საქართველოს პრემიერლიგის III ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
ახალი ლიდერი, ერთი გამოკვეთილი აუტსაიდერი, კონკრეტულ ფეხბურთელთა გამორჩეული ასპარეზობა, "იმერული დერბი", ასპროცენტიანი "ჩიხურა", ჩემპიონის ზედიზედ მეორე მარცხი - პრემიერლიგის III ტურში მართლაც არაერთი საინტერესო ფაქტი თუ მოვლენა მოხდა...

მამები და შვილები
სამი მატჩი, სამი გამარჯვება და ერთპიროვნული ლიდერობა - აი, ასეთი შთამბეჭდავი სტარტი აიღო თბილისის "დინამომ".

ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულიანი გუნდისთვის, ერთი შეხედვით, ეს ჩვეულებრივი ამბავი უნდა ყოფილიყო, მაგრამ, მოდი, ისტორიაც გავიხსენოთ: სეზონის სტარტზე "დინამოს" ზედიზედ სამი მოგება უკანასკნელად ხუთი წლის წინათ ჰქონდა! იმასაც შეგახსენებთ, რომ ის სეზონი (2007-08) "დინამოს"
ტრიუმფით დასრულდა და ამის მერე გუნდი ჩემპიონობის მოპოვებას ვერაფრით ახერხებდა.

არც ის დაგვავიწყდეს, რომ "დინამოსთვის" იმ უკანასკნელ საჩემპიონო სეზონში გუნდის მთავარი მწვრთნელი გამოცდილი ჩეხი სპეციალისტი, დუშან უჰრინი-უფროსი გახლდათ; დღესდღეობით კი, როგორც ხედავთ, ეს წარმატებული "ესტაფეტა" მისმა ვაჟმა, დუშან უჰრინმა-უმცროსმა ჩაიბარა!

P.S. დიდი ინტერესით ველოდებით 7 ოქტომბერს, როცა "დილამ" ბათუმს უნდა უმასპინძლოს. ჰო, როგორი საქმეა: გორელთა გუნდის შემტევი სანდრო გურული იმ გუნდს დაუპირისპირდება, რომლის მთავარი მწვრთნელი... მამამისი, გია გურულია!

"დინამოს" სახეცვლილება
"დინამოს" ერთგულ ქომაგებს, ალბათ, გადაავიწყდათ კიდეც, თუ როდის იყო მათი საყვარელი გუნდი ცხრილის სათავეში. არც ის ფაქტი უნდა მივიჩნიოთ ჩვეულებრივ ამბად, რომ ზედიზედ მეორე მატჩია, "დინამოს" მეტოქეთა კარში სამ-სამი გოლი გააქვს!

თანაც, წინა ტურის მსგავსად, კვლავაც თავი გამოიჩინეს ლეგიონერებმა: 29 წლის ალვარომ ჩემპიონატში უკვე მეორე გოლი გაიტანა, 24 წლის რობერტინიომ - პირველი; მორიგი შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა 31 წლის ჩისკომ, რომელმაც, თუ ასე გააგრძელა, სეზონის საუკეთესო ფეხბურთელობაზეც სამართლიანი პრეტენზია უნდა ჰქონდეს.

თუმცა "დინამოს" წარმატებული სტარტი მხოლოდ ლეგიონერთა დამსახურებად არ უნდა მივიჩნიოთ: გუნდის კაპიტანმა, 25 წლის გიორგი ლორიამ მცირე პაუზის მერე დაბრუნება პენალტის მოგერიებით "აღნიშნა"; თითქმის ერთწლიანი უქმობის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა 21 წლის ლევან კაკუბავა; რომ აღარაფერი ვთქვათ ქართული სატრანსფერო სეზონის ყველაზე "ხმაურიან პერსონაზე" - 27 წლის ჯაბა დვალმა "დინამოში" ექვსწლიანი პაუზის მერე დაბრუნება გოლითა და საგოლე პასით აღნიშნა!

ისიც სიმბოლური იყო, რომ ჯაბა დვალმა "დინამოს" მაისურით პირველი მატჩი ზესტაფონში ჩაატარა - იმ ქალაქში, რომლის გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და გამორჩეული ფეხბურთელიც გახლდათ სამი წლის განმავლობაში. ზესტაფონელი ქომაგები კი ამაგს არავის უკარგავენ - ჯაბას ოვაციებით შეხვდნენ!

რა სჭირს ჩემპიონს?
ჩემპიონატის სტარტზე განცდილი ზედიზედ ორი მარცხი არავის ესიამოვნება (მით უფრო, უშუალო კონკურენტებთან), მაგრამ ყოველივე ამას სერიოზულ კრიზისს მაინც ვერ ვუწოდებთ. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, "ზესტაფონიდან" თითქმის ყველა ლიდერი წავიდა და ახალგაზრდა სპეციალისტ გია ჭიაბრიშვილს, ფაქტობრივად, ახალი გუნდის "შენება" უწევს.

ნიკა გელაშვილი, ჯაბა დვალი, შოთა გრიგალაშვილი, გიორგი ონიანი, - ჩვენი ჩემპიონატის ამ მართლაც გამორჩეული ფეხბურთელების უმტკივნეულოდ ჩანაცვლება იოლი საქმე რომ არ იქნებოდა, ისედაც ცხადი იყო. თუმცა, გვჯერა, რომ "ზესტაფონი" დროის მოკლე პერიოდში გამოასწორებს თამაშის ხარისხს და ზედიზედ მესამე საჩემპიონო ტიტულისათვისაც იბრძოლებს.

მით უმეტეს, როცა ასეთი მეკარე ჰყავს გუნდში - "იმერულ დერბიში" 23 წლის როინ კვასხვაძემ უკვე მერამდენედ დაამტკიცა, რომ უფრო მაღალ (ანუ სანაკრებო) დონეზე თამაშს იმსახურებს...

ქუთაისში ზეიმია!
წინა ტურში დრამატული მატჩი თბილისის "დინამოსთან", ახლა არანაკლებ დამაინტრიგებელი პაექრობა ასევე არანაკლებ პრინციპულ მეტოქე "ზესტაფონთან", მომდევნო ტურში რუსთავში სტუმრობა, - ჩემპიონატის სტარტზე კალენდარზე საწუწუნო თუ ვინმეს უნდა ჰქონოდა, "ტორპედოს" ხელმძღვანელობას, სამწვრთნელო შტაბს, ფეხბურთელებსა და ქომაგებს.

თანაც, არ დაგვავიწყდეს, რომ წლევანდელი ევროტურნირები "ტორპედოს" აქტივში ნამდვილად არ ჩაითვლება. თუმცა გია გეგუჩაძემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე კვალიფიციური სპეციალისტია: ევროპის ლიგაზე "ყაზახური ფიასკოს" მერე "ტორპედოში" რადიკალურ ცვლილებებს არ მოერიდა და გუნდის გაახალგაზრდავების პროცესიც დაიწყო.

რა თქმა უნდა, კლუბში დარჩა რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი (ომარ მიგინეიშვილი, ალექსანდრე კვახაძე, გიორგი დათუნაიშვილი, გრიგოლ დოლიძე), თუმცა ძირითად ბირთვს მაინც ახალგაზრდები შეადგენენ. ამათგან ერთ-ერთი, 21 წლის ნიკა საბანაძე სულაც "ტორპედოს" ლიდერად ყალიბდება და ემოციების მოთოკვასაც თუ ისწავლის, ძალიან მაღალ დონეზეც შეუძლია ითამაშოს.

დაბოლოს, "ტორპედოელთა" კიდევ ერთ ახალგაზრდაზე: "იმერულ დერბიში" გადამწყვეტი გოლი 18 წლის გიორგი ფანცულაიას აქტიურობას მოჰყვა.

ისე, ფეხბურთის ქართველ გულშემატკივრებს, ალბათ, კარგად ეხსომებათ გიორგის მამის, თბილისის "დინამოსა" და რუსთავის "გორდას" თავდამსხმელის, მამუკა ფანცულაიას თამაშიც და გოლებიც...

ბოლო წუთების დერბი
უკვე ტრადიციასავით ჩამოყალიბდა: "იმერულ დერბიში" გადამწყვეტი გოლები მსაჯის მიერ დამატებულ დროში გადის. ასე იყო წინა სეზონშიც: თასის საპასუხო მეოთხედფინალში "ზესტაფონის" ნახევარმცველების, თორნიკე გორგიაშვილისა და ალექსი ბენაშვილის შორეულმა და ზუსტმა დარტყმებმა (91-ე და 94-ე წუთებზე) "ტორპედო" შოკში ჩააგდო!

ამას ჩემპიონატის მატჩი მოჰყვა, როცა ქუთაისელთა ახალწვეულმა ნიკა ფირცხალავამ "ზესტაფონის" კარში გამარჯვების მომტანი გოლი 92-ე წუთზე გაიტანა!

და აი, ამ სეზონის პირველივე "იმერული დერბი" და კვლავაც ბოლო წუთების კულმინაცია: "ტორპედოს" 27 წლის მოუღლელმა ნახევარმცველმა გიორგი დათუნაიშვილმა მსაჯის მიერ დამატებულ დროში აუღებელი ბურთი დაურტყა მთელი მატჩის განმავლობაში შთამბეჭდავად მოასპარეზე როინ კვასხვაძეს!

P.S. ამ ტურში გიორგი დათუნაიშვილის უფროსმა ძმამ, პავლე დათუნაიშვილმაც თავი გამოიჩინა: 29 წლის უნივერსალმა ფეხბურთელმა გოლი "ზუგდიდის" კარში გაიტანა.

რაზე ოცნებობენ საჩხერეში?
თბილისის "დინამოს" ლიდერობა თუ ლოგიკურ მოვლენად უნდა მივიჩნიოთ, აი, "ჩიხურას" უდანაკარგოდ ასპარეზობა ახალი სეზონის, უდავოდ, სასიამოვნო მოულოდნელობაა.

პრემიერლიგაში (ადრე უმაღლეს ლიგად რომ იწოდებოდა) ექვსწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულმა "ჩიხურამ" სამივე მატჩი სტუმრად ჩაატარა და სამივე მოიგო! მოკლედ, ადვილი წარმოსადგენია, როგორი აჟიოტაჟი იქნება საჩხერეში, როცა "ჩიხურას" საშინაო მატჩების ჩატარების უფლებას დართავენ.

ისე, "ჩიხურას" ასეთი წარმატებული ასპარეზობა მთლად სენსაციურიც არ უნდა იყოს: უკვე წლებია, რაც გუნდის მთავარ მწვრთნელად გამოცდილი სპეციალისტი სოსო ფრუიძე მუშაობს. შემადგენლობაშიც არაერთი კვალიფიციური ფეხბურთელია (გამოცდილებიც - დავით ოდიკაძე, ლაშა ჭელიძე, რევაზ გოცირიძე, გიორგი სომხიშვილი, დავით დიღმელაშვილი, ედიკ საჯაია, ნიკა გუშარაშვილი და ახალგაზრდებიც - ნიკა კვასხვაძე, ბესიკ დეკანოიძე, დავით კირკიტაძე).

არცერთი სიტყვა... "დილაზე"
ახალი სეზონის მთავარი მოულოდნელობა, რაღა თქმა უნდა, გორის "დილას" კატასტროფული სტარტია - საქართველოს ჩემპიონატის ყველაზე შეძლებულმა და ერთიმეორეზე უკეთესი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა გუნდმა სამივე მატჩი წააგო!

თუმცა ნუ დაგვავიწყდება: "დილა" ხომ ერთადერთი ქართული გუნდია, ევროტურნირებზე რომ აგრძელებს ასპარეზობას. ამიტომაც, მოდი, მოვლენებს ნუ გავუსწრებთ...

Sportall.Ge

საქართველოს პრემიერლიგის III ტური
ბათუმი-დინამო 0:3 - თბილისის "დინამო" გალიდერდა
ვიტ ჯორჯია-ჩიხურა 0:1 - გოლი მოედნისა და ავტობუსის კარში
კოლხეთი 1913-ზუგდიდი 1:1 - განსხვავებული და შინაარსიანი ტაიმები
ტორპედო-ზესტაფონი 1:0 - დრამა ბოლო წუთზე
მეტალურგი-მერანი 1:0 - უხერხული მეტოქე
დილა-სიონი 2:3 - უსიამოვნო სტარტის საგანგაშო გაგრძელება

Sportall.Ge

ბომბარდირები
ჯიქია (სიონი) - 3
ჩისკო (დინამო) - 2
ალვარო (დინამო) - 2
ტატანაშვილი (მეტალურგი) - 2
კუტალია (ზუგდიდი) - 2
ვაწაძე (დილა) - 2
გოცირიძე (ჩიხურა) - 2

IV ტური
მერანი-ჩიხურა
სიონი-ვიტ ჯორჯია
ზუგდიდი-დილა
დინამო (თბ)-კოლხეთი
მეტალურგი-ტორპედო
ზესტაფონი-დინამო (ბთ)

არცთუ ნაადრევი დასკვნები (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული