გასულ ჩემპიონატში ორივე გუნდი პირველობისთვის იბრძოდა და ისე მოხდა, რომ გაუმართავი დებულების გამო ბოლო ტურში ორივემ ჩემპიონობა იზეიმა. სფფ-ის აღმასკომის გადაწყვეტილებით, ოქროს მედლები "ზესტაფონს" გადაეცა, რუსთაველები კი იმედგაცრუებულნი დარჩნენ.
წინა სეზონი გავიხსენეთ და ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ჩემპიონატსა და თასზე გუნდებმა ერთმანეთში 6 შეხვედრა ჩაატარეს. აქედან ზესტაფონელებმა ოთხში შეძლეს ქვემოქართლელთა ძლევა, 2 მატჩში კი ფრე დაფიქსირდა.
სტატისტიკა აშკარად გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის სასარგებლოდ მეტყველებდა, თუმცა რუსთაველები რევანშისთვის იყვნენ განწყობილი და პრინციპული
გუნდები შეხვედრას დანაკლისით შეხვდნენ. ზესტაფონელებს ზურაბ მენთეშაშვილი და შეტევის ლიდერი ჯაბა დვალი აკლდათ. ჯაბას არყოფნის ოფიციალურ მიზეზად ტრავმა სახელდება, თუმცა, როგორც ამბობენ, დვალი სხვაგან ეშურება კარიერის გაგრძელებას და მისი უთამაშებლობის მიზეზი შესაძლოა ესეც იყოს.
რაც შეეხებათ რუსთაველებს, წინა მატჩის შემადგენლობიდან მათ გეწაძე, ლობჟანიძე და მეკარე ბედიაშვილი არ ჰყავდათ, თუმცა ქვემოქართლელთა ახალწვეულმა ხორვატმა გოლკიპერმა ივან ხოსმანმა ისე დამაჯერებლად ითამაშა, რომ დანაკლისს ვერ ვუწოდებთ.
როგორც ჩანს, ხოსმანი რუსთაველთა ძირითად მეკარედ მოიაზრება და თუ "ზესტაფონთან" მისი გარჯით ვიმსჯელებთ, ქვემოქართლელებს კარგი შენაძენი ჰყავთ.
შეხვედრა, რომელშიც რუსთაველებმა ნავსი გატეხეს და "ზესტაფონთან" ნანატრი გამარჯვება მოიპოვეს, საკმაოდ მძიმე და უფერული გამოდგა. თუმცა გამონათებები ორივე გუნდს ჰქონდა და საგოლე მომენტებიც იქმნებოდა.
თამაში ზესტაფონელთა უპირატესობით დაიწყო. დვალის არყოფნაში მასპინძლები ერთი გამოკვეთილი ფორვარდით - აბაიომი ოვონიკოკოთი უტევდნენ, რომელსაც ოდნავ სიღრმიდან დავით მუჯირი ეხმარებოდა.
მასპინძლები ბევრს მოძრაობდნენ და პირველი ხიფათიც მათ შექმნეს - თორნიკე გორგიაშვილმა საჯარიმოს მისადგომებიდან სახიფათოდ გაისროლა, თუმცა ხარიხას გადააცილა.
შეტევაში გართულ ზესტაფონელებს რუსთაველთა იშვიათი იერიში გამოეპარათ. სტუმართაგან საუკეთესო მოთამაშემ ირაკლი მაისურაძემ შორეულ ძელთან ჩაჰკიდა ბურთი, სადაც დიმიტრი ტატანაშვილმა დასწრებაზე ითამაშა. პირველი დარტყმა როინ კვასხვაძემ მოიგერია, მაგრამ მისგან გამოვარდნილი ბურთი ისევ სტუმართა ფორვარდთან აღმოჩნდა და ტატანაშვილის მეორე დარტყმა შედეგიანი აღმოჩნდა.
გოლმა ზესტაფონელები გააშმაგა, შეტევები უფრო გამწვავდა, მაგრამ რუსთაველი მცველების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ "აგრესიულ" მასპინძლებს კარში დარტყმის საშუალებას არ აძლევდნენ. ზესტაფონელებმა მხოლოდ ტაიმის ბოლოს შეძლეს რეალური მომენტის შექმნა, როცა გორგიაშვილმა მცირედით ააცილა მიზანს, თუმცა იქვე რუსთაველებმაც უპასუხეს და მაისურაძის დარტყმის შემდეგ უკვე მასპინძლები გადაურჩნენ გოლს.
მეორე ტაიმის პირველ ათ წუთში დასამახსოვრებელი არაფერი მომხდარა. ჭიაბრიშვილმა შეცვლებს მიმართა და ზესტაფონიც გააქტიურდა.
ფეროელები ანგარიშის გათანაბრებასთანაც ახლოს იყვნენ, ოვონიკოკოს მახვილი კუთხიდან დარტყმული ბურთი კარში მიდიოდა, მაგრამ რუსთაველები ლაშა ჯაფარიძემ იხსნა, რომელმაც ზედ კარის ხაზიდან მოიგერია ბურთი. ამას ახლო მანძილიდან აფციაურის უზუსტო დარტყმა მოჰყვა.
შემდეგ ეპიზოდში ზესტაფონელთა გერმანელი ლეგიონერი პატრიკ მილხრაუმი აკეთებდა გამჭოლ გადაცემას. ბურთმა რუსთაველ მცველებს კი ჩაუქროლა, მაგრამ დასწრებაზე ვერც ზესტაფონელებმა ივარგეს.
სტუმართა პასუხმა არ დააყოვნა, ტატანაშვილის სოლორეიდისა და პასის შემდეგ გიორგი განუგრავამ საჯარიმოს შიგნიდან კარში დაარტყა. ბურთი მცველს მოხვდა და კარს ოდნავ ასცდა. ზესტაფონელები აშკარა გოლს გადაურჩნენ.
დარჩენილ დროში მასპინძლებს შეეძლოთ თამაშის გადარჩენა. განსაკუთრებით, აფციაურისა და შეცვლაზე შემოსული ოთარ კვერნაძის სახიფათო დარტყმებია აღსანიშნავი. პირველ ეპიზოდში ბურთი სამიზნეს ასცდა, კვერნაძის დარტყმისას კი მეკარე ხოსმანი გაისარჯა საუცხოოდ.
მატჩის შემდეგ
კობა ჟორჟიკაშვილი (მეტალურგი):
"პირველ მატჩში "დინამოსთან" წაგების შემდეგ საკმაოდ რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ვიყავით, მაგრამ ძალების მობილიზება მოვახერხეთ და ძლიერი მეტოქე დავამარცხეთ.
გოლის შემდეგ უპირატესობა "ზესტაფონს" ჰქონდა, მაგრამ დაცვაში ჩვენც არ "ჩავმჯდარვართ", აქტიური თამაშით შევძელით სასურველი შედეგის მიღწევა.
"ზესტაფონში" ბევრი ცვლილებაა, გუნდი თავიდან ყალიბდება და ეს მომენტი ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენეთ".
გიორგი ჭიაბრიშვილი (ზესტაფონი):
"რთული თამაში იყო, ხარისხი დაბალი. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი წუნი გვქონდა.
მეტოქემ კარგად ითამაშა და თავისი შანსი გამოიყენა.
ვეცდებით, მომდევნო შეხვედრებისთვის ეს ხარვეზები გამოვასწოროთ და გულშემატკივარს ნამდვილი "ზესტაფონი" დავუბრუნოთ".
საქართველოს ჩემპიონატი. პრემიერლიგა. II ტური
ზესტაფონი, დ.აბაშიძე. 3000 მაყურებელი
ზესტაფონი-მეტალურგი 0:1
გოლი: 0:1 ტატანაშვილი (15)
ზესტაფონი მეტალურგი
4-4-1-1 4-4-1-1
რ. კვასხვაძე ხოსმანი
თორ. გრიგალაშვილი ჯაფარიძე
თედ. გრიგალაშვილი მახვილაძე
კაჭკაჭიშვილი ინწკირველი
ელიავა სუხიაშვილი
აფციაური დობროვოლსკი
ბაბუნაშვილი განუგრავა
გორგიაშვილი ი. მაისურაძე
მილხრაუმი რაზმაძე
დ. მუჯირი სიხარულიძე
ოვონიკოკო ტატანაშვილი
მწვრთნელები:
გ. ჭიაბრიშვილი კ. ჟორჟიკაშვილი
ზესტაფონი
52. ბაბუნაშვილი-შარიქაძე
56. თედ. გრიგალაშვილი-კობახიძე
68. მუჯირი-კვერნაძე
სათადარიგოები: მამალაძე, ღონღაძე, რაჟამაშვილი, სამუშია
მეტალურგი
62.დობროვოლსკი-გ. მიქაბერიძე
62. სიხარულიძე-გიორგი გურეშიძე
82. განუგრავა-ქავთარაძე
სათადარიგოები: ბათიაშვილი, გავაშელიშვილი, დ. ჯანელიძე, ლობჟანიძე
გაფრთხილება: განუგრავა (28), მაისურაძე (35), ჯაფარიძე (75), მიქაბერიძე (81), მილხრაუმი (89)
არბიტრი: ჯ. ხორავა
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"