დინამო-კოლხეთი 5:0 - სწრაფი გოლი და გასეირნება

AutoSharing Option
ანგარიში ზუსტად კი ასახავს იმას, რაც მოედანზე ხდებოდა, თუმცა პირველ ტაიმში "კოლხეთს" არაერთი საგოლე შანსი ჰქონდა და რომ ემარჯვა, ვინძლო ასეთ წაგებას გადარჩენოდა, თუმცა ესეც ვერ იქნებოდა კოლხებისთვის დიდი შეღავათი.

"დინამო" ერთპიროვნული ლიდერია და 2 სექტემბერსაც ისე ითამაშა, ცხრილის კენწეროში მყოფ გუნდს რომ შეეფერება - ფოთელებმა თბილისელებს წინააღმდეგობა, ფაქტობრივად, ვერ გაუწიეს.

ჩინებულად გაისარჯა ჯაბა დვალი "ზესტაფონიდან" - "დინამოში" დაბრუნებული ფორვარდი პირველ ტაიმში ერთობ მოუხელთებელი იყო მეტოქე მცველებისთვის.

დვალმა ჯერ აკრობატულ ნახტომში სცადა გატანა და მიზანმა უმტყუნა, მერე კი კოტოს ჩაწოდებულზე
ყველას დაასწრო და ბურთი კარში გადაგზავნა.

"კოლხეთს" ფარხმალი არ დაუყრია. შალვა კვანტალიანის დარტყმა ძელმა აისხლიტა, პაატა დათუნაიშვილის დარტყმა კი გიორგი ლორიამ გააქვავა ხელებში.

Sportall.Geსაქმე უფრო ბევრი ჰქონდა სტუმართა მეკარე არდალიონ მიქაბერიძეს - ჯერ მასთან პირისპირ გასულ კოტოს აჯობა, მერე კი დამატებულზე ალვაროს დარტყმაც მოიგერია.

კვანტალიანს ხელმეორედ მიეცა გატანის შანსი, ოღონდაც ბურთი თავზე ზუსტად ვერ გადაავლო ლორიას.

კოტოს სოლორეიდი ერთხელაც გააუვნებლა მიქაბერიძემ, მაგრამ დვალის დამატებულს ვეღარაფერი მოუხერხა - 2:0.

გასატანი ჰქონდა ჩისკოსაც, თუმცა მიქაბერიძე კიდევ ერთხელ გამოირჩა. დაუოკებელმა დვალმა კი ლამაზ ნახტომში ძელს შეაწყვიტა ბურთი.

ხარვეზები მიეძალა "დინამოს" დაცვის ცენტრს. კვანტალიანს კიდევ ორჯერ შეეძლო თავის გამოჩენა, მაგრამ ვერ იყოჩაღა.

მეორე ტაიმში "კოლხეთი" თამაშის შემომბრუნებული რომ არ იყო, იოლად იკითხებოდა.

Sportall.Geალვარომ გოლი გიორგი მერებაშვილის ჩაუქობას მიაყოლა - მერებაშვილმა მარცხენა ფლანგზე ოსტატურად გააბითურა მეტოქე და ისე დაუგორა ბურთი პარტნიორს, რომ არგატანა შეუძლებელი იყო.

მერებაშვილმა მოხდენილად გაითამაშა კომბინაცია დვალთან, რომელმაც ჰეთ თრიკი შეასრულა - 4:0.

"დინამოს" მეხუთე გოლი კოტოს გარღვევას მოჰყვა. მის დარტყმულს მიქაბერიძე გადაეღობა, ლევან ხმალაძემ კი საკმაოდ რთული სიტუაციიდან მოახერხა ბურთის ბადეში გახვევა.

მატჩის შემდეგ
დუშან უჰრინი (დინამო):
"აუცილებლად უნდა მოგვეგო ეს თამაში, რათა პირველ ადგილზე დავრჩენილიყავით. იოლი მატჩი არ ყოფილა, რადგან მეტოქეს პირველ ტაიმში სამი საგოლე მომენტი ჰქონდა. მეორე ტაიმში უფრო ხარისხიანად ვითამაშეთ".

დავით მახარაძე (კოლხეთი):
"დაცვიდან ვაპირებდით თამაშს, მაგრამ სწრაფმა გოლმა აგვირია გეგმები. იძულებულნი გავხდით, რომ თამაში გაგვეხსნა და ამან რაც მოგვიტანა, კარგად დაინახეთ".

საქართველოს პრემიერლიგა. IV ტური
02.09. თბილისი. დინამო არენა. 1500 მაყურებელი
დინამო-კოლხეთი 5:0
გოლები: 1:0 დვალი (6, კოტოს პასით), 2:0 დვალი (31), 3:0 ალვარო (53, მერებაშვილის პასით), 4:0 დვალი (67, მერებაშვილის პასით), 5:0 ხმალაძე (83)

დინამო კოლხეთი
4-3-3 4-5-1
ლორია ა. მიქაბერიძე
სეთურიძე გ. კილასონია
ხიზანეიშვილი ცხვიტარია
გ. კვარაცხელია ფარულავა
რეხვიაშვილი გაბუნია
ხმალაძე ცხადაია
ალვარო ქებაძე
კოტო მეგრელიშვილი
მერებაშვილი კრასოვსკი
დვალი პ. დათუნაიშვილი
ჩისკო კვანტალიანი

მწვრთნელები:
დ. უჰრინი დ. მახარაძე

დინამო
75. დვალი - რობერტინიო
84. ხმალაძე - ვოსკობოინიკოვი
86. კოტო - ძარია
სათადარიგოები: ზარქუა, გლიშიჩი, გველესიანი, იაგუე

კოლხეთი
46. კვანტალიანი - აფხაზავა
55. მეგრელიშვილი - ხომასურიძე
57. კრასოვსკი - გოგონაია
სათადარიგოები: ბუბუტეიშვილი, ზ. ჩხეტიანი, კობერიძე, ღუჭაშვილი

გაფრთხილება: დათუნაიშვილი (77)

მსაჯი: თ. გვანცელაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული