გასულ სეზონში ქუთათურებს სანახაობრივი ფეხბურთის თამაში და გოლების გატანა ძალიან უჭირდათ; ახლა კი ბოლო ორ შეხვედრაში ერთბაშად 8 გოლის გატანით დაამტკიცეს, რომ პროგრესის გზას ადგანან.
"მერანი" ბევრს ეცადა, მაგრამ "აწყვეტილი" მეტოქის შეჩერება ვერ შეძლო. "ტორპედო" მთელი მატჩის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდა და ქუთაისელთა ხარისხიანი თამაში, შესაბამისად, ანგარიშზეც აისახა.
ტორპედოელები მატჩს საკადრო პრობლემებით შეხვდნენ, გუნდს დისკვალიფიცირებული ლექსო კვახაძე და ტრავმირებული ზაზა ჭელიძე გამოაკლდნენ. გია
შეხვედრა საკმაოდ მაღალ ტემპში დაიწყო. ქუთაისელებმა თავიდანვე მწვავედ შეუტიეს და სწრაფი გოლიც გაიტანეს. გრიგოლ დოლიძემ მარჯვენა ფლანგზე იაქტიურა, მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და მერაბ გიგაურს დროულად უპასა. ქუთაისელთა ახალგაზრდა ნახევარმცველმა ცოტა უხერხულად კი დაარტყა, მაგრამ მერანელთა მეკარეს ჯონი შეროზიას ბურთი თავზე გადაევლო და ბადეში აღმოჩნდა.
სტუმრებს მალევე მიეცათ გათანაბრების შანსი: გიორგი რეხვიაშვილის ფლანგური ჩაწოდების შემდეგ საბა ლომიამ ყველას დაასწრო, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი მცველს მოხვდა და კუთხურზე გადავიდა.
ტაიმის შუაწელიდან მასპინძლებმა დიდი უპირატესობა მოიპოვეს და არაერთი საგოლე მომენტი შექმნეს. საბანაძეს და დათუნაიშვილს შეეძლოთ ანგარიშის გაზრდა, მაგრამ კარგი ეპიზოდები გაუცუდდათ.
ტორპედოელთა მონდომებამ შედეგი მალევე გამოიღო. გიორგი ბერიაშვილის ფლანგური გადაცემის შემდეგ ნიკა საბანაძემ ვარდნაში ეფექტური დარტყმით დაამწუხრა სტუმრები.
მართალია, ბერიაშვილს ამ შეხვედრაში გოლი არ გაუტანია, მაგრამ მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მასპინძელთა მესამე გოლი სწორედ მის აქტიურობას მოჰყვა. მეურვის ჩამოცილების შემდეგ მან გიორგი დათუნაიშვილს უპასა, ამან კი "მერანის" საჯარიმოში მყოფ დოლიძეს გადააწოდა, ქუთაისელთა გამოცდილმა ნახევარმცველმა მეურვე ჩამოიცილა და შეროზიას შანსი არ დაუტოვა.
მასპინძლები მეორე ტაიმშიც დიდი ძალებით უტევდნენ და საგოლე მომენტებიც მრავლად ჰქონდათ, თუმცა ხან დამაგვირგვინებელ ფაზაში სცოდავდნენ, ხანაც შეროზია თამაშობდა კარგად. ზედიზედ ორი მომენტი გაუცუდდა საბანაძეს. შემდეგ რამდენჯერმე ბერიაშვილმა დაარტყა სახიფათოდ. ერთ ეპიზოდში მისი დარტყმის შემდეგ სტუმრები შეროზიამ იხსნა.
მარტვილელთა მეკარემ შეცვლაზე შემოსულ გიორგი ფანცულაიასაც არ დაანება გოლის გატანა, მაგრამ საბოლოოდ ვერც მეორე ტაიმში შეძლო კარის "მშრალად" შენახვა.
შეცვლაზე შემოსულმა გიორგი კუხიანიძემ ბერიაშვილთან "კედელი" გაითამაშა, მერანელთა საჯარიმოში შეჭრილმა მცველები იოლად ჩამოიცილა და საკმაოდ ეფექტური გოლით მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
საქართველოს ჩემპიონატი. პრემიერლიგა. V ტური
15.09. ქუთაისი. ცენტრალური. 2500 მაყურებელი
ტორპედო-მერანი 4:0
გოლები: 1:0 გიგაური (7.დოლიძის პასით), 2:0 საბანაძე (32.ბერიაშვილის პასით), 3:0 დოლიძე (38.დათუნაიშვილის პასით), 4:0 კუხიანიძე (79)
ტორპედო (4-4-2) მერანი (4-4-2)
მიგინეიშვილი შეროზია
რიგვავა მჭედლიშვილი
ტაბატაძე იობაშვილი
გ. გურული ჟვანია
შერგელაშვილი ქარქუზაშვილი
დოლიძე ნ. ნოზაძე
გიგაური დიდავა
გ. დათუნაიშვილი ამბროლაძე
ე. გრიგალაშვილი ფონიავა
საბანაძე რეხვიაშვილი
ბერიაშვილი ს. ლომია
მწვრთნელები: გ. გეგუჩაძე მ. ჟვანია
ტორპედო
60. დოლიძე - ვ. ბოლქვაძე
70. დათუნაიშვილი - კუხიანიძე
75. საბანაძე - ფანცულაია
სათადარიგოები: ქვილითაია, იოსელიანი, ფირცხალავა, ტუღუში
მერანი
32. ქარქუზაშვილი - გეგეჭკორი
60. ნოზაძე - ბ. ჩხეტიანი
73. ამბროლაძე - მელიავა
სათადარიგოები: ბერია, კიკალიშვილი, კუჭუხიძე, ტორონჯაძე
გაფრთხილება: გრიგალაშვილი (21), გიგაური (22), დიდავა (27), მჭედლიშვილი (33), ბერიაშვილი (65)
არბიტრი: დ. სანოძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"