ვიხილეთ და ასე შემდეგ; ყველაფერს თავი რომ გავანებოთ, "ტორპედომ" ხომ ასე ნანატრი გამარჯვება მოიპოვა...
VIII ტურის კიდევ ერთი "ღირსშესანიშნაობა" სატურნირო ცხრილში გუნდების ადგილმონაცვლეობა იყო: წინა ტურთან შედარებით, ათიდან ცხრა გუნდმა მდგომარეობა გაიუმჯობესა ან გაიუარესა; მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი გუნდი დარჩა იგივე ადგილას და ამაში მოულოდნელიც არაფერი უნდა იყოს: უკვე 2 ტურია, ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი (სრულიად დამსახურებულადაც) "ზესტაფონია"! თუმცა, ჯობია, ყველაფერს თანმიდევრულად მივყვეთ და, ჩვენი მიმოხილვაც, რაღა თქმა უნდა, ტურის ცენტრალური მატჩით დავიწყოთ.
აბა, გამოიცანით?!.
პრინციპული მეტოქეების დაპირისპირება, როგორც მოსალოდნელი იყო, საინტერესოდ წარიმართა და, ჩვენი აზრით, დინამოელთა ლოგიკური გამარჯვებით დამთავრდა. თუმცა ეს ის შემთხვევა იყო, როცა წაგებულ გუნდზეც აუგს ვერავინ იტყოდა: "ვიტ ჯორჯიამ", ისე როგორც ამ სეზონში ჩატარებული თითქმის ყველა სხვა შეხვედრაში, კვლავაც ბრძოლისუნარიანობა გამოამჟღავნა. ამასთან, "ვეტერინართა" ახალგაზრდა ფეხბურთელები გამოუცდელობამაც დააღალატა და ერთი-ორ ეპიზოდში - უიღბლობამაც. ყოველ შემთხვევაში ბესიკ ჩიმაკაძესა და გურამ ადამაძის გოლის გატანის რეალური შანსიც ჰქონდათ, მაგრამ მიზნის მისაღწევად სულ მცირედი დააკლდათ.
ეგ კი არა, ძალიან დიდი შანსი იყო, ეროვნული ჩემპიონატის ისტორიაში კი არა, საერთოდ... მსოფლიო ფეხბურთში სარეკორდოდ სწრაფი გოლი გვენახა: მატჩის დაწყებისთანავე ჩიმაკაძე მარჯვენა ფლანგზე გაიჭრა, მეტოქის საჯარიმოში შესულმა ერთობ სახიფათო გამჭოლი გადაცემაც გააკეთა, მაგრამ ამ ბურთს პარტნიორებმა ვერ მიუსწრეს; ეროვნული სტადიონის ტაბლოს წამზომი კი... მეხუთე წამს უჩვენებდა!
სხვათა შორის, მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე სტუმართა თავკაცს მერაბ კოჭლაშვილს ჟურნალისტებისათვის საინტერესო მოსაზრება გაუცვნია: თერთმეტი ფეხბურთელით ვთამაშობდით და თორმეტს როგორ ვაჯობებდითო? ოღონდ, არ დაუკონკრეტებია: "ამის ახსნა მკითხველს მივანდოთო". ჰოდა, ჩვენც "გვიჭირს" ამ "რთული გამოცანისთვის" ზუსტი პასუხის მოძებნა; ყოველ შემთხვევაში, "ვიტ ჯორჯიას" მწვრთნელი გამოცდილი სპეციალისტია და არა გვგონია, რომ მისი გუნდის კარში დანიშნულ პენალტზე განსხვავებული აზრი ჰქონდა; უფრო, ალბათ, იმ ეპიზოდს ხომ არ გულისხმობდა, ჯაბა ლიპარტიას გამჭოლი გადაცემის შემდეგ საკუთარ საჯარიმოში მყოფ ერთ-ერთ დინამოელს ბურთი ხელზე რომ მოხვდა? ან იქნებ, ჩიმაკაძის თავით გატანილ, მაგრამ არჩათვლილ გოლს გულისხმობდა? ქართველ არბიტრებს ჩვენი დასაცავი არაფერი სჭირთ, მაგრამ იმ ეპიზოდში, ვიდრე ჩიმაკაძე გოლს გაიტანდა, ლაინსმენს ალამი აწეული ჰქონდა!
ისეც არ გამოგვივიდეს, თითქოსდა, "დინამომ" მხოლოდ შემთხვევით მოიგო; მსგავსი არაფერი ყოფილა: წინა ტურში ბოლნისში წაგებული მატჩის შემდეგ "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ ძირითად შემადგენლობაში სერიოზული კორექტივები შეიტანა და ამ ცვლილებებმა გაამართლა კიდეც. კაჭარავამ ზოგ ფეხბურთელს ამპლუა შეუცვალა: ალექსანდრე კოშკაძე მარცხენა გარემარბად მოგვევლინა, გიორგი კახელიშვილი - მარჯვნიდან უტევდა, დონალდ ჯუისი ცენტრფორვარდის პოზიციაზე იყო, ხოლო ტრავმამოშუშებულ ედნილსონს მოედნის ცენტრში ლევან ხმალაძე შეუწყვილდა. გარკვეული სიურპრიზი იყო "დინამოს" დაცვის მარცხენა ფლანგზე ახალგაზრდა გიორგი ოთარაშვილის გამოჩენა, ხოლო საქართველოს ჩემპიონატში 12-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებული დავით მუჯირი პირველად გამოჩნდა ძირითად შემადგენლობაში (მანამდე შეცვლებზე შემოდიოდა). ჰოდა, გამოჩნდა და საკუთარი კლასი ამ მატჩში არაერთხელ დაამტკიცა: მართლაც, ერთი სიამოვნება იყო "მუმუს" ჩინებული პასების ხილვა, რის შედეგადაც ჯუისი მუდამ ხელსაყრელ სიტუაციაში აღმოჩნდებოდა-ხოლმე; თუმცა, კამერუნელი ლეგიონერი ამ მომენტებს... უმოწყალოდ ანიავებდა; სამაგიეროდ, "დინამოში" პირველი გოლი გაიტანა გუნდის კიდევ ერთმა ცნობილმა ხალწვეულმა გია კვარაცხელიამ - დავით მუჯირის კუთხურს "საფირმო" თავური დარტყმა რომ შეაგება...
სხვადასხვა დახვედრა
ამ ტურში "მეგრული დერბიც" გვქონდა, მაგრამ არანაკლებ ინტერესს იწვევდა ქვემოქართლურ-იმერული დაპირისპირებებიც; ოღონდ, ისიც უნდა ვაღიაროთ, ქვემო ქართლის გუნდებს აშკარად სხვადასხვა "წონითი კატეგორიის" მეტოქეები ჰყავდათ! აბა, რა ძნელი მისახვედრი იქნებოდა, ფოთში განცდილი კატასტროფული მარცხის შემდეგ "ოლიმპი" რომ ერთ-ერთ აუტსაიდერ "სამტრედიას" უპრობლემოდ მოუგებდა! მასეც მოხდა - მასპინძლებმა ნახევარ საათში მოამთავრეს საქმე, როცა ირაკლი მოდებაძის 3 გოლით მეტოქე უშანსოდ დატოვეს.
სხვათა შორის, ტურის წინათქმაში ვივარაუდეთ, რომ "ოლიმპის" ძირითადში გარკვეული ცვლილებები უნდა მომხდარიყო და არც შევმცდარვართ; ძირითადში შანსმიღებულთაგან კი, უპირველეს ყოვლისა, ზურაბ ბათიაშვილი გვინდა აღვნიშნოთ: გამოცდილმა მეკარემ მეტოქის ნახევარმცველის ლაშა ქებაძის პენალტიც მოიგერია და ამას გარდა, სტუმართა ორი სახიფათო შეტევის მერეც გადაარჩინა საკუთარი გუნდი. ამ მატჩის ირგვლივ გუშინ ვრცლად ვისაუბრეთ და დღეს "ცოტაოდენს" დავამატებთ; უპირველეს ყოვლისა, კვლავაც საგანგებოდ გვინდა ირაკლი მოდებაძის ჩინებული გარჯა აღვნიშნოთ: 28 წლის ფორვარდმა უიღბლობის პერიოდი დაძლია და XXII ჩემპიონატის პირველი "ჰეთ-თრიქი" შეასრულა.
"ოლიმპზე" ვსაუბრობთ და "მთავარ" ცვლილებაზეც არ გვითქვამს: კლუბის ოფიციალური ინფორმაციით, მთავარ მწვრთნელს თემურ მახარაძეს დასვენების ნებართვა აუღია და "სამტრედიასთან" მატჩში რუსთავის გუნდს იური გაბისკირია და არმაზ ჯელაძე ხელმძღვანელობდნენ. ჩვენც რა უფლება გვაქვს, რომ კლუბის ოფიციალურ ინფორმაციას არ დავუჯეროთ?
...საქართველოს გარდა სად შეიძლება მოხდეს ისეთი რამ, როცა კონკრეტული მატჩის დაწყების წინ გარკვეული საჩუქრებით ... სტუმართა გუნდს რომ დააჯილდოვებენ; "ოლიმპი"-"სამტრედიას" შეხვედრას სწორედ ასეთი საზეიმო ცერემონიალი უძღოდა: საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ (ხელმძღვანელი - ირაკლი კვაშილავა) სტუმართა გუნდს ახალი სათამაშო ფორმები საჩუქრად გადასცა. ვერ გეტყვით, ერთჯერადი აქცია იყო თუ ხანგრძლივი სასპონსორო თანამშრომლობის იმედი უნდა გვქონდეს; სამაგიეროდ, ის კი კარგად დავინახეთ, მატჩის დაწყებიდან 30 წუთში როგორ დატოვეს საპატიო სტუმართათვის განკუთვნილი ლოჟა დამჯილდოვებლებმა.
და კიდევ ამ მატჩზე: ამ სეზონში პირველად "ოლიმპის" საშინაო მატჩზე კვლავ ვიხილეთ... დავით კირკიტაძე! ოღონდ, უნდა დავაზუსტოთ: ქვემო ქართლში პრეზიდენტის რწმუნებული და ამ სეზონის დაწყებამდე (უფრო ზუსტად, "აქტობესთან" განმეორებით მატჩამდე) "ოლიმპის" ერთ-ერთი უპირველესი ქომაგი კვლავაც არ წყალობს "ფოლადის" სტადიონსა და ჯერ კიდევ ორი-სამი თვის წინ თავისთვის ესოდენ ძვირფას "ოლიმპს". XXII ჩემპიონატის დაწყებიდან, თუ არ ვცდებით, მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა ვიპ-ლოჟაში: ოღონდ, "ვიტ ჯორჯია"-"ტორპედოს" მატჩზე! ქვემო ქართლის გუბერნატორი არც ამჯერად მოსულა სტადიონზე, სამაგიეროდ, სტუმართა გუნდში... მისი მოსახელე და მოგვარე, 17 წლის დავით კირკიტაძე თამაშობდა! სხვათა შორის, პერსპექტიული ბიჭი ჩანს და მასპინძელთა გამოცდილ ფეხბურთელებსაც არაფერს უთმობდა: ერთ ეპიზოდში მახვილი კუთხიდან დაარტყა, მეორედ კი თანაგუნდელი მიხეილ კაკალაძე მეკარესთან პირისპირ გაიყვანა...
"სამტრედიისგან" განსხვავებით, ქვემო ქართლში შედეგიანი სტუმრობა ჰქონდა ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერს "ზესტაფონს": გია გეგუჩაძის გუნდმა სტუმრად მეორე შეხვედრა ერთი და იგივე ანგარიშით (3:1) მოიგო; თუმცა, ვერავინ იტყვის, რომ ლიდერმა თავისთვის ასე მნიშვნელოვან გამარჯვებას უპრობლემოდ მიაღწიაო: ისე როგორც წინა შეხვედრებში, ახალგაზრდა მწვრთნელის გიორგი ყიფიანის გუნდმა კვლავაც შესაშური ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა. სხვათა შორის, მატჩის შემდეგ მასპინძელთა გუნდის მიმართ კომპლიმენტები მეტოქე გუნდის თავკაცმაც არ დაინანა, მაგრამ "სიონის" მწვრთნელ-ფეხბურთელებ-ქომაგებისათვის, ყოველივე ეს, ალბათ, მცირე შვება იქნებოდა. უფრო კი, ალბათ, იმიტომ, რომ ერთ ეპიზოდში (როცა ანგარიში 1:1 იყო), არბიტრმა სტუმართა კარში გატანილი გოლი არ ჩათვალა...
განსაკუთრებული დებიუტანტები
11-წლიანი პაუზის შემდეგ უმაღლეს ლიგაში კვლავაც შედგა ზუგდიდისა და ფოთის გუნდების დაპირისპირება! "მეგრული დერბიმ", როგორც მოსალოდნელი იყო, ქომაგთა დიდი ინტერესი გამოიწვია და, რაც მთავარია, მატჩმა ეს ინტერესი გაამართლა. სტუმართა გუნდის მთავარ მწვრთნელს ბესიკ შეროზიას და "კოლხეთის" რამდენიმე ფეხბურთელს (დავით ჭითანავა, ვლადიმერ ჯოჯუა, ზურაბ ექონია)... ზუგდიდთან ძალიან ბევრი რამე აკავშირებთ: მაგრამ, ამის მიუხედავად, მშობლიური ქალაქის "დანდობას" არ აპირებდნენ და I ტაიმის შემდეგ იგებდნენ კიდეც (წინა ტურის მსგავსად, კვლავაც ჩინებულად იასპარეზა დათა სიჭინავამ); თუმცა, მეორე ტაიმში "ბაიას" გამოცდილმა ფეხბურთელებმა (კიდევ ერთი ცნობილი ახალწვეული, ლადო ახალაიაც რომ დაემატათ) იმძლავრეს და პრინციპული დაპირისპირებაც თავის სასარგებლოდ დაასრულეს.
ანგარიში ვეტერანმა გიორგი მეგრელაძემ გაათანაბრა, ვინც ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა, ხოლო მატჩის მიწურულს შორეული დარტყმით გამარჯვების გოლი ამ სეზონის ერთ-ერთმა აღმოჩენამ ნიკა კვეკვესკირმა გაიტანა. "ბაიას" 18 წლის მარჯვენა მცველს მართლაც განსაკუთრებული სეზონი აქვს: გუნდში შეუცვლელ ფეხბურთელად იქცა, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც ჩინებულად ასპარეზობდა და აი, ორი დღის უკან, თემურ ქეცბაიასგან... ეროვნულ ნაკრებში მიწვევაც მიიღო!..
დაბოლოს, ტურის, ალბათ, ერთ-ერთ ყველაზე განსაკუთრებულ მოვლენაზე; "სპარტაკი" ამ სეზონში რომ სუსტად ასპარეზობს, არახალი ამბავია და გუნდის მორიგი წარუმატებლობაც არავის გაჰკვირვებია. სამაგიეროდ, მეტოქის გამარჯვებას ჰქონდა "სხვა" ფასი: ქუთაისის "ტორპედომ" პირველი მატჩი მოიგო! აი, ასეთი წარმატებული სადებიუტო შეხვედრა ჰქონდა უმაღლეს ლიგაში "ტორპედოს" მთავარ მწვრთნელს გია გიგატაძეს; სხვათა შორის, გიგატაძემ ობიექტურობისა და კოლეგიალობის ჩინებული მაგალითიც გვიჩვენა, როცა თავისი გუნდის წარმატება მთლიანად წინამორბედის, რამაზ მუმლაძის დამსახურებად მიიჩნია.
სტუმართა ახალ თავკაცს ძირითად შემადგენლობაში კორექტივები, ფაქტობრივად არ შეუტანია ("ვიტ ჯორჯიასთან" წაგებული ბოლო მატჩისგან განსხვავებით, მხოლოდ 2 ცვლილება იყო); რაც მთავარია, "ტორპედოს" შეტევის წინა ხაზი კვლავაც 19 წლის ნიკოლოზ საბანაძემ და 18 წლის ლაშა ქემუხტაშვილმა დააკომპლექტეს. საბანაძემ საგოლე პასი მიითვალა ანგარიშზე, ქემუხტაშვილმა კი სულაც "დუბლი" შეასრულა და ამ მართლაც ნანატრი გამარჯვებით "ტორპედო"... ბოლო ადგილს დაცილდა!
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"