გატარება-გამოტარება" ფეხბურთში ყოველთვის იყო, არის და იქნება, თან, არა მხოლოდ - საქართველოში; უბრალოდ, ჩვენთან ხომ, ყველაფერ უბედურებასთან ერთად "ლამაზად შეფუთვაც" არ იციან; რა თქმა უნდა შორს ვართ იმ აზრისგან, რომ კონკრეტული მწვრთნელის (ამ შემთხვევაში, მუმლაძის) განთავისუფლებისათვის კლუბის ხელმძღვანელები სხვა ვერაფერს მოიფიქრებდენ, გარდა... ფეხბურთელთა გარკვეული ჯგუფისთვის "გარკვეული" დავალების მიცემისა.

კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ მსგავსი სიტუაცია ჩვენთან არაერთხელ მომხდარა და, დიდი ალბათობით, კიდევ შესაძლოა ძალიან მალე მოხდეს (თუ უკვე არ არის მომხდარი...); მაგრამ, ეს უფრო ხშირად ისეთ შემთხვევებში ხდება, როცა წინა პლანზე ფინანსები გამოდის და კლუბის ხელმძღვანელსა და მწვრთნელს შორის სერიოზული დაპირისპირებაა. მუმლაძისა და "ტორპედოს" შეფებს შორის კი აბსოლუტურად განსხვაებული სიტუაციაა: ბოლოს და ბოლოს, სწორედ "ვისოლის" ხელმძღვანელებმა მიიწვიეს მუმლაძე ჯერ "ავაზაში", მერე კი ერთად შეეცადნენ "ტორპედოს" აღორძინებას.

ეგაც რომ არ იყოს, მუმლაძე-მწვრთნელს ქართულ ფეხბურთში... სკანდალი თუ "ხმაური" არასდროს ახასიათებდა: "ვიტ ჯორჯიადანაც" "უხმაროდ" წამოვიდა და აი, ახლა უკვე "ტორპედოდანაც". ამას გარდა, ალბათ, თვითონაც ხვდება, სად რა შეცდომა დაუშვა: აქამდე სადაც უმუშავია, ფაქტობრივად, "გამზადებულ" გუნდში მიდიოდა; ახლა კი, თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ რომ დაუბრუნდა უმაღლეს ლიგას, ალბათ, ბევრად უკეთესი სელექციის ჩატარებაც შეეძლო. თუმცა, მწვრთნელის ხვედრი ხომ ყველგან ერთი და იგივეა: თუ გუნდი იგებს, ფეხბურთელების დამსახურებაა, წარუმატებლობის შემთხვევაში კი...

დაბოლოს, ერთსაც ვიტყვით: "ტორპედოში" გატარებული წარუმატებელი პერიოდის მიუხედავად, არა გვგონია, რამაზ მუმლაძის სამწვრთნელო კვალიფიკაცია თუნდაც მცირეოდენი ეჭვის ქვეშ დადგეს...


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული