დილა-ჩიხურა 2:3 - ეს ევროპა არ არის...

AutoSharing Option
მოულოდნელი და დაძაბული სიუჟეტი, ინტრიგა, ლამაზი კომბინაციები, უამრავი სახიფათო მომენტი, გოლების სიმრავლე და სენსაცია - ეს ყველაფერი ერთად "დილა"-"ჩიხურას" მატჩზე ვიხილეთ.

საბედნიეროდ, შეხვედრა გუნდების მესვეურთა პოლიტიკურ დაპირისპირებაში არ გადაზრდილა და ბოლომდე სპორტულ ატმოსფეროში მიმდინარეობდა.

აშკარაა, გორის "დილას" ფეხბურთელები, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ევროპაში "დაფრინავენ", ეროვნულ ჩემპიონატზე კი ჯერ სათანადოდ ვერ გადმოერთვნენ და ზედიზედ მეორე მატჩიც წააგეს.

მაგრამ სოსო ფრუიძის გაწვრთნილთა მოგებას ესეც ვერ გააუფერულებს: გუნდმა ჩემპიონატის დაწყებამდე გამოცდილი მოთამაშეების მთელი ჯგუფი დაიმატა, რომელთაგანაც გორელებთან მხოლოდ ტრავმირებულ ედიკ საჯაიას არ უთამაშია.

მაგრამ
მხოლოდ ეს არ არის გუნდის მთავარი ძალა: საჩხერელებმა კონტრშეტევაზე თამაშის კლასიკური მაგალითი აჩვენეს, ფლანგებზე ძალიან სწრაფად და აგრესიულად აქტიურობდნენ, ბურთს "არ აწვალებდნენ", მთელი გუნდი კი ბევრს მოძრაობდა.

"ჩიხურა" შეტევებს, ძირითადად, მარჯვენა ფლანგიდან ახორციელებდა, სადაც დავით ოდიკაძე და ნიკა კვასხვაძე აქტიურობდნენ, მარცხნიდან არც ბესიკ დეკანოიძე ასვენებდათ, თავდამსხმელი რევაზ გოცირიძე კი ყოველთვის საჭირო პოზიციაზე ჩნდებოდა.

Sportall.Geბევრი იმუშავეს საყრდენებმა, ვაჟა ლომაშვილმა და დავით დიღმელაშვილმა. გორელებმა ვერაფერი მოუხერხეს უსწრაფეს და სასარგებლო ნახევარმცველ დავით კირკიტაძეს.

უცნაურია, ამ 19 წლის ბიჭს, რომელიც უმაღლეს ლიგაში უკვე 3 წელიწადია თამაშობს, ნაკრებებში ყურადღებას რომ არ აქცევდნენ და არც აქცევენ. არადა, იმსახურებს.

საჩხერელთა კონტრშეტევამ შედეგი უკვე მე-2 წუთზე გამოიღო: კარისკენ უსწრაფესად დაიძრა ოდიკაძე, იოლად გასცდა მცველს და ბურთი კარისკენ ჩაკიდა. მეკარე მარინ სკენდერი დროულად ვერ გამოვიდა, გოცირიძემ კი ბურთს ფეხი წაჰკრა - 0:1.

"დილა" ასეთმა დასაწყისმა არ დააბნია და შეუტია, მაგრამ რეალური საგოლე მომენტი მალე კვლავ მის კართან შეიქმნა: მეკარესთან პირისპირ კვასხვაძე დარჩა, თუმცა გორელთა მეკარეს ვერ აჯობა.

"ჩიხურას" ნახევარმცველს კიდევ ჰქონდა კარის აღების შანსი, მაგრამ ვერ გამოიყენა. "დილა" კი ზეწოლას აძლიერებდა. მე-17 წუთზე გოგიტა გოგუამ საჯარიმოდან უძლიერესად დაარტყა: მეკარე გიორგი სომხიშვილმა, რომელმაც შეხვედრა ჩინებულად ჩაატარა, ბურთი "ცხრიანიდან" მოხსნა!

გორელებმა მიზანს მაინც მიაღწიეს, რაც, უმთავრესად, მათ შორის საუკეთესოების, მათე ვაწაძისა და სანდრო გურულის დამსახურება იყო: კუთხურის დროს მცველების დასახმარებლად საკუთარ საჯარიმოში ჩასულმა ვაწაძემ ბურთი თავით მოიგერია, ცენტრამდე თავადვე გაჰყვა, გურული ფლანგზე შენიშნა, რომელმაც ბურთი საჩხერელთა საჯარიმოში დაუბრუნა და "დილას" თავდამსხმელმა ანგარიში გაათანაბრა - 1:1.

ლამაზი და კლასიკური კომბინაცია იყო.

მეორე ტაიმში "დილამ" ტემპს უმატა, მაგრამ "ჩიხურას" მორიგი აზრიანი კონტრშეტევისას მარჯვნა ფლანგიდან კვასხვაძემ საჯარიმოში კარგად გახსნილი გოცირიძე მოძებნა, რომელმაც ახლო მანძილიდან ზუსტად დაარტყა და დუბლი შეასრულა - 1:2.

ათ წუთში კი "დილას" დაცვის მოშიშვლებით ბესიკ დეკანოიძემ ისარგებლა, მცველი ცრუ მოძრაობით ჩამოიშორა და საჯარიმოს ხაზიდან დაბალ კუთხეში გაიტანა - 1:3.

Sportall.Ge"დილამ" შტურმი სცადა, საკმაოდ ბევრი საგოლე მომენტიც შექმნა, მაგრამ გიორგი ილურიძემ, ვაწაძემ, გურულმა, ლაშა გვალიამ მეკარეს ვერ აჯობეს.

ბოლოს ისევ სადღეისოდ საუკეთესო ქართველმა თავდამსხმელმა ვაწაძემ ივარგა, რომელმაც ისევ და ისევ გურულის ჩინებული ჩაწოდება დააგვირგვინა - 2:3.

გორელებმა მეტი ვეღარ შეძლეს, 85-ე წუთზე კი მეოთხე გოლს გადაურჩნენ, როდესაც სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ ოდიკაძისგან მიღებული ბურთი გაგა ჩხეტიანმა კარისკენ თავით გააგზავნა, მაგრამ სკენდერმა კარის ხაზზე დაამიწა.

"ჩიხურამ" მოულოდნელად, მაგრამ დამსახურებულად გაიმარჯვა, გორელებისთვის კი პორტუგალიურ "მარიტიმუსთან" მატჩამდე ეს წაგება ევროპის ლიგის პლეი ოფში დროული "ცივი შხაპი" იყო. სოსო ფრუიძის "ჩიხურა" კი ჩემპიონატის ლიდერი გახდა.

საქართველოს ჩემპიონატი. პრემიერლიგა. II ტური
18. 08. 2012. თბილისი, "მიხეილ მესხი". 800 მაყურებელი
დილა-ჩიხურა 2:3
გოლები: 0:1 გოცირიძე (2. ოდიკაძის პასით), 1:1 ვაწაძე (34. გურულის პასით), 1:2 გოცირიძე (51. კვასხვაძის პასით), 1:3 დეკანოიძე (63), 2:3 ვაწაძე (75. გურულის პასით).'

დილა ჩიხურა
4-2-3-1 4-2-3-1
სკენდერი სომხიშვილი
შაშიაშვილი ოდიკაძე
სალუქვაძე ლ. ჭელიძე
გ. ონიანი გუშარაშვილი
კვირკველია ქიმაძე
ბეჭვაია დიღმელაშვილი
გვალია ლომაშვილი
ახალკაცი კირკიტაძე
ს. გურული ნ. კვასხვაძე
გოგუა დეკანოიძე
ვაწაძე გოცირიძე

მწვრთნელები:
თ. შალამბერიძე ს. ფრუიძე

დილა:
57. ახალკაცი - ილურიძე
62. შაშიაშვილი - კაშია
71. გოგუა - გორელიშვილი
სათადარიგოები: შეყრილაძე, კახელიშვილი, კაციტაძე, ჯიშკარიანი.

ჩიხურა:
70. დეკანოიძე - გ. ჩხეტიანი
79. ლომაშვილი - ძამსაშვილი
82. კირკიტაძე - ბაკურაძე
სათადარიგოები: მწყერაშვილი, ბერიანიძე, ნ. მაისურაძე, მუმლაძე.

გაფრთხილება: სომხიშვილი (29), ონიანი (65).

არბიტრი: გ. ვადაჭკორია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული