ზესტაფონი-დილა 0:1 - ვისთვის დილა, ვისთვის ღამე

AutoSharing Option
ამ დღეებში ნაჩვენებმა პატიმრების წამების შემზარავმა კადრებმა მთელი ქვეყანა შეძრა და აღაშფოთა. გაოგნებულ ხალხს ცხოვრების ნორმალურ რიტმში დაბრუნება უჭირს და ალბათ, ამის გამოძახილი იყო ისიც, რომ მოქმედი ჩემპიონისა და თასის მფლობელის დაპირისპირებას ზესტაფონში უჩვეულოდ მცირე რაოდენობის მაყურებელი დაესწრო.

ნამატჩევს ზესტაფონელთა თანამწვრთნელმა დავით მუჯირმა აღნიშნა, უპრიანი იქნებოდა, ფედერაციას ტური გადაედოო:

"რთული იყო, ასეთ ვითარებაში ფეხბურთზე გვეფიქრა და მატჩისთვის ნორმალურად მოვმზადებულიყავით. ვუერთდებით საზოგადოების პროტესტს და ვიმედოვნებთ, რომ ამ არაადამიანობის ჩამდენები სათანადოდ დაისჯებიან. ფედერაციის სუბიექტი ვართ და პროტესტის მიუხედავად, თამაშზე უარის თქმა არ
შეგვეძლო".

არადა, ეს შეხვედრა ორივე გუნდისთვის პრინციპული და სატურნირო თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი იყო.

მუჯირი-ზამთარაძის მწვრთნელთა დუეტი საშინაო კედლებში "ზესტაფონს" პირველად უძღვებოდა და ფეროელები მოსაგებად იყვნენ შემართულნი, მაგრამ...

მართალია, იმერული გუნდი ისევ მაღალ მიზნებზეა ორიენტირებული, მაგრამ თუ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას მნიშვნელოვნად არ გაძლიერდა, ამ რესურსით ძალზედ გაუჭირდება თუნდაც სამეულში მოხვედრა.

სანამ მატჩის მიმდინარეობაზე გადავალთ, ერთ სამწუხარო ამბავზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ახლო წარსულში ცნობილ მსაჯს ლევან მიქელაძეს ავტოავარიაში ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაეღუპა. სტადიონზე შეკრებილმა საზოგადოებამ შეხვედრის დაწყებამდე წუთიერი დუმილით პატივი მიაგო მათ ხსოვნას.

მატჩის პირველი ნახევარი საკმაოდ უღიმღამო ბურთაობაში წარიმართა. გარკვეულ უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ, კარის მიმართულებით პირველად სწორედ მათ დაარტყეს, მაგრამ გიორგი კახელიშვილის გარჯა უშედეგო გამოდგა, საჯარიმოს გარედან მის დარტყმულ ბურთს როინ კვასხვაძე გადაეღობა.

ზესტაფონელთა პირველი სახიფათო მომენტი თორნიკე გრიგალაშვილის აქტიურობას მოჰყვა. მისი ჩაწოდების შემდეგ რაჟამაშვილი ურტყამდა თავით, მაგრამ სიზუსტე დააკლდა.

რამდენიმე წუთში სტუმართა საჯარიმოში შექმნილი არეულობით შარიქაძემ ვერ ისარგებლა, რომლის დარტყმასაც მცველი გადაეღობა.

ბურთი, ძირითადად, მოედნის ცენტრში ტრიალებდა. გორელები ფლანგიდან ფლანგზე გრძლივი გადაცემებითა და ცალკეული ფეხბურთელების ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ცდილობდნენ მასპინძელთა დაცვის გარღვევას. ერთ ეპიზოდში გოგიტა გოგუამ ითამაშა კარგად, საჯარიმოში შეაღწია და დაარტყა კიდეც, მაგრამ ბურთს ზესტაფონელთა ახალგაზრდა მცველი გიორგი კაჭკაჭიშვილი გადაეღობა.

სტუმრების ტერიტორიული უპირატესობის მიუხედავად, პირველი ტაიმის მოგება ზესტაფონელებს შეეძლოთ. შესვენებამდე რამდენიმე წუთით ადრე მათ რეალური საგოლე მომენტი გაუშვეს ხელიდან. მარჯვენა ფრთაზე კვლავ გაილაღა თორნიკე გრიგალაშვილმა და კარისკენ გამჭოლი გადაცემა გააკეთა. რატი წინამძღვრიშვილმა ბურთს ოდნავ შეუცვალა მიმართულება და საპირისპირო ძელისკენ გაუშვა, სადაც დასწრებაზე რაჟამაშვილმა დააგვიანა.

შეხვედრის მეორე ნახევარი გაცილებით უფრო სანახაობრივი გამოდგა. ზესტაფონელებმა დებიუტში კარგი სამსვლიანი კომბინაცია გაითამაშეს, მაგრამ შარიქაძემ ძალიან სუსტად დაარტყა და მარიან სკენდერს არ გასჭირვებია ბურთის მოგერიება.

გორელებმა კი გოლის გატანის 100%-იანი შანსი გაუშვეს ხელიდან. ზაალ ელიავამ საკუთარ საჯარიმოში კახელიშვილი წააქცია და ახალგაზრდა არბიტრმა გოგა კიკაჩეიშვილმა უყოყმანოდ თერთმეტმეტრიანი ნიშნულისკენ მიუთითა. სანდრო გურულმა კვასხვაძე კი მოატყუა, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა.

ამასობაში სტუმართა თავკაცმა გიორგი დარასელიამ შეცვლებს მიმართა და ცვლილებებმაც აშკარად გაამართლა. განსაკუთრებით, ირაკლი კლიმიაშვილის აქტიურობაა აღსანიშნავი, რომელმაც რამდენჯერმე მწვავედ დაარტყა კვასხვაძის კარის მიმართულებით, მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე კი საგოლე გადაცემაც მიითვალა.

სწორედ მარჯვენა ფლანგზე მის აქტიურობასა და გადაცემას მოჰყვა კახელიშვილის დარტყმა, რომლის შემდეგაც ბურთი ელიავას მოხვდა, მიმართულება შეიცვალა და ზესტაფონელთა კარის ბადეში აღმოჩნდა.

მასპინძლებმა მდგომარეობის გამოსწორება სცადეს. მოედანზე სარდალიშვილთან ერთად თავად გუნდის მწვრთნელი მუჯირიც გამოვიდა.

ბოლო წუთებმა ორმხრივ შეტევებში ჩაიარა. ჯერ რაჟამაშვილმა და გოგუამ გაცვალეს მომენტები, შემდეგ კლიმიაშვილის კარგი გადაცემით ახალკაცს მართებდა ანგარიშის გაზრდა, მაგრამ ზესტაფონელები კვასხვაძემ იხსნა.

ბოლოს კი მუჯირის ჯარიმას მოჰყვა სტუმართა კართან არეულობა, თუმცა ფეროელებმა კარში დარტყმა და ქულის გადარჩენა ვეღარ მოახერხეს.

საქართველოს ჩემპიონატი. პრემიერლიგა. VI ტური
22.09. ზესტაფონი. დ. აბაშიძე. 1200 მაყურებელი
ზესტაფონი-დილა 0:1
გოლი: 0:1 კახელიშვილი (81.კლიმიაშვილის პასით)
გამოუყენებელი პენალტი: გურული (54)

ზესტაფონი დილა
4231 4231
რ. კვასხვაძე სკენდერი
თორნ. გრიგალაშვილი შაშიაშვილი
კაჭკაჭიშვილი სალუქვაძე
კობახიძე თომაშვილი
ელიავა კვირკველია
მენთეშაშვილი არზიანი
შარიქაძე ბეჭვაია
აფციაური კახელიშვილი
ბაბუნაშვილი ს. გურული
რაჟამაშვილი გოგუა
წინამძღვრიშვილი მოდებაძე

მწვრთნელები:
დ. მუჯირი გ. დარასელია

ზესტაფონი
84. ბაბუნაშვილი - დ. მუჯირი
84. რაჟამაშვილი - სარდალიშვილი
სათადარიგოები: მამალაძე, შარვაძე, სამუშია, გაგოშიძე, ჭანტურიშვილი

დილა
59. არზიანი - კლიმიაშვილი
68. მოდებაძე - ახალკაცი
88. სალუქვაძე - გ. ონიანი
სათადარიგოები: შეყრილაძე, კაშია, ნ. ჯიშკარიანი, კაციტაძე

გაფრთხილება: ელიავა (53), გოგუა (65)

არბიტრი: გ. კიკაჩეიშვილი

მატჩის შემდეგ
გიორგი დარასელია:
"მოლოდინისამებრ, ძალიან რთული თამაში იყო. პირველ ტაიმში მეტოქე გვჯობდა, მაგრამ მეორე ნახევარში გავაქტიურდით და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ".

დავით მუჯირი:
"ასეთ ემოციურ ფონზე მატჩისთვის ვერ განვეწყვეთ; თანაც, საკადრო პრობლემებიც დაგვერთო, გამოგვაკლდა ახალგაზრდა ფორვარდი კვერნაძე, რის გამოც წინამძღვრიშვილის დაბრუნება მოგვიხდა. მატჩის მსვლელობისას იძულებული გავხდი, თამაშში მეც ჩავრთულიყავი.

ბოლო პერიოდში "ზესტაფონში" ყველაფერი სპონტანურად ხდება და წინასწარ ვერაფერს ვერ ვიტყვი. თუ გუნდს ჩემი მინდორზე დახმარება კვლავ დასჭირდება, მე მის სამსახურში ვიქნები".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული