დილა-დინამო 2:0 - გორში დაბრუნებულმა "დილამ" "დინამო" გააგორა

AutoSharing Option
ფეხბურთს მონატრებულ მშობლიურ ქალაქს "დილა" რამდენიმეთვიანი განშორების შემდეგ ტრადიციულად წარმატებით დაუბრუნდა.

ტრადიციულად იმიტომ, რომ 2006 წლიდან მოყოლებული ეს გუნდი მშობლიური სტადიონიდან ხან რემონტის და ხან არენის სხვა სახეობისთვის გადაცემის გამო ხშირად მიდი-მოდიოდა და ნიშანდობლივია, რომ შინ გამართულ პირველივე ასეთ მატჩებს გამარჯვებითაც ამთავრებდა.

მოგეხსენებათ, ამჟამად სტადიონის ჩრდილოეთ ტრიბუნის დემონტაჟია განხორციელებული და არ ვიცით, მისი ხელახლა აგებისას გუნდი ისევ შეწყვეტს შინ ასპარეზობას, თუ არა.

მატჩის დაწყებამდე მნიშვნელოვანი თემა "დილაში" გიორგი დარასელიას დებიუტი იყო, რომელმაც, პირველ ყოვლისა, მისთვის და შემდეგ გორელი გულშემატკივრისთვის შესანიშნავად
ჩაიარა.

უშუალოდ თამაში კი კარგი სანახავი გამოდგა. გუნდებმა პირველი წუთებიდანვე სამი ქულისათვის მიზანდასახული ბრძოლა გააჩაღეს. სანახაობის თვალსაზრისით, განსაკუთრებით მეორე ნახევარი გამოდგა უკეთესი. პირველ ტაიმში თამაში ტერიტორიული და ბურთის ფლობის უპირატესობით თანაბარი იყო.

ორივე გუნდში მცველები უკეთ თამაშობდნენ. აი, თავდამსხმელთა მოქმედებით კი მწვრთნელები შესვენებამდე, ალბათ, უკმაყოფილონი უნდა ყოფილიყვნენ.

მასპინძლების ეული გამოკვეთილი ფორვარდი ირაკლი მოდებაძე, ისევე, როგორც სტუმართა თანაამპლუელი ჯაბა დვალი, მოწინააღმდეგე გუნდის უკანახაზელებს საიმედოდ ჰყავდათ განეიტრალებული. ამ უკანასკნელის უკან მოქმედი ჩისკო დაახლოებით ნახევარი საათი კიდევ ახერხებდა რაღაცას, მერე კი სულ "დაიკარგა".

თითქმის იგივე შეგვიძლია ვთქვათ ირაკლი კლიმიაშვილზეც. ამიტომაც იყო, რომ ორივე მათგანი მწვრთნელებმა მოგვიანებით სათადარიგოთა სკამზე დასვეს. პირველ ტაიმში დინამოელებს რამდენჯერმე მიეცათ საჯარიმოს მისადგომებიდან სტანდარტულების დარტყმის საშუალება. მათ ყოველთვის ჩისკო ასრულებდა სკენდერის კართან ჩაწოდებით და არცთუ ურიგოდ, მაგრამ თანაგუნდელთა მხრიდან ამას აღსანიშნავი ხიფათი არცერთხელ მოჰყოლია.

ფლანგებზე აქტიურობით უფრო გორელები გამოირჩეოდნენ (კახელიშვილი, გურული). გიორგი კახელიშვილმა მე-16 წუთზე შორიდან დარტყმითაც მოსინჯა მეტოქე გოლკიპერის მზადყოფნა. სწორედ კახელიშვილის გაფრთხილებით დაიწყო და ათწუთიან მონაკვეთში ოთხჯერ გამოიყენა ყვითელი ბარათი არბიტრმა გიორგი ვადაჭკორიამ.

შეიძლება ითქვას, რომ ფეხბურთელთა ხისტი გარჯის ყველაზე მეტი გამოვლინება იყო მთელი თამაშის განმავლობაში, თორემ საზოგადოდ შეხვედრას უხეში არ ეთქმოდა.

ორივე გუნდიდან მოედნის ცენტრში უკეთესი გარჯით ჯერ კიდევ შესვენებამდე შესამჩნევი გახდა ზურაბ არზიანი, მეორე ტაიმის დასაწყისიდან კი მისი მოქმედებები სულ უფრო და უფრო სახიფათო იყო სტუმართათვის. მე-60 წუთზე სწორედ არზიანის მიერ მეტოქის კარის სიახლოვეს გულვერდ თომაშვილისთვის ზუსტად ჩაწოდებულ ბურთს მოჰყვა იქამდე შექმნილი ყველაზე აშკარა საგოლე მომენტი, თუმცა ახლოდან დარტყმულ მის თავურს კოკა სეფიაშვილი ადგილზე დახვდა.

ცოტა ხანში ისევ არზიანმა გადაწყვიტა დაახლოებით 25 მეტრიდან ძლიერად დარტყმა, მაგრამ "დინამოს" მეკარემ კვლავ იმარჯვა.

"დილას" უპირატესობა სულ უფრო აშკარა ხდებოდა და იმავდროულად, დინამოელები სულ უფრო კარგავდნენ თამაშზე კონტროლს. 66-ე წუთზე მოედნის ცენტრში ისევ და ისევ არზიანმა ჩაშალა სტუმართა იერიში და მორიგი მწვავე შეტევა წამოიწყო, მაგრამ ბოლოს მან და მოდებაძემ ვერ გაუგეს ერთმანეთს.

საპასუხოდ, "დინამო" კონტრშეტევებით ცდილობდა მეტოქის "დამშვიდებას", მაგრამ მასპინძელთა მცველები უშეცდომოდ მოქმედებდნენ.

პირველი გოლი მაყურებელმა 75-ე წუთზე იხილა: კახელიშვილის მიერ შორიდან კარისკენ გაგზავნილი ბურთი სეფიაშვილმა ხელში ვერ შეიმაგრა, იქვე ჩასაფრებულმა მოდებაძემ კი თავურით ანგარიში გახსნა.

სტუმართა თავკაცი დუშან უჰრინი აღელდა, თამაშიდან მცველი მოხსნა და კიდევ ერთი შემტევი დაამატა (ვოსკობოინიკოვი). გატეხილი მოწინაღმდეგისთვის ეს გამოსავლად ვერ იქცა. "დილა" დარჩენილ დროში უფრო დამაჯერებელი იყო და ანგარიშში სხვაობაც გაზარდა.

87-ე წუთზე მოდებაძის წამოწყებული გარღვევა სახეირო პოზიციაზე გასული გურულისთვის გადაცემული პასით გაგრძელდა. ეს უკანასკნელი საჯარიმოში შეჭრისას მცველებმა მოცელეს. პენალტი სანდრო გურულმა ზუსტად შეასრულა და თავის გუნდს ორბურთიანი უპირატესობა მოუტანა.

გორელებმა იმდენი გაუტანეს "დინამოს", რამდენიც მას განვლილ ოთხ ტურში ერთად ჰქონდა გაშვებული. ამ გამარჯვებით "დილა" სატურნირო ცხრილის ფსკერიდან დაიძრა, რაც გორელთა პოტენციალიდან გამომდინარე, მოსალოდნელიც იყო, მაგრამ უბრალოდ ნიშანდობლივია, რომ პირველი მოგება შინ და ახალი მწვრთნელის დებიუტისას მოხდა.

მატჩის შემდეგ
დუშან უჰრინი (დინამო):
"ვიცოდით, რომ "დილა" ძლიერი გუნდია და სათანადოდ შემზადებული ჩამოვედით გორში სათამაშოდ. პირველ ტაიმში საქმე ურიგოდ არ მიდიოდა, თუმცა შესვენების მერე კონცენტრაცია დავკარგეთ, შეცდომებს მოვუხშირეთ და ამიტომაც დავმარცხდით.

პირველი გოლის მომენტში თამაშგარე იყო თუ არა, ვერ გეტყვით".


გიორგი დარასელია (დილა):
"ამ სეზონში გორში პირველად ვთამაშობდით და ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ლამაზად გვეთამაშა და მოგვეგო.

თამაში ორმხრივი იერიშებით მიდიოდა, მაგრამ ჩვენ მოწინააღმდეგეზე უფრო მეტი სახიფათო მომენტები შევქმენით და დამსახურებულად გავიმარჯვეთ".


საქართველოს ჩემპიონატი. პრემიერლიგა. V ტური
15.09. თ. ბურჯანაძე. 2500 მაყურებელი
დილა-დინამო 2:0
გოლები: 1:0 მოდებაძე (75), 2:0 გურული (87 პენ)

დილა დინამო
4-2-3-1 4-4-2
სკენდერი სეფიაშვილი
შაშიაშვილი სეთურიძე
სალუქვაძე კვარაცხელია
თომაშვილი ხიზანეიშვილი
კვირკველია რეხვიაშვილი
ბეჭვაია კოტო
არზიანი ხმალაძე
კახელიშვილი ალვარო
კლიმიაშვილი მერებაშვილი
ს. გურული ჩისკო
მოდებაძე დვალი

მწვრთნელები:
გ. დარასელია დ. უჰრინი

დილა
46. კლიმიაშვილი - კაშია
84. კახელიშვილი - გორელიშვილი
89. მოდებაძე - გ. ონიანი
სათადარიგოები: შეყრილაძე, კაციტაძე, აბურჯანია, მიქაძე

დინამო
76. ჩისკო - რობერტინიო
83. ხიზანეიშვილი - ვოსკობოინიკოვი
სათადარიგოები: ზარქუა, იაგუე, გველესიანი, გლიშიჩი, ძარია.

გაფრთხილება: კახელიშვილი (14), შაშიაშვილი (21), კვარაცხელია (24), ხმალაძე (26), კვირკველია (52), ხიზანეიშვილი (67)

არბიტრი: გ. ვადაჭკორია

ტურის სხვა მატჩები:
ტორპედო-მერანი 4:0 - ქუთათურები სატურნირო ცხრილში გალიდერდნენ
კოლხეთი-ზესტაფონი 0:2 - მწვრთნელთა დუეტი გამარჯვებით იწყებს
ვიტ ჯორჯია-ზუგდიდი 0:0 - არც გოლები, არც სანახაობა
ჩიხურა-სიონი 2:1 - პენალტების დღე
დინამო (ბთ)-მეტალურგი 0:2 - რუსთაველთა რეაბილიტაცია

სატურნირო ცხრილი

ად გუნდი
1. ტორპედო 5 4 0 1 12-3 12
2. დინამო (თბი)
5 4 0 1 12-4 12
3. ჩიხურა 5 4 0 1 8-4 12
4. მეტალურგი 5 3 0 2 4-5 9
5. ზესტაფონი 5 2 1 2 5-3 7
6. მერანი 5 2 0 3 3-8 6
7. ზუგდიდი 5 1 3 1 3-2 6
8. სიონი 5 1 3 1 7-7 6
9. ვიტ ჯორჯია 5 1 2 2 2-3 5
10. დილა 5 1 1 3 6-7 4
11. დინამო (ბთ)
5 0 2 3 2-9 2
12. კოლხეთი 5 0 2 3 1-10 2

ბომბარდირები:
დვალი (დინამო) - 4, ჯიქია (სიონი) - 4, ალვარო (დინამო) - 3, ტატანაშვილი (მეტალურგი) - 3, ოდიკაძე (ჩიხურა) - 3.

VI ტური
22 სექტემბერი, შაბათი
მერანი-სიონი
ზუგდიდი-ჩიხურა
დინამო (თბ)-ვიტ ჯორჯია
ზესტაფონი-დილა
მეტალურგი-კოლხეთი
ტორპედო-დინამო (ბთ)

დილა და გორი წარმატებით შეიყარნენ (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სგ ავტორ უხდება სათაური
hfghf
13:59 17-09-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული